logo_geo
ზურა ხაჩიძე: დღეს მე ვუთხარი „არა“ კობალაძის „კანტორას“!
- +

20 აპრილი. 2019. 19:53

 

 

ბოლოდროინდელ ამბებს თუ გადავხედავთ, საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ აქტუალური თემა გახდა, მომღერალ-მუსიკოსები ორ გუნდად გაიყვნენ და ყველას თავისი მოსაზრება აქვს...  ბაზარზე ალტერნატიული კომპანიის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი შემოიტანა და  მომღერლებიც ცდილობენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას... „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ რიცხვში, ვინც გიგა კობალაძის საავტორო ასოციაციას უთხრა „არა“ და ორგანიზაცია დატოვა.

 

- ორგანიზაციას, სადაც თითქმის ხუთი წელი ვიყავი გაწევრიანებული და კვარტალში ერთხელ ვიღებდით მიზერულ ანაზღაურებას, დღეს მე ვუთხარი „არა“! მიზეზი ბევრია ძალიან და ერთ-ერთია ის გაუმჭვირვალობა, რაც ხდებოდა ამ კომპანიაში და წლების განმავლობაში ვერ გავიგე პასუხი ბევრ კითხვაზე, რომელიც დამიგროვდა. მე ვფიქრობ, ცოტა არაადეკვატურად ანაწილებდნენ ანაზღაურებას, როდესაც ჯგუფი იყო აქტუალური, ანაზღაურება იყო ნაკლები ან პირიქით... შეიძლება, ვინმემ ისეთი პერიოდიც გამახსენოს, საერთოდ არაფერს რომ გვიხდიდნენ და არც ჩვენი უფლებები იყო ფრიად დაცული, მაგრამ მაშინ პრეტენზია წინსვლაზე და განვითარებაზე ნუღარ გვექნება. მგონი დადგა დრო, რომ დავაფასოთ და შევაფასოთ ავტორთა უფლებები.

 

ძირითადად იყო კითხვა, ჩვენ არ ვიცოდით, რა პრინციპით და როგორ ნაწილდებოდა შემოსული თანხები. ხან როგორ ირიცხებოდა და ხან როგორ, შთაბეჭდილება მრჩებოდა, პირადი ურთიერთობების ხარჯზე განისაზღვრებოდა ანაზღაურება.

 

- ამ კითხვაზე ხუთი წლის განმავლობაში პასუხი არ გქონდათ თუ არ დაინტერესებულხართ?

 

- დავინტერესდი, როგორ არ დავინტერესდი მაგრამ იმდენად აბსურდული  და გაურკვეველი პასუხი მივიღე, პრინციპში გავეშვი, აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს გავხდებოდი ამ კომპანიასთან.

 

- ასე ადვილად დანებდით?

 

- აზრი არ ჰქონდა, ალტერნატიულიც არაფერი იყო ბაზარზე და შესაბამისად როგორც უნდოდათ, ისე ჭრიდნენ და კერავდნენ.

 

- ზოგადად, გაუკონტროლებელია ეს სფერო თუ ამ კომპანიას აქვს ასეთი მიდგომა? ვალდებულება, რომ დეტალურად გაარკვიონ ავტორი რიგ საკითხებში, ხომ აქვთ?

 

- რა თქმა უნდა, ვალდებულია! ბოლო თვეებში გაგვიკეთეს პირადი კაბინეტები, საიდანაც, წესით, უნდა გვეკონტროლებინა ჩვენი შემოსავალი და უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები რჩებოდა კითხვებად...

 

- უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორგანიზაცია, რომელიც იცავდა თქვენს უფლებებს, თვითონვე არღვევდა? და, უხეშად რომ ვთქვათ, ჯიბეში იდებდა თქვენს ფულს?

 

- ორი მხარე აქვს მედალს... მე არ ვიცი, ვინ ვის ფულს იდებდა ჯიბეში, ვერ გავარკვიე, ვერ მივიღე ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხი. ანაწილებს ისე, როგორც მას უნდა და აწყობს!

 

- პირადი ურთიერთობების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი?

 

- ასე მგონია! სწორედ ამ მიზეზების გამო ჩვენ დავწერეთ განცხადება და წამოვედით იმ კომპანიიდან, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს. გადავედით ახალ ორგანიზაციაში, რომლის აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა ზემოხსენებული კომპანია, რაღაც სულელური ფრაზით: „არა ინტელექტის ოკუპაციას“. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზები, სისულელეა... რამდენიმე თვის წინ თვითონ კობალაძის ორგანიზაცია თანამშრომლობდა „РАО“-სთან და დღეს უწევს ეს ორგანიზაცია ინტელექტს ოკუპაციას? მე არ დავინტერესებულვარ, რატომ გაწყვიტეს მათ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა, თუმცა, დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ აბსურდია, რაშიც კობალაძის „კანტორა“ ბრალს გვდებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბერი მომღერალი და ავტორი მიხვდება, აქ არაფერ შუაში არ არის ინტელექტის ოკუპაცია და დადგება ჩვენს გვერდით, სიმართლის გვერდით! ქართული კულტურა ისევე უყვართ რუსეთში, როგორც ევროპაში, უსმენენ აქაც და იქაც. სირცხვილია აბსურდული აზრის თავზე მოხვევა და არც ალტერნატიულ კომპანიასთან თანამშრომლობა არის დანაშაული. ჩვენი სიმღერები სადაც ისმინება, უნდა აღირიცხოს და მომღერალმა უნდა მიიღოს შემოსავალი. შრომა ოდესმე ხომ უნდა დაფასდეს?!

 

- ახალ კომპანიაზე გვითხარით, რომელშიც სულ ახლახან გაწევრიანდი...

 

- ორგანიზაცია, რომლის წევრიც ვარ დღეიდან მეც და ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, მიქმნის საშუალებას, გავაკონტროლო, თითოეული თეთრი საიდან მერიცხება და რატომ, ეს იქნება გამჭვირვალე ორგანიზაცია და ურთიერთობა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავტოვე კობალაძის ორგანიზაცია და ვუცხადებ ნდობას ახალ ალტერნატიულ კომპანიას და მივესალმები მის შემოსვლას ბაზარზე! დარწმუნებული ვარ, სხვებიც მალე მიხვდებიან და შემოგვიერთდებიან, როდესაც გაიგებენ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

 

- კონტრაქტს როდესაც წყვეტდით, რაიმე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

 

- არ, არანაირი... ზრდასრული ადამიანი ვარ და ჩემს არჩევანში ვერ ჩაერევა ვერავინ. უბრალოდ, გული მწყდება, როდესაც სიმართლე ყველამ კარგად ვიცით და ისინი მაინც რუსულ აზრს ლობირებენ მარტო იმიტომ, რომ რუსეთში ემიგრაციაშია ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, უსმენენ ჩვენ სიმღერებს და უყვართ. რატომ უნდა იყოს ჩვენი შემოსავლები დაკარგული და არ უნდა აღირიცხოს თუნდაც რუსეთი?  ვერ ვხვდები, რას ნიშნავს „არა ინტელექტის ოკუპაციაა“, რატომ ლობირებენ მცდარ აზრს? რუსეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს ადამიანებად არ თვლიან თუ რა ხდება? ოკუპაციას მეც ვეწინააღმდეგები, ვაღიარებ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის ჩვენი სამუშაოს ანაზღაურებასთან. რა საჭირო იყო ამის გაკეთება და ამ თემით ადამიანების მანიპულირება, ვერ ვხვდები.

 

- შემოგთავაზეს ვიდეორგოლში მონაწილეობა?

 

- არა.

 

- არ დაინტერესებულხართ, რატომ?

 

- სავარაუდოდ, დამინახეს პრესკონფერენციაზე და მიხვდნენ, რომ აღარ ვაპირებდი მათთან თანამშრომლობას, ამის გამო აღარ შემომთავაზეს. ერთი ზარი იყო გიგასგან, მაგრამ აღარ დავინტერესებულვარ.

 

- არაჯანსაღი კონკურენციის ფონზე გიწევთ მუშაობა?

 

- ეგრე გამოდის. უბრალოდ, არ შეიძლება, შენი ტყუილი მოახვიო საზოგადოებას თავზე!

 

- რას ურჩევთ თქვენს კოლეგებს?

 

- მოვუწოდებ მეტი სიყვარულისა და პატივისცემისკენ, რაც მთავარია. ვიცი, მალე დარწმუნდებიან, რომ უნდა ითანამშრომლონ ორგანიზაციასთან, რომელსაც მე ვუთხარი დღეს „კი“... მარტო მე არ ვარ, ჩემს გვერდით ძალიან ბევრი ნიჭიერი და პატივსაცემი ადამიანი დგას, ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

 

ჩემს უფლებებს მე ვის ვანდობ, ჩემი გადასაწყვეტია, ვერც გიგას ვკითხავ და ვერც პავლეს! მე მინდა ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, სადაც, გარანტირებულად ვიცი, დაიცავენ ჩემს და ჩემი კოლეგების  უფლებებს.

 

 

big_banner
არქივი