logo_geo
ბლიც-ინტერვიუ გენრი დოლიძესთან
- +

29 ივნისი. 2019. 01:24

 

დავიბადე — და კომუნისტური წყობა დაემხო.

გახლავართ — ქართველი მწერალი.

ვცხოვრობ — ბათუმში.

ვწერ — ლექსებს, პიესებს, სცენარებს...

მიყვარს — მოგზაურობა/სეირნობა/ საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვეჭვიანობ — როდესაც მეუღლე სხვის ლექსებს მიკითხავს ზეპირად (სხვა ავტორთა პოეზია ჩემი ექსკლუზივია ოჯახში).

ვპატიობ — როცა ითხოვენ პატიებას.

ვგრძნობ — ბევრს ვუყვარვარ.

მეშინია — არ გავუცრუო მათ იმედები.

არ შემიძლია — არადელიკატურ გარემოში ლექსის წაკითხვა.

გული მიჩუყდება — ამ ბოლოს ხშირად.

ვკითხულობ — ამ მომენტისათვის დავით წერედიანის ჩანაწერებს - „თემა და ვარიაციები“.

ვეძებ — 2014 წელს, რემონტის დროს, გაბნეულ ორ გამოუქვეყნებელ ლექსს დაკარგული შვილებივით ვეძებ და განვიცდი.

ვბრაზდები — პოლიტიკოსთა უტიფრობაზე.

ვიმახსოვრებ — გაკეთებულ სიკეთეს (წყენა თავისით გამახსოვრდება)

ვიცინი — გურული ვარ, შესაბამისად ვაფასებს კარგ იუმორს.

ვინახავ — წერილებს. ნაჩუქარ ნივთებს. კალმებს.

მწამს — რომ ჩვენს ქვეყანას მართლა აქვს დიდი და კარგი მომავალი.

მსიამოვნებს — როდესაც სადმე უცხო გარემოში ჩემს სტრიქონს შემომაგებებს მკითხველი.

ვივიწყებ — პატარა წყენებს.

მესიზმრება — ხშირად - გარდაცვლილი ბაბუდა და სოფელი.

ვეხმარები — ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს როცა შემიძლია ვინმეს რამით გამოვადგე.

ვუსმენ — საგნების შინაგან ხმებს.

ჰობი — გიდად გაყოლა უცხოელ ტურისტებზე.

ვფიქრობ — სულ ვფიქრობ და ყველაფერზე ვფიქრობ.

ვნანობ — ძილში გაფლანგულ დროს.

მანაღვლებს — ჩემი ქალაქის არასწორი ურბანული განვითარება.

მენატრება — სტუდენტობა.

სამშობლო — არის ჯერარსული მოვლენა, რომელიც იდეალური მხოლოდ ჩვენს წარმოდგენებშია და ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორიცაა.

რჩევა ავტორებს — (ჩემი თავის ჩათვლით ) მეტი კითხვა, ნაკლები წერა

big_banner
არქივი