logo_geo
„მავიწყდება, რომ ინდი აღარ არის და გაღვიძებისთანავე ავტომატურად მის ნომერს ვკრეფ...“
- +

16 ივნისი. 2019. 00:28

 

 

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ უამრავი ადამიანისთვის ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო – 13 ივნისამდე და მის შემდგომ.

 

 

იმ საბედისწერო დღემდე, როცა მდინარემ არტახები გაგლიჯა და თბილისის ცენტრში სიკვდილის კალო დაატრიალა, დები ინდირა და ლიზა ზარანდიები სხვა თანატოლებივით ცხოვრობდნენ. სწავლობდნენ, მუშაობდნენ, უყვარდათ და ბედნიერ მომავალზე ოცნებობდნენ.

 

„წვიმაა და ჯერ შინ ვერ მოვდივართ, როგორც კი ცოტას გადაიღებს, გამოვალთ, არ ინერვიულო...“ - ამ უკანასკნელი მესიჯით სცადა ინდირამ აფორიაქებული დედის დამშვიდება, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა, რადგან მდინარე ვერემ სახლისკენ მიმავალ დებს ყველა გზა გადაუკეტა.

 

„ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა, ალბათ, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზეადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე. ყოველდღე ცდილობდა, ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება. მოკლედ, ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად. ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად, მოსიარულე გვამი... მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს, შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი. მართალია, ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და, სულ რაღაც, წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე, თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა...“ – ასეთი სულისშემძვრელი სტატუსით დაემშვიდობა ირაკლი ჟორჟოლიანი facebook-ში აღმოჩენილ საყვარელ გოგონას.

 

მომხდარისა და განცდილის შემდეგ, ირაკლიმ გარესამყაროსთან კონტაქტი გაწყვიტა. არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და უარს ამბობდა მომხდარის გახსენებაზე, მაგრამ როცა დუმილმა ტკივილი უფრო აუტანელი გახადა, ინტერვიუზე დაგვთანხმდა..

 

 

ირაკლი ჟორჟოლიანი: ჩვენი შეხვედრა თითქოს ძალიან ბანალურად და ამავე დროს, ძალიან ორიგინალურად მოხდა. ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, facebook-ზე გავიცანით. ახლაც ის მაუსი მაქვს, რომელიც გაფუჭებულია და ხანდახან გორგოლაჭი ჭედავს. არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ინდირას გვერდზე და ამ დროს მაუსმა გამიჭედა.

 

რომ ამემუშავებინა, მაგიდაზე დავარტყი და არც მიმიქცევია ყურადღება, ისე გავუგზავნე ინდირას მეგობრობის თხოვნა. 15 წუთის შემდეგ მომივიდა დასტური. როგორც მერე გავიგე, თავისი კურსელი ვეგონე და რაღაც სტიკერი გამოგზავნა.

 

მე ვუთხარი, რომ სხვაში შევეშალე და ასე შევყევით საუბარს. ეს მოხდა 2014 წლის 18 მარტს.

 

– ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ინდირა ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო.

 

– ზუსტად ამით დამაინტერესა. საერთოდ, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი სოციალური ქსელით დაწყებულ ურთიერთობებს. Facebook-ს თითქმის არ ვიყენებ, არ ვპოსტავ და ა.შ. ამის გამო ხშირად მსაყვედურობდა, facebook საერთოდ რისთვის გაქვსო. არ ვარ სოციალურ ქსელზე დამოკიდებული და არც აქედან დაწყებული ურთიერთობების მჯეროდა. უბრალოდ, ინდირა იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა და იმდენად დამაინტერესა, რომ... ყველაფერი ჰქონდა...

 

– ერთად გატარებულ რომელიმე განსაკუთრებულ დღეს ხომ ვერ გაიხსენებდით.

– მასთან გატარებული ყველა დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. ვერც ერთს ვერ გამოვყოფ.

 

– როდის მიხვდით, რომ თქვენ შორის სერიოზული გრძნობა გაჩნდა?

 

– ჩვენ ერთად წელიწადი და სამი თვე ვიყავით. მანამდე არასოდეს მიფიქრია ოჯახის შექმნაზე, მაგრამ ჩვენი გაცნობიდან, დაახლოებით, 5-6 თვეში უკვე ვიცოდი, რომ ინდირა ჩემი მეორე ნახევარი იყო. ყველა ის თვისება, რაც მე უარყოფითი მაქვს, მასში დადებითი იყო და პირიქით, რაც მას უარყოფითი ჰქონდა, ალბათ, ჩემში იყო დადებითი. თითქოს ერთმანეთს ვავსებდით... ინდირას ნათესავებსა და მეგობრებსაც კარგად ვიცნობდი. ზაფხულში ყველამ ერთად დავისვენეთ ქობულეთში. მისი ნათესავები, მეგობრები და ჩემი მეგობრები ყველა ერთად ვიყავით ერთ დიდ სახლში.

 

– როგორც ვიცი, 13 ივნისსაც ერთად იყავით და ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე დასცილდით. იქნებ ერთად გატარებული ბოლო დღე გაიხსენოთ.

 

– იმ დღეს ყველაფერი მოვასწარით, რაც მონატრებული გვქონდა. წინა დღეს სამსახურში ღამის ცვლა ვიყავი და დილას გავთავისუფლდი. ინდი შუადღისას, 4 საათზე ამთავრებდა მუშაობას. სამსახურში მივაკითხე და რადგან დიდი ხანი არ ვყოფილვართ კინოში ერთად, იქიდანვე კინოში წავედით. ლიზის დაპატიჟებაც გვინდოდა, მაგრამ სამსახურში იყო. რომ დავურეკეთ, გვითხრა, საღამომდე არ მცალია, მაგრამ იქნებ მერე სადმე გავიდეთ, ძალიან მშიაო. გადავწყვიტეთ, რომ საღამოს ერთად გვევახშმა. ვიცოდით, რომ ლიზის ერთი ბიჭი მოსწონდა და მისი ჩვენთვის გაცნობა უნდოდა. საღამოს, როცა ლიზის დავურეკეთ, გვკითხა – მარტო წამოვიდე თუ სერგისთან ერთადო. მე და ინდირამ გადავწყვიტეთ, რომ ყველა შევკრებილიყავით და ის ახალგაზრდა გაგვეცნო. მარჯანიშვილზე სახინკლეში შევედით. მალე წვიმა დაიწყო და სერგის შეაგვიანდა. 11 საათი იქნებოდა, რომ მოვიდა და 12 საათზე სახინკლეში გვითხრეს, ვიკეტებითო. გარეთ რომ გამოვედით, უკვე ძლიერი წვიმას გადავლილი ჰქონდა და ქუჩაში წყალი აღარ იდგა. 24-საათიან სახინკლეში გადასვლა დავაპირეთ, მაგრამ ლიზიმ თქვა, წვიმას გადაღებული აქვს და ბარემ სახლებში წავიდეთო. იმ დღეს ბევრი რაღაც საბედისწეროდ დაემთხვა ერთმანეთს. ჯერ სახინკლე დაიკეტა, თორემ კიდევ ცოტა ხანს გავჩერდებოდით და უბედურებას ავცდებოდით. მერე მეტროთი წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ბოლოს სერგი ტაქსის გასაჩერებლად წავიდა. ინდირას, ლიზისა და სერგის ერთი გზა ჰქონდათ. ესენი დელისზე ცხოვრობდნენ, სერგი კი - ვაჟა-ფშაველაზე, ამიტომ ინდირას ვუთხარი, თქვენ ერთად წადით და მე სხვა ტაქსს გავაჩერებ-მეთქი. უკვე დავემშვიდობე კიდეც, რომ სერგიმ დამიძახა – ტაქსის მძღოლს მოველაპარაკე, ჯერ შენ დაგტოვებთ და ჩვენ მერე ავალთო. ხშირად ვფიქრობ, მე რომ სხვა ტაქსით წავსულიყავი, შეიძლება გაესწროთ. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაც დაემთხვა, რომ მაინცდამაინც იმ დროს და იმ ადგილას მოხვედრილიყვნენ.

 

– ერთმანეთს სად დასცილდით?

 

– ჩემს ქუჩაზე აღმართია, სადაც გზას აგებენ, ამიტომ ბოლომდე არ ავაყვანინე. ტაქსი გავუშვი და სახლისკენ გზას ფეხით ავუყევი. 1-ის ნახევარი იყო, რომ ინდირამ დამირეკა და მითხრა, სახლამდე რომ ახვალ, დამირეკეო. შენ სად ხარ-მეთქი და მე გმირთა მოედანზე ვარ, სახლში რომ მივალ, გაგაგებინებო. არ უთქვამს, დიდი წყალია და საფრთხე გვემუქრებაო. არაფერი ამდაგვარი. ნახევარ საათს ველოდე და რომ აღარ დამირეკა, მე გადავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შემდეგ ლიზის დავურეკე და მისი ტელეფონიც გათიშული იყო. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა და ინდირას მეზობლად მცხოვრებ ჩვენს საერთო მეგობარს დავურეკე, ვთხოვე, გადი და ნახე, თუ მოვიდნენ-მეთქი. ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა, სინათლე ჩამქრალი აქვთ და კარები დაკეტილი და, როგორც ჩანს, სძინავთო. დავმშვიდდი და ღამენათევს მალე ჩამეძინა.

 

დილის 6 საათიც არ იყო, როცა ტელეფონმა დამირეკა. მეგონა, ინდირა მირეკავდა, მაგრამ მისი ბიძაშვილის თამთას ხმა რომ გავიგე, მივხვდი, რაღაც ხდებოდა. თამთასგან გავიგე, რომ ინდი და მისი და იმ ღამით სახლში არ მისულან.

 

არ ვიცოდი, თუ გმირთა მოედანზე ეს უბედურება მოხდა და მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე. ტელევიზორში იმ გზას აჩვენებდნენ, სადაც, სავარაუდოდ, ინდირას ტაქსის უნდა გაევლო. მივხვდი, რომ რაღაც უბედურება ჩემს თავს და 112-ში გადავრეკე. ვკითხე, დაზარალებულები ან მსხვერპლი თუ იყო-მეთქი და მიპასუხეს, რომ დაზარალებულებიც იყვნენ და მსხვერპლიც იყოო. ამის შემდეგ ისევ თამთას დავურეკე და ვუთხარი, საავადმყოფოებში მოვძებნოთ-თქო. პოლიციაშიც განვაცხადე, რომ დაკარგული ადამიანები ბოლოს მე მყავდა ნანახი...

 

– როგორც ვიცი, ქორწილისთვის ფულს აგროვებდით?

 

– 500 ლარამდე შევაგროვეთ. ქორწილზე მეტად, თაფლობის თვისთვის ვაგროვებდით. ინდირას ოცნება იყო, თაფლობის თვე ეგვიპტეში გვქონოდა. მეუბნებოდა, ჯერ ჯვარი დავიწეროთ, მერე ეგვიპტეში წავიდეთ და კარგად რომ გავირუჯები, მერე თეთრი კაბა ძალიან მომიხდება და ქორწილიც გადავიხადოთო. საოცარი სიცოცხლის ნიჭი ჰქონდა. მის გარეშე დილა ვერ წარმომედგინა. მთელი ეს დრო ერთად ვიძინებდით და ერთად ვიღვიძებდით. ხშირად მავიწყდება, რომ ინდი აღარ არის და გაღვიძებისთანავე, ავტომატურად მის ნომერს ვკრეფ... როცა ინდირაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, მახსენდება საოცარი პოზიტივი, რაც მას ჰქონდა ყველაფრის მიმართ. საოცრად ჭკვიანი ადამიანი იყო. ყოველდღე მაკვირვებდა და ყოველთვის რაღაც ახალს ვპოულობდი მასში.

 

– ტკივილის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება და ახალ რეალობასთან შეგუება გიწევთ...

 

– რამდენიმე დღეა, სამსახურში გავედი, რომ ცოტა გული გადავაყოლო. ბევრჯერ მიფიქრია, თუ ასეთი რამ უნდა მომხდარიყო, იქნებ, სჯობდა, საერთოდ არ გამეცნო-მეთქი, მაგრამ ვხვდები, რომ ის წელიწადი და სამი თვე მირჩევნია მთელ დარჩენილ ცხოვრებას, რომელიც მის გარეშე უნდა გავატარო...

 

მე და ინდირა მაგისტრატურაში ჩაბარებას ვაპირებდით. გადავწყვიტე, რომ ეს მაინც გავაკეთო – თუნდაც ინდირას გამო...

 

22 წლის ინდირა და 25 წლის ლიზა ზარანდიები მშობლიური ხობის რაიონის სოფელ გურიფულში დაკრძალეს.

 

მათი თანამგზავრი, 27 წლის სერგი კაპანაძე და ტაქსის მძღოლი კი ამ დრომდე დაკარგულებად მიიჩნევიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი