logo_geo
გიორგი გოგოლაშვილი: „დედაენის“ წართმევას ყოველთვის ცდილობდნენ, მაგრამ ვერასოდეს ახერხებდნენ ამას!
- +

11 აპრილი. 2019. 13:01

 

საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შეტანას გულისხმობს, განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება. რა უქმნის იაკობის „დედაენას“ საფრთხეს და რატომ გახდა აუცილებელი მისი კანონით დაცვა, ამაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი გვესაუბრა:

 

– ბოლო ხანებში პრესა და ტელევიზია „დედაენის“ თემასთან დაკავშირებით ძალიან გააქტიურდნენ. თემის გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს პარლამენტიდან საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსდა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ძეგლს – „დედაენას“ ეხება. მოგეხსენებათ, „დედაენა“ (ანუ საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი)არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლი გახლავთ. ეს სტატუსი „დედაენას“ 2013–14 წლებში მიენიჭა. 2016 წელს იუნესკომ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა; „დედაენა“ ამ ნომინაციის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი გახლავთ; საერთაშორისო კანონმდებლობით ეს ფაქტი ჩვენს სახელწიფოს „დედაენის“ მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.

 

– კონკრეტულად, რომელ ვალდებულებებზეა საუბარი?

 

– საუბარია ძეგლის დაცვასა და პატრონობაზე. სახელწიფო ვალდებულია დაიცვას და უპატრონოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იუნესკოს წარმომადგენლობით ნუსხაშია შესულია. არსებობს საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც სახელმწიფოს ამას ავალდებულებს და სახელწიფომ თუ ვერ შეძლო საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა შესრულება, გამორიცხული არაა, რომ იუნესკომ ქართულ ანბანს და მის შემადგენელ ელემენტს „დედაენას“ სტატუსი ჩამოართვას. სამწუხაროდ, ასეთი მძიმე შედეგი დაგვიდგა მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით. როდესაც ტაძრის რესტავრაცია იუნესკოს პრინციპების გათვალისწინების გარეშე ჩატარდა, იუნესკომ ბაგრატის ტაძარს ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

 

იუნესკოში სულ სამი ძეგლია არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი საქართველოდან. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში არსებულ მრავალ ანბანს შორის ქართული ანბანი ერთადერთია, რომელსაც საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ასე რომ, საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში გატანა სწორია და დროული. რაც მთავარია, რა არის „დედაენა“ და რას მიაკუთვნა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი სახელწიფომ? ეს არის იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი საანბანე სახელმძღვანელო.

 

რა არის „დედაენის“ შედგენის მთავარი პრინციპები, რომლებიც ითვლება იაკობის ინტელექტუალურ საკუთრებად? ეს არის, უპირველესად, პირველი გაკვეთილი „ია. აი ია“, რომელზეც ყველანი გავიზარდეთ; პედაგოგიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პირველი გაკვეთილის თემა არის იაკობის ყველაზე დიდი მიგნება – ეპოქალური აღმოჩენა; ეს იაკობის საკუთრებაა და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა… გარდა ამისა, ის, თუ როგორ დაალაგა მან შესასწავლი ქართული ანბანი, რა პრინციპით; რა რის შემდეგ ისწავლება, რომელი ასო რომელი სიტყვით ისწავლება, როგორია საანბანე ტექსტის სტრუქტურა; საკითხავი ნაწილის ტექსტების თემატიკა და სხვა – ეს არის ის, რასაც „დედაენა“ ჰქვია და რაც იაკობ გოგებაშვილმა ჩვენთვის შექმნა.

 

– ინიციატივის ავტორთა განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი ძეგლის დაცვაა, თუმცა იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში „დედაენის“ ბოლო გამოცემიდან თითქმის საუკუნეზე მეტი გავიდა და სახელმძღვანელომ უამრავი ცვლილება განიცადა…

 

– უბედურება ის არის, რომ იაკობ გოგებაშვილის ავტორობით „დედაენა“ ბოლოს 1925 წელს გამოიცა. ამის შემდეგ, 1935 წლიდან ფაქტობრივად, იაკობ გოგებაშვილის საკუთრების მითვისება იწყება. ანუ გამოიცემა „დედაენები“, აწერია „გოგებაშვილის მიხედვით და ავტორად მითითებულია სხვა. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან. ფაქტობრივად, ახდენენ იაკობის „დედაენის“ გადაწერას, ტექსტს უკეთებენ რედაქტირებას და საკუთარ გვარს აწერენ. ასე გაჩნდა ჩვენს სკოლებში მაღლაკელიძეების „დედაენა“, გორდელაძე-ჩხენკელის, რამიშვილის და სხვების „დედაენები“. 2009 წელს განათლების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი პირველ კლასის სახელმძღვანელოზე და ამ კონკურსზე 10 ავტორის „დედაენა“ იყო წარდგენილი. მხოლოდ ერთი იყო იაკობ გოგებაშვილის ავტორობით, რომელიც გოგებაშვილის საზოგადოებამ წარადგინა და 9 დედაენის ავტორი იყო სხვა. წიგნების უმეტესობა „გოგებაშვილის მიხედვით“ იყო შედგენილი; იწყებოდა „ია“-თი, შემდეგ მოსდევდა „თითი“, „საათი“ და ა.შ. კონკურენცია მიდის იმაზე, თუ ვინ უფრო მოხერხებულად გადაწერს იაკობის „დედაენას“ და როგორ გააფორმებს გარეგნულად. შეაქვთ თვითმიზნური ცვლილებები (ავტორობა რომ გაამართლონ!) გოგებაშვილის პრინციპების გათვალისწინების გარეშე…

 

– კონკრეტულად, რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ძეგლის დაცვისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად?

 

– ძეგლის დაცვა გულისხმობს, რომ არავინ მიითვისოს, არავინ შეცვალოს, არავინ ჩაერიოს და შელახოს იაკობის პრინციპები. რაც შეეხება სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას, ის გულისხმობს, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ქართულ სკოლაში უნდა დაბრუნდეს. სხვათა შორის, იუნესკოს ერთ-ერთი მოთხოვნაც სწორედ ესაა. თუ წიგნს სიცოცხლისუნარიანობა არ აქვს, ისინი თავიანთი საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ჩვენს ანბანს „დედაენასთან“ ერთად ამოიღებენ. „დედაენის“ მიმთვისებლები ფაქტობრივად, ებრძვიან იმას, რომ წიგნს ერქვას იაკობის სახელი. სხვათა შორის, თუ 2018 წლამდე გოგებაშვილისაგან მითვისებულ სახელმძღვანელოს „დედაენა“ მაინც ერქვა, 2018 წლიდან „დედაენაც“ აღარ ჰქვია. ანუ, როგორც ვთქვით, პირწმინდად გადაწერეს იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო, შეუცვალეს სახელი და გარეკანზე თავიანთი გვარი დააწერეს. ინტერვიუში, რომელიც თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა, ნათელა მაღლაკელიძე ამბობს კიდეც, ჩემი „დედაენაო“, არადა, „დედაენა“ იაკობ გოგებაშვილისაა. მაღლაკელიძემ რედაქცია გაუკეთა, ამიტომ ის წიგნის რედაქტორია და არა ავტორი. სხვათა შორის, „დედაენას“ ყოველთვის ასე ებრძოდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მის წართმევას. თავის დროზე, იაკობ გოგებაშვილი წერდა, მე გაცილებით მეტი დრო მოვანდომე „დედაენის“ დაცვას, ვიდრე მის შექმნასო. ჩემს მოწინააღმდეგეებს ამოძრავებთ „სახსრის ტრფიალი და კუჭის პრინციპიო“, რაც სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება…

 

– სახელმძღვანელოების გამოცემა რომ დიდი ხანია ბიზნესად იქცა, ეს არავისთვის საიდუმლო არაა.

 

– დიახ, ბიზნესად იქცა. კი ბატონო, ვინ გიშლის, გაიჩინე შემოსავლის წყარო, მაგრამ იაკობ გოგებაშვილის ინტელექტუალური საკუთრების ხარჯზე? როგორც გითხარით, მიმთვისებლები ცვლიან იაკობ გოგებაშვილისეულ „დედაენას“ და არ ითვალისწინებენ იაკობის პრინციპებს. ასე რომ არ მოხდეს, ამას ემსახურება ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, ანუ განათლების კანონში ცვლილების შეტანა, რომელიც გასული წლის ბოლოს დაანონსდა.

 

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ გოგებაშვილის „დედაენა“ პატრონს დაუბრუნდეს და ყოველგვარი ცვლილება მასში შევიდეს იმ პრინციპების გათვალისწინებით, რა პრინციპებიც იაკობ გოგებაშვილს ჰქონდა. განათლების სამინისტროში პროგრამებისა და სახელმძღვანელოების საკითხი რომ მთლად წესრიგში ვერ არის, ეს თქვენც იცით და ჩვენც ვიცით. განათლების მინისტრმა მ. ბატიაშვილმა გამოაცხადა კიდეც, რომ ბოლო პერიოდში სახელმძღვანელოთა გრიფირებაში ბევრი დარღვევა იყო, რომ ამ დარღვევებს განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია გადაჰყვა…როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, დაინტერესებული იყო სამინისტროს გარკვეული ჯგუფი, დაინტერესებული იყვნენ გამომცემლობები, რომლებიც სახელმძღვანელოებიდან დიდ მოგებას იღებენ. აქედან გამომდინარე, ავტორს (ი. გოგებაშვილს) აღარ აქცევდნენ ყურადღებას და სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება ხდებოდა. დიახ, ეს პრობლემები იყო და ალბათ არის კიდეც… ამას განათლების სამინისტრომ უნდა უპატრონოს. სწორედ ამას სჭირდება საზოგადოებრივი კონტროლი და ყურადღება; სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენს სკოლას ისეთი ღირსეული სახელმძღვანელო ჰქონდეს, როგორიც იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა!

 

– იმედია, ამ დიდი საქმის განხორციელება მაინც მოხდება ისე, რომ საზოგადოება და პროფესიული წრეები კმაყოფილი დარჩნენ.

 

– ჩვენი ღრმა რწმენით, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო და პარლამენტი არ ლობირებს არც ერთ სახელმძღვანელოს. ის შექმნის კანონს, რომელიც დაავალდებულებს სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის, „დედაენის“ საფუძველზე შეიქმნას სახელმძღვანელო. განათლების სამინისტრომ კანონიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს ამის ორგანიზება. უნდა შექმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი და ა.შ. ეს უკვე მათი საქმეა. თუ ამ პროცესში ჩვენ და თქვენ დავინახავთ რაიმე დარღვევას და მიკერძოებას, სასწრაფოდ უნდა ვამხილოთ. ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, იმიტომ, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი ღირსეული სახელმძღვანელო.. დღეს მორალურად და იურიდიულად უხერხულია, ვინმემ ამტკიცოს, რომ „დედაენა“ ჩემია და გოგებაშვილი რა შუაშიაო. დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ „დედაენა“ იაკობ გოგებაშვილის საკუთრებაა.

 

გოგებაშვილს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, საუკუნენახევარი ინტელექტუალურ საქართველოს ზრდიდა და ეს მაინც უნდა დავუფასოთ. ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ მისი საკუთრება ასე უაპელაციოდ არავის ჩავაგდებინოთ ხელში.

 

ნელი თორდია

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი