logo_geo
ლია მუხაშავრია მეორედ გახდა დედა
- +

2 აპრილი. 2019. 17:30

 

 

რამდენიმე დღის წინ იურისტმა ლია მუხაშავრიამ სოციალური ქსელით მეგობრებს შეატყობინა, რომ პატარა ბიჭუნა იშვილა და ამით ძალიან ბედნიერია:

 

„დიდი მადლობა, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრებო, მოკეთეებო და კეთილის მსურველებო მოლოცვისთვის. სიხარული, სიკეთე და ყოველივე საუკეთესო თქვენ. ვიცი, გაგიხარდებათ - 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ვიშვილე 8 წლის ირაკლი. ეს ჩემი მეორე შვილია და ახლა გურიაში ერთად ვცხოვრობთ ორ ძაღლთან, 3 ცხვართან, 3 ქათამთან და 4 ციცართან ერთად. მხიარულად და კარგად ვცხოვრობთ, როგორც გურულებს შეეფერებათ და ეკადრებათ, ისე. სკოლაშიც შუხუთში დავდივართ და ვგურულობთ, რაც შეგვიძლია. კიდევ ერთხელ მადლობა და მოკითხვა ყველას გურიიდან! მიყვარხართ და მეიმედებით!" - წერს მუხაშავრია. 

 

სტატუსს უამრავი მილოცვა მოჰყვა. მისი სიხარული ბევრმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა. საზოგადოებამ იცის, რომ ცნობილი იურისტი უკვე რამდენიმე წელია, საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში გადავიდა. იურისტობის პარალელურად, იქ სოფლის მეურნეობასაც მიჰყო ხელი. ლანჩხუთის ცენტრში თხილის საამქრო გახსნა და კარდაკარ სიარულით, კოოპერატივიც ჩამოაყალიბა. არც ფიზიკურ შრომას თაკილობს, თავისი ხელით მოჰყავს ნატურალური პროდუქტები; საკუთარი გემოვნებით მოწყობილ მყუდრო გარემოში ცხოვრობს. ისიც ცნობილია, რომ მას ოჯახი არასოდეს შეუქმნია. მარტოხელამ, წლების წინ პატარა გოგონა იშვილა და დღეს უკვე ორი შვილის დედაა.

 

 

- ქალბატონო ლია, გილოცავთ პატარა ბიჭუნას დედობას. გვიამბეთ მის შესახებ.

 

- ახლა მეორე შვილი მყავს, ირაკლი და ძალიან ბედნიერი ვარ. ირაკლი სექტემბერში 8 წლის გახდა. ბავშვის მშვილებელთა რიგს 2009 წელს შევუერთდი და იმდენი ხანია ველოდები, თითქმის დამავიწყდა რეგისტრაციის დრო. გაირკვა, რომ თურმე, 2009 წლის ივლისში დავმდგარვარ აღრიცხვაზე და სწორედ წელს, ივლისში მივიღე პირველად შემოთავაზება. მითხრეს, რომ იყო გასაშვილებელი ბიჭუნა. ბევრი არ მიჭოჭმანია, ამეყვანა თუ არა. ძალიან კარგად მესმის, თუ გინდა პატარა იშვილო, ასეთი შემოთავაზება ერთზე მეტი, შეიძლება აღარც გქონდეს. დაუყოვნებლივ მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი რუსთავში, სადაც ირაკლი ცხოვრობდა.

 

- ვისთან ცხოვრობდა?

 

- ირაკლი ორი წელი რუსთავში, მინდობით აღზრდაში იყო მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ბებია და ბაბუა გარდაცვლილია. ახლობლებიც არ ჰყავდა და ამიტომ გადაწყდა მისი გაშვილება. რუსთავიდან ზაფხულში წამოვიყვანე. სასურველი იყო, ადაპტაცია ზაფხულში მომხდარიყო, რომ მერე სკოლაში არ გასჭირვებოდა. ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა. აქვს დიდი ეზო, სახლი, ჰყავს შინაური ფრინველები, ცხოველები, ძაღლები ძალიან უყვარს. მას აქვს მეტი თავისუფლება და სივრცე, რაც მოეწონა. მეტს ითამაშებს, იმოძრავებს და ახალ რაღაცებს შეისწავლის. შევიყვანე შუხუთის სკოლაში. მესამე კლასშია. ვფიქრობ, რომ ჯერ მისი ადაპტაციისთვისაც კარგი იქნება აქვე იაროს. უფრო იოლად შეეგუება ახალ გარემოს. კლასში სულ 11 მოსწავლეა. გაუჩნდება მეგობრები. კარგი ბავშვები არიან, ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს. ამიტომ ადვილად მივიღე ეს გადაწყვეტილება. თანაც, არ ვაპირებ თბილისში საცხოვრებლად წასვლას და ერთად ვიცხოვრებთ სოფელში.

 

- თქვენი პირველი შეხვედრა როგორი იყო?

 

- არც მე მიჭირს კომუნიკაცია და თვითონაც ძალიან კომუნიკაბელურია. წინასწარ შეამზადა მიმღებმა ოჯახმა, რომ მოხდებოდა მისი გაშვილება. გასაცნობად რომ ჩავედი, ოჯახის წევრმა მაშინვე მიცნო და ძალიან გაუკვირდა, რომ გაიგო, მე ვიშვილებდი. სამი ვიზიტი იყო აუცილებელი, რომ სოცმუშაკის თანდასწრებით შევხვედროდით ერთმანეთს, რათა მას გაეკეთებინა დასკვნა, ერთმანეთს შევეწყვეთ თუ არა, შეიძლებოდა ჩვენი ერთად ცხოვრება თუ არა. ეს ბარიერი მარტივად გადავლახეთ და მომცეს უფლება, ბავშვი წამომეყვანა. რამდენიმე დღე თბილისში ვიყავით, გაიცნო ჩემი ქალიშვილი და მერე წამოვედით სოფელში. შუხუთში მარტო ვცხოვრობდი. ჩემი გოგონა უკვე 24 წლისაა და თბილისშია, დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს. აქ კი მე და ირაკლი ერთად ვიქნებით, ერთად გავუძღვებით მეურნეობას. გარდა ამისა, მექნება შესაძლებლობა, კარგი განათლება მივცე, ხელი შევუწყო და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს. სერიოზულად ვფიქრობ, მერე მას ჩავაბარო ჩემი მეურნეობა. კოოპერატივის წევრიც ვარ. თუ გამოვა კარგი აგრონომი, ეს არაჩვეულებრივი იქნება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

 

- მოეწონა გურია?

 

- ზაფხულში რომ აღმოჩნდები გურიაში, სადაც ზღვაც არის და მთაც, მოგეწონება, აბა, რა! სასიარულო ბევრი მაქვს და ყველგან დამყავდა, გავაცანი აქაურობა და ძალიან მოეწონა. ასე მოხდა ჩვენი ერთ ოჯახად გაერთიანება. ეს პროცესი მართლა არ იყო რთული. ახლა სკოლა დაიწყო და ვფიქრობ, ცოტა მეტი ყურადღება დასჭირდება, რადგან არის გარკვეული სირთულეები სწავლასთან დაკავშირებით. ყველაფერს მივხედავთ. ძალიან სასაცილო იყო, როცა აღმოაჩინა, რომ მე რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ - გაუკვირდა. უცხოელი სტუმრები გვყავდა და მკითხა, - სკოლაში კარგად სწავლობდიო? რა თქმა უნდა, ბავშვთან ჩემი „სივის“ არანაირი პრეზენტაცია არ გამიკეთებია, მან არც ჩემი პროფესიის შესახებ იცოდა რამე.

 

- იურიდიულ საქმიანობას აგრძელებთ?

 

- დიახ, ჩვეულებრივ ვაგრძელებ და აქ ვიღებ კორესპონდენციას სტრასბურგის სასამართლოდან. როცა მოაქვს ფოსტას წერილი, წინასწარ მირეკავენ და ფოსტის წარმომადგენელს ჭიშკართან ვხვდები, რომ ხელწერილით ჩავიბარო წერილები. ეს რომ ირაკლიმ ნახა, მკითხა, - ეს რა არისო? - წერილია, გამომიგზავნეს სტრასბურგიდან, ახლა დავწერ პასუხს და გავაგზავნი უკან-მეთქი. პირველად გაიგო ფოსტის არსებობა და მკითხა, - შეიძლება, რომ მე ნანა დეიდას გავუგზავნო წერილიო? რუსთავში იმ ოჯახში მოისურვა წერილის გაგზავნა, სადაც მინდობით აღზრდაში იყო. დავეთანხმე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მეორე დღეს დიდი წერილით ხელში მომადგა. მითხრა, წაგაკითხებო. წამაკითხა, მართლა კარგი წერილი დაეწერა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე. გააფორმა ეს წერილი ყვავილებითა და გულებით, ჩავდეთ კონვერტში, წავედით ფოსტაში, ახსოვდა მისამართიც. დავაზუსტეთ, რამდენი დღე დასჭირდებოდა წერილის რუსთავში ჩასვლას და გავაგზავნეთ. ჰოი, საოცრებავ, პასუხი მოგვივიდა ასევე ფოსტით და ძალიან გაიხარა. მერე დაბადების დღეზე ამანათიც მიიღო ფოსტით და ძალიან ბედნიერი იყო.

 

 

- რა იყო ამანათში?

 

- დილით დაგვირეკეს და გვითხრეს, ფოსტიდან მოვდივართო, ყუთი გადმომცეს. რომ დავხედე, რუსთავი ეწერა და მივხვდი, რაც იქნებოდა. დავუძახე ირაკლის და ვთხოვე, ამანათის მიღების ფურცლისთვის მას მოეწერა ხელი. ძალიან გახარებული იყო. საჩუქრად მიიღო ტრანსფორმერი, კიდევ ერთი სათამაშო, ტკბილეული, კანფეტები, ბუშტები და მოლოცვები. ძალიან გაიხარა.

 

- სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა?

 

- ჩატარდა სასამართლო პროცესი. ირაკლის ასაკიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა არ იყო აუცილებელი, მაგრამ მოსამართლემ მთხოვა, თუ თანახმა ხართ, გამოვკითხავო. დავთანხმდი. აზრი ჰკითხეს ირაკლის: იცის თუ არა, რომ უნდა იშვილონ და გვარი რომ უნდა გამოიცვალოს. მან ყველაფერი იცოდა და პასუხები გასცა. შვილება ავტომატურად გულისხმობს გვარის მიცემას შვილისთვის და ის ჩემს გვარზე გადმოვიდა. შეიძლება ბავშვს სახელი და მამის სახელიც გამოეცვალოს, მაგრამ მას შეუნარჩუნდა სახელი და დაბადების თარიღი. მე მარტოხელა დედა ვარ და მამა არ ფიქსირდება გრაფაში. ძალიან მინდა, ურთიერთობა ჰქონდეს იმ ხალხთან, ვისთანაც ცხოვრობდა 2 წელი. ბევრისთვის ცოტა ძნელი გასაგები შეიძლება იყოს, მაგრამ მას ბევრი ადამიანი არ ჰყავს გარშემო და ყველა ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ისინი დავპატიჟე ჩემთან, გურიაში და სიამოვნებით გავუმასპინძლდები.

 

- ყველა ცდილობს, რომ ახალშობილი აიყვანოს და გაზარდოს, თქვენ რატომ არ გინდოდათ ჩვილის აყვანა?

 

- წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, ჩვილი ბავშვის გაზრდა მარტოხელა ადამიანისთვის გაცილებით რთულია, მით უმეტეს, ჩემნაირი დასაქმებული, მოუცლელი ქალისთვის. მე არ მწამს ძიძის გაზრდილი ბავშვის და მგონია, რომ განსაკუთრებით ნაშვილები ბავშვი უნდა გაზარდოს დედამ. ისედაც ბიოლოგიური კავშირი არ არის და თუ კიდევ შუაში ძიძა ჩადგება, ეს ურთიერთობა არ იქნება ისეთი მყარი, როგორიც შეძლება იყოს იმ შემთხვევაში, როცა პირადად შენ ზრდი. მნიშვნელოვანია, თავიდანვე ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ნაშვილებია და ურთიერთობა აეწყოს სიმართლეზე. ტყუილმა შესაძლოა, მძიმე შედეგები მოუტანოს ორივე მხარეს. აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი იცოდეს.

 

 

თეა ხურცილავა

 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი