logo_geo
ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც ინგლისში ვარსკვლავებს უმასპინძლდებოდა, რეალისტურ მინიატურულ კერძებს ქმნის
- +

23 აპრილი. 2019. 14:05

 

 

მერი ჭიჭიაშვილი ქართველი ემიგრანტია, რომელმაც ჯერ ესპანური სამზარეულო დაიპყრო, შემდეგ ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ რესტორნებში მუშაობდა შეფ-მზარეულად და უმასპინძლდებოდა ვარსკვლავებს. ბოლოს კი რეალური დესერტებისა და კერძების ნაცვლად, პლასტმასის, თიხისა და სხვადასხვა მასალისგან მინიატურული ნაკეთობების შექმნა დაიწყო.

 

 

 

 

 

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ქმნის იოტისოდენა ფიგურებს ასე რეალისტურად მერი. როგორც აღმოჩნდა, ყველაფრის მიღმა საკმაოდ სევდიანი ისტორიაა - მისი შთაგონების წყარო გარდაცვლილი დედაა, რომლის მონატრებით გამოწვეულ დეპრესიასაც სწორედ პაწაწინა ნაკეთობების ძერწვით უმკლავდება.

 

 

 

 

 

 

- რამდენი ხანია, რაც კულინარიით ხართ გატაცებული და როდის იქცა გატაცება თქვენს საქმიანობად?

 

- ოფიციალურად, როგორც შეფი, ვმუშაობდი 10 წელი. მანამდე კი სახლში ვამზადებდი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ბოლო 4 წელი მთავარ კონდიტერად ვმუშაობდი ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებში.

 

 

 

 

 

 

 

- როგორც ვიცი, ხშირად უმასპინძლდებოდით ვარსკვლავებს. რომელ ცნობილ სახეებს აქვთ თქვენი ნახელავი გასინჯული?

 

- დიახ, ეს მანჩესტერში იყო. ჩვენ ვიყავით პირველი შეფები გახსნის დღიდან. ობიექტი რამდენიმე თვეში ინგლისის საუკეთესო რესტორნების სიაშიც მოხვდა. მივიღეთ არაერთი ტიტული, მათ შორის, „მიშლენის ვარსკვლავი“. უამრავი ცნობილი ადამიანი გვსტუმრობდა - ადგილობრივი ტელეწამყვანები, მთავრობის წევრები და ფეხბურთის გუნდის მოთამაშეები. ჩვენთან ვახშმობდა მოურინიოც.

 

 

 

 

- მინიატურული თიხის ფიგურების გაკეთება როდის დაიწყეთ, რამ შთაგაგონათ?

 

- მინიატურების გაკეთება ახლახან დავიწყე. ჯერ შაქრისგან ვაკეთებდი. ხალხს ისე მოსწონდა, რომ გადავწყვიტე, თიხისგან გამეკეთებინა. თიხა ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე შაქრისგან გამოძერწილი.

 

 

 

 

- ვინ და რა მიზნით გიკვეთავთ ხოლმე მინიატურულ კერძებს ყველაზე ხშირად?

 

- მიკვეთავენ კერძო პირები და ორგანიზაციები, რესტორნები, ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სურთ გაალამაზონ ინტერიერი. ასევე, ჩემს მინიატურულ ნაკეთობებს ხშირად ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს. ვამზადებ მათი სურვილის მიხედვით და ზოგჯერ თავად ვთავაზობ კომპოზიციას.

 

 

 

 

 

 

 

რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

 

- ჩემი შთაგონება დედაა. მასზე ფიქრმა დამაწყებინა ეს საქმიანობა. ვიცი, დედას ძალიან გაუხარდებოდა და ბედნიერი იქნებოდა… თითოეული ნაკეთობა მისი მონატრებითაა შექმნილი. ვიცი და ვგრძნობ, რომ ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ეს ყველაფერი ჩემთვის სასწაულია! ადრე თიხასთან არასდროს მქონია შეხება. ერთ დღეს გათენდა, დავჯექი და მას შემდეგ მინიატურული ნაკეთობები ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქოს, ყველაფერი თავისით მოდის... ზოგჯერ შინაგანად ისე ძლიერად ვგრძნობ და ვხედავ, რაც უნდა გავაკეთო, მგონია, თვალები რომ დავხუჭო, თითები თავისით გააკეთებენ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ადრე, გრაფიკაში ხატვის დროს ფერების ხედვა და დასმა მიჭირდა. ახლა კი ყველაფერს ვხედავ... დედა სიცოცხლეშიც გვერდში მედგა და მჯერა, რომ ახლაც ყველაფერი მისი დამსახურებაა.

 

 

- როგორ და რა მასალებით ქმნით მინიატურულ საჭმელებს?

 

- მასალა დამოკიდებულია იმაზე, რას ვაკეთებ და როგორი ეფექტით. ბევრს ვტესტავ, ექსპერიმენტებს ვაკეთებ სხვადასხვა მასალის შერევით. ჩემს ნაკეთობებში ხშირად საკვები ინგრედიენტებიც არის გამოყენებული.

 

 

- ახლა ინგლისში მოღვაწეობთ. ალბათ, უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ყიდულობს მინიატურულ ფიგურებს. მინიატურული კერძებისა და დესერტების მაღაზია ხომ არ გაქვთ, ან ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში გახსნას?

 

- დიახ, ინგლისში ვარ, მაგრამ აქ თითქმის არავინ იცის ჩემი საქმიანობის შესახებ. ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა იციან. სამომავლოდ მინდა აქაც გავიტანო ჩემი ნაკეთობები. ვოცნებობდი, გამეხსნა ისეთი ადგილი, სადაც იქნებოდა გემრიელი დესერტები და ყოველთვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გამეკეთებინა.

 

- გამორჩეულად საყვარელი ფიგურა ხომ არ გაქვთ?

 

- ჩემთვის ყველა საყვარელია... კეთების დროს ყველას ვეფერები. მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს თოჯინების გაკეთება, მათი „გაცოცხლება“.

 

 

 

- რა არის მინიატურული ფიგურების შექმნის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე?

 

- ყველაზე დიდი სირთულე... მთავარია, ფერები და ტექსტურა დასვა. ხშირად ნემსით ვმუშაობ და ვფიქრობ, ესაა შედარებით რთული პროცესი, რადგან თვალებზე მოქმედებს. როცა მუშაობას ვასრულებ, საღამოობით ყველაფერი ორად მეჩვენება. ხელოვნურ შუქზე ვერ ვმუშაობ, დღის შუქი მჭირდება სამუშაოდ.

 

 

 

 

- თავად რომელი კერძი/დესერტი მოგწონთ ყველაზე მეტად?

 

- საყვარელი კერძი, ალბათ, ჩვენი ხაჭაპურია. ასევე, მიყვარს ზღვის პროდუქტები. დესერტები, განსაკუთრებით,  შოკოლადის, ვანილისა და ლიმონის არომატებით მომწონს, თუმცა კონკრეტულად გამორჩეულად საყვარელი დესერტი არ მახსენდება.

 

 

- ჯერ ესპანური სამზარეულო დაიპყარით, შემდეგ ინგლისის ელიტურ საზოგადოებას დაამახსოვრეთ თავი, მერე იყო ჯანჯაფილის ცომის სახლები და ბოლოს გასაოცარი მინიატურული ფიგურები. რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?

 

- დედის გარდაცვალების შემდეგ კულინარიას გავანებე თავი. ამიტომ ამ მხრივ არაფერს ვგეგმავ… რაც შეეხება მინიატურულ გამოფენებს, ვაპირებ გამოფენის გაკეთებას, სავარაუდოდ, ლონდონსა და თბილისში...

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი