logo_geo
თემო რცხილაძე: ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია და ნეტავ ხარისხიანი აზიელები მაინც ვიყოთ
- +

6 ივნისი. 2019. 12:21

 

ავტორ-შემსრულებელი თემო რცხილაძე ძალიან გაბრაზებული და გულნატკენია, თვლის, რომ საქართველოში მისი საავტორო უფლებები სათანადოდ კომუნისტების შემდეგ არ დაცულა. პირიქით, საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია უკვე წლებია ქურდავს და კუთვნილი ჰონორარიდან გროშებს უხდის.

 

თემო რცხილაძე: ოთხმოცდაათიანების ბოლოს ჩემი სიმღერები იყო პოპულარობის ზენიტში, ყველგან ისმოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის კულტურა უკვე კარგა ხნის მივიწყებული იყო. ბნელი 90-იანების მერე, მე სახელმწიფომ, როგორც ავტორს, ერთი თეთრიც არ გადამიხადა. საავტორო უფლებების მუშაობა კომუნისტების შემდეგ აღარ მახსოვს, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, მაშინ იყო ავტორთა უფლებები დაცული და ანაზღაურებაც შესაბამისი გვქონდა. ბოლო ოთხი-ხუთი წელია რაც ცოტა ამოქმედდნენ, ისიც სათავისოდ...  რეალურად ჩემს უფლებებს კი არ იცავდნენ, მქურდავდნენ, დიახ, მქურდავდნენ! მე მაღაზიაში ერთი პური რომ მოვიპარო, ხომ დამიჭერენ? ვიღაცა ჯიბიდან წელიწადში ათასებს რომ მაცლიდა, რატომ არ იჭერენ? ასე გრძელდება უკვე მრავალი წელია და სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე.

 

- იძახით, რომ წლების განმავლობაში ფულს გპარავდნენ და ამაზე ერთხელ მაინც არ გქონიათ პრეტენზია?

 

 მიდი და გააპროტესტე, იყვირე, რამდენიც გინდა... საავტორო უფლებების ასოციაცია ჰგავდა უძაღლო ქვეყანაში კატების ყეფას... არ არის ერთიანი პირი, ვიღაც იმითაც კმაყოფილია, რასაც იღებს, ვიღაც არ არის კმაყოფილი... გიგა კობალაძეს კი კარგად ჰქონდა სათავისოდ მორგებული ეს ყველაფერი, ჯიბეს ისქელებს ჩვენს ხარჯზე და ავტორები, როგორც ყოველთვის, რჩებიან ჰაერზე. რამეს იკითხავ და პასუხი არ აქვთ თუ რა!

 

- რა პასუხი ჰქონდათ?

 

- ჩვენ რასაც გვაწვდიან, იმით გინაზღაურებთო. შე მამაცხონებულო, კურიერი ხარ? მიდიხარ, მოგაქვს ფული და მერე როგორც გინდა, ისე ყოფ - ეს რა უბედურებაა? რაღა დროს წილები და „კრიშებია“? ვერ გაითავისეს ბოლომდე, რომ მენეჯერები იყვნენ და არა კურიერები. მე გიხდი ფულს იმიტომ, რომ დაიცა ჩემი საავტორო უფლებები და შენ რომ მე არაფერს მიხდი, ნუ მამადლი მაინც... საკუთარი ხელფასებიც კი, რომელსაც ჩვენ ვუხდიდით, გასაიდუმლოებული ჰქონდათ.

 

როდესაც დავაფიქსირე ჩემი პრეტენზია, რომ არ კეთდებოდა საქმე და სჭირდებოდა კონტროლი, იცით, რა მიპასუხეს? აი რესტორნების სია, წადი და გააკონტროლეო... სასაცილოა ხომ? მე კაპიკებს  მიხდიდნენ, ჩემს ხარჯზე მდიდრდებოდნენ და მე უნდა გამეკონტროლებინა კიდევ... ეს, იცით, რისი ბრალია? დილეტანტები და არაპროფესიონალები რომ კურირებენ ამ საქმეს.

 

- ალტერნატიული კომპანიის ბაზარზე შემოსვლასაც აგრესიულად შეხვდნენ, ვიდეორგოლიც კი გადაიღეს „არა ინტელექტის ოკუპაციას“... შემოგთავაზეს მონაწილეობის მიღება?

 

- შეხვდებოდა აგრესიულად, აბა, არა. არ ასხამდა ეს მის წისქვილზე წყალს. ალტერნატიული გამოჩნდა და თვითონ ხომ ყველაზე კარგად იცოდა თავისი გაფუჭებული საქმის ამბავი? თან ახალი კომპანია „GERA“, რომელშიც ახლა ვარ გაწევრიანებული, გაცილებით გამჭვირვალეა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და თითოეული თეთრი საიდან მერიცხება და როგორ, ჩემთვის ნათელია. რა თქმა უნდა, მირჩევნია, ვითანამშრომლო ისეთ კომპანიასთან, ვისაც მეტი ინტერესი აქვს ჩემი უფლებების დაცვის. ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დაარსდა და რუსეთში არსებული ჩვენი თანხები მოიზიდა უკვე და ჩაგვერიცხა. კობალაძე რომ აცხადებს, რუსული კომპანიააო და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თუ მაგარი ბიჭი იყო, ჩვენს მტერს რატომ ჩაუგდო ჩვენი ფული და არ წამოიღო? რატომ შეარჩინა? რუსი ტურისტები რომ ჩამოდიან და ხარჯავენ საქართველოში, მათაც აუკრძალონ შემოსვლა, რატომ არ უკრძალავენ? ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია და ნეტავ ხარისხიანი აზიელები მაინც ვიყოთ. სიცრუეა, რომ „GERA“ არის რუსული კომპანია, მაგრამ რომც იყოს, მე სულ ფეხებზე მკიდია, ჩემი მისაღები უნდა მივიღო, რაც მეკუთვნის. თუ რუსი მოუსმენს, მითუმეტეს, უნდა გადაიხადოს და მტერს არ უნდა შევარჩინოთ არცერთი თეთრი.

 

რაც შეეხება ვიდეორგოლს, ჩემთვის არავის დაურეკავს და შემოუთავაზებია მონაწილეობის მიღება. რომც დაერეკათ, არ მივიღებდი. ეგღა მაკლია, ეგენი „გავაპიარო“, რომ თავისი საქმე კარგად აიწყონ და უფრო მეტი ჩაიჯიბონ ჯიბეშ.

- ახალ კომპანიასთან მიმართებაში რა მოლოდინები გაქვთ?

 

- ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. მე თუ ვერ მოვესწარი დალაგებულ და აშენებულ საავტორო უფლებების ასოციაციას იმედი მაქვს, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მაინც ექნებათ ის შემოსავალი,  რასაც წლების განმავლობაში მპარავდნენ.

 

 

big_banner
არქივი