logo_geo
ყინწვისში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მამა ნაუმი მოღვაწეობს, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს
- +

4 მაისი. 2019. 01:42

 

ყინწვისში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მამა ნაუმი მოღვაწეობს, რომელიც, როგორც ამბობენ, უამრავ დაავადებას კურნავს. უკვე ლეგენდებად დადის მის მიერ განკურნებული ხალხის ისტორიები. ტაძარში დასალოცად მიჰყავთ განურჩევლად დიდი თუ პატარა. სულერთია, რომელ დაავადებას ებრძვის ადამიანი, მამა ნაუმი ყველას უსასყიდლოდ იღებს და ლოცავს. ლოცვა-კურთხევის შედეგად, ბევრი განიკურნა სიმსივნისგან, ბევრს დაუბრუნდა სმენა, მხედველობა, მეტყველების უნარი. ზოგი ეტლიდან წამოდგა, ზოგმაც ყავარჯნების გარეშე შეძლო სიარული... ერთი შეხედვით, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები უტყუარია – არსებობენ ადამიანები მეორედ ნაჩუქარი სიცოცხლით. მამა ნაუმი, დაახლოებით, 24 წელია, რაც მართმადიდებლურ სამყაროში მოღვაწეობს. ინფორმაციია მისი ერისკაცობის შესახებ ძალიან მწირია. უცნობია ისიც, თუ რატომ გადაწყვიტა უფლის გზას დასდგომოდა, არც ის ვიცით, როდის მიეცა ადამიანების განკურნების ნიჭი. თავად არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მასზე მის ახლობელს, ზაზა სახამბერიძეს ვესაუბრეთ, რომელიც შპს „ბეგოში“ თიხის პროდუქციას აწარმოებს. ის გახლავთ, ერთ-ერთი დიზაინერი  და მომწოდებელი ტურიზმის კუთხით.

 

ზაზა სახამბერიძე: ყველა ადამიანს, რომელიც დიდ რწმენაშია და ბერული ცხოვრებით ცხოვრობს, ღვთიური მადლი გადაეცემა. მამა ნაუმი დიდად ღვაწლმოსილია. სულ ლოცვაშია, ალბათ, ამიტომ მისცა უფალმა ადამიანების განკურნების ნიჭი. თამამად ვიტყვი, რომ მას შეუძლია შენი განსაცდელი გაიგოს. დაგინახავს და მიხვდება, რა გაწუხებს, რა გიჭირს. 12 წლის წინ ერთი ამბავი გადამხდა თავს. ჩემს მეუღლეს გარე ორსულობა დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს. აღდგომის დღესასწაული მოდიოდა და მეგობრებთან ერთად მამა ნაუმთან წავედი ყინწვისში. მე მასთან რაღაც პერიოდი ვცხოვრობდი. ის, რაც ჩემს თავს მოხდა, გარეგნულად არ მეტყობოდა. მამა ნაუმმა, რომ მნახა, მკითხა, რა მჭირდა. არაფერი-მეთქი ვუპასუხე. ბიჭებს სთხოვა, დავეტოვებინე და ღვთისმშობლის ლოცვა წამიკითხა. როცა უკვე დასაძინებლად მივდიოდი მითხრა: ერთ-ერთ დღესასწაულზე დიდი სიხარული გეწვევა, ხოლო მომდევნო დღესასწაულზე ორმაგად გაიხარებო. იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე გავიგე, რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, ხოლო თავის კვეთის დღეს მითხრეს, რომ ბიჭი შემეძინებოდა. გაიარა ამ ყველაფერმა, ისევ ჩავედი ყინწვისში, ვნახე მამა ნაუმი და პირდაპირ მკითხა, როგორ გყავს ბიჭიო. მაშინ გამახსენდა ყველაფერი. ამიტომ ვთქვი, ის ყველაფერს გრძნობს, რაც შენში ხდება. ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ბიჭები ხშირად დავდივართ მასთან. ერთ დღესაც ისევ ავედით ყინწვისში. მე დარჩენა გადავწყვიტე, ბიჭებიც არ მიდიოდნენ შორს, იქვე, დასახლებაში უნდა ჩასულიყვნენ.  მამა ნაუმმა მათ უთხრა, რომ მანქანით არ წასულიყვნენ. არ დაუჯერეს და წავიდნენ. სადღაც 20 წუთში ჩვენც ჩავედით გზაზე და ვხედავ მანქანას ბოლი ასდის. თან, იქ ისეთი ადგილია, რთულია წყლის პოვნა. მანქანა დანახშირდა. საბედნიეროდ, ყველა უვნებელი გადარჩა.

 

– რა შეგიძლიათ, გვიამბოთ მისი ცხოვრებიდან?

 

– მამა ნაუმის კელია ჭაობთან ძალიან ახლოს არის. დილით, ტიპიკონი რომ მთავრდება, ყოველთვის შიშველი, ხელებგაშლილი დგება ჭაობის წინ და ბრუნავს. იმ ტერიტორიაზე უამრავი კოღოა. ერთხელ ვკითხე რას აკეთებ-მეთქი და მაცალეო, მიპასუხა. ამ დროს თან ლოცულობს. რომ შემოტრიალდა, მითხრა, ჩემს სხეულს ვთრგუნავო. მისთვის სხეული არაფერია – მხოლოდ ლეშია. მამა ნაუმისთვის სულიერებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ აკბენინებს საკუთარ სხეულს კოღოებს. არც ჩაცმულობას აქცევს ყურადღებას – შეუძლია, ფეხშიშველმაც იაროს. არამიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სული ეკუთვნის ღმერთს და მორჩა.

 

– მის ერისკაცობაზე რას გვეტყვით?

 

–  ერისკაცობის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით. საკმაოდ ნაწვალები და ნატანჯია. გამოვლილი აქვს ყველა ის რთული პერიოდი, რაც კომუნისტების დროს იყო. გაუძლო ამ სირთულეებს და თავისი თავი უფალს და მონასტერს შესწირა.

 

– უფლის გზა რატომ აირჩია?

 

– თავისი ნებით მივიდა ამ გზამდე. უფალმა გადაარჩინა და შემდეგ მას შესწირა ცხოვრება. გადარჩა დიდ სიკვდილს. ვფიქრობ, რომ გამოცხადება ჰქონდა. თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ბევრი ადამიანი დადგომია ამ გზას და მერე უკან გამობრუნებულა. ამ ყველაფერს სხვანაირი სიმტკიცე სჭირდება. ძალიან დაბალი კელია აქვს. დაბლა ცხვრის ტყავი უგია და მასზე მუხლმოყრილი ლოცულობს. ლოცვის დროს დიდი ბრძოლები ემართება და მათ ღვთის წყალობით უმკლავდება. თავადაც მაქვს ეს ნანახი და ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

 

– ერთი პერიოდი ტყეში ცხოვრობდა. რატომ?

 

– კი, დიდი ხანი ცხოვრობდა. კიდევ უნდოდა უფრო ღრმად შესვლა, მაგრამ მეუფემ არ მისცა ნება. როგორც უკვე აღვნიშნე, მას აქვს თავისი კელია და ცალკე ცხოვრობს. როცა ხალხი მოდის, მაშინ შედის მონასტერში. გარკვეული პერიოდი მდუმარებაშიც იყო და გასვლაც უნდოდა, მაგრამ მეუფე იობი ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევს.  ახლაც აქვს მარტო ცხოვრების სურვილი.

 

– რა სნეულებებით მიჰყავთ მასთან ადამიანები?

 

– ყველანაირი სნეულებით მოდიან: სიმსივნე, სმენის დაქვეითება, სიბრმავე, მეტყველების პრობლემები. მას არ მიაჩნია თავი მკურნალად. მამა ნაუმს რწმენით უადვილდება განკურნება. ღმერთი ვერ გიშველის, თუ რწმენა არ გაქვს. მთავარია, გწამდეს და ისე მიხვიდე მასთან. თუ უფლის გჯერა და გწამს, ყველაფერი კარგად იქნება.

 

– ძირითადად რა ასაკის ხალხი მიდის?

 

– ყველა ასაკის. თუმცა, მეტი მადლი ბავშვებზე მოდის. ბავშვი ხომ ყველაზე  უმწიკვლოა. ერთხელ ბავშვი მოიყვანეს, რომელსაც სიარული არ შეეძლო. მშობლები გაუშვა გარეთ და ბავშვი დაიტოვა, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაიწყო ტირილი. ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ტაძრიდან და დღეს ფეხბურთს თამაშობს.

 

– რა ისტორიები გსმენიათ მის მიერ განკურნებულებზე?

 

– თავად ვარ უამრავი ამბის მოწმე. პატარა ბავშვი ამოიყვანეს, იმხელა ლინზები ეკეთა, თვალები არ უჩანდა. მამა ნაუმმა მშობლებს სთხოვა, რომ 2-3 დღე მონასტრიდან არ გასულიყვნენ. ლოცვაში იყვნენ მშობლებიც. ბავშვს ცალკე უკითხავდა ლოცვებს. მესამე დღეს მოხსნა ლინზები და მის თვალწინ დაამტვრია. ბავშვი უკვე ჩვეულებრივად ხედავდა. მოსვლისას დედას ეჭირა შვილის ხელი და ეუბნებოდა მარჯვნივ უნდა წასულიყო თუ მარცხნივ. ლინზების მოხსნის შემდეგ, თავისით, მარტო ჩავიდა მონასტრის ეზოდან გზაზე. ერთ ქალს სიმსივნე დაუდგინეს და ექიმებმა ისიც კი უთხრეს, რამდენი ხანი იცოცხლებდა. ეს ქალბატონი კიბეებზე ძლივს ამოიყვანეს. დალოცა მამაომ და მონასტრიდან გასულს ტკივილებიც აღარ ჰქონდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, შემთხვევით შევესწარი ამ ქალბატონის შვილი ტირილით ელაპარაკებოდა მამა ნაუმს. მადლობის სათქმელად იყო მოსული, ექიმებმა ვეღარ უპოვეს სიმსივნეო. მამა ნაუმმა უპასუხა, რომ ეს ქალბატონი მასთან დიდი რწმენით იყო მისული. ჩვენ დავუკავშირდით პირადად იმ ადამიანებს, რომლებმაც დაამარცხეს სნეულებები მამა ნაუმის ლოცვის შედეგად.

 

გთავაზობთ მათ ისტორიებს:

 

ლანა: ჩემი ძმისშვილი წლინახევრის იყო, როცა გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე – სარკომა ჰქონდა.  დაავადება მთელ მუცელში იყო მოდებული და განკურნების შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ექიმები ოპერაციას ვერ უკეთებდნენ – ჩვენს თავზე ვერ ავიღებთო. იმედები გადაწურული გვქონდა, როცა გვირჩიეს, მამა ნაუმთან წაგვეყვანა. მივიყვანეთ ყინწვისში, წმიდა ნიკოლოზის ტაძარში. მამა ნაუმმა გვითხრა, რომ არ გვენერვიულა, ბავშვი კარგად იქნებოდა. იმედი გაგვიჩნდა და მასთან ხშირად ჩავდიოდით. პარალელურად ქიმიასაც ვუკეთებდით. მდგომარეობა, რომ გაუმჯობესდა ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაცია გაეკეთებინათ – მილები გარეთ უნდა გამოეტანათ. მამაოს რომ ეს ვუთხარით – არ გაუკეთოთ ბავშვს ოპერაცია, დანა არ დაადებინოთ, სახლში წაიყვანეთო. ექიმები საპირისპიროს ამბობდნენ, ამიტომ თურქეთში წავიყვანეთ. კვლევებმა აჩვენა, რომ პატარა ანდრიას უზარმაზარი სიმსივნე რამდენიმე მილიმეტრი გამხდარიყო, ისიც ჩაკირული. თურქმა ექიმებმა ყველანაირი ქიმიოთერაპია მოგვიხსნეს და არც ოპერაცია გახდა საჭირო. გვითხრეს, კიდევ კარგი ოპერაცია არ გაუკეთეთ და ბავშვი არ დაღუპეთო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ბავშვი ჯანმრთელია. ეს მამა ნაუმის ლოცვა-კურთხევის დამსახურებაა. ერთ ისტორიასაც მოგიყვებით, რომელიც მამა ნაუმს უკავშირდება. ჩვენი ნათესავის ბავშვმა გონება დაკარგა, გაითიშა. ორი დღე და ღამე უგონოდ იყო.  ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მის მშობლებს მივეცით მამა ნაუმის ტელეფონის ნომერი. დალოცა მამაომ და იმ საღამოს ბავშვი გონს მოვიდა, ეს ნამდვილი სასწაული იყო.

 

ელისო ოთინაშვილი: 2017 წლის ივნისში მკერდის სიმსივნე დამიდგინეს. ახლობელმა მირჩია, რომ მამა ნაუმთან წავსულიყავი. მას უნახავს, როგორ მიუყვანეს ეტლით ბავშვი და როგორ გაიარა პატარამ ფეხზე. მამა ნაუმის ლოცვის შემდეგ ჩემი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა და ახლა სიმსივნე აღარ მაქვს. პერიოდულად ისევ დავდივარ მასთან დასალოცად. ერთხელ მითხრა, არ გადამრიო, შენ ხომ უკვე კარგად ხარო. უფლის წყალობით, მართლაც კარგად ვარ. პირველად, როცა იქ მივედი, უამრავი ხალხი დამხვდა – ზოგი ავადმყოფი იყო, ზოგიც, უბრალოდ, დასალოცად მისული. ჩემ წინ ქალი იდგა, რომელიც ყავარჯნებით ძლივს დადიოდა. მამა ნაუმმა დალოცვის შემდეგ ყავარჯნები გადააყრევინა და ეს ქალბატონი წელში გამართული გამოვიდა. ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და ლამის გავგიჟდი. ეს, რასაც მე შევესწარი და ისე, ბევრი მართლა სასწაულებს ყვება. ერთი ბავშვი ვერ ლაპარაკობდა და ლოცვის შემდეგ მეტყველება დაუწყია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი