logo_geo
ნინო ჩაკვეტაძე - მხატვარი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის
- +

8 თებერვალი. 2017. 17:04


 

 

განსაკუთრებული ადამიანების ნიჭია, თავისი არსებობით შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ალბათ, თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა პიროვნება, რომელსაც ნებით თუ უნებლიედ, თქვენთვის სამყარო სულ სხვა თვალით დაუნახებია.


ჯორჯიან თაიმსი" იმ ადამიანზე საუბრობს, რომელიც თავისი ნამუშევრებით დიდსა თუ პატარას ერთნაირად ძლიერ ემოციას ჰგვრის.


ის, რასაც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში დღეს იშვიათად ნახავთ... გრძნობები, რომლებიც ცვდება და სადღაც იკარგება. ბებია-ბაბუის შვილიშვილთან ურთიერთობით გამოწვეული სიტკბო,  წვრილმანებში ნაპოვნი ბედნიერებით აბრჭყვიალებული თვალები, სიყვარულით გამთბარი გულები, ბედნიერებით გაბადრული სახე.


ამ ემოციების  ერთი პატარა სკივრია გალერეა ნოჩა", რომელშიც ამ ყველაფერს თავი ქართველმა მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ მოუყარა. ეს არის თანამედროვე მხატვარი, რომელიც  საკუთარ განცდებს გვიზიარებს და უნებლიეთ გვასწავლის, რომ ცხოვრება მშვენიერია და ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, არც ისე რთული ხდება, ამ სამყაროშიც იპოვოთ ფრთები, რომელსაც მის ბევრ ნამუშევარში შეხვდებით.


იმ სახლში, სადაც ახლა გალერეაა განთავსებული, ერთ დროს მხატვარი მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.


ამ სახლში, მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი მანამ, სანამ ოჯახს შევქმნიდი. აი, ეს ჩემი მშობლიური ეზოა. ძალიან კარგად მახსოვს აქ ცხოვრების პერიოდი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი, ბედნიერი, ლაღი ბავშვობა მქონდა", - ამბობს ნინო ჩაკვეტაძე.

მხატვარს ორი გოგონა ჰყავს. უფროსი 19 წლისაა, რომელიც გალერეაში დედას ეხმარება, უმცროსი კი - 12-ის.


- როდის დაიწყეთ ხატვა და აღმოაჩინეთ, რომ ეს პროფესია თქვენი  გახდებოდა?


- რაც თავი მახსოვს, ვხატავ. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ საერთოდ ბავშვებს უყვართ ხატვა. ძალიან გამიტაცა... ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა და სადღაც 10-12 წლის ასაკში ნამდვილად გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე. ამასთანავე, ვარ საბავშვო წიგნების ილუსტრატორიც.


- სამყაროს, რომელიც თქვენს ნახატებშია, ვერ შექმნი, თუ მასთან შეხება არასდროს გქონია. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?


- ბავშვობაში განცდილი ცალკეული ემოციური მომენტები და შთაბებეჭდილებები, რამაც ჩემზე ძლიერად იმოქმედა, დღემდე მძაფრად მახსოვს. ამიტომაც გამომდის ამ ყველაფრის ასე გამოხატვა.


საიდან ჩნდება  იმ ჯადოსნური სამყაროს გადმოცემის იდეა, რაც თქვენს ნახატებშია?


-  არის რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც კონკრეტული ემოციით შეიქმნა. ბავშვობის მოგონებები და ავტობიოგრაფიული მომენტები მაქვს დახატული. ყველა ის ემოცია, რაც ნახატებშია, ბავშვობიდან არ მოდის. ნაწილი საკუთარ ცხოვრებას ეხმიანება, ნაწილი კი რაღაცაზე რომ ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, იმის შედეგია. ბევრი ფიქრიც მჭირდება ხოლმე. ზოგჯერ არის ისეთი მომენტი, დაინახავ და მიხვდები, რომ ამის დახატვა საინტერესო იქნება.


- რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამყარო ისეთი ვერ არის, როგორიც თქვენს ნახატებშია?


-  ბევრი შეტყობინება მომდის, სადაც მწერენ, რომ თქვენს ნახატებშია ის, რისი დეფიციტიც ახლა რეალურად არსებობს. ეს არის სითბო, ბებია-ბაბუის ურთიერთობა შვილიშვილთან. სხვანაირი სიყვარული იყო ადრე და ეს ჩანს, ალბათ, ჩემს ნახატებში. მეც ვფიქრობ, რომ ცხოვრება შეიცვალა. თუმცა, ალბათ, ახლაც აქვთ ბავშვებს საკუთარი ოცნებები, ფიქრები, სევდა და ა.შ.

ნამდვილად მაქვს ამ ყველაფრის დანაკლისი. მარტო მე არ ვფიქრობ ასე, ბევრი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, სულ სხვანაირი ურთიერთობები იყო, თუნდაც მეზობლებს, ნათესავებს შორის მეტი მისვლა-მოსვლა იყო. ახლა ხალხი ჩაიკეტა. ამას  ინტერნეტმაც შეუწყო ხელი და ეს,  რა თქმა უნდა, დასანანია. გული მწყდება...


- არსებობს თემა, რომელსაც არასოდეს დახატავდით?


- კი, ასეთი ბევრია. ვერ წარმომიდგენია საშინელებათა თემაზე დავხატო. ბოროტებას ვერ დავხატავ ვერასდროს. ნაკლებად ვხატავ შუახნის ადამიანებს, ერთი-ორი ნახატი  მაქვს ასეთი. ერთხელ დედამ მითხრა, ბებია და ბაბუა გზრდიდნენ მარტო და დედ-მამა არ არსებობდნენ შენს ცხოვრებაშიო?! ასე არ არის, თუმცა უფრო მესაყვარლება მოხუცების და ბავშვების ხატვა, ამიტომ შუახნის ადამიანებს არ ვწყალობ. ვნახოთ, შეიძლება  ყველაფერი შეიცვალოს. ახლა უკვე მაქვს იმის სურვილი, რომ  შუახნის ადამიანების დახატვაც დავიწყო.


 - რა სამყაროა ის, სადაც თქვენი პერსონაჟები ცხოვრობენ?


- არ ვიცი, ამაზე ასე არ მიფიქრია, თუმცა რამდენჯერმე მკითხეს რა პერიოდს ვხატავდი. უფრო ჩემი ბავშვობის სამყაროა ამ ნახატებში. ჩაცმულობითაც ისეთები არიან, თანამედროვე ბავშვებს არ ჰგვანან.


- რა არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც თქვენს პროფესიაში წარმოგიდგენიათ?

 

- ასე არასდროს მიფიქრია. ისეთ მიზანს, რომ ბევრი დავხატო ან ძალიან დიდ ტილოს შევეჭიდო, არ ვისახავ. ბუნებრივად მივყები, ვხატავ ისე, როგორც მსიამოვნებს და არც სჭირდება მგონი, მხატვრობას რაღაც მიზნები.


- თქვენს ნახატებში ანგელოზის ფრთები რას ნიშნავს?


- ანგელოზი ჩემს ნახატებში იგივეა, რაც ბავშვი. ბავშვს ხომ ანგელოზთან აიგივებენ და ჩემთვისაც რაღაც სისუფთავე, სიწმინდე, სიკეთეა...ზეცასთან ახლოს ყოფნა. ეს ყველაფერი ერთად  ჩემთვის არის ფრთები.


- რას ნიშნავს ის სიყვარული, რასაც თქვენი ნამუშევრების მიმართ ხალხი გამოხატავს და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ამ გრძნობის გარეშე?


- ეს სიყვარული ჩემთვის ცოტა მოულოდნელიც იყო. ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ამ ნახატებს. ახლახანს გალერეაში ქალი იყო შემოსული  ყაზახისტანიდან, რომელიც შემოვიდა თუ არა, აქ დაჯდა და რომ დაიწყო ტირილი, ვეღარ გაჩერდა. ემოციებში გადავარდა... რომ მიდიოდა თქვა, - პრობლემები მაქვს, რის გამოც ფსიქოლოგთანაც დავდივარ, მაგრამ ასეთი შვება პირველად ვიგრძენიო. რაღაც საოცრება იყო, ტიროდა და ტიროდა... მერე ასეთი რამ მითხრა - „თქვენ ცვლით ადამიანების ბედს!" ეს რაღაც ზედმეტ შეფასებად მივიღე. ალბათ, ამ ნამუშევრების დათვალიერებამ მასში რაღაც მოახდინა. ისიც მითხრა, - ხუთი შვილიშვილი მყავს, არ ვარ კარგი ბებია, მაგრამ თქვენი ნახატების მერე შევიცვლებიო. ასეთ რაღაცას რომ მეუბნებიან, ძალიან ვიბნევი...


- ეს ის სიყვარული ხომ არ არის, რასაც ნამუშევრებში დებთ?


- როგორც ჩანს, ეგ არის და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ცოტა დამღლელიც კი არის, მაგრამ შევეჩვიე. თავად ისეთი ადამიანი ვარ, რომ  ჩემს ნაჭუჭში ყოფნა მიყვარს. საზოგადოების წინაშე თავს კარგად ვერ ვგრძნობ. ვერ წარმოიდგენთ, ნებისმიერი ტელეგადაცემა ჩემთვის როგორი რთულია. ამიტომ მიჭირს ადამიანებისაგან ამდენი ემოციის მიღება.

 

- რამდენად სწორ რეაქციად მიგაჩნიათ ცრემლები, რომელსაც თქვენი ნახატები ჰგვრის ხალხს?


- სხვათშორის, 2011 წელს  გამოფენა რომ გავაკეთე, გახსნაზე დავაფიქსირე, ვიღაცები  ტიროდნენ. იმდენად არ მოველოდი, რომ დავიბენი. მართლა შოკი იყო. როგორც ჩანს, ადამიანში ეს ნოსტალგია მართლა იღვიძებს, ვიღაცას ბებია ახსენდება, ვიღაცას - ბაბუა. ბევრნაირი ადამიანი არსებობს და ეს რეაქციებიც ინდივიდუალურია.


- საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაგაქვთ ნამუშევრები, რით განსხვავდება ერთანეთისგან ქართველებისა და უცხოელების ემოცია?


- ახლა მიმდინარეობს მეორე გამოფენა, რომელიც მე და ჩემს მეგობარ ბუბა არაბულს ერთად გვაქვს  ლიტვაში. ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დიდი ლტოლვა არ მაქვს, რომ აუცილებლად საზღვარგარეთ წავიდე და გამოფენა გავაკეთო, თუმცა იქაც აქვთ რეაქცია ამ ნახატებზე. იქაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც, ეს აღელვებთ. ინტერნეტის საშუალებით მომდის უამრავი წერილი სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ძალიან ბევრი მწერს რუსეთიდან და უკრაინიდან.


- თქვენს ფეისბუქ-გვერდზე თითქმის არავის ტოვებთ პასუხისა და ყურადღების გარეშე,  თვენ თავად ამუშავებთ მას?


- კი, მე ვაკონტროლებ. ჩემი შვილი  მეხმარება ხანდახან, უფრო უცხოენოვან წერილებს ვანდობ მას. მე მაინც რუსულენოვან წერილებს ვპასუხობ. მართალი გითხრათ, ძალიან დამღლელია. ყველა კომენტარს უკვე ვეღარ ვპასუხობთ. წერილის შემთხვევაში, კი ვცდილობ, უყურადღებოდ არ დავტოვო. როგორია, - ადამიანი რაღაც კარგს მოგწერს, რაღაცას გეკითხება და ამ დროს შენ არ პასუხობ?!


- ნახატების გარდა გაქვთ დეკორატიული თეფშები, კალენდარი, წიგნაკები, მაისურები,  საახალწლო სათამაშოები. ხომ არ გაქვთ გეგმა, რა იქნება შემდეგი, რომელზეც, თქვენს ნამუშევრებს გამოიყენებთ?


- ეს ყველაფერი იმან მოიტანა, რომ გალერეა გავაკეთე. ყველა აქ მოსულ ადამიანს უნდა, რომ რაღაც იყოდოს. არც ნახატია იმდენი და არც ამის საშუალება აქვს ყველას. ამიტომ ბარათები, მაგნიტები, პოსტერები, ბალიშები, ჩანთები გვაქვს, რაც ჯერჯერობით გვაკმაყოფილებს. გოგოები მყავს, რომელიბიც მეხმარებიან. ჩემი შვილიც მუშაობს ჩემთან და კიდევ ორი ახლობელი, მაგრამ ეს კიდევ ცალკე ბიზნესია და ამდენს რომ ვახერხებ, მიკვირს. ამას კიდევ ერთი ადამიანი სჭირდება.


- როგორ შეურჩიეთ გალერეას სახელწოდებანოჩა?


- „ნოჩა" ჩემი ხელმოწერაა, რომელიც დიდი ხნის წინ მეუღლემ მოიფიქრა. ჩემს ინიციალებთან ახლოს არის ნინო-„ნო" ჩაკვეტაძე-„ჩა". ეს ხელისმოწერაც ჩემს ნახატებზე თევზის ფორმას ჰგავს. ესეც მეუღლემ მოიფიქრა ნახევრად ხუმრობით და მომეწონა.  მაინცდამაინც ნინო ჩაკვეტაძის გალერეის დარქმევა არ გვინდოდა.


ვეცადეთ და შესაბამისი სიტუაციაც შევქმენით. ძალიან მიყვარს ძველებური ჩაიდნები და ამის კოლექციაც მაქვს.


- მალე გაზაფხული დადგება, ხომ არ შეიცვლლის თქვენი გალერეა იერ -სახეს?


- საახალწლოდ განსაკუთრებით ვრთავთ აქაურობას. რადგან პატარა ადგილია, ვცდილობ, ნახატები შევცვალო ხოლმე. ხანდახან ვცდლობთ, ექსპოზიციაც შევცვალოთ იმისათვის, რომ მრავალფეროვნება იყოს.  არ ვიცი ეს გაზაფხულისთვის  რამდენად მოხერხდება, მაგრამ ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს, წიგნს ვაფორმებ ილუსტრაციებით და ამაზე ფიქრი ცოტა ადრეა.

 

Description: http://geotimes.ge/uploads/1/tiko/16558517_1206025866118142_1292782349_n.jpg

 

 

Description: http://geotimes.ge/uploads/1/tiko/16523458_1206035652783830_320068530_o.jpg

 

 

Description: http://geotimes.ge/uploads/1/tiko/16522907_1206031519450910_935648562_n.jpg

 

 

Description: http://geotimes.ge/uploads/1/tiko/16521858_1206040369450025_496229173_n.jpg

 

 

Description: http://geotimes.ge/uploads/1/tiko/16586493_1206026466118082_636903669_o.jpg

 

 

Description: http://geotimes.ge/uploads/1/tiko/16586700_1206032786117450_1002094396_o.jpg

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი