logo_geo
როგორ შეიქმნა „ღვთისმშობლის გოდება“ და ვინ არის მისი ერთადერთი შემსრულებელი
- +

26 აპრილი. 2019. 18:53

 

 

არსებობს ერთი ქართული საგალობელი, რომელმაც მისია შეასრულა და კიდევ – ერთი უნიკალური ხმა, რომელიც ადამიანებს დედაეკლესიაში იხმობს.

 

ვინც ერთხელ მაინც მოისმინა ნაირა ნაჩხატაშვილის მიერ შესრულებული მაცხოვრის დატირება, მან ქრისტეს ტკივილები გაიზიარა...

 

„მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი“, – ასე ჰქვია საგალობელს, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვით და პატრიარქის კურთხევით, 37 წლის წინ შეიქმნა. ის ყოველი წლის წითელ პარასკევს გარდამოხსნის რიტუალისას სრულდება.

 

ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეიქმნა „ღვთისმშობლის გოდება“ (როგორც მას ხალხმა შეარქვა) და ვინ არის მისი ავტორი და ერთადერთი შემსრულებელი.

 

ნაირა ნაჩხატაშვილი (მგალობელი): კომუნისტური წყობა იყო და მოგეხსენებათ, წირვა– ლოცვები მხოლოდ საუფლო დღესასწაულებსა და შაბათ-კვირას ტარდებოდა. მაშინ ტაძარში მხოლოდ მოხუცების შერეული გუნდი დადიოდა და ჩვენც მხოლოდ „რომელი ქერუბიმთა“ და „ შენ ხარ ვენახი“ ვიცოდით. მეტი გალობა არსად ჟღერდა.

 

აკურთხეს თუ არა ჩვენი პატრიარქი კათოლიკოსად, მაშინვე დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ მოეყვანა ხალხი ეკლესიაში. და აი, ერთ–ერთ ქადაგებაზე მან თქვა, რომ სურდა, წირვა–ლოცვა ყოველდღიურად ჩატარებულიყო. ეს ქადაგება ჩემმა პედაგოგმა ლეილა აბაშიძემ მოისმინა (მე მაშინ მუსიკალურ ტექნიკუმში სადირიჟოროზე ვსწავლობდი). მაშინვე თავისთან დამიბარა. ოთახის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა და გურული „მრავალჟამიერი“ მომასმენინა, ოღონდ შევატყვე, რომ სიმღერას სხვა მიმართულებას აძლევდა. შემდეგ კიდევ ერთი საგალობელი დაუკრა... და ჩვენს შორის ძალიან მოკლე დიალოგი შედგა:

 

– რა აზრის ხარ?

 

– არ ვიცი, მგონია, რომ ეს ტაძარში უნდა ჟღერდეს...

 

– შენ იმღერებ?

 

– დიდი სიამოვნებით!

 

– არ შეგეშინდება?

 

– არა!

 

...და მალე გავხდი პირველი მგალობელი, რომელსაც ყოველდღიურ მსახურებაში მონაწილეობის უფლება მომეცა.

 

იყო პერიოდები, რომ ტაძარში სიარულის გამო სასწავლებლიდან გამრიცხეს, იყო უფრო რთული ეტაპებიც, მაგრამ ეს ბედნიერება და სიხარული ყველანაირ უსიამოვნებას გადაწონის.

 

– ჩვენი უწმინდესის ძალისხმევით ქართული საგალობლების აღორძინება დაიწყო. ერთს მეორე შეემატა, მეორეს – მესამე, თუმცა „მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთის“ მუსიკის შექმნა, რომელიც კომპოზიტორებს დაევალათ, დროში იწელებოდა. ბევრი მუსიკა შეიქმნა, მაგრამ...

 

– მაგრამ მოხდა ისე, რომ პატრიარქმა რაღაც ვერ იპოვა... მოსმენებს მეც ვესწრებოდი და შექმნილი მელოდიები ტექსტის პასუხს, თითქოს, არ იძლეოდა. პატრიარქმა აზრი მკითხა და მეც ვუთხარი, რომ „ეს უნდა იყოს ძალიან მარტივი საგალობელი, რომელიც ქართველი დედის ტირილს უნდა ჰგავდეს“... დავიწყე გალობა და როგორც კი პირველი სტრიქონი დავასრულე, უწმინდესმა მითხრა: „ჰო, ეგ არის! ეგ არის! ეს დარჩება და შენ იგალობებ!“ ეს სწორედ ის ვერსიაა, რასაც ახლა ისმენთ.

 

– მაინც რა ხდება თქვენში ამ გალობის შესრულებისას, ან თუნდაც შემდეგ? – ალბათ, ძალიან რთულია იმ ემოციებისგან გათავისუფლებაც...

 

– ამას ხშირად მეკითხებიან – რა ხდება, როცა ამ საგალობელს ვასრულებ... ხდება ის, რომ მე თითოეულ სიტყვას თვალნათლივ ვუყურებ და ვხედავ... დავტირი უფლის ტკივილებს და ჩემი მგალობლები ჩემთან ერთად ტირიან... ეს არ არის მხოლოდ მელოდია და მექანიკურად შესრულებული ნაწარმოები, მე მაცხოვრის ჭირისუფალი ვარ...

 

– თქვენთვის უცხო არაა დიდი სცენები – შეჩვეული ხართ მსმენელთა სიყვარულსა და ემოციებს. ტაძრის „სცენა“ ალბათ, ძალიან განსხვავებულია...

 

– სცენა ადგილია, სადაც მსახიობობ და ბოლომდე იხარჯები. ტაძარიც ადგილია, სადაც ბოლომდე იხარჯები, ოღონდ ნიღბისა და მსახიობობის გარეშე. ვმღეროდი ჯანსუღ კახიძესთან, სახელმწიფო კაპელაში და ა. შ. მაგრამ მე კონცერტზე ვმღეროდი და მოვდიოდი, ტაძარში კი ვგალობ და აქ ვრჩები, ეს ჩემი სახლია...

 

– ალბათ, გიჭირთ ამ „სახლიდან“ შორს წასვლა. როგორც ცნობილია, თქვენ უარი თქვით ძალიან სერიოზულ შემოთავაზებებზე უცხოეთიდან.

 

– ბავშვობაში დიდ წარმატებებზე ვოცნებობდი და მათ შორის, კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზეც. დიახ, მქონდა ძალიან სერიოზული შემოთავაზებები, მაგრამ წასვლის წინ მე ვდგებოდი ღვთისმშობელთან და ვთხოვდი, რომ თუ მე საქართველოს უფრო ვჭირდებოდი და ჩემი გადაწყვეტილებით მადლს დავკარგავდი, ხელი არ მოემართა. როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვარ. ძალიან მიჭირს სხვა ქვეყანაში დიდხანს გაჩერება...

 

რადგან ბავშვობას შევეხეთ, ერთ ისტორიასაც მოგიყვებით: მოგეხსენებათ, ჩვენ დროს ბავშვები შატალოზე კინოთეატრებში მიდიოდნენ. მე და ჩემი მეგობარი მზია მურადაშვილი კი ტაძარში მივდიოდით და იქ საათობით ვრჩებოდით. ვერ გეტყვით, რომ გააზრებულად ვმოქმედებდით, მაგრამ, თითქოს, რაღაცისთვის გვამზადებდა უფალი...

 

ერთხელაც მორიგ შატალოზე ვართ სკოლიდან და ძალიან გვშია. უცებ დავინახეთ, რომ ღვთისმშობელთან მანეთიანი იდო. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ღმერთი ხედავდა ყველაფერს, ხედავდა ჩვენს მდგომარეობას. ფული ავიღეთ, 2 ფუნთუშა ვიყიდეთ და ხურდა კვლავ ღვთისმშობელს დავუბრუნეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი საქციელი და დღემდე ვიხსენებთ ჩვენს ბავშვურ გულუბრყვილობას, მაგრამ ეს იყო ძალიან გულწრფელი დამოკიდებულება უფალთან...

 

– მამა გაბრიელთან დაკავშირებულ ისტორიას არ მოგვიყვებით?

 

– მოდით, ამას ნუ დაწერთ, სხვაგვარად არ გაიგონ…

 

– ვინც სხვაგვარად არ გაიგებს, იმათთვის დავწეროთ.

 

– მამა გაბრიელი სამების ტაძარში მობრძანდებოდა ხოლმე. მაშინ ჩვენ უბრალოდ ვიცოდით, რომ იყო ერთი სალოსი ბერი... პირადად მე შინაგანად ყოველთვის მქონდა მისადმი მოკრძალება.

 

ერთხელ მამა გაბრიელი ტაძარში შემობრძანდა და ყველას გასაგონად დაიყვირა: დაიჩოქეთ! დაიჩოქეთ!... ყველამ დაიჩოქა, მოძღვრებმაც... მე შემაჩერა და მითხრა: არა, შენ არა! ყველა გაჩუმდა და მამა გაბრიელმა მითხრა საოცარი სიტყვები, ის მზის სხივებსა და თამარ დედოფალს მადარებდა ... ვერც გადმოვცემ, ვერც დავიმახსოვრე, უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან შემრცხვა ასეთი შექების...

 

– თქვენ, თქვენი მშობლები, ძმა, შვილი – მუსიკალური ოჯახის ტრადიცია გრძელდება. სიახლე გაქვთ ქალიშვილთან დაკავშირებით(?)

 

– ჩემი შვილი დღეს წარმატებული საოპერო მომღერალია, „ბრილიანტის ხმას“ უწოდებენ. სულ ახლახან დაოჯახდა. სხვათაშორის, ჩემი სიძეც მომღერალია, წლების წინ მე ვამეცადინებდი ვოკალში, შემდეგ იტალიაში წავიდა. 9 წლის შემდეგ ჩემი ქალიშვილი და კობა (გიორგაძე) ბელგიაში შეხვდნენ ერთმანეთს და დაოჯახდნენ. ახლა უკვე პატარას ველოდებით.

 

საოცრად მადლიერი ვარ უფლის, ჩვენი უწმინდესის, მრევლის, ჩემი ოჯახის. იცით, რამდენიმე წლის წინ ძალიან ცუდად გახლდით. ასეთ დროს ყველა ფიქრობს სიკვდილზე და გამონაკლისი მეც არ ვარ. მე მაშინ მივხვდი, რომ ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველაფერში გამიმართლა. თუ უფალი ამქვეყნიდან გამიყვანდა, მივდიოდი მშვიდად – სიძულვილის გარეშე: მიყვარდა ყველა ადამიანი და მიყვარდა სამშობლო...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი