logo_geo
გიორგი მაზნიაშვილის გახსენება - ინტერვიუ გენერლის ნათლულთან
- +

30 ივნისი. 2019. 18:32

 

გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ 1990 წლის 23 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ბატონ ელიზბარ მაისურაძესთან, რომელიც პირადად იცნობდა გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს. ინტერვიუ ქვეყნდება მცირე შემოკლებით.

 

- ბატონო ელიზბარ თქვენთან საუბრის ძირითადი მიზანი ისაა, რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირადად იცნობდით გიორგი მაზნიაშვილს.

 

- დიახ, ჩემი ნათლია გახლდათ. ამასთან, კარის მეზობელიც სოფელ სასირეთში. ეს სოფელი, მოგეხსენებათ, კასპის მახლობლადაა, მდინარე თეძმის პირას, გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების ბოლო წლებმა ჩემს თვალწინ გაიარა.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაჰყვა გიორგი მაზნიაშვილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ემიგრაციაში. ნუთუ არ იცოდა, აქ რა მოელოდა?

 

- ძალიან კარგად რომ იცოდა, რაც მოელოდა, სწორედ ესაა მისი დიდი მამულიშვილობის გამომხატველი, გაქცევა არც უფიქრია, დარჩა იმიტომ, რომ სამშობლოს უჭირდა. მიტაცებული მიწა გამოხსნას მოითხოვდა... მერე გვიანღა იქნებოდა თითზე კბენანი.

 

- ამ ოცდაათი წლის წინათ ჟურნალ „მნათობის“ ფურცლებზე გამოქვეყნებული ერთი წერილი, რომლის ავტორიც, სერგო ქავთარაძე, წერდა: გენერალ მაზნიაშვილს ცოლ-შვილი გახიზნული ჰყავდა ზღვისპირეთში და საზღვარგარეთ გასაქცევად ემზადებოდაო... მე ვიხმე და შევთავაზე, თავი მოეყარა დაშლილი ქართული ლაშქრისათვის და აჭარა გამოეხსნაო. მან უარი მითხრა, ვერ შევძლებო. მაშინ მე მკაცრად ვუბრძანე, კიდევ ეფიქრა და დილისათვის მოეხსენებინა პასუხი. მეორე დღეს იგი დამთანხმდა, არ ვიცი, შეეშინდა თუ, უბრალოდ, ჩემმა თხოვნამ გაჭრაო...

 

- ეგ წერილი რომ გამოქვეყნდა, მეორე თუ მესამე დღეს მაზნიაშვილის ქალიშვილი, ანეტა, აღშფოთებული მოვიდა ჩემთან და მითხრა: ნახე, რას წერენ, თითქოს ჩვენ გახიზნულები ვიყავით ზღვისპირეთში და დღე-დღეზე ველოდით საზღვარგარეთ გაქცევას... სინამდვილეში ფეხი არ მოგვიცვლია თბილისიდან, რადგან მამაჩემს ასეთი რამ არც უფიქრიაო. ანეტა რომ ცამდე იყო, ამის დასტურად ერთ ფაქტსაც გავიხსენებ: იმხანად მაზნიაშვილის სახლ-კარი სოფლად, მთელი მისი მამული და ქონება დედაჩემს ჰქონდა ჩაბარებული. უკან დახევისას მაზნიაშვილს ჯავშნიანი მატარებელი გაეჩერებინა გრაკლის სადგურზე, ორი ჩვენებური გლეხი მოენახა და დაებარებინა: ვარას (ანუ დედაჩემს) უთხარით, არსად გამქცევი არა ვარ, სახლს მიმიხედოს მალე დავბრუნდებიო.

 

ის გლეხები სულმოკლენი აღმოჩნდნენ. დედაჩემს ამბავი მოუტანეს: მაზნიაშვილი ვნახეთ, გარბოდა და შემოგვითვალა, საზღვარგარეთ მივდივარ სამუდამოდ და ჩემი ქონება უბანმა გაიყოს, ქვევრებში რომ ღვინო მისხია, ის კი სოფელმა დალიოსო.

 

დედაჩემმა არ დაანება გასაღებები, მაგრად დაუდგა ამ სულმოკლე გლეხებს და გენერალს სახლ-კარი ხელუხლებლად დაახვედრა.

 

დავუბუნდეთ კვლავ სერგო ქავთარაძის წერილს. გასაგებია, რისთვისაც დასჭირდა მას სინამდვილის გადასხვაფერება: რათა გიორგი მაზნიაშვილის ეს დიდი დამსახურება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც თავისთვის მიეწერა.

 

რაც შეეხება შიშს, უბრალოდ სასაცილოა, გიორგი მაზნიაშვილს ასეთი რამ დასწამო. მის მამაცობასა და ვაჟკაცობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მათ შორის, ჩვენი სახელოვანი მწერლებიც - გერონტი ქიქოძე, პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია... გერონტი ქიქოძეს ჩემთვის უამბნია, გაცხარებული სროლისას, როცა ყველა სანგრებში იყო ჩაწოლილი, გიორგი მაზნიაშვილი სანგრის პირას დაიარებოდა და ბრძოლას ასე ხელმძღვანელობდაო...

 

- თქვენ ახსენეთ რამდენიმე მწერალი, რომელთაც პირადი ურთიერთობა ჰქონდათ გენერალ მაზნიაშვილთან. ცნობილია ისიც, რომ გენერალი მეგობრობდა მიხეილ ჯავახიშვილთან. ეს, ალბათ, არც უნდა იყოს შემთხვევითი, რადგანაც „მოგონებათა“ წაკითხვა გვარწმუნებს, რომ მათი ავტორი არამარტო მხედართმთავარი ყოფილა, არამედ მწერლური უნარით დაჯილდოებული პიროვნებაც.

 

- დიახ, ზემოხსენებულ მწერალთა გარდა იგი ახლოს იცნობდა პაოლო იაშვილსაც, ტიციან ტაბიძესაც, ნიკოლო მიწიშვილსაც... „მოგონებებიდან“ გეხსომებათ, თბილისში მეთერთმეტე არმიის შემოსვლა რომ არის მოსალოდნელი და ქალაქი იცლება, გიორგი მაზნიაშვილმა მოუწოდა პაოლოსა და ტიციანს, ყველა რომ საზღვარგარეთ გაიქცეს, აქ ვინღა უნდა დარჩეს, თქვენი წასვლა არაფრით არ შეიძლება, აქ უნდა იყოთ და ყველაფერი იღონოთ იმისათვის, რომ თბილისი დარბევას გადაურჩესო.

 

მაზნიაშვილის ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, აგრეთვე, ოვანეს თუმანიანი, რომელიც მის მეუღლეს დეიდაშვილად ერგებოდა. მაგრამ მწერლებიდან ყველაზე უფრო მაინც მიხეილ ჯავახიშვილთან მეგობრობდა. ამიტომაც იყო, რომ თავისი ნათლული, სრულიად ახალგაზრდა მწერალი გიორგი შატბერაშვილი მიხეილს წარუდგინა და სთხოვა, მის ნაწერებს გასცნობოდა...

 

- ახლა კიდევ ერთი შეკითხვა: როგორი გარეგნობის კაცი იყო გენერალი და როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა პირადი ურთიერთობისას?

 

- მაზნიაშვილი იყო საშუალოზე ცოტა უფრო დაბალი, ჯმუხი, შავგვრემანი, შავთვალწარბა, მოხდენილი სახისა, ძლიერი, ვაჟკაცური გამოხედვა ჰქონდა. ურთიერთობისას ძალიან თბილი იყო, უშუალო ... ადამიანი იოლად დაუახლოვდებოდა. როგორც მოგახსენეთ, რუსეთ-იაპონიის ომში გახლდათ დაჭრილი და მარცხენა ხელი გაფუჭებული ჰქონდა, იდაყვში ვერ ხრიდა, თითებს ვერ ამოძრავებდა, გაფშეკილი ეჭირა. ეტყობა, ფეხშიც იყო დაჭრილი, მუდმივად ჯოხით დადიოდა... მეტად გამჭრიახი გონება ჰქონდა, ნაკითხი იყო, კარგი მოქართულე. ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი აღთქმა. საუბრისას ხშირად იმოწმებდა საღვთო წიგნებს. ხშირად მომისმენია მისგან: კომუნისტური პარტიის პროგრამა და წესდება ქრისტეს მოძღვრებიდან არის გადმოღებულიო. მაშინ ასეთი რამის თქმა სახიფათო იყო, მაგრამ იგი თავისუფლად მოაზროვნე კაცი გახლდათ და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა.

 

- თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ღრმად მორწმუნე ყოფილა.

 

- დიახ, ღრმად მორწმუნე გახლდათ. ჩვენს სოფელში, იმხანად, წმინდა გიორგის ეკლესია დანგრეული იყო. ხალხი მის ნანგრევებზე ანთებდა სანთლებს და ლოცულობდა. მაზნიაშვილმა ნანგრევებზე მშვენიერი ახალი ეკლესია ააგო, თბილისიდან მხატვრები ჩამოიყვანა და უნიკალური ფრესკებით მოახატვინა. ჯვარს მეზობელი სოფლებიდანაც აქ იწერდნენ. მისი მეუღლისაგან მსმენია: იაპონიის ომში, ბრძოლის წინ, წმინდა გიორგი გამოცხადებია და ეკლესია მისი შთაგონებით ააშენაო. კარგად მახსოვს 23 აპრილს (ძველის სტილით, ახლით: 6 მაისს), მაზნიაშვილი საღვთოს ჰკლავდა, დიდ ქეიფს იხდიდა ღამისთევით და მთელ სოფელს პატიჟებდა.

 

- შეუძლებელია, ასეთ კაცს სხვა ქველმოქმედებანიც არ გამოეჩინოს.

 

- გარდა ეკლესიისა, მართლაც არაერთი კარგი რამ გაუკეთა სოფელს. იმხანად კასპის რაიონში ოთხ-ხუთ სოფელს თუ ექნებოდა დაწყებითი ოთხკლასიანი სკოლა. მაზნიაშვილმა გადაწყვიტა, სასირეთში აეშენებინა სკოლა. მოუყარა თავი გლეხობას და მიმართა: თეძმის რიყეზე სამშენებლო ქვა ბევრია, ურმები ყველას გაქვთ, ნაკვეთს მე გამოვნახავ, თქვენ ქვა მომიზიდეთ და აშენება ჩემზე იყოსო.

 

ამ სიტყვებს ხალხი სიხარულით შეხვედრია, მაგრამ ზოგიერთებს, ვისაც სრულიად არ ესმოდათ სწავლა-განათლების ფასი, არ ეჭაშნიკათ. ერთი ლანძღვასაც არ მორიდებია. მიუტანეს ეს ამბავი გენერალს: რას ეწვალები, რომ ეწვალები, ვინ დაგიფასებს, დახე, ესა და ეს კაცი შენზე რას ამბობსო. „უარესის ღირსები ვართო“ მიუგია გენერალს, „ეგ სკოლა უფრო ადრე რომ აგვეშენებინა და მაგისთვისაც გვესწავლებინა, ასეთ რამეს ხომ აღარ იტყოდაო“. მაზნიაშვილის აშენებულ სკოლაში ხუთი სოფლის ახალგაზრდობა სწავლობდა: სასირეთის, ბარნაბიანთკარის, ზემო ხანდაკის, გრაკლისა და ყარაღაჯის.

 

მაზნიაშვილის დამსახურებაა, დღეს ჩვენს უბანში წყარო რომ გვაქვს. წყარო კი იყო, მაგრამ ძალიან მოშორებით და ხალხი ვერ იყენებდა. მაზნიაშვილმა საიდანღაც ჩამოიტანა რკინის მილები, რაც მაშინ არ იშოვებოდა და წყარო შუა უბანში ამოიყვანა.

 

ერთი დიდი პრობლემაც მოუგვარა სოფელს. მტკვარი ჩვენი სოფლის მინდვრებს შუა ჰყოფს და ხალხს ფონით უხდებოდა გაღმა გასვლა-გამოსვლა, რაც საფრთხილო იყო, განსაკუთრებით გაზაფხულობით და შემოდგომობით, წყალი რომ მოდიდდებოდა ხოლმე. საჭირო იყო ბორნის გაკეთება. მაზნიაშვილმა ეს საქმეც ითავა. ბორნის ჯაჭვი იშოვნა და ხალხს დიდი ხნის ოცნება შეუსრულა. ერთი სიტყვით, გიორგი მაზნიაშვილი გაჭირვების ტალკვესი გახლდათ. თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, ყველა მას მიმართავდა. არ შემიძლია, ესეც არ გავიხსენო: გორიდან ებრაელები რომ ჩამოვიდოდნენ სავაჭროდ და ბოღჩას გააფარჩავებდნენ, მთელი ჩვენი უბნის გასათხოვარი გოგოები გარშემო შემოეხვეოდნენ ხოლმე. მაზნიაშვილი თუ იქ შეესწრებოდა, დიდ გულმოწყალებას იჩენდა: ყველას რაღაცით დაასაჩუქრებდა. არც ბავშვებს გვივიწყებდა. ერთხელ ებრაელებმა საბავშვო დოლები ჩამოიტანეს. ვინც კი შეესწრო, ყველას სათითაოდ გვიყიდა და ჩამოგვირიგა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მთელი უბანი დოლის ბრახუნით ავიკელით.

 

- ამისთანა კაცი, წესით სოფელს ძალიან უნდა ჰყვარებოდა.

 

- უყვარდათ კიდეც. მისთვის ყველა სახლის კარი ღია იყო. ერთხანს ცხოვრება გაუჭირდა და იძულებული გახდა სახლ-კარი და მამული დაეგირავებინა. სოფელმა რომ ეს ამბავი შეიტყო, ძალიან შეწუხდნენ, შემოეხვივნენ გენერალს და უთხრეს: რატომ დააგირავე ადგილ-მამული, გეთქვა ჩვენთვის და მხარში ამოგიდგებოდით, ამხელა ამაგი მიგიძღვის ჩვენზე და ნუთუ ერთ კაცს ვეღარ შეგინახავდითო.

 

მაზნიაშვილმა უარი თქვა დახმარებაზე, მეტად თავმოყვარე კაცი იყო, ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, თუ ის ლუკმა თავისი ალალი შრომით არ ექნებოდა მონაგარი. ჩემს ნათქვამს ადასტურებს ერთი ფაქტიც მისი მემუარებიდან: სამშობლოდან გაძევებული, უფლებააყრილი და უსახსროდ დარჩენილი გენერალი სპარსეთში გაემგზავრა მრეწველ ხოშტარიასთან, რათა მასთან ნავთობის სარეწებზე მოწყობილიყო და როგორმე გაეთრია მისჯილი ხუთი წელი. მაგრამ იმედი არ გაუმართლდა. სპარსეთში გაფიცვები მძვინვარებდა და ნავთობის სარეწებზე ყოველგვარი მუშაობა შეჩერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხოშტარიამ სთხოვა დარჩენა, გენერალმა იუკადრისა სხვის კმაყოფაზე ცხოვრება და პარიზში გაემგზავრა.

 

- როგორ მოექცნენ და საერთოდ, რას საქმიანობდა იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ?

 

- ემიგრაციიდან დაბრუნების მერე დააპატიმრეს და ორი წელი ჩეკას სატუსაღოში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ აღარსად უმუშავია. პენსია ჰქონდა დანიშნული. ზამთრობით თბილისში ცხოვრობდა, ზაფხულობით - სოფლად. თბილისში სამოთახიანი ბინა ჰქონდა მერკვილაძის ქუჩაზე, წინ დიდი აივანი ერტყა. მისი დაპატიმრებისას ცოლ-შვილი ერთ ოთახში შეყარეს, ორი ოთახი ჩამოართვეს და სხვა შეასახლეს. სოფლად უკეთესი სახლი ედგა, ისეთი, გენერალს რომ შეეფერებოდა. ცხადია, თავისი აშენებული. სახლს გვერდით დიდი ბაღი ერტყა, იქ ყველანაირი ჯიშის ხეხილი ხარობდა. ვენახი კი მოშორებით ჰქონდა... მახსოვს, მთელი ჩვენი უბანი ეხმარებოდა ხოლმე ყურძნის მოკრეფაში.

 

გენერალს ძლიერ უყვარდა თავისი მამული და კარგადაც უვლიდა. ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ძირითადად სოფელი ფუსფუსებდა. უყვარდა გლეხებთან ტრიალი, საუბარი, მათთან პურის ჭამა. დილით ერთი-ორი ჭიქა არაყი მაინც უნდა გადაეკრა ბიძაჩემ დათასთან ერთად. დროდადრო ღვინის დალევაც სიამოვნებდა, მაგრამ მთვრალი არასოდეს მინახავს.

 

- თავის ყოფილ თანამებრძოლებთან თუ ჰქონდა ურთიერთობა?

 

- მისი ხშირი სტუმარი იყო ელიზბარ შერვაშიძე, მაზნიაშვილის არმიის მამაცი ოფიცერი, სომხეთ-საქართველოს ომის მონაწილე: აგერ, ახლა მომახსენეს, რომ ელიზბარ შერვაშიძის ათასეულმა შულავერის მაღლობი დაიკავაო.- წერს გენერალი თავის მოგონებებში.

ელიზბარ შერვაშიძეც სასირეთიდან იყო, წარმოშობით თავადი, იშვიათი ღირსების პიროვნება, გარეგნობითაც წარმოსადეგი გახლდათ, ახოვანი, მიმზიდველი. მათი სასახლე და კოშკი დღესაც დგას სასირეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, შერვაშიძეებს აღარ ეკუთვნით.

 

ელიზბარი და გიორგი საათობით ისხდნენ ხოლმე ღია აივანზე და საუბარში გართულნი დინჯად შეექცეოდნენ ყავას ან ჩაის. ალბათ, გარდასულ ბრძოლებს იგონებდნენ, სომხეთის ფრონტს, ტაბახმელასა თუ კოჯრის სისხლიან ტრაგედიას, საქართველოს მწარე ბედზე ჩაფიქრებულნი ერთმანეთს უქარვებდნენ ნაღველს.

 

- რა ბედი ეწია ელიზბარ შერვაშიძეს?

 

- იგივე რაც გიორგი მაზნიაშვილს.

 

- გიორგი მაზნიაშვილი 37-ში დახვრიტეს, არა?

 

- დიახ. მაშინ 67 წლისა იქნებოდა.

 

- სოფლიდან წაიყვანეს თუ ქალაქიდან?

 

- სოფლიდან. მთელი ზაფხული სოფლიდან ფეხი არ მოუცვლია, გაზეთებსაც აღარ კითხულობდა, რათა არ მოესმინა ის შემზარავი ამბები, რაც ქვეყნად მძვინვარებდა. მაგრამ 37 რისი 37 იქნებოდა, მაზნიაშვილი სათვალავიდან გამორჩენოდათ?

 

სექტემბერი იდგა, შაბათი დღე (რიცხვი არ მახსოვს). თბილისიდან სოფელში მივემგზავრებოდი გორის მატარებლით. როგორც კი ჩვენი ვაგონი გრაკლის სადგურს გაუსწორდა, ბაქანზე უეცრად თვალი მოვკარი გენერალ მაზნიაშვილს, თავი დაბლა ჩაეკიდა და მწარედ ჩაფიქრებული მძიმედ მოდიოდა. იქვე ახლოს ორი ჩეკისტი ტრიალებდა. მაშინვე მივხვდი, რაც მომხდარიყო. მატარებლის გაჩერებას აღარ დაველოდე, კიბიდან ჩამოვხტი და გულაძგერებული მასთან მივიჭერი.

 

- ნათლი, ეს რა ამბავია თქვენს თავს, ნათლი? - შევძახე ხმის კანკალით.

 

- დამიჭირეს შვილო!

კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამ დროს ისეთი ძალით მომხვდა უკნიდან წიხლი, რომ კინაღამ ასფალტზე წავიქეცი. ეს ჩეკისტის წიხლი იყო „აუსვი ახლა აქედან, თორემ მაგ შენს ნათლიას თან მიგაყოლებ!" დამჩხავლა თვალების ბრიალით.

 

განზე დავდექი, ხალხს ამოვეფარე და იქედან დავიწყე მზერა. იგი კვლავ ჩვეული სიდინჯით სცემდა ბოლთას ბაქანზე.

 

რატომღაც მეგონა, სახალხო მატარებლით წაიყვანდნენ, მაგრამ ერთი საათის მერე საბარგო მატარებელში აიყვანეს და გაუყენეს იმ გზას, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

 

შინ რომ ავედი, მთელი ჩვენი უბანი აფორიაქებული დამხვდა, დედა ნამტირალევი იყო, ბიძაჩემს დანა პირს არ უხსნიდა.

 

- რა ბედი ეწია მის ოჯახს გენერლის დახვრეტის მერე?

 

- გიორგი მაზნიაშვილს სამი შვილი ჰყავდა, ერთი ქალი და ორი ვაჟი: ანეტა, ივანე და ბორისი. გენერლის დაჭერის შემდეგ მალე ვანოც დააპატიმრეს. როგორც მოგვიანებიტ შევიტყვე ბორისისაგან, საღამოს რომ წაუყვანიათ სახლიდან, ალიონზე უკვე დახვრეტილი იყო. ბორისს შინ რაღა გააჩერებდა, ბაქოში გადაიხვეწა, იქაური სომხის ქალი შეირთო და იქ დაემკვიდრა.

 

1980 წელს ბორისმა მწერალთა კავშირში მომაკითხა. თბილად შევხვდით. მითხრა: შემძულდა სამშობლოს გარეთ იძულებით ცხოვრება, ცოლს გავეყარე და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, იქნებ დამეხმარო მამისეული სახლის აღდგენაში, ჩამორთმეული ოთახები როგორმე დავიბრუნოო. მე მაშინვე იოსებ ნონეშვილთან შევიყვანე და მისი გულისხმიერი დახმარებით ერთ თვეში გენერალ მაზნიაშვილის ძველი ბინა მის მემკვიდრეებს დაუბრუნდათ.

 

- ეს ძალიან კარგი, მაგრამ ისიც საჭიროა, რომ სასირეთში, გენერლის ყოფილ სახლში, მუზეუმი გაიხსნას... და საერთოდ, მის სასახელო საქმეთა პირუთვნელი შეფასებით და საქართველოს ისტორიაში მისი ღირსეული ადგილის განსაზღვრით შესაფერისი პატივი მივაგოთ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას...

 

- და მის თავგანწირულ მოღვაწეობას საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ეროვნული მეობის გადასარჩენად, რისთვისაც დღეს ასე იბრძვის ქართველობა.

 

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ტექსტი გააციფრულა გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონის წევრმა ალექს რუსაძემ.

 

 

გენერლის ერთ-ერთი ბოლო ფოტო

 

 

 

 

მაზნიაშვილი შვილებთან ერთად

 

 

 

 

 

 

წყარო: https://paatagigauri.blogspot.com/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი