logo_geo
„ცის იქით კიდევ ცა არის“... - როგორ ესალმებიან ამ სტრიქონის ავტორს და როგორ აგრძელებს სიცოცხლეს ამღერებული 200 ლექსი
- +

14 მარტი. 2019. 11:58

 

მისი შემოქმედების თანამგზავრია პოეზია, მუსიკა და გაზაფხული. უკვე მისი 200 ლექსი ამღერდა. კრებულ „დღეის ფიქრადა მოსულხარ“ წინასიტყვაობაში გიორგი ალიბეგაშვილი წერს, რომ ეს ლექსები  ქართული ხალხური პოეზიის რიტმებითა და მხატვრული სახეებითაა შთაგონებული და გაჯერებული; თუმცა ამ კრებულში იგრძნობა ღრმა პოეტური ინდივიდუალობაც და ის უნებლიე „ნაწილიანობა“, რომელიც თითოეულ შემოქმედს თავისი ხალხის კულტურასთან აკავშირებს“…

 

პირველი საბავშვო კრებული „დილა მშვიდობისა“ იყო, შემდეგ - „მგზავრი ვარ“, „ფიფქიანი ლექსები“, „ერთი დღით მეტია რაც მიყვარხარ“ და „დღეის ფიქრადა მოსულხარ“…

 

მის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიდან გამორჩეულია „ცის იქით კიდევ ცა არის“, „შვიდკაცას“ მიერ შესრულებული „სატრფიალო“. „თეატრალური კვარტეტის“ – „მგზავრული“... სიმღერას „სიყვარულის გამხელა“ „ქართული ხმების“ ორი თაობა და ზაურ ბოლქვაძე მღერის...

 

არის შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილის პრემიების, ასევე „წმინდა ილია მართლის“ (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა–პოეზიის პრემია „ივერიას“ ლაურეატი,  2015  წელს, ნომინაციაში „წლის პოეტი“. - მაკა ბლიაძის პერსონა.

 

 

- დავიბადე ბორჯომში, მიყვარს ეს ხეობა და სილამაზე, მიყვარს გაზაფხული… დედა ღვინის ტექნოლოგი იყო. დღესაც მილამაზებს დღეებს. მამა – ექიმი, გარდაიცვალა. მანქანას დააქროლებდა დედა (პირველ ხუთეულში იყო). ღვინის ცოდნის ფასი ხან დედას, ხან მამას, ხან ქართველობას, ხანაც პოეზიას ბრალდება… მამასთან ერთად არ მიცხოვრია… დიდი გოგო ვიყავი, ვაკის პარკში ერთად რომ ვისეირნეთ…

 

- პირველ კრებულს „დილა მშვიდობისა“ ერქვა…

 

– ბაბუა ღამით ჩემს ახლად დაბადებულ შვილს ესალმებოდა ასე. მაშინ მივხვდი, როცა გიყვარს, მაშინაა დილა. ეს ლექსები სიმღერებად იყო ქცეული და კრებული მერეღა დავბეჭდე…

 

 

კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთან ერთად

 

– თქვენს  ლექსებზე უამრავი სიმღერა შეიქმნა… გახმიანდა ნუნუ გაბუნიას, ნინო ჩხიკვაძის, ქეთი გაბისიანის, დათო არჩვაძის, მაცაცო სეფისკვერაძის მუსიკაზე შექმნილი სიმღერები…

 

– 200 ლექსზე დაიწერა სიმღერები! მიყვარს „შვიდკაცას“ „სატრფიალო“. „თეატრალური კვარტეტის“ – „მგზავრული“… მიყვარს „სიყვარულის გამხელა“, რომელსაც „ქართული ხმების“ ორი თაობა მღერის და ზაურ ბოლქვაძის საოცარი ხმითაა გამშვენებული…  პირველი საბავშვო სიმღერა, სადაც მზე ესალმება პატარებს, კომპოზიტორ ნინო ომიაძესთან ერთად დაიწერა…

 

საინტერესოა, მუსიკის „ჩარჩო“ რომ გაქვს და მასში მოგზაურობ… ქმნი ახალს… ისმენ მუსიკას .. ბგერების ჩამოწოდებულ წამს…

 

– დათო კიკაბიძის მიერ შესრულებული „ცის იქით კიდევ ცა არის“  შეიყვარა  მსმენელმა…

 

– „ხელს შეგაშველებ თორემა,

არ გაგიტაცონ ფიქრებმა,

ცის იქით კიდევ ცა არის,

გულს იქით გული იქნება“… – ასე მესალმებიან დღეს…

 

–   როგორ დაიწერა ეს ლექსი?

 

– „ქართული ხმებისთვის“ დაწერილი მქონდა: ლილიკო ნემსაძის გამორჩეული სიმღერა „დღეის ფიქრადა მოსულხარ“, დავით კიკაბიძის შესრულებით.

 

მათთვის მუშაობისას ფიქრშიც კი მთაში ვიყავი ემოციით, სახე-ხატებით. მთაზე ფიქრიც წყალობაა… და  მოვიდა ამ ლექსის დროც. ქეთი გაბისიანმა შექმნა მუსიკა. ასე რიტორიკულად მესალმებოდნენ ქუჩაში „ცის იქით კიდევ ცა არის“?  პასუხით ცა უფრო მაღლდებოდა.

 

 

„თეატრალურის კვარტეტთან“ ერთად

 

– ფილოლოგი ხართ, უნივერსიტეტელი… სტუდენტობიდან გამოყოლილი ლამაზი წამები…

 

– დღესაც მიყვარს უნივერსიტეტში გავლაც კი… ის პირველი შეგრძნება, მაღალი რომაა!.. საოცარი რეზო სირაძე, გრივერ ფარულავა, ზურა კიკნაძე…

 

რევაზ სირაძე ისე გაწვდიდა უმდიდრეს ქართულ ჰაგიოგრაფიას, შენში რჩებოდა ის „სახისმეტყველება“ - ჩვენებაი დაფარულისა… კითხვას დავუსვამდი და… „ეს თქვენ საიდან იცით?“ ეს გელათის ხელნაწერებშია დაცული…

 

ამ დროს მისმა სტუდენტმა ვიცოდი, რომ იმ კითხვამდე მისმა „სიდიდემ“ მიგვიყვანა… და ეს იყო, რაც მას უნდოდა, რომ ესწავლებინა, მოეცა ჩვენთვის „ფიქრი ფიქრზე“.

 

გოდერძი ჩოხელზე პირველი საკურსო თემა მე დავწერე. ლექტორმა გააპროტესტა. (უთანამედროვეს ევროპულ ლიტერატურას ცნობდა… ჩემი არჩევანი დაიწუნა)…

 

მე მაინც „ადამიანთა სევდაზე” დავწერე. დაცვის დღეს სულ ბოლო რიგში დავჯექი.  ვიფიქრე, არც შემაფასებდა ერთადერთი 5+ დაწერა და მითხრა: მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ამის შემდეგ, სხვაგვარად წავიკითხავ ჩოხელსო.

 

– ლექსი „კურთხეული საქართველო“, „პატრინოტ -1 გამარჯვებული“ გახდა და პირველი ადგილი დაიკავა (დათო არჩვაძის მუსიკა). პირველ მუსიკალურ  ფესტივალზე „თაობა“  სიმღერას „გამიღიმებს მზე“ (მუსიკა ნ. ჩხიკვაძის) მე-3 ადგილი ხვდა წილად…

 

– სიყვარულია ყველაზე დიდი წარმატება, გზად რომ შენი სიმღერა გხვდება. მიყვარს ეს წამი. შენთვის უცხო ადამიანს მობილურის ხმად რომ აქვს შერჩეული და გესმის… ნუნუ გაბუნის „ავე მარია“ მსოფლიო საუკეთესო „ავე მარიების“ ოცეულშია. მისი ქართული ტექსტი ჩემია.

 

„იერუშალაიმ“ – იყო წლების წინ ასეთი კონკურსიც და შვიდეული შეირჩა, იქაც ერთად ვიყავით  მე და ქალბატონი ნუნუ…

 

მერე იყო „მგზავრული“, „თეატრალური კვარტეტის“  შესრულებით და გაიმარჯვა, რადიო „არ დაიდარდოს“ კონკურსზე…

 

 

მაკა ბლიაძე და „ქართული ხმების“ კვარტეტი

 

– სიმღერების კრებულები - „ცის იქით კიდევ ცა არის“ და „ვიმღეროთ ერთად“… მესამე კრებულსაც ხომ არ აპირებ?

 

– ბევრი დუეტი დაგროვდა  და…ვნახოთ… დრო გვიჩვენებს.

 

– ახალ სიმღერაზე მუშაობთ, ალბათ?

 

– სულ ასეა, ჩემი ცხოვრება… სიმღერის ნაწილი ვარ…

 

– ჰობი?

 

– ვხატავ პატარა ქვევრებს,  საჩუქრებად...

 

– ოჯახი…

 

– მყავს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთიც ქალი. სამივე სტუდენტია.

 

– გაზაფხული მოვიდა… და რომელი სიმღერით მიულოცავდი გაზაფხულს?

 

– გაზაფხული იყოს მათ ფიქრებში… სიტყვასა და დღეებში. სიმღერა „წამი წამზე ამიბამს და შენთვის მომირთმევია“ („თეატრალურის კვარტეტი“ მღერის)… „სიყვარულის გამხელაც“…

 

„იქნებ დღესვე ტოტებს დახრის შენთვის ნუში,

იქნებ დღესვე დაგაბერტავს ზეცა კალთას.

ეს მე ვიყავ,

ეს მე ვიყავ გუშინ,

ყვავილები რომ დავყარე

შენი გულის კართან“…

გაზაფხულის მადლი არ მოგვკლებოდეს!…

 

– ზღაპარი „მეფის ასული ფერების ქვეყნიდან“ დისკზე სიმღერებით გაფორმებული…

 

–  ზღაპარი 2006 წელს უკვე დაიბეჭდა და დისკზეა სიმღერებით გაფორმებული. ნინელი ჭანკვეტაძე კითხულობს.

 

 

– ერთი ლექსი…

 

ჩემო მეფარნევ

 

თბილისის ქუჩებს ისევ დაივლი,

ფარანს ნახავ და ფარანს აანთებ,

სინათლე სხვასაც გაუნაწილო

სურვილი იყო, შენ კი დაანთე

ყველა გზაზე და ყველა ბილიკთან

ჩუქურთმის კვალში სხივი გამართე,

იმედი, ახლაც ფიქრობს, ახსოვხარ,

ბნელ ღამეებში ისევ დაანთე…

 

დუმილიც თითქოს გასაგებია,

უცხო სხივებით ისე დაათვრე.

სინათლეს თვალი გაუსწორე და

შენი ფიქრებით ღამეს გავათევ,

 

შენ ვის დაეძებ, ჩემო მეფარნევ,

ვხედავ შეჩერდი, ერთიც აანთე,

ადამიანს თუ მისსა სიყვარულს,

ვერ ჰპოულობ, ბნელს მხრებით დაათრევ…

 

ერთ ლექსს გაგატან, რომ გათბე ხოლმე,

შენი დარდები მოდი გაფანტე,

ჯერ ხომ არ არის დასასრული და

იქნებ იპოვო, ვინაც დახატე,

 

მე კი ქალი ვარ, ცაზე მთოვარე

ერთხელ მოვხიბლე, ერთხელ გავართე.

სხივები სხვის გზებს რომ მიწვდომოდა,

იმ ფარნის, ახლა შენ რომ აანთე..

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი