logo_geo
თემურ თათარაშვილი: შეირგოს კობალაძემ, რაც შერჩა!
- +

20 მაისი. 2019. 15:52

 

 

მომღერალი თემურ თათარაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გიგა კობალაძის ორგანიზაციის მსხვერპლი გახდა. თათარაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში მასთან ჰონორარის მიზერული ნაწილიც კი არ მიდიოდა, როგორც სხვა მომღერლებს, მასაც უწევდა ამ უსამართლობასთან შეგუება, სანამ ბაზარზე  ავტორთა უფლებების დასაცავად „GERA“-ს სახით ალტერნატიული კომპანია არ გამოჩნდა.

 

თემურ თათარაშვილი: - მსგავსი კომპანია არსებობს ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან კარგად ემსახურება ავტორებს  და დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევს. ჯერ კიდევ მოსკოვში ვცხოვრობდი, როდესაც შევიტყვე, რომ საქართველოშიც არსებობდა საავტორო უფლებების დამცავი კომპანია. ძალიან გამიხარდა. ერთ დღეს მეც დამირეკეს ამ კომპანიიდან და მითხრეს, რომ ჩემს ანგარიშზე იყო წლების განმავლობაში დაგროვილი თანხა და მთხოვეს, მივსულიყავი და ამეღო. დამიმზადეს ბარათი, რომელზეც ჩემი გამომუშავებული ჰონორარი უნდა ჩამრიცხოდა და... „წლების ნაგროვები“ 200 ლარი ჩამერიცხა. მე რომ ვყოფილიყავი დამწყები მომღერალი, გული არ დამწყდებოდა, სწორად გამიგეთ, თემური ვარ თათარაშვილი, არ დარჩენილა რესტორანი, სადაც ჩემს სიმღერას არ უკრავენ და ჩემთვის ეს თანხა სასაცილოსთან ერთად, ცოტა უხერხულიც არის. ერთ ისტორიას მოგიყვებით: წლების წინ რესტორნის დირექტორი ვიყავი, მოვიდა კობალაძის თანამშრომელი, იმწუთში ადგილზე არ ვიყავი და ჩემს მენეჯერს გაესაუბრა, ჩვეულებრივ შემოვლაზე იყო... ამ დროს მათ საუბარს შევესწარი, ზურგით იდგა და ვერ დამინახა, როდესაც ჩემმა მენეჯერმა ჰკითხა, თემურ თათარაშვილს რამდენს უხდითო, არც აცია არც აცხელა, და 5000 ვურიცხავთო, გადავირიე, რამდენს რიცხავთ-თქო? რომ შემომხედა, შეცბა და გაიქცა, მას მერე აღარ მინახავს.

 

- რეალობასთან ახლოს მაინც თუ იყო ეს თანხა?

 

-  არა, რა ახლოს... კვარტალში ერთხელ მირიცხავდნენ 250  ლარს, იყო შემთხვევა 150 ჩაურიცხავთ. რამდენიმე თვის წინ ჩარიცხეს  331 ლარი, ბოლოს, ეტყობა, მიხვდა კობალაძე, რომ ეშლებოდა კომპანია და ,,სტავკები“  გაზარდა.

 

- თქვენი პრეტენზიები არასდროს გამოგიხატავთ მასთან?

 

-  არც ვიცნობ, შეხებაც არ მქონია. რაზე უნდა მელაპარაკა? ვისთან?

 

- ვიდეორგოლში „არა ინტელექტის ოკუპაციას“ მონაწილეობა არ შემოგთავაზეს?

 

-  ჯერ ერთი, სამარცხვინოა მსგავსი თემებით ხალხზე მანიპულირება. მე, დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე ვართ სამშობლოს მოღალატეები? რომელი ვართ რუსები... გამოვიდნენ და დამენახონ, ვისაც სამშობლო ჩვენზე ძალიან უყვართ... რუსეთი რომ ოკუპანტია, ძალიან კარგად ვიცით და გვაქვს გაანალიზებული, მაგრამ ამ საქმესთან რა შუაშია?

ვიდეორგოლს რომ იღებდნენ, არც ვიცოდი, არავის დაურეკავს, რომც დაერეკათ, რა?

 

- ახალ კომპანია „GERA“-ზე რას იტყვით?

 

-  მე ერთი ვიცი - სადაც დააფასებენ ჩემს შემოქმედებას, იქნება გამჭვირვალობა და გადამიხდიან იმდენს, რამდენსაც ვიმსახურებ, ვიქნები იქ. არ ვარ ის პიროვნება, სასამართლოში ვირბინო და ვინმეს ვუჩივლო... შეირგოს კობალაძემ, რაც შერჩა, ღმერთი ყველას თავისას გადაუხდის.

                                                                                             

 

 

big_banner
არქივი