logo_geo
ჭაბუკა ამირანაშვილი: ძაღლის თავის სად მარხია, მაინც ვერ გავიგებთ
- +

13 ივნისი. 2019. 17:27

 

საქსოფონისტ ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკა, უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს და ეს მის შემოსავალსაც ეტყობა... როგორც მუსიკოსი თვლის, მისი უფლებები დაცული უნდა იყოს და თავისი მუსიკის ბედსაც იმ კომპანიას ანდობს, რომელიც ამას გამჭვირვალედ და ხარისხიანად გააკეთებს... არაერთი კინომუსიკის ავტორის „დეპოზიტზე“ ისეთი მუსიკა დევს, როგორიც არის სუხიშვილების „ზეკარი“, „ჯუთა“ და კიდევ ბევრი... ჭაბუკა ამირანაშვილის აზრით, რომ ამის ფონზე მისი შემოსავალი გაცილებით მეტი უნდა იყოს, მაგრამ ...

 

ჭაბუკა ამირანაშვილი: საქართველოში საავტორო უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, მე ამას ჩემი გადმოსახედიდან ვიძახი, საავტორო უფლებების ასოციაციასთან ჩემი ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, 80-იანებიდან მოყოლებული მაქვს მათთან საქმიანი ურთიერთობა, მაშინ, როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი. არ ვარ ის ადამიანი, ვინმე ვლანძღო, ერთდერთი პრობლემა, რაც იყო კობალაძის კომპანიასთან, ის მქონდა, რომ ვერ ვიგებდი, როდის საიდან რას მირიცხავდნენ  და რატომ? თორემ თანხაზე მე პრობლემა არ მქონია, შეძლებისდაგვარად რასაც ახერხებდნენ, გვირიცხავდნენ, უბრალოდ, ყოველთვის მქონდა კითხვა ერთი და იმავე თანხასთან დაკავშირებით. მეკუთვნოდა თუ არ მეკუთვნოდა, მაინც მიხდიდნენ. ხომ არიან მუსიკოსები, შემსრულებლები, რომელსაც ან ჩემზე მეტი ეკუთვნით, ან ნაკლები? ხდება ისე, რომ ყოველ თვე რაღაც ფიქსირებული თანხა ირიცხება, არ მინდა, გენაცვალე, ნურც დამაკლებ და ნურც მომიმატებ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც იაპონიიდან, კანადიდან, ამერიკიდან ჩაირიცხა ფილმის ჰონორარი და ამის შესახებ გამაფრთხილეს.

 

მიუხედავად იმისა, კარგად ვიცი, მარტო „სუხიშვილების“ კონცერტების რაოდენობით, გაცილებით ბევრი მეკუთვნოდა, უკმაყოფილება თანხის გამო არ მქონია, პირიქით, მე მრცხვენია, რადგან შეიძლება, ვიღაცას აკლებდნენ და მე მირიცხავდნენ. სხვა როგორ უყურებს ამ ამბავს, არ ვიცი. პრინციპს ვერ მივხვდი, როგორ ნაწილდება თანხა. მე პიროვნულად არ მაქვს არავისთან პრეტენზია, უბრალოდ, მინდა, ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს, ნაკლები კითხვის ნიშნებით. მე მქონდა პრეტენზია, მაქვს და მექნება, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი.

 

-  „სუხიშვილებთან“ დაკავშირებით სცადეთ გარკვევა?

 

- ადრე მქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი შეიცვალა. გავჩერდი, პატივი ვეცი პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე მათ.

 

- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დალაგდეს ეს სიტუაცია ისე, რომ ავტორთა უფლებები იყოს დაცული?

 

- პირველ რიგში, ამას სჭირდება რეგულაცია და საქმის საფუძვლიანად და ხარისხიანად კეთება და არა ისე ზერელედ. არსებულმა კომპანიამ დაიწყო აპელირება რუსეთთან ურთიერთობებით, ოკუპაციით, რაც თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მტკივნეულია, მე რომ დამირეკეს და ვიდეორგოლში მონაწილეობა შემომთავაზეს, დავთანხმდი, რუსეთი, ოკუპაცია და მსგავსი თემები ჩვენ ყველას ძალიან გვტკივა და გვაწუხებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე და დავრჩი მოტყუებული, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, რომელმაც ეს ვიდეორგოლი ჩაწერა. საზღვარი შეიძლება არის ჩაკეტილი ჩემთვის ან კონკრეტული პიროვნებისთვის, მაგრამ მუსიკას არ სჭირდება საზღვრები, ჩვენი ნაწარმოებები სრულდება იქაც და ამას სჭირდება აღრიცხვა. შენ რომ ხელშეკრულებას წყვეტ ისეთ დიდ კომპანიასთან, როგორიც არის „РАО“. მე რას მეუბნები შემდეგ? მე, რომელსაც არანაირი სხვა შემოსავალი არ მაქვს, მუსიკა არის ჩემი ცხოვრების ნაწილიც და შემოსავალიც, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობ, ბიზნესი მე არ მაქვს და სხვა შემოსავალი და აბა რა ვქნა? ძალიან ცუდი მოსასმენია, რახან „РАО“-სთან აქვს ხელშეკრულება ახალ კომპანიას, ე.ი. ოკუპანტებს შეუერთდა და ცუდს აკეთებს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მუსიკისთვის  არ იკეტება  საზღვრები და სადაც ჩვენი ნაწარმოები გაჟღერდება, ოკუპანტი ქვეყანაც და მეგობარიც ვალდებულია, ჩარიცხოს ჩვენი კუთვნილი თანხა, მსგავსი მიდგომა კობალაძის მხრიდან სამარცხვინოა.

 

- ვიდეორგოლთან დაკავშირებით თქვით, რომ მოტყუებული აღმოჩნდით, რაში გამოიხატება ეს მოტყუება?

 

- როგორც ხდება ხოლმე, ოკუპაცია მომხვდა გულზე ძალიან, გავღიზიანდი, ჩავწერე და მერე გავერკვიე სიტუაციაში, ბოლომდე ინფორმირებული არ ვიყავი. ვიმეორებ - ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. მერიდება კიდეც ამ თემაზე საუბარი, მე ვენდე მათ, ისევე როგორც ვენდობოდი თანხის ჩარიცხვაში. როდესაც გავერკვიე სიტუაციაში ძალიან გულნატკენი  დავრჩი.

 

- მას შემდეგ დატოვეთ კობალაძის ორგანიზაცია?

 

- დიახ, ორგანიზაცია დავტოვე, დღეს ვარ ახალი კომპანია „GERA“-ს წევრი. მოხარული ვარ, რომ ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა და არსებობს ალტერნატივა, ჩვენ არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ მსგავსი ორგანიზაცია გვქონდეს ათი, მაგრამ ორს და სამს თავისუფლად ვიქონიებთ.

 

-  „GERA“-სთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ, გაამართლებს თქვენს იმედებს?

 

- როდესაც გავიარე კონსულტაციები, გადავხედე პირობებს, ჩემი მოთხოვნები დააკმაყოფილა ახალმა კომპანიამ, მივედი, გავწევრიანდი. შევხედავ სიტუაციას და მექნება საშუალება, გავაკეთო არჩევანი - სად მირჩევნია. ჩვეულებრივი პროცესია. თუ ეს კომპანიაც ვერ დააკმაყოფილებს იმ რაღაც ელემენტარულ მოთხოვნებს, რასაც ვითხოვთ, ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი, ევროპაშიც მაქვს კონტაქტები, ვიყავი მათი საავტოროს წევრიც და გავაგრძელებ ისევ მათთან.

 

მაგრამ მაინც მგონია, რომ გაამართლებენ, ახალი ცოცხის პრინციპია ხომ იცით, თავიდან კარგად გვის, მეტი შესაძლებლობები აქვთ, ასე მგონია. მთავარია, კარგად მიხედონ. თან აქვს რამდენიმე  კონტრაქტი ისეთ კომპანიასთან, რომელმაც მომხიბლა და დამაინტერესა. უმთავრესი რაც არის, ვიცი, გამჭვირვალე იქნება, შემეძლება, ვაკონტროლო თანხები. რაც უფრო ნაკლები კითხვის ნიშანია, გაცილებით უფრო კომფორტულია ურთიერთობა.

 

- თუ ყველა ნაწილობრივ მაინც არის კმაყოფილი ამ ახალი კომპანიის შემოსვლით, რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი?

 

 - ის აგრესია, რაც არსებულ კომპანიას ჰქონდა ალტერნატიულის შემოსვლასთან დაკავშირებით, მაეჭვებს. არ უნდა მოჰყოლოდა მსგავსი ამბავი. ეგ, იცით, რას ჰგავს? ვიღაცამ ჩემზე კარგი სიმღერა რომ დაწეროს, უნდა გავლანძღო? ან საერთოდ არ უნდა მივცე საშუალება, რომ დაწეროს? საბოლოოდ ძაღლის თავის სად მარხია, მაინც ვერ გავიგებთ და ეგ არის ჩვენი უბედურებაც, ერთმანეთს კარგის საქმის კეთებას არ ვაცდით.

 

 

 

 

big_banner
არქივი