logo_geo
სილამაზის ანბანი, ანუ ისრაელში მცხოვრები მსახიობის სცენური და არასცენური ნიღბები
- +

27 მარტი. 2019. 12:23

 

 

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ისრაელში მცხოვრებ მაგდა კალანდიას გაგაცნობთ.

 

მისი ცხოვრების ისტორია ასეთია: დაამთავრა სოხუმის სამედიცინო სასწავლებელი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ ისე მოხდა, რომ სახალხო თეატრის სპექტაკლში მონაწილეობის შემდეგ პროფესიულ არჩევანს გადახედა და თეატრალურ სასწავლებელში გადავიდა. ისრაელში პროფესიის შეცვლა მოუწია და კოსმეტოლოგიის სფეროში გადაინაცვლა. ამას გარდა, ისრაელში სალონურ შეხვედრებს ატარებს. მისი წყალობით ქართული კულტურა, ისტორია და ტრადიციები ბევრმა გაიცნო და დაუსწრებლად შეიყვარა კიდეც… „sputnik“ მას თელ-ავივში დაუკავშირდა.

 

კოსმეტოლოგის კაბინეტში

 

კოსმეტოლოგის კაბინეტში

 

- ქალბატონო მაგდა, როგორია თქვენი ცხოვრების ამბავი?

 

- ჩემი ცხოვრება ერთი პატარა ისტორიაა. მიუხედავად გარეგნული ხალისისა და ერთი შეხედვით უდარდელი და ბედნიერი ქალის იმიჯისა, ბევრი ტკივილი გადავიტანე და არ ვიმჩნევ. პრობლემებს არასდროს ვნებდები და მათ სხვებსაც არ ვახვევ თავზე. ჩემი იუმორით ან ნებისმიერი სახით გვერდში დგომით ვცდილობ, ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს. არც სიყვარული დამკლებია და არც ღალატი, მოკლედ, ვთვლი, რომ ერთი პატარა რომანის გმირი ვარ… დავამთავრე სოხუმის სამედიცინო სასწავლებელი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩააბარე, მაგრამ იმ წელს მონაწილეობა მივიღე სახალხო თეატრის სპექტაკლში და ბატონ ზურაბ ნინუას დაჟინებული თხოვნით თეატრალურ სასწავლებელში გადავედი. შემდეგ იყო ფილარმონიასთან არსებული გიგი ჩხაიძის დასი და მალხაზ სამსონაძის მარიონეტების თეატრი.

 

მაგდა კალანდია და გია კახელი

 

მაგდა კალანდია და გია კახელი

 

- ყველაზე ძვირფასი მოგონებები რომელ თეატრთან გაკავშირებთ?

 

- ყველაზე ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს შავგულიძის თეატრთან, სადაც თითქმის დღემდე ვირიცხები. იმ თეატრის სცენაზე შესრულებული ყველა როლი საყვარელი იყო, მაგრამ განსაკუთრებით დეიდას როლი მენატრება ვოდევილში „დაწუნებული საშიში და“. სამწუხაროდ, ამ სპექტაკლიდან ორი ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაიცვალა. როცა დავბრუნდები, მათი ხსოვნის პატივსაცემად შევეცდები, რომ ეს სპექტაკლი აღვადგინო. ისრაელში ქართულ დასში ვიყავი მოწვეული და პრემიერამდე დასის დამაარსებელი და მთავარი რეჟისორი დაგვეღუპა, რის მერეც დასი დაიშალა. დღეს თეატრის განახლების საკითხზე ვმუშაობთ…

 

თეატრში მსახიობებთან ერთად

 

თეატრში მსახიობებთან ერთად

 

- მოკლედ, სცენის შემდეგ კოსმეტოლოგიის სფეროში გადაინაცვლეთ, ანუ აქაც სილამაზეს ემსახურებით, ოღონდ არა თქვენ მიერ შექმნილი სცენური სახეებით, არამედ კოსმეტოლოგიური ნიღბებით…

 

- ძალიან მიხარია, რომ ის, რასაც ვაკეთებ, ასე აღიქმება… თუ დავთვლით, ცხრა წელი თეატრში ვიმუშავე, 27 წელი – კოსმეტოლოგიაში. ომმა და შექმნილმა სიტუაციამ ჩემ ცხოვრებასაც დაატყო გაჭირვების დაღი და პარალელურად ჩემი მეორე პროფესია – კოსმეტოლოგობა დავიწყე. საბედნიეროდ, ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა. არაერთი სერტიფიკატი მაქვს მიღებული, ვმუშაობდი პრესტიჟულ სილამაზის ცენტრებში, მათ შორის, „ქალთა ბედნიერებაში“ და „ვოგში“. ამ სფეროში გზა გამიკვალა სალონმა „MM“, რისთვისაც ქალბატონ მაკა ღვალაძის დღემდე მადლიერი ვარ. 

 

როცა ისრაელში ამოვედი, აქ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. მათ შორის იყო ქალბატონი ნანა შაფათაშვილი-დავარი, სწორედ მისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე მიმიწვია ბატონმა ხუთი ბოთერაშვილმა ქართულ დასში, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ამ ეტაპზე მხოლოდ სალონური შეხვედრებით შემოვიფარგლები, რადგან ჩემი ემიგრანტული ცხოვრების რეჟიმი საქმის ხარისხიანად კეთების საშუალებას არ მაძლევს…

 

გურამ ბათიაშვილთან ერთად

 

გურამ ბათიაშვილთან ერთად

 

- თქვენი სალონური შეხვედრებიდან რომელს გამოყოფდით?

 

- ჩემი სალონური შეხვედრებიდან საინტერესოდ მიმაჩნია ქართველი ებრაელი ქალბატონის მერი ელიაშვილის საღამო, რომელიც წერს ძალიან ლამაზ მუსიკას, რომლის შემსრულებელი თავადაა. მან ჩაწერა საკუთარი სიმღერა ბესო კალანდაძესთან ერთად და ახლა ჩვენ ცნობილ ქართველ ხელოვანებთან ერთად თბილისში დიდი კონცერტისთვის ემზადება.

 

- თქვენ ისრაელში გყავთ ბევრი მეგობარი, რომლებსაც, თურმე, ქართულს ასწავლით…

 

- სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვცდილობ, ქართული საქმე ვაკეთო, გასამრჯელო არასდროს, არავისთვის მითხოვია. აქ ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. ჩემი თანამშრომლების უმრავლესობამ უკვე იცის, რომ ისრაელში რუსთაველის საფლავი და ჯვრის მონასტერია. იციან, რომ ქართველებს საკუთარი ენა და დამწერლობა გვაქვს. ისინი ქართულად მესალმებიან და ყოველდღე ახალი ქართული სიტყვის სწავლას მთხოვენ. მეც შეძლებისდაგვარად ვესაუბრები ქართული კულტურის ისტორიაზე და ჩვენი ორი ერის მეგობრობაზე. მათ ვასწავლი ქართული სამზარეულოს საიდუმლოებას, რაც განსაკუთრებით აინტერესებთ.

 

- თქვენი პასუხი ჩვენ ტრადიციული კითხვაზე: როგორია შორიდან დანახული და აღქმული სამშობლო?

 

- შორიდან და, განსაკუთრებით, ემიგრაციიდან დანახული სამშობლო უფრო ლამაზია და უფრო მტკივნეულია ყველაფერი, რაც მას ეხება. შორიდან ყველაფერს სხვა ფასი აქვს და ყველაფერი ისეთი თბილი და სანატრელია… შორიდან უფრო მძაფრია შენი მიწის სიყვარული. ხშირად ვფიქრობ – რა სამშობლო გვქონია და როგორ ვერ ვპატრონობთ, სხვაგან სად არის ასეთი ტრადიციები და კულტურა, ამდენი ლამაზი და განსხვავებული კუთხე, ამდენი ჭრელი ყვავილი, სუფთა ნაკადული და წყარო?.. სულ სხვაა ჩემი მიწის სურნელი, იქ სულ სხვაგვარად ფეთქავს აპრილი და დღეს ყველაფერი ეს მე უფრო მეძვირფასება და უფრო მონატრებული მაქვს…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი