logo_geo
ირაკლი კაკაბაძე ინტელექტუალური შრომის სათანადო დაფასებისთვის ახალ ასოციაცია „GERA“-ს ირჩევს
- +

31 მაისი. 2019. 19:10

 

28 მაისს „GCA“-მ (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) გამომიგზავნა გაფრთხილების წერილი, რომ თავი შევიკავო საავტორო უფლებების დაცვის ახალ ასოციაციასთან თანამშრომლობისგან, რადგან მხოლოდ „საავტორო უფლებათა ასოციაციაა“ უფლებამოსილი, გასცეს ლიცენზია და შეაგროვოს ჩემი კუთვნილი ჰონორარი. ეს იყო მუქარის ტონით შექმნილი წერილი. ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი ასეთი ავტორიტარული, საბჭოთა სტილში გაწერილი ულტიმატუმების ენა, რომლითაც მე მომმართა ბატონმა გიგა კობალაძემ. ვინაიდან მე გახლავართ საერთაშორისო პენ-კლუბის დიდი ხნის წევრი და ვიცი, რომ შემოქმედების თავისუფლება არ უნდა იზღუდებოდეს არც სახელმწიფოს და არც ერთი კერძო კომპანიისა თუ ასოციაციის მიერ. მიმაჩნია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი „გაფრთხილებების“ გაგზავნა მთლიანად ჩრდილს აყენებს შემოქმედებით თავისუფლებას საქართველოში და გვაბრუნებს საბჭოთა პერიოდში.

 

- ამ წერილის შემდეგ მიიღეთ „GCA“-ს დატოვების გადაწყვეტილება?

 

- დიახ, დაუყოვნებლივ.

 

- რა უპირატესობას ხედავთ საავტორო უფლებების დაცვის ახალ ასოციაცია „GERA“-ში?

 

- ახალ ასოციაციაში დავინახე შემოქმედებითი თავისუფლება და ავტორების მეტი პატივისცემა - ისეთი მიდგომა, სადაც ავტორი არის პრიორიტეტი. ინოვაციური ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერმა ავტორმა მეტი ჰონორარი მიიღოს საკუთარ ნაშრომში. მე „GCA“-სთან აქამდე დიდი კავშირი არ მქონია, უბრალოდ ვიყავი მათი წევრი და ახლა ოფიციალურად ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას ამ ორგანიზაციასთან მათი თავხედური და არაეთიკური  წერილის შემდეგ და ვირჩევ იმ ორგანიზაციას, რომელიც არ ადგას ავტორიტარულ გზას.

 

- თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველოში, რამდენად ფასდება ინტელექტუალური შრომა?

 

- არა მგონია, დღეს თითოეულ მოქალაქეს კარგად ჰქონდეს გააზრებული ადამიანების შრომითი უფლებები.  ინტელექტუალური შრომაც გახლავთ მძიმე შრომა, რომელშიც ავტორები იმსახურებენ სათანადო ანაზღაურებას, მით უმეტეს იმ დროს, თუ მათ ნაწარმოებებს კომერციული ორგანიზაციები იყენებენ. ავტორები არ უნდა იყვნენ მოქცეულნი მონურ მდგომარეობაში და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი შემოქმედებით და დიდი შრომით იცხოვრონ და იარსებონ. ეს არის მოტივაცია იმისა, რომ შემოქმედებითი სამუშაო გააგრძელონ. ამ ყველაფრის კარგი მაგალითია მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩარლი ჩაპლინისა და დუგლას ფერბენქსის მიერ შექმნილი ალტერნატიული პროფესიული კავშირი, რომელიც იცავდა ხელოვანების უფლებებს. ასეთი ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში მრავლად არის და ხელოვანს ყველგან ეძლევა თავისუფლება, რომ აირჩიოს ის ასოციაცია და პროფესიული კავშირი, რომელიც თვითონ მოსწონს ან საერთოდ არ აირჩიოს არცერთი მათგანი და ინდივიდუალური გზით იაროს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი