logo_geo
გია მაჭარაშვილი: ჩვენს ხარჯზე ნუ ისქელებენ ჯიბეებს!
- +

27 მაისი. 2019. 17:52

 

კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც სიმღერა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა უკვე ორმოც წელს ითვლის, არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორს საქართველოში თავის დროზე არსებულ ყველა საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციასთან უთანამშრომლია, მათ შორის, თვითონაც იყო მსგავსი კომპანიის დამაარსებელი... რამდენად დაცულია საქართველოში ავტორთა უფლებები, ამ თემაზე კომპოზიტორმა „ქართულ აზრთან“ ისაუბრა:

 

- ოთხმოციან წლებში, ჯერ კიდევ ფეხს ვიკიდები ქართულ ესტრადაზე, რამდენიმე სიმღერაც მქონდა, რომელიც მაშინ პოპულარული იყო და იმდროინდელ ტელე თუ რადიოეთერში აქტიურად ჟღერდა, როდესაც ნუგზარ ერგემლიძე მოვიდა და მითხრა, რომ არსებობდა კომპანია რომელიც დაიცავდა ჩემს საავტორო უფლებებს. თავისუფლების მოედანზე ჰქონდათ ოფისი და მივედი, დავრეგისტრირდი, მივიტანე ჩემი სიმღერების კატალოგი... მაშინ სად იყო ეს CD დისკები, ნოტებით მიმქონდა სიმღერები... ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, ხელფასი მქონდა ორასი მანეთი და ხანდახან ჰონორარს 300-400 მანეთს ვიღებდით, არ იყო ცუდი ფული, ყველაფერში მყოფნიდა.

 

 ერთ ისტორიას მოვყვები, 1987 წელი იყო, მერაბ სეფაშვილი წავიდა იურმალაში კონკურსზე და ჩვენც გავყევით, 3 სიმღერა ჰქონდა წაღებული ჩემი, ჩვენც ვიმღერეთ, დავუკარით და დავბრუნდით საქართველოში, ისე მოხდა, მომავალ წელს კიდევ მოგვიწია ჩასვლა, სასტუმროდან გამოვედი და საიდანღაც მესმის ნაცნობი მელოდია, მივაყურადე და ჩემს სიმღერას არ მღერიან, გამიხარდა, რა თქმა უნდა... იქ ორი კონცერტი ჩავატარეთ და დავბრუნდით უკან, გავიდა რამდენიმე ხანი, მირეკავენ ავტორთა უფლებების დაცვის საზოგადოებიდან, ბატონო გია, მობრძანდით, თქვენს სახელზე ჰონორარია გამოწერილიო. მივედი, მეგონა 300-400 მანეთი იქნებოდა და დამხვდა 7 ათასი მანეთი. იცით, რამხელა ფული იყო მაშინ? ბუნებრივია, ვიკითხე, ამდენი ჰონორარი საიდან მქონდა და აღმოჩნდა, რომ ბალტიისპირეთიდან იყო ჩარიცხული. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინაც კი ყველაფერი გამჭვირვალედ კეთდებოდა და ღირსეულ ანაზღაურებას გვიხდიდნენ ავტორსაც და შემსრულებელსაც. მერე აირია ყველაფერი, მძიმე პერიოდი გავიარეთ მუსიკოსებმა, ჰონორარი კი არა, დენი, გაზი და ლუკმაპური გვქონდა სანატრელი... ცოტა რომ დალაგდა ქვეყანაში სიტუაცია, ბატონმა ელგუჯა შაფათავამ ძალიან მოინდომა და თავიდან ააწყო ეს ორგანიზაცია, კარგად თუ ცუდად იმ ეტაპისათვის სულ არაფერს მაინც სჯობდა, ვკმაყოფილდებოდით, წლიდან წლამდე ხანდახან 200 ლარი ამიღია, მაგრამ სხვა რა გზა იყო.

 

 ჩვენდა ბედად, შაფათავას საავტორო უფლებების ორგანიზაცია ჩაანაცვლა ბატონი გიგა კობალაძის ორგანიზაციამ და ვიფიქრეთ, აი, გვეშველაო...

 

- გეშველათ?

 

- სადაა ჩვენი საშველი, უბრალოდ გეტყვით - ყველაფერი ისე რომ კეთდებოდეს, როგორც წესი და რიგია, მარტო ერთი მომღერლის - მერაბ სეფაშვილის რეპერტუარიდან შემოსული თანხა მეყოფოდა, რომ ღირსეული ჰონორარი ამეღო. პენსიონერად მაქციეს კაცი, მეუბნებიან, გინდა თუ არა, 200 ლარი უნდა გეყოს თვეში საცხოვრებლადო, ასე არ გამოდის, კვარტალში ერთხელ სამადლოდ 500-600 ლარს რომ გადმომიგდებ? ერთადერთი შემთხვევა მასოვს, ორი წლის წინ საახალწლოდ ჩარიცხეს 1000 ლარი და გახარებული ვიყავი, ვიფიქრე, გვეშველა-თქო, შენც არ მომიკვდე. გაოცებული ვარ, ეს დამალული არ არის, ყველას აქვს პრეტენზია, უბრალოდ, ხმამაღლა რატომ არ იძახიან ამას, არ  ვიცი. ეტყობა, ჩვენ თაობას კიდევ შემორჩა ეს თავაზიანობის და თავშეკავებულობის კულტურა, მაგრამ დროა, ხმა ამოვიღოთ, მეგობრებო!

 

 როგორც ყველას, თქვენც ფინანსური პრობლემების გამო გქონდათ დაპირისპირება გიგა კობალაძესთან?

 

 მე დაპირისპირება არავისთან მქონია, უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი. არ ვარ ის კაცი, ვიღაც ვლანძღო და ვაგინო, მაგრამ ნურც ნაცარს შემაყრით თვალებში. მე ვერავის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ ვარ გუშინ გამოჩეკილი ბავშვი, რომ რაღაცით მომატყუონ.

 

როდესაც იღებ პასუხისმგებლობას და ასრულებ შუამავლის როლს ავტორსა და იმ ობიექტს შორის, სადაც ეს სიმღერები ჟღერს, უნდა გააკეთო ხარისხიანად, ისე უნდა გასცე ანაზღაურებაც სამართლიანად, კომპანიის თანამშრომელს ჩემზე მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, ავტორებს კაპიკებს არ უნდა უხდიდნენ... თუ აიღე პასუხისმგებლობა, მაშინ საქმეც გააკეთე, მისი პირდაპირი ვალდებულება ეს არის.

 

- გქონდათ კობალაძესთან ამაზე საუბარი?

 

- არა, არავისთან მისაუბრია. არ ვარ ის კაცი, ვინმე თვის მართლების რეჟიმში ჩავაყენო, 2003 წელს მეც ჩამოვაყალიბე მსგავსი კომპანია და კარგად ვიცი ეს სისტემა. გიგა კობალაძე ვერ დამაჯერებს, რომ იმდენი აგენტი ჰყავს, ყველა ობიექტზე დურბინდებით არიან ჩასაფრებულები და აღრიცხავენ, სად ვისი სიმღერა შესრულდა, კარგით რა...

 

ძალიან გულნატკენი ვარ, დრო გადის... მე დამაკარგვინეს ის წლები, როდესაც შეიძლებოდა, დავეფასებინე ჩემი ქვეყნის საავტორო უფლებების ასოციაციას და მქონოდა ღირსეული შემოსავალი. რაც დრო გადის. ჩვენც გვემატება ასაკი, იცვლება გემოვნება და ვკარგავთ აქტუალობას. მე სიმღერის გარდა, სხვებისგან განსხვავებით, არც ბიზნესები მაქვს, არც წილები და არც ბინები, რომ გავაქირავო და იმ შემოსავლით ვიცხოვრო. ჩემი დონის კომპოზიტორს ნაწილობრივ მაინც უნდა მქონდეს ეს პრობლემები მოხსნილი და მიხდიდნენ ღირსეულ ჰონორარს, ჩვენს ხარჯზე ნუ ისქელებენ ჯიბეებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი