logo_geo
„მას ვერ შეატყობ, რომ რამეს განიცდის“… - რა აჩუქა პატრიარქმა შალვა პეტრიაშვილს
- +

24 ივლისი. 2019. 16:24

 

დიდგულიანი, საუკეთესო კარდიოლოგი, პროფესიონალი, სანდო, უშუალო, კაცთმოყვარე, ერთგული,  მზრუნველი და ყურადღებიანი... – რა ეპითეტს აღარ მოისმენთ მისი დახასიათებისას…

 

ხომ წარმოუდგენელია სხვანაირი  გულის ექიმი?  თანაც, თუ ეს ექიმი პატრიარქის გულისცემასაა მიყურადებული?

 

„შენ საქართველოს

გულს ეფერები,

ეგებ პოეტის

გულსაც უწამლო“, – დიდებული ლექსი უძღვნა მას ჩვენმა საყვარელმა პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმაც…

 

არა მხოლოდ პოეტის გულს… მისი თვალთახედვის არეში უამრავი ხელოვანი და მწერალი მოხვედრილა… არ არსებობს რუსთაველში და მარჯანიშვილში დადგმული სპექტაკლი, რომ არ ენახოს.

 

ამბობს, რომ დაწყებული ვერიკო ანჯაფარიძით და აკაკი ვასაძით, იმ თაობის ყველა მსახიობი ჰყავს სცენაზე  და სცენის მიღმაც ნანახი და ძალიან ბედნიერად თვლის თავს…

 

 

ა.ალადაშვილის სახელობის N1 კლინიკის კარდიოლოგის, მედიცინის დოქტორის, შალვა პეტრიაშვილის პერსონა.

 

– დავიბადე გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში – რაჭაში, რაც საამაყოა და ბედნიერად ვთვლი თავს. ჩემმა ბავშვობამ ექიმების ოჯახში ჩაიარა. ბაბუა 60 წლის განმავლობაში ემსახურებოდა რაჭაში ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. ასევე – მშობლებიც: გივი პეტრიაშვილი და ჯულიეტა ანთაძე.

 

 

ბაბუა – აფრასიონ ნიკოლოზის ძე პეტრიაშვილი. ამბროლაურის ახალ საავადმყოფოს მიანიჭეს მისი სახელი

 

მამა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იდგა ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, დიდი ავტორიტეტით და ხალხის სიყვარულით სარგებლობდა. ამის მიზეზი დიდი ფიქრის შემდეგ ამოვხსენი: პროფესიონალიზმის გარდა, ის ფლობდა ისეთ თვისებებს, როგორიცაა ადამიანის სიყვარული, გაჭირვებულის გვერდით დგომა, ამის გარდა, ის მოდიოდა ღმერთის რწმენიდან, რაც ძალიან გასაკვირი იყო იმ უღმერთობის პერიოდში.

 

დედაც და მამაც ექიმები იყვნენ და სულ ასეთი შფოთიანი ცხოვრებით ვცხოვრობდით. ისინი რაჭაში მუშაობდნენ, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მათზე.  ჩვენთან იყო ან ზარი, ან ვიღაც მოდიოდა და დატვირთული ცხოვრება ჰქონდათ.

 

მამა რომ გარდაიცვალა, მერე დედა უძღვებოდა ოჯახს, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდის ტვირთი დედამ იკისრა.  თან მთელი დატვირთვით მუშაობდა. ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ჩვენზეც გადმოვიდა იმ საქმის  ის სიყვარული.

 

ვცდილობდით, ეს ტვირთი შეგვემსუბუქებინა. ამაში მას ეხმარებოდა ბებია, ტრადიციული ოჯახიდან გამოსული ქალბატონი, უნივერსიტეტის და გიმნაზიის განათლებით, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, ჩვენ აღვეზარდეთ ძირითადი ეტიკეტის დაცვით, მაგრამ ძირითადი აქცენტი ჩემზე იყო გაკეთებული, ჩემს ძმას ეს იმდენად არ სჭირდებოდა, მე როგორც მოუსვენარ და ცელქ ბავშვს, ყოველთვის მტუქსავდა და ცდილობდა, რომ ეს ეტიკეტები მკაცრად დამეცვა.

 

მე ამბროლაურში დავიბადე, დედა თბილისში დაიბადა, თბილისში დაამთავრა სკოლა, მერე განაწილებით წავიდა რაჭაში, იქ შეხვდა მამას და დარჩა. ძმა – თეიმურაზი მყავს, რომელიც დაიბადა თბილისში. გაიზარდა მთაწმინდაზე, დაამთავრა 47-ე საშუალო სკოლა, მანაც დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი. მე  სწავლა თბილისში დავიწყე და მერე რაჭაში დავამთავრე საშუალო სკოლა.  იმის მიუხედავად, რომ ექიმების ოჯახში გავიზარდე და მიზიდავდა ეს პროფესია, მაინც მოვინდომე დრამის რეჟისორობა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი.

 

– რატომ?

 

– არ ვიცი, ექიმების ოჯახი იყო და ჩვენებს ხელოვნება უყვარდათ. დედას ძალიან უყვარდა ლიტერატურა, ხელოვნება და თეატრი. ეტყობა, ეს  ჩემზეც გადმოვიდა. ბავშვობიდან დავყავდი ყველა ახალ სპექტაკლზე, პრემიერებზე ოპერის თეატრში, და ეს სიყვარული ჩემზეც გადმოვიდა…

 

– პოლიკარპე კაკაბაძესთან მიგიყვანეს დასაკვალიანებლად…

 

– როდესაც ჩვენი ოჯახის ახლობელს პოლიკარპე კაკაბაძეს  უთხრეს, რომ მე მინდოდა დრამის რეჟისორობა, მან თავზე ხელი გადამისვა და ჩვეული სითბოთი მითხრა, შექსპირი გიყვარსო? მე რამდენიმე ნაწარმოები წაკითხული  და მერე გადაკითხულიც მქონდა, და ვუთხარი, რომ შექსპირი ძალიან მიყვარდა. მაშინ, იცი, რა ქენიო, – დამაკვალიანა, – თუ შენ რეჟისორობა გინდა, აიღე „ოტელო“ და  შენი ხელით გადაწერე ერთ რვეულშიო… მართლაც, გამოვიქეცი სახლში და დავიწყე დავალების შესრულება. გადავწერე ნახევრამდე, მერე უკვე მძლია სიზარმაცემ და დავალება შეუსრულებელი დამრჩა. არ ვიცი, მე რომ ეს დავალება ბოლომდე შემესრულებინა, ასრულდებოდა თუ არა ჩემი ოცნება…

 

მერე ბატონი პოლიკარპეც მალე გარდაიცვალა და ამით დაესვა წერტილი ჩემს სერიოზულ ოცნებას თეატრზე. თუმცა როდესაც გავხდი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, პირველ კურსზე მაინც დავდიოდი თეატრალურ ინსტიტუტში, ბატონ მიშა თუმანიშვილის და ლილი იოსელიანის კონსულტაციებზე, მაგრამ უკვე როცა გადავხედე ჩემს ძალებს, ვიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმე  არ იყო, ჯობდა, დარჩენილიყო ჩემში მხოლოდ სიყვარული ამ საქმისა, თავი დამენებებინა და ისევ ჩემს პროფესიას მივყოლოდი, რომელიც მე, მართლაც, უზომოდ შემიყვარდა.

 

მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. ხელოვნებას სათანადო მონაცემები უნდა, კიდევ კარგი, დროზე მივხვდი ამას…

 

 

– ასე მოხვდით სამედიცინო ინსტიტუტში…

 

– ეს საქმეც მიყვარდა, ჩემში ბავშვობიდან შესისხლხორცებული იყო.

 

სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავირიცხე, ინსტიტუტის დასრულების მერე სხვა სურვილები მქონდა, სწავლის გაგრძელების სურვილი კვლავ  მქონდა, მოსკოვი იყო მაღალი, სადაც შეიძლებოდა სწავლის გაგრძელება, მაშინ მეტზე ვერ იოცნებებდი, მაგრამ არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც გინდა, და ეს საქმე არ გამოვიდა… ამიტომ ინტერნატურა თბილისში გავიარე და შემდეგ რაჭაში განაწილებით წავედი.

 

– რაჭაში ექიმად სამი წელი იმუშავეთ…

 

– ამბროლაურში ვმუშაობდი, იქ ხალხი ძალიან დიდი სითბოთი შემხვდა, ეს ჩემი წინაპრების დამსახურება იყო, მათი საქმეები ახსოვდათ და უყვარდათ და ეს სიყვარული დღემდეა შემორჩენილი, ძალიან დიდი სითბოთი იგონებენ მათ. რაჭაში სამი წელიწადი ვიმუშავე, ჩემი ცხოვარების უბედნიერესი პერიოდი იყო, მთელი დატვირთვით ვმუშაობდი, დღე და ღამე არ არსებობდა…

 

შემდეგ ჩავირიცხე ორდინატურაში და  სწავლა განვაგრძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში,  მუშაობა დავიწყე აქ, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სხვადასხვა დროს ვიყავი განყოფილების ექიმი, განყოფილების გამგე, კათედრის  ასისტენტი და კათედრის დოცენტი, კათედრის ასოცირებული პროფესორი. მუშაობის პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი, სამედიცინოს თანამშრომელი ვიყავი და ბაზა სწორედ  აქ, ამ კლინიკაში იყო.

 

შემდეგ მოხდა ისე, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზა შეიცვალა და გადავიდა სხვა საავადმყოფოში.

 

 

100 წლის სახლი რაჭაში

 

ისე შევეჩვიე და მიყვარდა ეს ტრადიციული კედლები, რომ მე არ წავედი და ასე დავთმე სამედიცინო უნივერსიტეტი…

 

დავრჩი აქ და ვარ კარდიოლოგიური და თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

– კარდიოლოგობა რამ გადაგაწყვეტინათ?

 

–  ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, ბებიაჩემის ექიმი, კარდიოლოგი, ძალიან სახელიანი და ინტელიგენტი გივი კალანდარიშვილი. როცა ჩვენთან მოდიოდა, ისეთი მოწიწებით შევყურებდი, ისე მომწონდა მისი მანერები, საუბარი, მეც მომინდა კარდიოლოგობა.  პირველი კურსიდანვე დავისახე მიზანი, რომ კარდიოლოგი გამოვსულიყავი.

 

– და მიაღწიეთ თქვენს მიზანს, კმაყოფილი ხართ?

 

– კმაყოფილი როცა არ ხარ, მაშინ ბედნიერიც არ ხარ შენი სამუშაოთი…  ისეთი წლები გავიარეთ, საკმაოდ მწირად ანაზღაურებადი იყო ჩვენი საქმე.  დავდიოდით ფეხით, სიბნელეში, სიცივეში, მოვდიოდით და მთელი დატვირთვით ვმუშაობდით. მერე ისევ მივდიოდით ფეხით სიბნელეში, სიცივეში… თუ არა საქმის სიყვარული, მარტო მატერიალური ანაზღაურების გამო ამას ვერ გააკეთებ ადამიანი.

 

–  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გულის ექიმი ხართ…  როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა, ანუ როგორ გიპოვათ პატრიარქმა?

 

– ეს მოხდა 1996 წლის ნოემბერში, როდესაც ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი ჩემი პაციენტი და მითხრა: პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, რომ მასთან მიგიყვანოთ, როგორც ექიმიო…  მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი… ეს იყო შოკი, მთელი ღამე არ მეძინა, მეორე დღეს, მართლაც, მივედი… ცოტა სხვანაირი წარმომედგინა და დამხვდა მომღიმარი, მოალერსე, საოცარი სითბოთი. მგონი, მე  იქიდან მაშინ განკურნებული წამოვედი. მას მერე აეწყო ჩვენი ურთიერთობა.

 

 

– მას მერე, 21 წლის განმავლობაში, პატრიარქის გვერდით ხართ…

 

– მას მერე ვარ… იყო პერიოდები, როცა მას არ სჭირდებოდა ასეთი ინტენსივობით ჩემი ყოფნა, ამიტომ ცოტა შემსუბუქებულად ვიყავი…  2009 წლიდან უფრო აქტიურად ვარ მასთან. მასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საზღვარგარეთის ქვეყნებში მომიწია ყოფნამ. ეს იმხელაა ბედნიერებაა, ისეთი რაღაც ვნახე, როგორ ხვდება მას ხალხი, როგორი სიყვარულია. საქართველოში ეს  გასაკვირი არ არის, მაგრამ  როგორი მოწიწება აქვთ მისდამი საზღვარგარეთ, სხვა კონფესიის ხალხს, და თვითონაც როგორია მისი დამოკიდებულება მოგზაურობაში, ადამიანების მიმართ, ყველას მიმართ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე ის იფიქრებდა, იმაზე, თუ რით ვიკვებები და სად მძინავს…

 

მაგრამ არა, ყოველთვის კითხულობს, სად არის, ხომ აქვს თავისი კუთხე, საკვები?.. ასეთი მზრუნველია ჩვენი პატრიარქი.

 

–  პატრიარქთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მღელვარე ამბის დროსაც ხომ მასთან იყავით?

 

– მაშინაც ვიყავი, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო, დღემდე ვერ გავიგე, რა იყო და რაში იყო საქმე, მაინც ვღელავდით, რადგან ასაკოვანი ადამიანია,  მიდიოდა გერმანიაში საოპერაციოდ, საკმაოდ რთული ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო და ღელვასთან იყო დაკავშირებული.

 

მერე დაემატა გაუგებარი ამბავიც და ამან მაინც ცოტათი შეგვძრა.

 

– რა განცდა ჰქონდა მაშინ?

 

–  სხვათა შორის, მას ვერ შეატყობ, რომ რამეს განიცდის, არასოდეს თავის განცდებს არ გამოხატავს. შეიძლება სიხარული გამოხატოს, მაგრამ ის, რომ რაღაცას განიცდიდეს, ამას ჩვენ ვხვდებით… თავზე არ მოგახვევს. არც არავისზე ცუდს არ ამბობს. მე არ გამიგია, რომ ვიღაცაზე, თუნდაც იმ ადამიანზე, ვინც მისადმი ცუდად არის განწყობილი,  ცუდი თქვას – პირიქით.

 

– გულის მდგომარეობა როგორ აქვს?

 

– არა უშავს, ახლა სტაბილურია, იყო პრობლემები, და ეს პრობლემები მოგვარდა…

 

 

ძმასთან - თეიმურაზ პეტრიაშვილთან ერთად

 

– ბედნიერი ადამიანი ხართ – პატრიარქის გულის ექიმი გქვიათ…

 

– ძალიან დიდი პატივია, მართლაც. ხანდახან ენაც არ მემორჩილება, რომ ვთქვა და ჩემი თავი ღირსად ჩავთვალო, რომ მის გვერდში მიხდება ყოფნა.

 

– თვითონ გიბარებთ ხოლმე, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შეაწუხებს ხოლმე?

 

– არა, თვითონ არც არასოდეს უჩივის, არც უნდა, რომ ვინმე შეაწუხოს, თუმცა ჩვენ არ ვწუხდებით  და კი ვართ რამდენიმე ექიმი, რომლებიც შემოვრჩით და კვირაში რამდენჯერმე  საპატრიარქოში დავდივართ.

 

– ალბათ პატრიარქის საჩუქრებიც გექნებათ…

 

 – ძალიან საინტერესო რაღაცების ჩუქება იცის. იცის წიგნების, ჯვრის, სამაჯურის, ხატის ჩუქება…

 

– მისი რომელი საჩუქარი გიყვართ?

 

– ძალიან მიყვარს ეს სამაჯური, რომელსაც 9 წელიწადია, ვატარებ და რომელსაც აწერია: „ღმერთმა დაგლოცოთ“,  შიგნიდან კი ხელმოწერა აქვს. სულ მეშინია, არ დავკარგო…

 

 

– მარჯანიშვილის თეატრის ექიმიც იყავით…

 

– დიდხანს ვიყავი მარჯანიშვილის თეატრის ექიმი. უბედნიერესი წლები იყო ჩემთვის, რადგან უთბილეს გარემოში და ძალიან კარგ ხალხთან ვიყავი.

 

იქ ვინც არის, ყველა ჩემი პაციენტი იყო…

 

კვირაში სამჯერ დავდიოდი, მაშინ სპექტაკლები 6 საათზე იწყებოდა, ძალიან ცუდი პერიოდი იყო, როცა შუქი ხშირად ქრებოდა და არც ტრანსპორტი იყო. 6-დან 9 საათამდე იქ ვიყავი. ზუსტად სპექტაკლის პერიოდი ემთხვეოდა ხოლმე.

 

გოგი გელოვანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ელენე ყიფშიძე, თენგიზ არჩვაძე… ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ეს ხალხი ძველი თაობიდან.

 

– ოთარ ჭილაძესთანაც გქონდათ ურთიერთობა…

 

– ბატონ ოთარ ჭილაძესთან ურთიერთობა  ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ოთარს მრავალი ექიმი ჰყავდა და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. არასოდეს ვზარდებოდი და როცა მირეკავდა, მივდიოდი მასთან.

 

ერთხელ ბატონი ოთარი მეუბნება, გოდორი თუ გაქვთ სახლშიო? მე ვუთხარი, რაჭაში გვაქვს ძველი გოდორი-მეთქი, თბილისში არა-მეთქი. კაი, მაშინ თბილისშიც გქონდეთ გოდორიო. – მითხრა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა წიგნი…

უცებ ვერ გავიაზრე, რომ რომან „გოდორზე“ მეუბნებოდა…. თავისი ავტოგრაფით მაჩუქა ეს „გოდორი“…

 

 

– დაწყებული ვერიკო ანჯაფარიძით და აკაკი ვასაძით, იმ თაობის ყველა მსახიობი სცენაზე  გყავთ ნანახი…  თუნდაც სოფიკო ჭიაურელი, ლია ელიავა…

 

– ამით ჩემს თავს ძალიან ბედნიერად ვთვლი. ეს ადამიანები სცენაზეც და სცენის მიღმაც მყავს ნანახი.

 

რაც შეეხება სოფიკო ჭიაურელს,  სახლში რამდენჯერმე ვიყავი, მახსოვს, ერთხელ მივედი და  ტორტი ჰქონდა, ვიღაცამ მიართვა ტორტი… მე ვუთხარი, მე მოვიჭრი-მეთქი, რადგან ტორტი მაინცდამაინც არ მიყვარს. ვიფიქრე, რომ ძალიან პატარა ნაჭერს მოვიჭრიდი და გამოვიდა დიდი… ღიმილით მითხრა, აი თურმე რატომ გინდოდა, რომ შენ მოგეჭრა ეს ტორტიო.

 

არაჩვეულებრივი ადამიანი ლია ელიავა  ჩვენთან ინფარქტით იწვა. მახსოვს, ღამით განყოფილებაში მოვედი, ძალიან დიდი მიღება იყო და ვიფიქრე, მორიგე ექიმს მივხმარებოდი.

 

შევიხედე ინტენსიურში, გადატენილი იყო, ადგილს ვერ იპოვიდით… და ვხედავ, წევს ლია ელიავა. გადავირიე, იმიტომ, რომ წევს ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავი და პრეტენზია არ აქვს, რომ ამდენ ხალხშია მოთავსებული, როგორც ზოგმა იცის, სად დამაწვინეთო…  ძალიან შევწუხდი და ვუთხარი, ჩემს ოთახში გადაგიყვანთ- მეთქი. არავითარ შემთხვევაში, სადაც სხვები არიან, მეც იქ ვიქნებიო… ძალიან კმაყოფილი ვარ, თან მყვება ყველაო.

 

ბოლოს, მაინც გადავიყვანეთ და ცალკე დავაწვინეთ, ამით ჩვენ თვითონ მივიღეთ  სიამოვნება.

 

დიდი სითბოთი ვიხსენებ თემო გოცაძეს და მარინა ჯანაშიას. ჟანრი ლოლაშვილსა  და თათული დოლიძეს.  ძველი თაობის მომღერალი ციცინო ციცქიშვილი…  ისიც ჩემი პაციენტი იყო, ცნობილი მწერალი და მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე. მისი ავტოგრაფითაც მაქვს წიგნი, ბაჩანა ბრეგვაძე… მანაც ავტოგრაფით მაჩუქა.

 

– თემურ ჩალაბაშვილმა ლექსი მოგიძღვნათ, რომელიც თქვენს კაბინეტში გიკიდიათ… მინდა, ამ ლექსს ჩვენი პორტალის მკითხველებიც გაეცნენ…

 

***

 

პროფ შალვა პეტრიაშვილს,

 

უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პირად ექიმს,- ლექსპრომტად.

ღმერთმა გარგუნა

ბედი ექიმის

და სითბოს საგზალად

ჩამორიგება,

სწორედ ამგვარი

სიყვარულისგან

ტრფობის ტაძარი

თუ აიგება.

გისმენ, სავსე ვარ

ბედნიერებით,

მეტყვი სიტყვს და

მარჩენ უწამლოდ,

შენ საქართველოს

გულს ეფერები,

ეგებ პოეტის

გულსაც უწამლო!

 

 

მეუღლესთან ერთად

 

 – თემურ ჩალაბაშვილი მოვიდა ჩემთან, როგორც პაციენტი, ჩვენ დავმეგობრდით,  არაჩვეულებრივი კარგი პიროვნებაა, მადლიერების გრძნობა ისეთი კარგი რამაა…

მომიძღვნა ლექსი და, სხვათა შორის, ეს არ არის მოვალეობის მოსახდელად დაწერილი ლექსი… ეს არის გულიდან ამოძახილი და, მგონი, მხატვრული თვალსაზრისითაც ძალიან კარგი გამოვიდა.

 

– და თქვენი დაკვირვებით, როგორი ადამიანები არიან ხელოვანები და პოეტები?

 

– ძალიან კარგები არიან ურთიერთობაში, უბრალოდ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაინც ბოჰემურ ცხოვრებას მიჩვეული ხალხია და თუ ძალიან არ შეაწუხა რაღაცამ, მანამდე არ აქცევენ ყურადღებას. რადგან  ბოჰემურ ცხოვრებას ვერ იშლიან. ამიტომ მერე ეს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

 

– ხომ ვერ გაიხსენებთ თქვენი პრაქტიკიდან რაიმე ექსტრემალურ შემთხვევას, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს რომ უკავშირდებოდეს…

 

– სულ მაგისთანა შემთხვევები არ არის?  ახლა კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩვენი სფერო მაინც ისეთია, რომ სულ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან გვაქვს საქმე. როცა ვმუშაობდი და ვმორიგეობდი, მაშინ ბევრი დაგვიბრუნებია სიკვდილიდან მე და ჩემს კოლეგებს.. გუნდური სამუშაოა. ასე არ არის, რომ ერთმა ადამიანმა იმუშაოს და იმას დაბრალდეს ყველაფერი სიკეთე. არა, ეს არის გუნდი, ჩვენი არაჩვეულებრივი ექთნების, სანიტრების და ექიმების…

 

 

– ალექსანდრე  ალადაშვილის სახელობის №1 კლინიკა ტრადიციული, დიდი ისტორიის მქონე დაწესებულებაა…

 

– ალექსანდრე  ალადაშვილის სახელობის კლინიკის შენობა 1881 წელს ქალაქის მუნიციპალიტეტს გადასცა სამხედრო უწყებამ. აქ  მაშინ მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნა.

 

იყო ასევე სასწრაფო დახმარების სადგურივით რაღაც პატარა, სადაც სასწრაფო დახმარების ეტლები ემსახურებოდა ქალაქს.

 

მას მერე მოდის ეს კლინიკა, ამხელა ისტორია, მგონი, არცერთ კლინიკას არ აქვს თბილისში.

 

როცა უკვე დადგა საკითხი, რომ  ეს კლინიკა იხურებოდა, ვინც შეიძინა, ამით დიდი ეროვნული საქმე გააკეთა. ქალაქს შეუნარჩუნა ტრადიციული კლინიკა. არ ვიცი, ეს ფინანასურად მისთვის რამდენად მომგებიანი იყო, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი საქმე გაკეთდა.

 

ფოიეში  ნახავთ სურათებს, რამდენად ტრადიციული კლინიკაა… ძალიან დიდი ხალხი მოღვაწეობდა ამ შენობის კედლებში, მარტო ალექსანდრე ალადაშვილის და მისი შვილის ვახტანგ ალადაშვილის სახელი ღირს, სხვას ყველას თავი რომ დავანებოთ.

 

ეს იყო განათლების კერა, აქ გაიზარდნენ ექიმთა თაობები, აქ იყო ორი – ქირურგიის და თერაპიის კათედრა,

 

ახლა ჯერჯერობით სტუდენტები  არ არიან, რადგან სასწავლო დაწესებულების ბაზად აღარ ითვლება.

 

–  ჩვენს დროში ძალიან გახშირდა გულის დაავადებები…

 

– გულის დაავადებები ყველა დროში აქტუალური იყო, განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ტექნიკური პროგრესის ტემპი იზრდება, სტრესები მატულობს. გახშირდა  იშემიური დაავადებები, მისი ერთ-ერთი სახეობა ინფარქტი, გაახალგაზრდავდა კიდეც.

 

 

ტატა ჯაფარიძე, ჯულიეტა ანთაძე-პეტრიაშვილი, მედეა ჯაფარიძე, შალვა პეტრიაშვილი

 

ადამიანი მთლიანად არის ჩაფლული თავის სამუშაოში და ჯანსაღი ცხოვრების წესს ნაკლებად მისდევს… პირველ ყოვლისა, ადამიანმა, თუ სურს, რომ ჯანმრთელი იყოს,  ჯანსაღი ცხოვრების წესს უნდა მისდიოს, შეძლებისდაგვარად. მავნე ჩვევებს  აარიდოს თავი… მნიშვნელოვანია  კვების რეჟიმი, წონის კორექცია…

 

დღეს სტრესს ვერ გაექცევი, მაგრამ  ამ სტრესს მომზადებული უნდა შეხვდე, რომ კიდევ უფრო არ გამძაფრდეს მდგომარეობა.

 

– სხვანაირად გამორჩეული იყო მედეა ჯაფარიძესთან ურთიერთობის პერიოდი…

 

– მედეასთან ბავშვობიდან ვახლობლობდი და უდიდესი სიკეთე დამამახსოვრდა. ყოველი შეხვედრისას, მერეც, როცა უკვე სტუდენტი ვიყავი, დაგვიძახებდა, მოგვეფერებოდა, ფული გააქვს? – მეტყოდა ხოლმე და უნდოდა, რაღაც ყურადღება გამოეხატა.

 

სულ ცდილობდა, სხვას დახმარებოდა. ასეთი იყო…

 

– და დღევანდელი თაობა არის ასეთი?

 

– არიან, არიან… მაშინ უფრო ჩანდა ეს ხალხი. იმიტომ რომ ისედაც სხვანაირები იყვნენ, ინტელექტუალურადაც და დონით. მარტო პროფესიონალური თვალსაზრისით კი არა, მოქალაქეობრივი დონით იყვნენ მაღალი. ახლაც არიან, მაგრამ ისინი უფრო ელვარეები იყვნენ.

 

– თქვენთვის ფილმში თამაში არ შემოუთავაზებიათ?

 

– არა… მსგავსი არაფერი ყოფილა… ალბათ მაინც უარს ვიტყოდი, მაგრამ არა…

 

– რეჟისორობა მერე აღარ მოგდომებიათ?

 

– რაღაც განუხორციელებელი რომ გაქვს… ასე დამრჩა…

 

– დღევანდელ თბილისში რა მოგწონთ და რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?

 

 

შალვა პეტრიაშვილი შვილებთან ერთად

 

– ქალაქი გაიზარდა, შეიცვალა  იერსახე, ზოგან უკეთესობისკენ, ზოგან – უარესობისკენ. მაგრამ რატომღაც იმ ძველი თბილისის ნოსტალგია მაქვს.

 

ჩვენი, დედაჩემის ოჯახი ძირძველი თბილისური ოჯახი იყო,  მთაწმინდაზე, სადაც ვიზრდებოდი, სხვანაირი ურთიერთობები იყო, სხვანაირი შენობები, უბანი… შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, დრო რომ გადის, მაინც სიკეთისკენ იცვლება ხოლმე. მე უფრო ძველი იერსახე და ურთიერთობები მომწონდა.

 

თუმცა ახლაც, ვინც ერთ წრეშია, იქ  ის ურთიერთობები შენარჩუნებულია.

 

– თავისუფალი დრო თუ გაქვთ და რა გიტაცებთ?

 

– მაინცდამაინც ბევრი არ მაქვს, მაგრამ როცა მაქვს, მიყვარს ოჯახთან ერთად სეირნობა მთაწმინდის ქუჩებში, ფუნიკულიორზე, მამადავითზე, თეატრში, ოპერაში, კონცერტებზე  წასვლაც გვიყვარს…. მეგობრებთან მისვლა მიყვარს…

 

–  მწერლობიდან რას კითხულობთ?

 

– ქართველებიდან ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს. ასევე – ანა კალანდაძე, ბესიკ ხარანაული, ოთარ ჭილაძე…

 

– ოჯახი…

 

–  მეუღლე პედიატრი, მარინე გაგოშიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ორი შვილი – ანა და გივი, ორივენი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

 

– კარდიოლოგია იტაცებთ?

 

– მე მგონი, ორივეს, მთავარია, კარგად ისწავლონ. და უნდა იშრომონ, შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის…

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი