logo_geo
რა სასწაული მოხდა მამა ანდრიას დახვრეტის დროს და რას მოითხოვდნენ მისგან აფხაზი სეპარატისტები
- +

7 მაისი. 2019. 23:15

 

მამა ანდრია, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი, 1966 წლის 3 აპრილს ბაღდათში დაიბადა. ოჯახში ცხრა დედმამიშვილი იზრდებოდა. როგორც იხსნებენ, ბავშვობიდან განსაკუთრებული ბუნების ადამიანი იყო და არაერთი, კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ერისკაცობაში საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა, კარგად სწავლობდა, უნივერსიტეტშიც ჩააბარა, ჯარიც მოიარა, ოჯახსაც ყოველთვის გვერდში ედგა და ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდში მავთულბარდის საამქროში მუშაობდა. საბოლოოდ უფლის გზა აირჩია და მაშინ, როცა საქართველოში საეკლესიო ცხოვრებას კარგად არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული, მამა ანდრია ბიბლიით ხელში დადიოდა და ქრისტეს ცხოვრებაზე მასალებს ბიბლიოთეკაში ეცნობოდა. რაც დრო გადიოდა, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღრმავდებოდა. 1992 წელს საკუთარ დაბადების დღეზე, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა. მალევე სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ კამანში წავიდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. თუმცა, არ დასცალდა ღვთის მსახურება…1993 წლის 5 ივლისს, აფხაზმა სეპარატისტებმა სოფელი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიამ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა… უფრო დაწვრილებით მამა ანდრიას ცხოვრებაზე, მისი და, ქალბატონი ცირა ყურაშვილი გვესაუბრა.

 

ცირა ყურაშვილი: მამა ანდრია მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იყო, ინტერესთა ბევრი სფერო ჰქონდა. შვილებიც მას ვგავართ. მამა ანდრია ბავშვობიდან ძალიან თბილი და მზრუნველი იყო. სახლში ბევრნი ვიყავით და ჯერ კიდევ ყმაწვილი ბიჭი გვერდით ედგა ოჯახს, შრომობდა – სკოლის პერიოდში მავთულბარდის საამქროში მუშაობდა. გატაცებული იყო სპორტით, დადიოდა ჭიდაობაზე, კარატეზე. კარგი შედეგები ჰქონდა, საკმაოდ პატარა ბიჭი იმარჯვებდა შეჯიბრებებში. ბოლოს სპორტის ოსტატობის კანდიდატი გახდა. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთ-ერთ ტურნირზე ბაღდათელ ბიჭს უნდა დასჭიდებოდა, რომელსაც იცნობდა. ამის გამო, შეჯიბრებაზე მოწინააღმდეგე არ წააქცია და გამარჯვება მას მისცა. არაერთი ბავშვი გადაარჩინა მდინარეში დახრჩობას. ვერ იტანდა უსამართლობას და ყველა დაჩაგრულის დაცვას ცდილობდა. უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, ჯარში წავიდა. ჯარიდან დაბრუნებულმა კი უფლის გზა აირჩია.

 

რატომ გადაწყვიტა უფლის გზას დასდგომოდა?

 

– მის ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ, ერის ადამიანებს, გვგონია, რომ მხოლოდ ცხოვრებასთან დიდმა შეჯახებამ შეიძლება, აგარჩევინოს უფლის გზა. თუმცა ასე არაა. ადამიანი იაზრებს იმას, რომ სწრაფწარმავალია და სურვილი უჩნდება, კვალი დატოვოს ამ ცხოვრებაში, მარადიულობის ნაწილი გახდეს. მამა ანდრიას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია, არც ამ თემაზე გვისაუბრია საგანგებოდ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ეკლესია მყარად ფეხმოკიდებული არ გახლდათ. 90-იანი წლების ბოლო და ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების პერიოდი იყო. ერთ დღესაც მან ბაღდათის ბიბლიოთეკას მიაკითხა და რამდენიმე სასულიერო წიგნი სახლში წამოიღო. ბევრს კითხულობდა, ისედაც უყვარდა ლიტერატურა. ამის მერე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასულიერო გზას დასდგომოდა.

 

– როგორც ცნობილია, მეორედ მოინათლა. რატომ?

 

– იმ პერიოდში, როცა ჩვენ მოვინათლეთ საეკლესიო ცხოვრება ასეთი ღია არ იყო. სოფელში გვყავდა მღვდელი, რომელსაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კურთხევა და ხელდასხმა არ ჰქონია. შესაბამისად, ისე გამოვიდა, რომ მთელი ოჯახი მოუნათლავი ვიყავით და თავიდან მოვინათლეთ. როცა მამა ანდრია მოინათლა, მის თვალწინ ყველაფერი გადაფასდა. ნათლობის შემდეგ წავიდა აჭარაში, წმიდა ანდრია მოციქულის მონასტერში. 1992 წელს უწმიდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, გერგეტის მონასტერში ბერად აღიკვეცა. მისი სულიერი მამა, მეუფე დანიელი იყო, რომელიც აფხაზეთში გადაიყვანეს და სწორედ მისი კურთხევით წავიდა მამა ანდრია სოფელ კამანში მოძღვრად.

 

– კამანის ტაძარში მამა ანდრიამდე წირვა არ აღევლინებოდა?

 

– არ იყო წირვა-ლოცვა. ეს ტაძარი ბიზნესმენმა გიორგი ანუამ აღადგინა. ის ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო, პატრიარქისგან არაერთხელ დაჯილდოებული. მამა ანდრიას კამანში ჩასვლას ანუების მთელი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა. ეს ადამიანები იყვნენ თვითმხილველები, რაც მაშინ ტაძარში მოხდა. აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ სოფელი მოაქციეს ალყაში. იქ მცხოვრებლები ბოლომდე გმირულად იცავდნენ საკუთარ მიწას, მაგრამ რაღაც გაუგებრობების გამო, დამხმარე ძალა ვერ მივიდა და სოფელიც დაეცა. სოფელში ინვალიდთა და მოხუცთა თავშესაფარი გახლდათ, ყველამ თავი ტაძარს შეაფარა. მამა ანდრია თითოეულ მათგანზე ზრუნავდა. ის არ შეუშინდა მტრებს. ღამის სამ საათზე ყველანი აზიარა. მხოლოდ ერთ ადამიანს არ მიუღია ზიარება, არაფერი მაქვს მოსანანიებელიო, უთქვამს და როცა შემოჭრილან ტაძარში, პირველი ამ საწყალი კაცისთვის დაუცლიათ მთელი „აბოიმი“ ტყვია. დილის ხუთის ნახევარზე ტაძარიც ალყაში მოექცა. მამა ანდრიას კურთხევით, გიორგი ანუამ მტერს კარი გაუღო. როგორც გადმოცემით ამბობენ, ტაძარში შეჭრილები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

 

– რას მოითხოვდნენ სეპარატისტები მამა ანდრიასგან? მხოლოდ ის გაიყვანეს?

 

– გიორგი ანუა და მამა ანდრია გაიყვანეს. გიორგი წამებით მოკლეს. მამა ანდრია დაუჩოქებიათ, მას ლოცვა დაუწყია. სეპარატისტებს უკითხავთ, ვისია ეს მიწაო. პასუხად უნდოდათ მიეღო, რომ აფხაზეთის იყო. ამას მამა ანდრია როგორ იტყოდა და უპასუხია, რომ ეს არის ხალხისა და ღვთის მიწა. ამის შემდეგ ესროლეს. არც ტაძარს თავშეფარებული მრევლი დაინდეს და წმიდა ადგილი გვამებით აავსეს.

 

– მოხდა სასწაული, რომელზეც ყველა საუბრობდა.

 

– დიახ, როცა მამა ანდრიას ესროლეს, ის არ დაეცა სახით მიწისკენ, როგორც ხდება ხოლმე, არამედ სახით ზეცისკენ წაიქცა. სამი დღის განმავლობაში მოდიოდა ჭრილობიდან სისხლი, რომელიც არ შედედებულა. მიუხედავად ივლისის სიცხეებისა, გვამი არ გაიხრწნა. გარდაცვლილს კი სახეზე თითქოს ღიმილი დასთამაშებდა. 27 წლის ასაკში მოწამეობრივად დაასრულა თავისი საღვთო ცხოვრება.

 

– ოჯახმა როგორ შეიტყო ეს ამბავი?

 

– რადიოთი შეიტყვეს. მამას სულ ყური ჰქონდა რადიოზე მიდებული. როცა გადმოსცეს, თავზარდაცემული გამოვარდა დედასთან, ჩვენი შვილი დახვრიტესო. დედა სამი დღე გათიშული იყო. მამას ძალიან არ უნდოდა, ბერი გამხდარიყო, თუმცა დედა პატივს სცემდა მის გადაწყვეტილებას. ეს იყო დიდი დარტყმა ოჯახისთვის. სამი დღით ადრე ბაღდათში იყო ჩამოსული და იჩქარა წასვლა. ცოტა რომ დაეგვიანა, გზა იკეტებოდა და ვეღარ გადავიდოდა, თუმცა მოასწრო. მან იცოდა და სპეციალურად წავიდა. როცა დედამ ამ თემაზე ჰკითხა, უპასუხა: დედა, როგორც გემის კაპიტანს არ აქვს უფლება, დატოვოს თავისი გემი, მეც არ მაქვს ტაძრის დატოვების უფლებაო. ის მზად იყო ამისთვის. ბერი გაბრიელი იხსენებს: როცა ჩვენ ვკრთოდით და გვეშინოდა, მამა ანდრია ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებდა, თუმცა როცა ვუთხარით, აფხაზებმა ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშესო, ამის გაგონებაზე შეძრწუნდაო.

 

– ანუ იცოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო?

 

– კი, იცოდა, წინათგრძნობასავით ჰქონდა. ბაღდათში ჩემმა ძმამ ჩამოიყვანა. სპეციალურად ჩააკითხა და უთხრა, რომ მშობლებს ენატრებოდათ და მისი ნახვა უნდოდათ. მამა ანდრიამ კურთხევა აიღო და მხოლოდ 2 დღე გაჩერდა, მესამე დღეს უკან გაბრუნდა. რიონიდან ბაღდათამდე, დაახლოებით, 15 კილომეტრი ფეხით იარეს. მას გადაჭრილი რეზინის ჩექმები ეცვა და ფეხები სულ სისხლიანი ჰქონდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას მატერიალური კეთილდღეობა არ აინტერესებდა. თუმცა ყმაწვილობის პერიოდში ძალიან „პეწენიკი“ ბიჭი იყო. დედას რომ დაუნახავს, ისეთი განათებული სახე ჰქონია, უთქვამს, ქრისტეს როგორ დამსგავსებიხარო. ბაღდათში მეგობრების სახლები აკურთხა და არ გაჩერდა. როცა მიდიოდა, დედას უთხრა, მე თუ სასუფეველში მოვხვდები, ახლავე მზად ვარ ამისთვისო.

 

– ოთხმა დედმამიშვილმა სასულიერო გზა აირჩიეს. ეს მამა ანდრიას გავლენა იყო?

 

– კი. ეს ნამდვილად მამა ანდრიას გავლენა იყო. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის. ის ჩვენთვის მაგალითი იყო. ორი და და ორი ძმა გაუდგა ქრისტეს გზას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი