logo_geo
ხელოვნება რომ არ არსებობდეს, ვიქნებოდით სულიერი რობოტები... - „პოეზიარის“ ბლიც-ინტერვიუ გენრი დოლიძესთან
- +

17 მაისი. 2019. 17:35

 

 

 

დავიბადე — და კომუნისტური წყობა დაემხო.

გახლავართ — ქართველი მწერალი.

ვცხოვრობ — ბათუმში.

ვწერ — ლექსებს, პიესებს, სცენარებს...

მიყვარს — მოგზაურობა/სეირნობა/ საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვეჭვიანობ — როდესაც მეუღლე სხვის ლექსებს მიკითხავს ზეპირად (სხვა ავტორთა პოეზია ჩემი ექსკლუზივია ოჯახში).

ვპატიობ — როცა ითხოვენ პატიებას.

ვგრძნობ — ბევრს ვუყვარვარ.

მეშინია — არ გავუცრუო მათ იმედები.

არ შემიძლია — არადელიკატურ გარემოში ლექსის წაკითხვა.

გული მიჩუყდება — ამ ბოლოს ხშირად.

ვკითხულობ — ამ მომენტისათვის დავით წერედიანის ჩანაწერებს - „თემა და ვარიაციები“.

ვეძებ — 2014 წელს, რემონტის დროს, გაბნეულ ორ გამოუქვეყნებელ ლექსს დაკარგული შვილებივით ვეძებ და განვიცდი.

ვბრაზდები — პოლიტიკოსთა უტიფრობაზე.

ვიმახსოვრებ — გაკეთებულ სიკეთეს (წყენა თავისით გამახსოვრდება).

ვიცინი — გურული ვარ, შესაბამისად, ვაფასებს კარგ იუმორს.

ვინახავ — წერილებს. ნაჩუქარ ნივთებს. კალმებს.

მწამს — რომ ჩვენს ქვეყანას მართლა აქვს დიდი და კარგი მომავალი.

მსიამოვნებს — როდესაც სადმე უცხო გარემოში ჩემს სტრიქონს შემომაგებებს მკითხველი.

ვივიწყებ — პატარა წყენებს.

მესიზმრება — ხშირად - გარდაცვლილი ბაბუდა და სოფელი.

ვეხმარები — ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს, როცა შემიძლია, ვინმეს რამით გამოვადგე.

ვუსმენ — საგნების შინაგან ხმებს.

ჰობი — გიდად გაყოლა უცხოელ ტურისტებზე.

ვფიქრობ — სულ ვფიქრობ და ყველაფერზე ვფიქრობ.

ვნანობ — ძილში გაფლანგულ დროს.

მანაღვლებს — ჩემი ქალაქის არასწორი ურბანული განვითარება.

მენატრება — სტუდენტობა.

სამშობლო — არის ჯერარსული მოვლენა, რომელიც იდეალური მხოლოდ ჩვენს წარმოდგენებშია და ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორიცაა.

რჩევა ავტორებს — (ჩემი თავის ჩათვლით ) მეტი კითხვა, ნაკლები წერა.

პოეზიარი — შესანიშნავი მიგნებაა.

ხელოვნება — რომ არ არსებობდეს, ვიქნებოდით სულიერი რობოტები.

 

ერთი ლექსი —

 

ზოგჯერ...

 

ხელში უჭირავს ამინდს კარტებად,

ლექსები - ჩემი ცხოვრების საჭე,

ზოგჯერ სათქმელი მაშინ მთავრდება,

როცა, უბრალოდ სათაურს დაწერ.

 

გაზაფხულდება,

წვიმის ციცრები გადაუფრენენ მაისის ბაღებს,

ზოგჯერ სიზმარი მაშინ იწყება,

როცა იღვიძებ და თვალებს ახელ...

 

უჯრაში ნაპოვნ ლექსის არტეფაქტს,

უსინჯავ ასაკს, გულსა და სიცხეს...

ზოგჯერ მთავარი მაშინ მთავრდება,

როცა საერთოდ დაწყებას იწყებ.

 

უკან ბრუნდება წლების მრიცხველი,

ოდესმე წარსულს თუ მოაგონდი.

ზოგჯერ სიმღერა მაშინ იწყება,

როცა მთავრდება ბოლო აკორდი...

 

გამშრალი ცრემლის მირონს იცხებენ,

დღეები ლექსის შეხსნილი თასმით...

ზოგჯერ მთავარი მაშინ იწყება,

როცა გგონია, წერტილი დასვი.

big_banner
არქივი