logo_geo
მინიატურისტი მერი ჭიჭიაშვილ-სიყმაშვილი, რომლის ნამუშევრებსაც ყველა ერთნაირად მოჰყავს აღფრთოვანებაში
- +

25 ივნისი. 2019. 12:35

 

 

ქართველმა მინიატურისტმა მერი ჭიჭიაშვილ-სიყმაშვილმა, ხელნაკეთი მინიატურების კეთება დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ღრმა დეპრესიის დაძლევაში სწორედ ეს ხელსაქმე დაეხმარა მერის. ხელოვანის შემოქმედება ძირითადად, ქართულ, ნაციონალურ თემაზე შექმნილი ესკიზებითა და მინიატურებით გამოირჩევა. რამდენიმე თვეა რაც მერიმ მინიატურულ მუშაობას მიჰყო ხელი, თუმცა მის ნამუშევრებს ქართველებიც და უცხოელებიც ერთნაირად მოჰყავს აღფრთოვანებაში. „ნიუსვიკი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მერი ჭიჭიაშვილ-სიყმაშვილთან, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფება და თავის ნამუშევრებს, ინგლისელებსა და ქართველ ემიგრანტებს აცნობს.

 

- პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა ჰქვია თქვენს შემოქმედებას?

 

- ზოგადად ამ ყველაფერს ჰქვია მინიატურა, დიორამასაც ეძახიან, თუმცა ეს ცოტა სხვა არის, მე ეს ორი გავაერთიანე. მინიატურული, ისევე როგორც დიორამა ძირითადად კეთდება 1/12-ზე, არის მეტად პატარებიც, 1/24-ზე, ანუ აქ ნაგულისხმევია თვითონ ესკიზის ბუნებრივი მოცულობა, თუმცა, მე ძირითადად, მინიატურებს 1/10-ზე  ან 1/12-ზე ვაკეთებ.

 

- ვინმემ გასწავლათ ეს საქმე თუ სრულიად თქვენი იდეა და იმპროვიზაციაა?

 

- არავის არ უსწავლებია, არც ადრე მქონია ამასთან შეხება, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ადრე ვინმეს რომ ეთქვა ასეთი ციცქნა რაღაცების გაკეთებას დაიწყებო, არ დავიჯერებდი, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში მოხდა დიდი ცვლილება, ალბათ ამან იმოქმედა. დეპრესიაში ვიყავი, 2-3 თვე სახლიდან არ გამოვდიოდი. შინაგანად ძალიან ცუდად ვიყავი. ერთ დღეს როდესაც გავიღვიძე და დავიწყე გაკეთება, მას შემდეგ დღემდე ვაკეთებ. არ ვიცი საიდან, მაგრამ თავისით მოდის ეს ყველაფერი.

 

მაქვს მომენტი, როცა ვხედავ და ვგრძნობ რასაც ვაკეთებ... საოცარი შეგრძნებაა...

 

მე კონდიტერი ვარ და თავიდან როცა დავიწყე ფიგურების გაკეთება, გამოვიყენე ჯანჯაფილის ცომი და შაქარი. საშობაოდ გავაკეთე რამდენიმე სახლი, რასაც დიდი მოწონება მოჰყვა. შაქარი  მალევე შევცვალე თიხით, ახლა თიხის გარდა ვიყენებ ყველანაირ მასალას, მთავარია, ის ეფექტი მივიღო, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

 

 

- რამდენი წელია რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?

 

- 6 თვეა, რაც დავიწყე კეთება. თავიდან ალბათ დღეში 16 საათი ვიჯექი და ვაკეთებდი. ჩემი პატარა ოთახიდან არ გამოვდიოდი, ეს იყო ჩემი რელაქსი. ერთადერთი საქმე, რომელიც მამშვიდებდა. ვცდილობდი, მთელი ჩემი ემოცია, რასაც ვგრძნობდი, თითოეულ ნამუშევარში ჩამედო.

 

- რა იყო ინსპირაციის წყარო?

 

- დედა.... არ გავა წამი ისე, რომ დედაზე არ ვიფიქრო. ძერწვის დროს სულ მასთან ვარ, ვესაუბრები, დარწმუნებული ვარ, დედა ყველაფერს ხედავს და გრძნობს...

 

 

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა რაიმეს გაკეთება მინდა და არ მცოდნია, რა მასალები უნდა შემერია, რომ ეფექტური გამოსულიყო, არ დაიჯერებთ და დედის ხმა მკარნახობდა თითქოს, როგორ უნდა გამეკეთებინა. ვიწყებდი კეთებას და მერე უკვე თავად ვრჩებოდი შედეგით გაოცებული. ჩემთვის უცნაური კიდევ ის არის, რომ ადრე მიჭირდა ფერების დანახვა და ზუსტად დასმა, ახლა თითქოს თავად „მესაუბრებიან“. საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ყველაფერს გრძნობ.

 

- საინტერესოა, ქართული, ნაციონალური სუფრების და ზოგადად ქართული კულტურის წარმოჩენა ამ ფორმით, თუ ინტერესდებიან უცხოელები?

 

- უცხოეთში ჯერ არ გამიტანია ჩემი ნამუშევრები, თუმცა, რამდენიმე უცხოელმა შეიძინა მინიატურული ხინკლის შეხვევის პროცესი და ღვინის დაფის პატარა კომპოზიციები.

 

- ახლა სად მოღვაწეობთ და თუ გამოიწვია დიდი დაინტერესება თქვენმა საქმიანობამ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში და კონკრეტულად რომელ ქვეყნებში?

 

- დედის გარდაცვალების შემდეგ დავანებე სამსახურს თავი, ვმუშაობდი მთავარ კონდიტერად საკმაოდ წარმატებულ  რესტორნებში, ამჟამად ვარ სახლში.

 

ჩემი ნამუშევრების შესახებ საქართველოში მეტად იციან, და სხვადასხვა ქვეყნის ქართველმა ემიგრანტებმა. ხშირად მომდის ისეთი თბილი მესიჯები სულ უცხო ხალხისგან, რომ ემოციების გარეშე ვერ ვკითხულობ. მადლობელი ვარ მათი.  საოცარია, როცა ხალხს ასე უყვარხარ, მათი სიყვარული ძალასა და ენერგიას მაძლევს და მაბედნიერებს.

 

ასევე  მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს საელჩოს დიდ ბრიტანეთში.

 

- თუ იღებთ შეკვეთებს და თუ ყიდით პროდუქციას? ნებისმერ პირს შეუძლია ამ პროდუქტის ყიდვა?

 

- დიახ, ძირითადად ვმუშაობ შეკვეთებზე და ნებისმიერ  პირს ან კომპანიას შეუძლია ყიდვა. კომპოზიციას მათი სურვილის მიხედვით ვაწყობ.

 

 

- მუშაობის პროცესი როგორია, რა დრო გჭირდებათ თითოეული მინიატურის დასამზადებლად?

 

- მუშაობის პროცესი ძალზედ საინტერესოა. რაც მეტად ვმუშაობ, მით მეტ გამოცდილებას ვიძენ და ვეცნობი სხვადასხვა მასალებს. რა თქმა უნდა, მქონია შეცდომებიც და არ გამოსულა ის, რაც მდომებია, მაგრამ მაინც ბოლომდე მიმიყვანია საქმე. მიყვარს ექსპერიმენტების გაკეთება და ვცდილობ, ჩემით რაიმე ახალი ტექნიკა გამოვიმუშაო, რასაც უკვე მივაღწიე.

 

რაც უფრო დეტალურია დასამუშავებლად, მით მეტი დრო სჭირდება, პატარა ნივთებზე. მაგალითად, საკვებს ვამუშავებ ნემსის წვერით, აჩქარებაც არაა კარგი, ამიტომ დიდი დრო მიაქვს. როცა სამშენებლო მასალას ვიყენებ, ამასაც თავისი დრო უნდა - გაშრობა, შეღებვა, ეფექტის მისაღებად კი დამატებითი დამუშავება სჭირდება.  გააჩნია, რა მოცულობისაა მინიატურა. ყველაზე ცოტა 3-4 დღე სჭირდება დამზადებას, ესეც იმ შემთხვევაში, თუ დღეში 12 საათი ვიმუშავე.

 

 

- ახლა რომელ ესკიზზე მუშაობთ?

 

- ახლა ჩაფიქრებული მაქვს ერთი ესკიზი, არ მინდა, წინასწარ ვთქვა, ჯერ ვემზადები და  ვნახოთ, რა გამოვა.

 

- რა გეგმები გაქვთ, თუ აპირებთ გამოფენის მოწყობას საქართველოსა და უცხოეთში?

 

- ამასთან დაკავშირებით, ჩვენი საელჩო დიდ ბრიტანეთში ყველანაირად მიჭერს მხარს და ახლო მომავალში შეიძლება გამოფენაც გავაკეთოთ ინგლისში, თუმცა, საქართველოდან იმდენი მსურველია, ჩემს გამოფენას  დაესწროს, რომ გავაკეთებ გამოფენას, ოღონდ, ამისთვის ცოტა დრო კიდევ მჭირდება.

 

 

ავტორი: ბაჩო ტურაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი