logo_geo
როგორ გაუყიდა მეუფე პეტრემ (პაატა ცაავა) მეგობარს სახლი მოტყუებით და როგორ დატოვა ღია ცისქვეშ?!
- +

15 თებერვალი. 2017. 17:48



ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი 24-წლიან დუმილს არღვევს და „ალიას" სკანდალურ ისტორიას უყვება.


„ყოველკვირეულ ალიაში" გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით - „ჭყონდიდის ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს ძალადობაში ამხელენ... რატომ გაითქვა მეუფემ სახელი, როგორც „დონ პეტრემ", რატომ ეშინია მარტვილის მოსახლეობას მისი?!"


მარტვილის მოსახლეობა შველას ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი საპატრიარქო მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიას არ ჩამოაცილებს!!! ამ მასალას მოჰყვა ძალიან მძაფრი რეაქცია. ჩვენს რედაქციაში არ წყდება ზარები, სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. მეუფე პეტრეს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და განაწყენებული ხალხი ჰყავს. მეორე უკიდურესობა კი ისაა, რომ მარტვილის ეპარქიამ გადაწყვიტა არაქრისტიანული მეთოდებით იბრძოლოს ჩვენს წინააღმდეგ.


მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ შევეცადეთ, დაგვეცვა ჟურნალისტური ეთიკა და ვყოფილიყავით ობიექტურები, მეუფე პეტრეს ვთხოვეთ ინტერვიუ, ასევე გავუგზავნეთ კითხვები, რაზეც უარი განაცხადა და იღუმენია გამყრელიძის საშუალებით შემოგვითვალა, რომ ის ცილისწამებას მდუმარებით ხვდება...


მეუფე პეტრეს მიმართ კონკრეტული ადამიანები გამოთქვამენ საკუთარ გულისტკივილს. როგორც ჩანს, ისინი იძულებული გახდნენ, ემხილათ საეკლესიო პირი, ქრისტიანი არის მიმტევებელი და ყოველთვის ერიდება სასულიერო პირის მხილებას, მაგრამ რას ვიღებთ საპასუხოდ ჭყონდიდის ეპარქიისგან, რაში გამოიხატება მეუფის მდუმარება?


კვანძი უცნაურად იხსნება. იღუმენია გამყრელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:


„მეცოდება ყველა ჟურნალისტი, რომელიც მზად არის, 30 ვერცხლის საფასურად დაწეროს და გაავრცელოს ცილისმწამებლური შეკვეთილი წერილები..."


„ალიაში" გამოქვეყნებული წერილის სულისჩამდგმელ გიორგი ანდრიაძეს და შორენა თეთრუაშვილს ქრისტესმიერი სიყვარულით შევახსენებ, რომ უფალი მეფობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ჭეშმარიტების დამცველ მღვდელმთავრებს!.. და ვურჩევ, აღიარებითა და სინანულის გზით გადაირჩინონ საკუთარი სული... რამდენიმე ხნის წინ ჩვენთან პირად საუბარში ასეთი ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებით იმუქრებოდა გიორგი ანდრიაძე, თუ მის მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებდით. ასე რომ, ამ ორი პერსონის დაცვით თავს ნუ შეიწუხებს ზოგიერთი მათი დამცველი. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ანდრიაძე, შორენას მარჯვენა ხელია, თუ პირიქით შორენა - გიორგისი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, როცა მათთვის ეკლესია და სამშობლო მხოლოდ ფულით და ძალაუფლების განისაზღვრება. პირადადაც მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს ორი პერსონა არის ჩემი ქვეყნისა და ჩემი ეკლესიის მტერი, შორენას მორჩილება არ არის ჩემი საყვარელი სულგრძელი პატრიარქის მორჩილება..."


ძვირფასო მკითხველო, როგორც ხედავთ, აქ ვითარება იმაზე დრამატიზებულია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.


შორენა თეთრუაშვილი გახლავთ პატრიარქის პირადი მდივანი, რომელსაც იღუმენია დედა თამარი (გამყრელიძე) მოიხსენიებს ეკლესიის მტრად... ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჭყონდიდის ეპარქია პატრიარქს ებრძვის.


დედა თამარს კი ქრისტესმიერი სიყვარულით შევახსენებ, ნუ იდარდებს ჩემზე და ნუ შევეცოდები, ვინ იყიდება 30 ვერცხლად და ვინ აქვეყნებს ცილისმწამებლურ შეკვეთილ წერილებს, ეს უფალმა უკეთ უწყის, ხოლო ჩვენი მხრიდან, შევეცდებით ამის დამტკიცებას და ვიმედოვნებთ, რომ უფალი შეგვეწევა, ვამხილოთ ფარისევლები...


ამ ნომერში „ალია" აპირებდა, გამოექვეყნებინა დოკუმენტები და ინტერვიუები იმ ადამიანებთან, ვისაც მეუფე პეტრემ მიწის ნაკვეთები დაათმობინა. ამ ადამიანებმა სამართალს ვერ მიაგნეს. ჭყონდიდის ეპარქიამ რომ არ იფიქროს, რომ მიკერძოებულად მხოლოდ მარტვილის მრევლის პრეტენზიებით დავინტერესდით, დროებით ვაჩერებთ ამ მასალას იმ იმედით, რომ მეუფე პეტრე ინტერვიუს მოგვცემს. ახლა გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტთან ილია ზუკაკიშვილთან, რომელმაც ჩვენს წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ 24-წლიანი დუმილი დაარღვია და დღეს პირველად შეიტყობთ დამალულ სიმართლეს მეუფე პეტრეს (ცაავა) შესახებ.


- ჩემთვის დაუჯერებელი იყო ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრემ (ერისკაცობაში პეტრე ცაავამ) მეგობარს სახლი მოტყუებით გაუყიდა და ღია ცისქვეშ დატოვა. ინფორმაციის გადამოწმება დავიწყე და კვალმა თქვენამდე მომიყვანა. გაგვარკვიეთ, ვინ არის პეტრე ცაავა, რა მოხდა რეალურად?


- ნინო, მოდი, ჩვენი ინტერვიუ ერთი პირობით დავიწყოთ, მე ვიტყვი სიმართლეს და არაფერს, სიმართლის გარდა!.. შემიძლია, დავიფიცო ხატზე, ბიბლიაზე და ყველაფერ იმას, რაც ქართველებს წმინდა გაგვაჩნია, რომ ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს. ეს ისტორია 24 წლის წინათ მოხდა, მე არასოდეს, არსად ამაზე არ მისაუბრია ძალიან ვიწრო წრის გარდა, მედიის არც ერთი საშუალებისთვის ინტერვიუ არ მიმიცია და თქვენთან ვარღვევ 24-წლიან დუმილს. ვცდილობდი, მხოლოდ ჩემი ოჯახის ტკივილად დარჩენილიყო ის, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ეს პიროვნება, ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდა და პატიებას მაინც მთხოვდა, მით უმეტეს, სასულიერო ცხოვრებაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და ამ პოზიციიდან გამომდინარე, უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი და სულ ცოტა, ბოდიში მოეხადა. ყოველ წელს, მიტევების დღეს ველოდი ამას, რაც არ გააკეთა. ისტორია კი დაიწყო ასე: დაახლოებით 1992 წელი იყო, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი, „მეორე არხის" რეჟისორად, ორი საავტორო გადაცემა მქონდა. პარალელურად ვსწავლობდი ინსტიტუტში და ხელფასზე ვცხოვრობდით. როგორც ყველას, იმ პერიოდში ჩვენს ოჯახსაც უჭირდა, ცუდი დრო იყო. ისე მოხდა, რომ ჩემი არასრულწლოვანი ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დაიჭირეს, ჩემს ოჯახს მისი ციხიდან დახსნის საშუალება არ ჰქონდა, პოლიცია 2000 დოლარს ითხოვდა თავისუფლების სანაცვლოდ. თუ საქმე პროკურატურასა და სასამართლოს გადაეცემოდა, შესაბამისად, თანხაც გაიზრდებოდა. მაქსიმალურად ვიყავი გადართული ჩემს სამუშაოზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სარეკლამო შეკვეთა ამეღო და ძმის გამოსახსნელი ფული შემეგროვებინა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, - დამკვეთია მოსული, ბევრი გადაღება მაქვს და თუ სურვილი გაქვს, დაელაპარაკეო. რა თქმა უნდა, შევხვდი ამ ადამიანებს, ერთ-ერთი მათგანი იყო პაატა ცაავა (მეუფე პეტრე). აღმოჩნდა, რომ მათ რეკლამა კი არა, დოკუმენტური ფილმის შეკვეთა უნდოდათ. დოკუმენტური ფილმის შინაარსის შესახებ პირველ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მათ მკითხეს, ხარ თუ არა თანახმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ეს ფილმი გადაიღოო. ვკითხე, რამდენი იქნებოდა ჩემი ჰონორარი. პაატა ცაავამ მითხრა, რომ ამ ფილმში 2000 დოლარს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ჩემი ფიქრები გადავიდა ჩემს ძმაზე. ვიფიქრე, ამ ფილმს გადავიღებ და ჩემს ძმასაც დავიხსნი-მეთქი... პაატა ცაავა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, დეტალურად გამომკითხა, ვინ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, როგორც ხდება ხოლმე ქართველებში და არც გამკვირვებია დეტალებით მისი დაინტერესება. დედაჩემი წარმოშობით სამეგრელოდანაა და ეს რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა. ერთი სიტყვით, პაატა ცაავა დარწმუნდა, რომ არ ვიყავი ის, ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა. მის პიროვნებაში ეჭვი არ შემპარვია, რადგან საეჭვო ადამიანები ტელევიზიაში არ დადიან ისეთ რამეებზე, რასაც ქვემოთ გაიგებთ. მხოლოდ მეორე დღეს შემატყობინეს, რომ დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით არა საქართველოში, არამედ სომხეთში... არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება, დავთანხმდი, სადაც გინდათ, იქ წავიდეთ და გადავიღოთ-მეთქი.


- რა უნდა გადაგეღოთ სომხეთში?


- როგორც პაატა ცაავამ მითხრა, უნდა გადაგვეღო სომხეთის ღირსშესანიშნაობები და კადრში უნდა აღგვებეჭდა ფაქტები, როგორ ვითარდება სომხეთის სახელმწიფო, როგორ ცხოვრობს ხალხი და ა.შ. ჩემს პრობლემებზე ვიყავი ფოკუსირებული და ნამდვილად არ მიფიქრია რაიმე ცუდზე.


- როგორ წარგადგინათ პაატა ცაავამ, ვინ იყო მაშინ?


- მოძველბიჭო ტიპს უფრო ჰგავდა, მაგრამ მითხრა, რომ ბიზნესმენი იყო... მას ახლდა მეგობარი, რომელიც ჩემთვის ნაცნობი პიროვნება არ იყო. პაატამ მითხრა, რომ სამ დღეში უნდა წავსულიყავით, მაგრამ წასვლის დრო გაიწელა, არადა, მე ჩემი პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი და კონკრეტული ვადები დამითქვა პოლიციამ, რომ ფული მიმეტანა ძმის გამოსახსნელად. ჩემი პრობლემის შესახებ პაატა ცაავა საქმის კურსში ჩავაყენე და ავუხსენი, თუკი პოლიციაში ფულის მიტანას დავაგვიანებდი, თანხა გაორმაგდებოდა, თან იყო ცაავას ასეთი პირობა, რომ მე დამონტაჟებული კასეტა უნდა მიმეცა მისთვის, რის შემდეგაც გადამიხდიდა გასამრჯელოს. ამასობაში ჩვენი წასვლის დრო ძალიან გაიწელა, პაატამ მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, ამასობაში ძალიან დამიახლოვდა, ჩემს ოჯახში ამოვიდა, დედაჩემი გაიცნო, მეგრულად საუბრობდნენ და ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. პაატამ დედაჩემი დაამშვიდა, არაფერი არ ინერვიულოთ, თქვენს შვილსაც გამოვიყვანთ, სერიოზულ დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე კვირაში მისივე მანქანით „რენო-მოსკვიჩით" წავედით სომხეთში. დანიშნულ ადგილზე საღამოხანს ვიყავით, შევედით რესტორანში სავახშმოდ, შემახვედრა ვიღაც სომეხ ჟურნალისტს, ალბათ, რომ დავრწმუნებულიყავი, რამდენად სერიოზულ ფილმს ვიღებდი სომხეთზე და მეორე დღეს მეუბნება: ილია, ახლა ჩვენ მივდივართ ყარაბაღში. ეს ის პერიოდია, როცა ყარაბაღში ომია და მახსოვს, ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენს გეგმებში ეს არ შედიოდა. გადავედით ყარაბაღში. ვხედავ, აფეთქებებია, ძალიან კარგად მახსოვს, პაატა ცაავას იმ დონეზე ჰქონდა გარკვეული იქ ყველაფერი სომხურ მხარესთან, რომ არაფერი გასჭირვებია, დროებით რწმუნებულსაც იცნობდა და შევიდა გამგეობაში. კაბინეტში მასთან ერთად შევედი და წარმადგინა, დაგვაბინავეს ერთ-ერთ დაბომბილ ძველ სასტუმროში და იმავე ღამეს პაატა ცაავას ვეკითხები, - აქ რა უნდა გავაკეთოთ? პაატა მპასუხობს, - ჩვენ უნდა შევიდეთ ციხეებში და უნდა გადავიღოთ აზერბაიჯანელი პატიმრები და მათგან ინტერვიუები უნდა აიღოო. კონკრეტულად კი უნდა მეკითხა, როგორ ექცევიან სომხები აზერბაიჯანელ პატიმრებს, რა პრობლემები აქვთ და ა.შ. ეს ამბავი მაშინვე ცუდად მენიშნა, მივხვდი, ჩემს თავს კარგი ამბავი არ ხდებოდა. ჩვენ ვიყავით სამ ქალაქში: შუში, აგდამი, ფიზული და პატიმრები იქ გადავიღეთ.


- პაატა ცაავამ გადაღებული კასეტა ვისთან და სად მიიტანა?


- მაშინ არ ვიცოდი, ვისთან მიჰქონდა კასეტა. რომ ჩამოვედით, პაატა მეუბნება, - ილია, დაუმონტაჟებელი მასალა მომეციო. მე შევახსენე პირობა, რომ დამონტაჟებული მასალა უნდა წაეღო ჩემგან და გამიკვირდა, მაშინ მხოლოდ ტელევიზიაში იყო სამონტაჟო და დაუმონტაჟებელ მასალას ვერსად გამოიყენებდა. ამაზე მიპასუხა, გადავხედავ და ზუსტად გეტყვი, რა მინდა და როგორ უნდა დაამონტაჟოო... რა თქმა უნდა, კასეტა მივეცი იმ პირობით, რომ მეორე დღესვე დააბრუნებდა. მოკლედ, მეორე დღეს, როგორც თქვენ არ გინახავთ ჩინეთის იმპერატორი, ისე გაქრა პაატა ცაავა ჩემი ცხოვრებიდან. თავისთავად, მისი ძებნა დავიწყე, ჩემდა სამწუხაროდ, მას კი ჰქონდა შესწავლილი ჩემი პიროვნება, მაგრამ მე არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა. მეგრული კილოთი ლაპარაკობდა და არ დაუმალავს, რომ სენაკიდან იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, სად ცხოვრობდა. მის ძებნაში დრო გადიოდა, პოლიციელების მხრიდან ფულის მიტანის ვადა იწურება... როგორც იქნა, მივაგენი პაატა ცაავას, ძალიან შეშინებული ჩანდა... მე მას ჩემი სიცოცხლე ვანდე, მან კი მომატყუა. ყარაბაღიდან რომ ჩამოვედით, მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიანი იყო... 


- რას მიხვდით, რომ პაატა ცაავა აზერბაიჯანის უშიშროებასთან იყო შეკრული და მათ დავალებას ასრულებდა?


- სამწუხაროდ, ასეა... ახლა გავაგრძელებ ფაქტების მოყოლას... პაატა მიხვდა, რომ მე მისი გამშვები აღარ ვიყავი და აღარც ცდილობდა ჩემგან გაქცევას, მაწყნარებდა, ვისაც ველოდები, ხაზზეა და ანაზღაურებას მიიღებო... დაიგინა, დაიფიცა და ყველა ამოიწყვიტა. კიდევ ერთხელ რომ შემოსულიყო ჩემთან ნდობაში, გუშინდელი დღესავით მახსოვს, მითხრა, საცოლე მყავს, რაღაც პრობლემები მაქვს მასთან, ავჭალაში ცხოვრობს და გამომყევიო. დავეთანხმე. ის გოგო პირადად არ მინახავს, პაატა იმ გოგოს სახლში მარტო ავიდა, თუმცა დღესაც თვალდახუჭული მივაგნებ იმ კორპუსს, რადგან ჩემდა უნებურად დავიმახსოვრე, პაატას აღარ ვენდობოდი და მაქსიმალურად ვცდილობდი მის ირგვლივ ყველა ინფორმაციის მოძიებას. ამასობაში სამი კვირა გავიდა, რაც ჩემი ძმა პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ და დამიმატეს სამი დღე ფულის მისატანად. პაატა ცაავას უკვე ძალიან მკაცრად მოვთხოვე, რომ, თუკი მკაფიოდ არ ამიხსნიდა, რა ხდებოდა და გასამრჯელოს არ მომიტანდა... ცემით დავემუქრე და ვუთხარი, შენ ხარ საეჭვო პიროვნება, ყველანაირი ნდობის ძაფი გაწყვიტე, მე თვითონ შემახვედრე იმ ხალხს-თქო. ცაავა ისე შეშინდა, გამოსავალს ვერ ხედავდა, ჩამსვა მანქანაში და მითხრა, წავედით, ოღონდ არა სომხეთში, არამედ აზერბაიჯანშიო... გზაში ვეკითხები, რატომ მივდივართ აზერბაიჯანში, როცა ფილმი გადავიღეთ სომხეთში. ის მეუბნება, რომ ამ ფილმის დამკვეთი იყო აზერბაიჯანული მხარე, მაშინ ხმას ავუწიე, პაატა, ამიხსენი, რა თამაშს თამაშობ, რა შარში გამაყოფინე თავი-მეთქი... მანქანაში მხოლოდ ორნი ვიყავით, გავთვალე, რომ შეიძლება მისი მხრიდან ინციდენტი მომხდარიყო და მეგობარი არ წამიყვანია, ვიფიქრე, მისი ოჯახიც არ გავაუბედურო, თუ შარი მიწერია, მე შევწირავ თავს-თქო. პაატა ცაავა მიხვდა, რომ ჩემი მხრიდან საშიშროება ემუქრებოდა და გამომიტყდა, რომ აზერბაიჯანის ძალიან ზედა ეშელონების უშიშროება არის ამ საქმეში ჩართული, ამის გამხელა შემეშინდა, რადგან შეიძლება უარი გეთქვა და მასალის გადასაღებად არ გამომყოლოდიო... ვკითხე, რატომ ენდობი აზერბაიჯანის უშიშროებას, რომ გადავალთ აზერბაიჯანის საზღვარზე, საფრთხე არ დაგვემუქრება-მეთქი?!. მოვთხოვე, ეჩვენებინა ჩემ მიერ გადაღებული კასეტა და მითხრა, რომ მასალა უკვე აზერბაიჯანის უშიშროების ხელში იყო... მანქანა გავაჩერებინე, ვუთხარი, გადმოსულიყო და დაწვრილებით მოეყოლა, რაში დასჭირდა აზერბაიჯანის უშიშროებას ეს მასალა და რა იყო მასალის დანიშნულება. მინდა მთელი ინფორმაცია თქვას, სანამ საზღვარზე გადავალთ. პაატა მეუბნება, - მე ვერ გეტყოდი, რა დანიშნულებით მივდიოდით ყარაბაღში, რადგან შეიძლება ისე დავემარხეთ, პატრონიც ვერ გვიპოვიდა, შენთან ერთად მეც გავრისკე, მეც ფული მჭირდებოდაო. თურმე რა ყოფილა... აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი რომ მიდიოდა, ჯარისკაცების ნაწილი გარდაიცვალა და ნაწილი დაიკარგა. როგორც პაატა ცაავამ მითხრა, აზერბაიჯანის უშიშროებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათი ჯარისკაცები ციხეში ისხდნენ, მაგრამ ამ ინფორმაციის ფაქტობრივი დამადასტურებელი მასალა არ გააჩნდა. აზერბაიჯანული უშიშროების ჩანაფიქრი იყო ის, რომ ნეიტრალური მხარე - საქართველოს წარმომადგენელი გადაიღებდა ვითომ დოკუმენტურ ფილმს სომხებზე, რეალურად რაც მე ვნახე, ცაავას სომხებთანაც ჰქონდა საქმე მოგვარებული, სხვა შემთხვევაში უფლებას არავინ მოგვცემდა, აზერბაიჯანელი პატიმრები გადაგვეღო. მოკლედ, კასეტაზე აღიბეჭდებოდა ყველა აზერბაიჯანელი პატიმრის სახე, ამ მასალას აჩვენებდა აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ მშობლებს და აღარ დაიწყებოდა ალიევზე იერიში, რისი საშიშროებაც იყო, რომ ჩვენი შვილები ვერ იპოვეთო... ამით აზერბაიჯანელმა მხარემ საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცა, რომ მათი უშიშროება კარგად მუშაობდა და მათ შვილებზე დარდობდნენ... ამ მასალის გადაღების მთავარი აზრი თურმე ეს იყო... როცა რეალობა შევიტყვე, ძალიან დავიძაბე. ამის მიუხედავად, ვუთხარი, წავიდეთ აზერბაიჯანში და შევხვდეთ იმ ადამიანებს-მეთქი... აზერბაიჯანში 40 წლის მამაკაცი დაგვხვდა, პაატამ მითხრა, ეს ადამიანი აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომელიაო, მას აზერბაიჯანულადაც შეუძლია საუბარი, შეიძლება დამალოს და თქვას, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ აზერბაიჯანული ენა იცის. მას მოვთხოვე, მითარგმნე, რაზე საუბრობთ-მეთქი. მითხრა, ფული მალე იქნებაო... დავრწმუნდი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალს მეუბნებოდა და რომ ფული მართლა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა გადაეცა მისთვის. საკუთარი თვალით დამანახა და საკუთარი ყურით მომასმენინა, რომ მას აფინანსებდა აზერბაიჯანის უშიშროება. პაატას ვუთხარი, რომ დრო აღარ მრჩებოდა, ფულის გამოგზავნას ვეღარ დაველოდებოდი. ამ დროს მთავაზობს, - მოდი, შენი ბინა გავყიდოთ, ჩემს ნათესავს უნდა ბინის ყიდვა, კლიენტის მოძებნაში დრო აღარ დაგეხარჯება, ხოლო როგორც კი ფულს მომცემენ, დაგიმატებ და კარგი ბინა ვიყიდოთო. სხვა გამოსავალი არ იყო და მას რომ არ შეეთავაზებინა, საბოლოო ჯამში, მაინც ამის გაკეთებას ვაპირებდი, ჩემს პატარა ძმას ციხეში არ დავტოვებდი. ვარკეთილში გვქონდა სამოთახიანი გარემონტებული ბინა. მოგეხსენებათ, ამ უბანში მაშინ ბინების ფასი მერყეობდა 2700-3000 დოლარის ფარგლებში და პაატა ცაავამ ისე მოახერხა, რომ თავის ნათესავზე ეს ბინა მიმაყიდვინა 1600 დოლარად, დანარჩენი 400 დოლარი მეზობლებში ავაგროვე და ჩემი ძმა ციხიდან დავიხსენი. ამის შემდეგ დაველოდე, როდის მომცემდა ჩემს კუთვნილ ფულს პაატა ცაავა, ოჯახს მხოლოდ ეს ერთი ბინა გვქონდა... პაატა ცაავას წყალობით, აგერ უკვე 24 წელია, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ...


- რატომ გაგიჭირდათ პაატა ცაავას მოძებნა?


- მართალი გითხრათ, ძებნა არ შემიწყვეტია. პლეხანოვზე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ერთხელაც, მეგობრები ვორონცოვზე ხინკლის საჭმელად წავედით და რას ვხედავ, პაატა ცაავა მოდის მანქანით, გადავუდექი, გადმოვიყვანე მანქანიდან და მოვთხოვე პასუხი, სად იყო ამდენი ხანი... მითხრა, დედაჩემი იყო ცუდადო... რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ხელიდან დამისხლტა. გადის დრო, ტელევიზიიდან შეერთებულ შტატებში მიწევს ოფიციალურად წასვლა ფილმის გადასაღებად, დავბრუნდი და ვაგრძელებდი ჩვეულებრივ ცხოვრებას გაჭირვებით, მაგრამ ბოღმა მახრჩობდა. ჯერ ერთი, ისეთ რამეზე მოვაწერე ხელი, რომ ჩემი პირადი სიცოცხლე დავდე სასწორზე, მეორე ის, რომ უბინაოდ დავრჩით.... მესამე ის, რომ ამის გამო დედაჩემმა ისე ინერვიულა, ინფარქტი მიიღო. მეოთხე ის, რომ მე და ჩემი ძმა ობლობაში ვიზრდებოდით, მამა არ გვყავდა, პატარა ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. გაჭირვება ჩვენთვის იმდენად ახლობელი იყო, შეგუებული ვიყავი ასეთ ცხოვრებას, კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, როგორ გამოვსულიყავით მდგომარეობიდან და აღარ მიფიქრია, მომეძებნა პაატა ცაავა და მომეთხოვა მოსათხოვი... სიმართლე გითხრათ, დედაჩემს არ უკადრებია პოლიციაში მისვლა და პაატა ცაავაზე საჩივრის დაწერა. დრო რომ გავიდა, ახლობელი შემხვდა და მითხრა, რომ პაატა ცაავამ ფულში გადააგდო. ეს ქალაქი პატარაა, არაფერი იმალება და თაღლითები უცბად იშიფრებიან. მოკლედ, პაატა ცაავას თბილისში თაღლითის სახელი ჰქონდა.


- რატომ არ დააწერინეთ ცაავას ხელწერილი, რომ თქვენი ვალი ჰქონდა და უნდა გაესტუმრებინა?


- ხელწერილი რომ დაეწერა, მერე რა?!. რა აზრი ჰქონდა, მაინც არ გადაიხდიდა... მოკლედ, პაატა ცაავა ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს ცამ ჩაყლაპა. მახსოვს, 2004-2005 წელი იყო, მხვდება პატრიარქის პირადი მდივანი შორენა თეთრუაშვილი. მან იცის ჩემი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ და მეუბნება, - ილია, შენ რადგან ამერიკა გიყვარს და ამერიკულ წიაღში ხარ, ახლა ჩამოდის ამერიკის მიტროპოლიტი და პატრიარქთან ერთად შენც წამოდიო... რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მარშრუტიც მითხრა, რომ მივდიოდი ტაბახმელაში და მეორე ბოდბეში. ტაბახმელაში იმართებოდა სასულიერო კონფერენცია და ამ კონფერენციას ვიღებდი... შესვენებისას მამა დემეტრეს ვესაუბრები, ამ დროს ვიღაცა მხარზე ხელს მადებს, ავხედე და ვხედავ ანაფორაში გამოწყობილ პაატა ცაავას... ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, გაკვირვებულმა ვკითხე, - პაატა, შენ ხარ?!. მახსოვს, მაშინ მამა დემეტრემ მითხრა, - ილია, მეუფეს როგორ ელაპარაკებიო... მამა დემეტრე დაიხარა და თაყვანი სცა მეუფეს, როგორც ხდება ხოლმე... მამა დემეტრემ ეს ამბავი არ იცოდა. ამ ამბის მოყოლას აზრი არ ჰქონდა და არც არაფერი მითქვამს. პაატა ცაავას ვუთხარი, ტელეფონის ნომერი მომეცი, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, სალაპარაკო ბევრი გვაქვს-მეთქი. ამ ნომერზე დავრეკე და როგორც ჩანს, მეუფემ არასწორი ნომერი მომცა. მოგვიანებით, მეგობრებმა გამაფრთხილეს, მეუფე პეტრეს „ნაციონალური მოძრაობის" გავლენიანი ფიგურები მფარველობენ, მიხეილ სააკაშვილის შვილის ნათლიაა და ფრთხილად იყავი, რამე არ გაგიჩალიჩონო... პაატა ცაავა ეპისკოპოსის ფორმაში რომ ვნახე, თითქოს ჩემში რაღაც დაინგრა, შეხედულებები შემეცვალა. მეგობრებთან სულ ვსვამდი კითხვას, ნეტავ, თუ არსებობს სამართალი... ადამიანი, რომელმაც მთელი ჩემი ოჯახი შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა, მოგვატყუა, ვის გამოც დედაჩემს ინფარქტი დაემართა, დღეს არის პატივსაცემი, საზოგადოება მას მეუფეს ეძახის და მრევლი აღსარებას აბარებს... ბოლოს პაატა ცაავას შევხვდი 2009 წელს გასვენებაში, გარდაცვლილი დეპუტატის ნაული ჯანაშიას ჯიპით მოვიდა, ტელეფონის ნომერი ისევ გამოვართვი და იქვე გადავამოწმე, მას შემდეგ რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა...


- პატრიარქს ეს ამბავი არ მოუყევით?


- პატრიარქს რამდენიმე დღის წინაც შევხვდი, ვისაუბრეთ, მაგრამ არასოდეს ჩამითვლია საჭიროდ, ამ თემაზე მესაუბრა, ეს ამბავი რომ მომეყოლა, ამით პატრიარქს გულს ვატკენდი, რადგან მისი ხელდასხმულია პაატა ცაავა ეპისკოპოსად... ვიღაცამ პატრიარქი შეცდომაში შეიყვანა, როცა ცაავა ეპისკოპოსად აკურთხა.


ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან დიდი ხმაური ატყდება, ასევე, მზად იყავით იმისთვის, რომ პირადად თქვენზე ზეწოლა განხორციელდება. ასევე, მე ვარ მზად, რომ როგორმე გავუმკლავდე შემოტევებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება პაატა ცაავამ კრიმინალური სამყარო გამომიგზავნოს, ამისთვისაც მზად ვარ... თავისთავად, პაატა ცაავა ყველაფერზე უარს იტყვის, მაგრამ ყველაფერი დაწვრილებით მოგიყევით და თქვენი გაზეთით ვაცხადებ - დღემდე მაქვს ეჭვი, რომ პაატა ცაავა არის უშიშროების კადრი. უშიშროება მაშინ ცდილობდა, ყველა ეკლესიაში ჩანერგილი ადამიანი ჰყოლოდა და სავარაუდოდ, მათ შორის იყო პაატა ცაავა. მის ისტორიას რომ გადახედოთ, როგორ გახდა ეპისკოპოსი, აუცილებლად გაჩნდება ეჭვი, რადგან სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ ძალიან მოკლე დროში გახდა ეპისკოპოსი. 24 წელი გავიდა და ემოციის ბოლო ნაპერწკალი ჩაქრა. ჩემს თავს ვეუბნები, - ილია, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფერი ხდება. ვეცადე, პაატა ცაავას საქციელი გამემართლებინა ამ სიტუაციაში, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნები, - ხომ ხედავ, ეკლესიაში წავიდა, ალბათ, მოინანია, მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა მპასუხობდა, - მან შენ მოგატყუა და არ ეცადა შენს მოძებნას და შენდობის თხოვნას. ადამიანობას, ჩემს შვილებს, ქვეყანას ვფიცავ, პაატა ცაავას ბოდიში რომ მოეხადა და პატიება ეთხოვა, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, შენ არაფერ შუაში ხარ, ორივე მოტყუებული ვართ-მეთქი, იქით დავაწყნარებდი... მაგრამ მან ეს არ გააკეთა...


განსაკუთრებით ბოლო შვიდი წელია ველოდები ამ დღეს, როდის მოვა პაატა ცაავა ჩემთან. ის ხომ ჩვენი სინოდის წევრია, ის ხომ ეპისკოპოსია, მეუფე პეტრეს ხომ აქვს რაღაცა შანსები, რომ გახდეს ჩვენი ქვეყნის პატრიარქი. ხვალ-ზეგ რომ პაატა ცაავა მოგვევლინოს პატრიარქად, გეკითხებით, რა იქნება მერე?!. ვინც მეუფე პეტრეს პატიებას სთხოვს, თავის გულისნადებს ანდობს, ვინც მასში წმინდანს ხედავს, ის ადამიანი ხომ არის ცოდო, როცა რეალურად პაატა ცაავა არის თაღლითი. მოდით, ერთი წუთით დავივიწყოთ ჩემი ისტორია, შევხედოთ ამ საკითხს სხვა პრიზმაში. ჩვენს ქვეყანაში ცუდი კანონები გვაქვს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის დაკითხვა არ შეიძლება. ამით შენ უნთებ მწვანეს, რომ გადაცდომები ჩაიდინოს. სასულიერო პირიც ჩვეულებრივი ადამიანია, აქვს ცდუნებები და შეიძლება კანონი დაარღვიოს. ახლა თქვენი გაზეთით პირდაპირ ვაცხადებ, მეუფე პეტრეს (პაატა ცაავას) სადაც უნდა, როგორც უნდა, ნებავს საპატრიარქოში, ნებავს, სინოდის კომისიაზე, გავიტანოთ ეს საკითხი, თუ ნებავს, მარტვილში ჩავაკითხავ და დაველაპარაკები, მითხრას, რომ ეს არ გაუკეთებია და ჩემთან ერთად არ ყოფილა, ეშმაკს არ სძინავს და კიდევ ვიტოვებ ბევრ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით... და თუკი გაბედავს და უარყოფს ამ ინფორმაციას, მერე ვიცი, როგორ დაველაპარაკები და რას შევახსენებ... ერთმა მამაომ მითხრა, მას ისეთი სტატუსი აქვს, ნუ განიკითხავო... მე მას ვუთხარი, - ნუ გეშლებათ, მამაო, მხილებასა და განკითხვას შორის არის დიდი სხვაობა, როცა ფარისეველს ამხელ, ეს არის მხილება და არა განკითხვა...


- მოდი, მივცეთ მეუფე პეტრეს კიდევ ერთი შანსი, მე და თქვენ დავურეკოთ მას და ავუხსნათ ინტერვიუს გასვლამდე, რომ თქვენ ხართ ჩემი რესპონდენტი და კითხვებზე გვიპასუხოს...


- თუ თქვენს ზარს ახლა მეუფე უპასუხებს, დამელაპარაკება და მთხოვს შენდობას, გთხოვთ, რომ ეს ინტერვიუ აღარ გაუშვათ...


P.S. რედაქცია შეეცადა მეუფესთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, მან არ გვიპასუხა და გავუგზავნეთ სმს-შეტყობინება, რომ გვსურდა ილია ზუკაკიშვილის შესახებ საუბარი... მეუფემ ასევე უპასუხოდ დატოვა ჩვენი სმს-შეტყობინება. შემდეგ დავუკავშირდით დედა თამარს, რომელიც არის მეუფესთან დამაკავშირებელი პირი. ფაქტობრივად, მან მიმალანძღა და კატეგორიული ტონით ამიკრძალა, აღარასდროს დამერეკა მისთვის. ამ ზარის შემდეგ, არაქრისტიანული ბრძოლა გამომიცხადეს, რაც გამოიხატება ჩემს განკითხვაში და არა მხილებაში...






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი