logo_geo
რომა რცხილაძე: სირცხვილია, როდესაც ევროპაზე გვაქვს პრეტენზია და კომპოზიტორები შიმშილით გვეხოცებიან!
- +

30 მაისი. 2019. 22:18

 

 

არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი რომა რცხილაძე საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის პირობებით არ არის კმაყოფილი. მუსიკა მისთვის სულიერ საზრდოსთან ერთად ბიზნესია, რომელმაც შემოსავალი უნდა მოუტანოს, რადგანაც სხვა ბიზნესი  არ გააჩნია. ქართულ ბაზარზე ახალი საავტორო უფლებების ასოციაცია „GERA“-ს შემოსვლას მიესალმება და თვლის რომ ამ ტიპის კომპანია კიდევ უფრო მეტი უნდა არსებობდეს რათა ავტორთა უფლებები სათანადოდ იყოს დაცული.

 

რომა რცხილაძე: მე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, არავისთან კონფლიქტში არ შევდივარ, მუსიკა არის ჩემი ბიზნესი, რომლითაც უნდა მქონდეს როგორც ავტორს შემოსავალი. აბა, სხვა ბიზნესი მე არ მაქვს და რაღაცით ხომ უნდა ვიცხოვრო. არ ვერევი არავის ურთიერთობებში, პრიორიტეტი ჩემთვის ავტორთა უფლებებია, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ძალიან დიდ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატივს სცემს ჩემს  შემოქმედებას, ბიზნესს, მუსიკას ზოგადად. ჩემი სიმღერა რომ გაჟღერდება სადმე, მე უნდა მივიღო  შემოსავალი და ეს დაუწერელი კანონია ყველა ქვეყანაში, ქართულ ბაზარზე რამდენი კომპანია იქნება, სულ არ მაღელვებს, პირიქით, რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კარგად გაკეთდება საქმე...  საბჭოთა კავშირის დროიდან მაქვს ურთიერთობა ავტორთა უფლებების დაცვის კომპანიებთან, ამერიკიდან, ევროპიდან მირიცხავდნენ  ჰონორარს და ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

 

­- ბაზარზე ამ მხრივ მონოპოლიას თქვენც ეწინააღმდეგებით?

 

- რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები. არ შეიძლება ამ საქმის მონოპოლიზაცია, ერთი ადამიანი ვერასდროს ვერ გააკეთებს და გააკონტროლებს ამ საქმეს კარგად, ავტორსაც და შემსრულებელსაც უნდა დაუტოვო უფლება, ითანამშრომლოს სხვადასხვა კომპანიასთან. რაც უფრო ბევრი მსგავსი კომპანია შეიქმნება, მე მოხარული ვიქნები, ვითანამშრომლებ ყველა კომპანიასთან, და ვინც უფრო მეტ ფულს გადამიხდის, ვიქნები კმაყოფილი. ჩვეულებრივი ბიზნესია, ეს კომპანიები უნდა გახდნენ ჩვენი პარტნიორები და პარტნიორადაც იმას აირჩევ, რომელიც მეტად აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს, უფრო კარგად აკეთებს შენი მუსიკის რეალიზაციას.

 

- დღეს კმაყოფილი ხართ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვით?

 

- (იცინის) წესით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი მუსიკოსი უნდა ვიყო, მაგრამ ვარ ყველაზე უღარიბესი. ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ საქმის გარდა ყველაფერი კეთდება, ჩხუბს და ჭორაობას უნდებიან, სამარცხვინოა. როდესაც პენსია მაქვს 200 ლარი და დაცულ და დაუცველ საავტორო უფლებებზე ვსაუბრობ, უბრალოდ სამარცხვინოა.

 

- „არა ინტელექტის ოკუპაციას“, ამ ვიდეორგოლით დაუპირისპირდა ქვეყანაში არსებული კომპანია ალტერნატიულს. თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა?

 

- ჩემთვის არავის დაურეკავს. ისე, სიმართლე გითხრათ, არ ვიღებ მონაწილეობას არასდროს მსგავს პროპაგანდაში, ბევრჯერ აღმოვჩნდი ცუდ სიტუაციაში, აღარ მინდა. რაც შეეხება მონოპოლიზაცია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არავის აქვს უფლება, მოახდინოს ჩემი ბიზნესის და შემოსავლის მონოპოლიზაცია, მითუმეტეს მუსიკაში. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები ამ საქმეს, ბევრი გეგულებათ საქართველოში ისეთი, ვინც დროს გაუძლო? მე ბედნიერი ვარ ამით, ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელსაც აფასებს საზოგადოება, და შენ - კომპანია, რომელსაც ამბიცია გაქვს, დაიცვა ჩემი საავტორო უფლებები, ვალდებული ხარ, გადამიხადო, რასაც ვიმსახურებ და ეს თანხა უნდა აღემატებოდეს იმას, რასაც შენ იდებ ჯიბეში.

 

- იურიდიულად თუ გაქვთ უფლება, გაწევრიანებული იყოთ რამდენიმე კომპანიაში?

 

- მე, როგორც მუსიკოსმა, არ უნდა მოვატყუპო მსმენელი, ისევე, არ უნდა დავრჩე მე მოტყუებული და იურიდიული უფლებები იურისტებმა არკვიონ. ჩემთვის პრიორიტეტია გამჭვირვალე ურთიერთობები.

 

- თქვენი, როგორც ავტორის უფლებები საქართველოში დაცულია?

 

- ძალიან მცირე დოზით არის დაცული, უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა. როდესაც ევროპაზე გვაქვს პრეტენზია და კომპოზიტორები შიმშილით გვეხოცებიან, უბრალოდ სირცხვილია. არსებულმა კომპანიებმა ერთმანეთთან კი არ უნდა იჭიდაონ, უნდა აკეთონ საქმე და აკონტროლონ ეს მარაზმი, გადაიხადონ სათანადოდ, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ თუ არ ამოვიღეთ ხმა, არ იქნება საშველი.

 

მიხარია ახალი ორგანიზაციის შემოსვლა ქართულ სივრცეში, ბაზარი უფრო მრავალფეროვანი გახდება და არსებულსაც გაუჩნდება კონკურენციის მომენტი, მერე ეგებ საქმეც უკეთესად გაკეთდეს და სოფელიც აშენდება. რაც მოვისმინე, „GERA“ არ სთავაზობს ცუდ პირობებს ავტორებს, გაგონილს ნანახი სჯობია და ვნახოთ.

 

    

 

big_banner
არქივი