logo_geo
მასწავლებლისა და მოსწავლის სიყვარულის ამბავი
- +

8 თებერვალი. 2017. 14:00




მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ქორწინების ამბავი თბილისში ჭორაობის საბაბად იქცა. თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა ცოლად კოლეგის, მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი ცოლი, მარიამ ახობაძე შეირთო და პომპეზური ქორწილი ბათუმში გადაიხადა. წყვილი რამდენიმე თვეში დაშორდა ერთმანეთს. მას მერე წელიწადი გავიდა. ანრი კვლავ შეყვარებულია. მისი რჩეული მისივე მოსწავლე - 18 წლის ლისა ჯღარკავაა. შეყვარებული წყვილი „პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უყვება თავიანთი სიყვარულის ამბავს.


- გაცნობის ისტორიით დავიწყოთ...


ანრი:


- სამოდელო სააგენტო „გრაციაში" სამსახიობო ოსტატობას ვასწავლიდი. იქ ვნახე პირველად. ჯგუფში ძალიან ბევრნი იყვნენ. ყურადღება მიიქცია, მაგრამ პედაგოგისა და მოსწავლის სტატუსი, ეთიკა არ მაძლევდა საშუალებას, ინტერესი და ყურადღება გამომეჩინა. არც შემიტყვია ჩემი დამოკიდებულება, სანამ ვასწავლიდი. ვაიგნორებდი, ერთხელ გაკვეთილიდანაც გავაგდე.


- რატომ?


- სათანადოდ არ იქცეოდა. არ ისმენდა, იღიმოდა, ტელეფონში იყო „ჩამძვრალი"... თვე-ნახევარია წამოვედი ამ სააგენტოდან, აღარ ვასწავლი ლისას. ჩვენი ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაგრძელდა. მისი პოსტები იყო ჩემთვის ყურადსაღები. კარგად აზროვნებს. ერთ-ერთზე დავუწერე, უკაცრავად-მეთქი. ვერ გავიგეო, მიპასუხა. პირადში გადმოდი-მეთქი, ვუთხარი, და იქ დაიწყო. ჩემი სათქმელი ვუთხარი. იმედი დიდად არ მქონდა, რომ თანხმობა მოჰყვებოდა, მაგრამ... გამიმართლა.


- ლისა, შენთან როდის მოვიდა სიყვარული?


- არ ვიცი, როგორ გითხრა, თანდათან მოვიდა.


ანრი:


- ჩემი წინა სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, ძალიან რთული იყო, ვინმე შემყვარებოდა. იმიტომ არა, რომ ის განუმეორებელი იყო, არავითარ შემთხვევაში. არ ვამბობ მარტივად სიტყვას „მიყვარხარ". თუმცა, მითქვამს, შევმცდარვარ, მიღიარებია შეცდომა. ამჯერადაც გავრისკე. მალე 28 წლის გავხდები, ამის მიუხედავად, სიყვარულისთვის უკვე დაღვინებული კაცი ვარ. ვფიქრობ, სერიოზულ ეტაპზე უნდა გადავიდე. ყველაფერში მიშლის ხელს არეული პირადი ურთიერთობა.


- რამდენია ასაკობრივი სხვაობა თქვენს შორის?

 

- 9 წელი. ლისა 18 წლის არის, მე 27-ის.


- რას ამბობენ მშობლები?


ანრი:


-  ჩემს მშობლებს როცა უნდა ეთქვათ, მაშინ არ უთქვამთ და (იცინის) ახლა რა აქვთ სათქმელი. ლისას მშობლებმაც იციან ჩვენი ამბავი.


- ლისა, შენმა მშობლებმა როგორ მიიღეს ანრი, როგორც შენი შეყვარებული?


- კარგად მიიღეს, მაგრამ ეს არ მგონია, ვინმეს გადასაწყვეტი იყოს. არ ერევიან ჩემს ცხოვრებაში, არც ამახვილებენ ამაზე ყურადღებას.


ანრი:


- რამდენჯერმე ტელეფონით ვესაუბრე ლისას დედას და ძალიან კარგი, სასიამოვნო ქალბატონის შთაბეჭდილება დამიტოვა. ვფიქრობ, აუცილებლად ვიძმაკაცებთ. გია სურამელაშვილის დაბადების დღეზე ვიყავით მე და ლისა. იქ ჩემი და ლისას დედის, მაიას საერთო მეგობარი, ოთარ ტატიშვილი გახლდათ. მათ შორის შედგა საუბარი და მერე მეც მომიწია ქალბატონი მაიას გაცნობა.


- ლისა, შენ რას აპირებ, სად გააგრძელებ სწავლას?


- საავიაციოზე მინდა ჩავაბარო. აბიტურიენტი ვარ. ბორტგამცილებელი მინდა ვიყო. პარალელურად ვსწავლობ სამოდელო სააგენტო „გრაციაში".


ანრი:


- ჯერ ერთი, ჩემს ხელში ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი და მეორე... სახლში როდის უნდა იყოს?


- ლისას მოსწონს შენი პროფესია?


ლისა:


- ძალიან ეჭვიანი ვარ, არ იქნება მარტივი ჩემთვის ანრის სასიყვარულო სცენების ყურება. მაგრამ ანრი ჩემზე უარესი ეჭვიანია.


ანრი:


- ეჭვიანი არა, ეგოისტი ვარ, მესაკუთრე. ჩემზე მეტი დრო საკუთარ დედასაც რომ დაუთმოს, შეიძლება ამის გამოც საყვედური ვუთხრა. ასეთი ვარ მეგობრებშიც. ეჭვიანობა დანაშაული მგონია. ჯერ სულ ორი თვეა, ერთად ვართ. თითქმის ყველგან ერთად დავდივართ და ერთმანეთისთვის საბაბიც არ მიგვიცია, რომ ეჭვიანობა გამოგვეხატა.


- ანრი, შენმა ყოფილმა მეუღლემ მოგილოცა ახალი ურთიერთობა?


- რამდენიმე დღის წინ დილის 6 საათზე დამირეკა. მე გზა დვულოცე, ბედნიერება ვუსურვე. არ გაუკვირდებოდა ჩემი ამბავი, მან ჩემზე ადრე გააბა რომანი სხვასთან. ეს უკვე მისი ცხოვრებაა, მე ნაკლებად მაინტერესებს. მომიკითხა, უბრალოდ, არც მოულოცია.


- გაგიარა ტკივილებმა?


- ტკივილი არასდროს გადის. ყოველთვის რჩება ტკივილად.


- წყენამ?


- რა უნდა მწყენოდა, თუ რამე გააკეთა, საკუთარ თავს გაუკეთა. მე კაცი ვარ, კაცისთვის უფრო მარტივია ძველი ურთიერთობის დავიწყება და ახლის დაწყება, რაც არ უნდა ბანალურად და „გრუზინულად" არ უნდა ჟღერდეს.


- ანრი, შენს ბოლოდროინდელ პოსტზე მინდა გკითხო. მახსოვს, ანგარიშის ნომერი დაწერე სოციალურ ქსელში და დახმარება ითხოვე მეგობრებისგან, თანხა ოპერაციისთვის გჭირდებოდა...


- 72 ლარი ჩაირიცხა ანგარიშზე, მაგრამ რას სთხოვ საზოგადოებას, რომელსაც იქით სჭირდება დახმარება. დღეს ერთმანეთის დახმარება ყველას გვჭირდება. 5 თებერვალს მაქვს დანიშნული ოპერაცია. მეგობრები დამეხმარნენ და, ალბათ, მივიყვან ბოლომდე ამ საქმეს.

 

- მაშ, სანერვიულო ჰქონია შენს ქალბატონს...


- მაგიტომ დავამთხვიე, ხომ მინდა ვინმე მომხედავი, სუპი მომიტანოს, წვნიანი, თავზე ხელი გადამისვას, ვაი და ფატალურად დამთავრდეს, დამტირებელი მყავდეს ერთი კაცით მეტი (იცინის).


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი