logo_geo
„ბაბუსთვის მთავარი იყო, საყვარელი ცოლი შინ დახვედროდა“ - ვინ არის „ჩცდ“-ს პერსონაჟის, ლეკას როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში?
- +

28 მაისი. 2019. 19:54

 

 

ქეთი წიქვაძე ცნობილ ტელესერიალში „ჩცდ“-ში სკანდალური ჩიკას არანაკლებ სკანდალური დაქალის - ლეკას როლის შესრულების შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ვინ არის ლეკას როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში, რას საქმიანობს და როგორ მოსწონს თავისი გმირი? - ამ ყველაფერს მისი ინტერვიუდან შევიტყობთ:

 

- ქეთი და ლეკა რადიკალურად განსხვავებული გოგოები არიან, როგორც ჩაცმის სტილით, ასევე, ღირებულებებითა და ფასეულობებით. სერიალის გადაღებებთან ერთად, საყვარელი საქმით ვარ დაკავებული. 2013 წლიდან ვაწარმოებ ქართულ ბრენდს „მაიკა“. ეს არის პრემიუმ ხარისხის მაისურები. ვაპირებ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო გავაფართოვო საქმიანობა და ახალი იდეები განვახორციელო. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ორი შვილი მყავს და ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო.

 

- ბოლო სერიებში, ფაქტობრივად, თქვენი გმირის გარშემო ტრიალებს ყველაფერი, რას ფიქრობთ ბაქარ ორჯონიკიძის გმირზე, რეალობაში ეგეთ თაყვანისმცემელზე რა რეაქცია გექნებოდათ და როგორ ფიქრობთ, „შეაბავს“ ბაქარი ლეკას ბოლოს და ბოლოს?

 

- რეალურ ცხოვრებაში ბაქარ ორჯონიკიძე ალბათ არასოდეს მომეწონებოდა, თუმცა, თუ ვინაობას არასდროს გაამხელდა, სიამოვნებით მივიღებდი მსგავს საჩუქრებს.

 

 

„ჩცდ“-ს გადასაღებ მოედანზე

 

სიუჟეტის განვითარება ჯერ ჩემთვისაც არ არის ცნობილი, არ ვიცი, შეძლებს თუ არა ლეკას „შებმას“. ჩემი აზრით, მოახერხებს, მაგრამ არ შეუყვარდება, ისევე როგორც ბაქარს არ უყვარს და რაღაცაში სჭირდება, ალბათ ლეკასაც უბრალოდ უზრუნველი ცხოვრება მოუნდება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. ვნახოთ, რა იქნება…

 

- ვიცით, რომ დიდი სახელოვნებო ოჯახის წარმომადგენელი ხართ, ბებია - ქეთევან კიკნაძე და დედა - ნანა ლორთქიფანიძე მსახიობები არიან, ბაბუა კი ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. გთხოვთ, მოგვიყვეთ მათზე, გაიხსენოთ ბაბუა, ცნობილია, რომ ის ძალიან მკაცრი იყო ფილმის გადაღებისა თუ სპექტაკლის დადგმისას, ბაბუაც ასეთივე მომთხოვნი იყო?

 

- ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მკაცრი იყო გადაღებებზე, თუმცა, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, სიმკაცრის გამო არავის სძულდა. პირიქით, მსახიობებს ის სწორედ ამის გამო უყვარდათ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციების დროს ჯოხიც უსვრია სცენაზე და სკამიც, მინდა, გითხრათ, რომ ყველაზე მსუბუქი, თბილი და ტკბილი იყო სახლში. მისთვის მთავარი იყო, საყვარელი ცოლი სახლში დახვედროდა, მე მათ სითბოსა და სიყვარულში გავიზარდე. ბაბუ 5 წუთში ერთხელ დამიძახებდა: ქეთი! - გავხედავდი და თითს იდებდა ლოყაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა მივსულიყავი და მეკოცნა. მეც ვკოცნიდი და ეს იყო დიდი ბედნიერება... არ არსებობდა სურვილი, რომელსაც ვიტყოდი და არ შემისრულებდნენ. ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვი აღარ ვარ...

 

- რას ამბობენ ბებია და დედა თქვენს სამსახიობო დებიუტზე? საინტერესოა, პროფესიად მსახიობობა რატომ არ აირჩიეთ?

 

- ერთი პერიოდი მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ დედა წინააღმდეგი იყო. სულ მიხსნიდა, რომ მსახიობობა მხოლოდ თამაში არ არის, რომ ეს არის ბრძოლა, ტკივილი და ამ ქვეყანაში საკმაოდ დაუფასებელი პროფესია. მეც ვთვლი, რომ მოწოდებით მსახიობი არასოდეს ვყოფილვარ და ამიტომ არ გამიჭირდა უარის თქმა.

 

 

ფოტო: პატარა ქეთი დედასთან ერთად

 

რაც შეეხება ჩემ სამსახიობო დებიუტს, ამაზე დიდად არ მელაპარაკებიან. რატომ, არ ვიცი, შესაბამისად, მეც არ ვსვამ კითხვებს, ალბათ უარყოფითის მოსმენის მეშინია, თუმცა, ვთვლი, რომ ძალიან რომ არ მოსწონდეთ რამე, აუცილებლად მეტყოდნენ.

 

- თქვენს შვილებზე მოგვიყევით, მოსწონთ, დედას ეკრანზე რომ ხედავენ?

 

- ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ. გიორგის ამ ბოლო დროს ლეკა აღარ მოსწონს, იძახის, რომ ზედმეტად მეტიჩარაა. მას ყოველთვის ვეკითხები აზრს და ვითვალისწინებ, სანამ სერიალის სინჯზე წავიდოდი, გიორგის შევუთანხმდი, მისი დასტურის შემდეგ კი წავედი.

 

- რა ხდება საინტერესო ქეთი წიქვაძის პირად ცხოვრებაში და როგორი ხართ შეყვარებული?

 

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი ჟურნალ-გაზეთებში არ მიყვარს, ჩემი პირადი ჩემია. შეყვარებული ქეთი, ვფიქრობ, ძალიან კარგია…

 

- გეგმავთ სამსახიობო კარიერის გაგრძელებას?

 

- ვნახოთ, ჯერ არ ვიცი. თვითონ არ ვაქტიურობ ამ კუთხით, თუმცა, რამე საინტერესოს თუ შემომთავაზებენ, რატომაც არა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი