logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ჯარში ქალების გაწვევა სწორად არ მიმაჩნია
- +

9 თებერვალი. 2017. 15:51



პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება „ჯარისქალი". ინიციატორის, ირინა ბარბაქაძის მოთხოვნაა, სამხედრო სამსახური არა მარტო მამაკაცებისთვის, ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს.


აღნიშნულ ინიციატივაზე გაზეთ „ვერსიას" საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა:


- ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ ამ ინიციატივას და კომიტეტი მას კანონპროექტად თუ აქცევს?


- ამ იდეას არ ვეთანხმები, მაგრამ ყველა პროცედურას გავივლით. ეს ინიციატივა არაა კარგად მომზადებული და ჩამოყალიბებული. კანონით, ქალს აქვს უფლება, მოღვაწეობდეს შეიარაღებულ ჯარებში და სიამაყით ვაცხადებ, რომ მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება - საკონტრაქტო სამსახურით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება სავალდებულო სამსახურში ქალების გაწვევას, არ მგონია, დღეს ისეთი მილიტარისტული სახელმწიფო გვქონდეს, რომ ყველა ჯარში წავიდეს. მოკლედ, ჯარში ქალების გაწვევა სწორად არ მიმაჩნია.


- ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე?


- პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობით, ქალები ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ. ესეც გარკვეულ პრინციპებს, ისტორიულ ტრადიციებსა და სამხედრო ფილოსოფიას ემყარება. არსებობს არგუმენტები ამის შესახებ, რომელსაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს.


- როგორ ფიქრობთ, ეს გენდერული თანასწორობის დარღვევაა?


- ამაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დარღვევა არ უნდა ვეძებოთ. ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა არ ნიშნავს, აუცილებლად თოფი გვეჭიროს ხელში. ცივილიზებულ სამყაროში „აიტიშნიკები" უფრო დიდ როლს ასრულებენ, ვიდრე თოფის ჩხაკუნი. სპეციალისტების შერჩევისას კი ქალებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. თავდაცვაა ისიც, რომ ექიმი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და კარგი მასწავლებელი ისტორიას და სამართალს სწორად ასწავლის მოსწავლეს.


- სწორედ ასეთი მიდგომა ხომ არ გახდა თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური შემცირებების და ბრიგადის გაუქმების მიზეზი?


- ბრიგადა არ გაუქმებულა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ხუთივე ბრიგადაში არ იყო სრული კომპლექტაცია. მიგვაჩნია, რომ სჯობს, ეს ბრიგადები იყოს ბოლომდე დაკომპლექტებული, ვიდრე 5 დაუკომპლექტებელი ბრიგადა გვყავდეს.

 

- სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის გაძლიერების ფონზე, ყველა მისი მეზობელი ქვეყანა აძლიერებს თავდაცვას, ჩვენთან კი პირიქით მოხდა...


- შეიარაღებული ჯარების რიცხოვნობა არ შემცირებულა, კანონით განსაზღვრული იყო 37 000 და ასე დარჩა. შემცირება შეეხო სამოქალაქო პერსონალს, 1900 ადამიანს. ასევე იმ ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომელთა უმრავლესობამაც სურვილი გამოთქვა ჯარიდან წასვლაზე კომპენსაციის სანაცვლოდ.

 

- რატომ გახდა ეს რეორგანიზაცია საჭირო?


- არსებობს წოდებრივი ე.წ. პირამიდული სისტემა, რაც ჩვენთან ამოტრიალებული იყო. მაღალი წოდების მქონე სამხედრო მეტი გვყავდა, ვიდრე უმცროსი ოფიცრები, რომლებიც ჯარს მეტად სჭირდება. ეს კი ხელს უშლიდა ნებისმიერი ოფიცრის კარიერულ განვითარებას. ჩვენ გადავედით წოდებრივ ანაზღაურებაზე, წოდება კი თანამდებობას უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, პოლკოვნიკს ვერ დანიშნავ ასმეთაურად, ის უნდა იყოს სამმართველოს, შტაბის უფროსი ან ბრიგადის მეთაური. როცა ამდენი პოლკოვნიკი გყავს და შესაბამისი საშტატო ერთეული არ გაქვს, სისტემა უკვე დარღვეულია. მაღალი რანგის სამხედროებმა ამიტომ გამოთქვეს წასვლის სურვილი კომპენსაციის სანაცვლოდ ამ რეფორმის ოპტიმიზაციის შედეგად. ფულადი კომპენსაცია ინტერესის გაჩენის გამო შემოვიტანეთ. კარიერული განვითარების შესაძლებლობა გაჩნდა, მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც არაჩვეულებრივი განათლება აქვთ მიღებული უცხოეთში, მათაც უნდა ჰქონდეთ წინსვლის შესაძლებლობა. რიგითმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია, გენშტაბის უფროსი გახდეს. ეს ამობრუნებული პირამიდა გასწორდა ამ მიდგომით.

 

- თავის დროზე, რა მიზეზით ამობრუნდა ეს წოდებრივი პირამიდა?


- ნაციონალების დროს დარიგდა წოდებები პოლიტიკური ინტერესის გამო. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამოქალაქო შტატები გადაიტვირთა. ყველა მინისტრი თანხმდებოდა, რომ ეს სისტემა დასალაგებელი იყო, დავით უსუფაშვილმაც კი განაცხადა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ლევან იზორიას ვუწონებ ამ ნაბიჯს, რაც არაპოპულარული და ძალიან მტკივნეული იყო. ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია ხომ ყველაზე აუტანელი სიტყვებია ყველა სამინისტროში. ვუთხარი კიდეც ბატონ ლევანს, ამის გაკეთება გარდაუვალი იყო, თუმცა უახლოეს წლებში სიტყვა ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია აღარ უნდა გავიგოთ-მეთქი.


- თუმცა, არაერთი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტი აცხადებს, რომ ამ ოპტიმიზაციამ და რეორგანიზაციამ, შესაძლოა, მორალის დაცემა და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება გამოიწვიოს შეიარაღებულ ძალებში...


- პირიქით, უკვე ვთქვი, რომ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გაჩნდა. მაიორმა იცის, თუ კარგად ემსახურება ქვეყანას, თანამდებობრივად წინ წავა.

 

- თუ მაიორი ხედავს, როგორ მარტივად უშვებენ სახლში პოლკოვნიკს, ანუ ზემდგომ პირს, წინსვლის მოტივაცია პირიქით, არ დაუქვეითდება?


- მარტივად კი არ უშვებენ, არამედ თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა მათ კომპენსაცია. ლეიტენანტს მისცეს 10 000 ლარი, პოლკოვნიკს კი - 29 000 ლარი. თანხა წოდების მიხედვით განისაზღვრა. ძალით არავის უშვებენ სახლში.

 

- სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოქალაქეებისთვის სამხედრო ინფორმაციის მიღების ამაღლებაზე. მაგალითად, სკოლაში და უნივერსიტეტში მეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ამ საკითხის სწავლებას?


- სკოლაში სამხედრო სწავლების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამაზე მიუთითებს გაერო-ს კონვენცია და ევროკავშირის რეზოლუციები. მოსახლეობის მილიტარიზაცია არის ძველი, ცივი ომის აზროვნების ნაწილი. პატრიოტების აღზრდა ისტორიის, სამართლის და სხვა საგნების სწავლითაც შეიძლება. სამხედრო საქმისადმი ინტერესის გაზრდა სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი. აშშ-ში რეკლამები კეთდება, საქართველოში ჯარში ექსკურსიებზე დაჰყავთ ბავშვები. ჩვენ მოსახლეობას დიდი მოტივაცია აქვს და ბევრ მოქალაქეს სურს ჯარისკაცობა. ამ ფონზე, არ მგონია, სკოლაში სამხედრო სწავლება სწორი იყოს. შეიძლება ისწავლებოდეს პირველადი დახმარება, კრიზისის დროს მოქმედების მეთოდები...

 

- სამხედრო სამსახური მამაკაცებისთვის სავალდებულო უნდა იყოს?


- დიახ, ამ ეტაპზე უნდა იყოს. ჩვენ ჯარის პროფესიონალიზმისკენ მივდივართ, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახური სჭირდება.

 

- ახლა ჯარში ხომ არ მსახურობენ, ისინი ე.წ. დაცვის სამსახურში არიან და ობიექტებს იცავენ, ეს მართებულია?

 

- ქვეყნის უსაფრთხოება სტრატეგიული ობიექტების დაცვას, უშიშროების ჯარებს, პოლიციურ ქვედანაყოფებსაც მოიცავს. 21-ე საუკუნეში ცივილიზებული სამყარო გადადის უსაფრთხოებაზე და არა თავდაცვაზე, რაც ეკონომიკურ, ენერგო, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასაც ნიშნავს.



 

თათია გოჩაძე

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი