logo_geo
„მეგობრების სიყვარული ჩემი ციხესიმაგრეა“ – მწერალი, რომელიც აფრიკის მოვლაზე, კილიმანჯაროს ნახვაზე და საკუთარ ვენახზე ოცნებობს…
- +

26 ივლისი. 2019. 15:29

 

ქუთაისი მისთვის დღემდე ძვირფასი ქალაქია, სადაც დაიბადა და გაიზარდა… ექიმობა უნდოდა, მაგრამ მერე რატომღაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. თავიდან ლექსებს წერდა. პოეტური კრებულისთვის – „მოხსენებითი ბარათი“ მიენიჭა პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ხოლო პროზაულმა კრებულმა – „ქალაქი წყალზე“ წინანდლის პრემია მოიპოვა…

 

მან მკითხველს თავი უკვე თარგმანებითაც დაამახსოვრა… მრავალი გამორჩეული დღეც ჰქონია, თუმცა არის გარდამტეხი დღე, როცა 19 წლის ასაკში, ვილნიუსში წავიდა სასწავლებლად და ამ დღემ მთელი შემდგომი ცხოვრება განაპირობა.

 

ამბობს, რომ ადამიანი რასაც მოინდომებ, ყველაფერს მოახერხებს და გაწვდება… – მწერლისა და ჟურნალისტის, სალომე ბენიძის პერსონა.

 

 – ქუთაისში დავიბადე, მაგრამ მამაჩემი აფხაზეთიდან, ოჩამჩირიდან იყო. 90-იანი წლების საქართველოში გაზრდილი სხვა ბავშვების მსგავსად, განსაკუთრებით ნათელი და ბედნიერი ბავშვობა არც მე მქონია. მამა ადრე გარდაიცვალა, ორი წლის ვიყავი. მე ორმა ძალიან ძლიერმა და მამაცმა ქალმა გამზარდა, დედამ და დეიდამ. მათ მაგალითზე უამრავი რამ ვისწავლე. გავიზარდე ტიპურ ქუთაისურ სამეზობლოში, სადაც ადამიანური ურთიერთობები ძალიან მაღალ რანგშია აყვანილი, სადაც ჭირი და ლხინი საერთოა. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს ჩემს სკოლასთან, რომელიც ახლა ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაა, ჩემს ბავშვობაში კი წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია ერქვა. ისტორიული სკოლაა. ქალთა გიმნაზია იყო, სადაც საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლის შემსრულებელი ქალები სწავლობდნენ: კატო მიქელაძე, ქრისტინე შარაშიძე, მინადორა ტოროშელიძე და ა.შ.

ხშირად ვამბობ, რომ თავისი წარსულით, ყველაზე ფემინისტური სკოლაა საქართველოში და მიხარია, რომ მეც ამ გზას ვაგრძელებ. ქუთაისი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქალაქია, სადაც დღემდე ცხოვრობს დედაჩემი, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრები ცხოვრობენ, სადაც სულ მგონია, რომ ქუჩაში გავლისას ერთხელაც თინეიჯერ სალომეს შევხვდები, რომელიც გაკვეთილების შემდეგ ინგლისურის მასწავლებელთან მიდის მეგობრებთან ერთად.

 

– როდის დაიწყეთ წერა და რა იყო პირველი ნაწარმოებები?

 

– 3-4 წლისამ დავიწყე ლექსების წერა, უფრო სწორად, მოყოლა. დედაჩემი მიხვდა, რომ ეს ლექსები ნასწავლი კი არა, ჩემი შეთხზული იყო.

 

– გაიხსენეთ სტუდენტობა… რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?

 

– მეათე კლასამდე ექიმობა მინდოდა. ზოგჯერ დღესაც გული მწყდება, რომ გადავიფიქრე. ალბათ ცუდი ექიმი არ ვიქნებოდი. საბოლოო გადაწყვეტილება მისაღებ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე მივიღე.

 

საბუთები რომ შემქონდა, მაშინაც კი ვფიქრობდი, მგონი, შეცდომას ვუშვებ-მეთქი. თუმცა საოცარი სტუდენტობა მქონდა, ყველაზე გამორჩეული წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩვენი ფაკულტეტის და, პირველ რიგში, ჩემი მეგობრების დამსახურებით, რომელთა არსებობაც ჩემთვის იყო და დღემდე არის დიდი, დაუსრულებელი თავგადასავალი.

 

– მაგისტრატურა თესალონიკში დაამთავრეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. რატომ მოგწონთ ეს განხრა?

 

– უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სტაჟირება გავიარე და მივხვდი, რომ სწორედ ამ საქმის კეთება მინდოდა. აქტიური პროფესიაა, რომელიც მუდმივად გთხოვს, მოვლენებს არათუ ეწეოდე, არამედ წინ უსწრებდე, გეგმავდე, ქმნიდე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობდე, ადამიანებთან გქონდეს კომუნიკაცია. ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს.

 

– „ინტელექტმა“ გამოსცა თქვენი ორი პოეტური კრებული: „მოხსენებითი ბარათი“ (2011), „ამბავი უძინართა“ (2013)… რა იცვლება მწერალში კრებულიდან კრებულამდე?

 

– მგონი, პირველ რიგში, ამბები იცვლება. იზრდები. სხვანაირად ლაგდები, ან ირევი. ცხოვრება იცვლება და მასთან ერთად იცვლება ისიც, რასაც წერ. ჩემთვის ეს ორი კრებული ორი სხვადასხვა ამბავია, ჩემი ცხოვრების ორი ეტაპი, რომლის მოყოლაც ასეთი ფორმით გადავწყვიტე.

 

– „მოხსენებითი ბარათისთვის“ მოგენიჭათ პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში… ელოდით?

 

– ნამდვილად არ ველოდი.  მოულოდნელი და ძალიან დიდი სიხარული იყო.

 

–  „ქალაქი წყალზე“ – გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ შარშან გამოსცა თქვენი პროზაული კრებული, მოთხრობები, რომელიც უცებ გახდა პოპულარული… წინანდლის პრემია მოიპოვა… როგორ დაიწერა ეს წიგნი, რომელიც 7 ქალის ისტორიას აერთიანებს. რომელია ავტორის საყვარელი პერსონაჟი და რატომ?

 

– როცა პირველი მოთხრობა დაიწერა, წიგნი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გეგმაში. პირველ მოთხრობას მოჰყვა მეორე და მივხვდი, რომ წრე იკვრებოდა. გამიჩნდა იდეა, რომელიც ჩემს მეგობრებს, გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებლებს, მარი კორინთელს და ირაკლი ბაკურიძეს გავუზიარე. ქალების პრობლემები, მათი ბრძოლა უფლებებისთვის, თვითდამკვიდრებისთვის, სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის არის ის, რაზეც ყოველდღიურად ვფიქრობ და ვმუშაობ. ჩემი წიგნი სწორედ მათზეა, ქალებზე, რომლებიც უკან არ იხევენ, მაშინაც კი, როცა ბრძოლა წასაგებადაა განწირული.

 

საინტერესოა, რომ „ქალაქი წყალზე“, რომელიც მე მოთხრობების კრებულად ჩავიფიქრე, ბევრმა რომანად აღიქვა. ბოლო დროს ცოტა ვერიდები კიდეც განსაზღვრას, მოთხრობების კრებულია თუ რომანი. მირჩევნია, მკითხველმა გადაწყვიტოს.

 

საყვარელი პერსონაჟის გამოყოფა, რა თქმა უნდა, ძნელია. თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილი დევს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მათგანის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი ვიყავი, თუმცა ამ გადმოსახედიდან, განსაკუთრებით, მარია მიყვარს. მგონია, რომ საკვანძო როლს წიგნში სწორედ ის თამაშობს.

 

აქვე მინდა ვთქვა, რომ წიგნის პოპულარობა მარტო ჩემი დამსახურება არ არის. გამომცემლობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქალაქი წყალზე“ მრავალ ადამიანთან მისულიყო.  მის წარმატებაში ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თათია ნადარეიშვილს, წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების ავტორს. არასოდეს დავიზარებ, ვთქვა, რომ მისი საოცრად მადლიერი ვარ.

 

– „ის გადასარევი შეგრძნება, როცა გეუბნებიან, რომ შენი წიგნი აღარც ქსელშია და აღარც გამომცემლობაში. ეს ყოფილა ახალი წელი“… – დაწერეთ facebook-ზე. და ალბათ ისიც, რომ საახალწლოდ „საქართველოს ბანკისგან“ სწორედ ეს წიგნი ეგზავნებოდათ სანტასგან საჩუქრად… მრავალი გამოხმაურებაც მიიღეთ… „მადლობა ჩემს მკითხველებს – მათი სიყვარული 2016 წლის საუკეთესო მონაპოვარია“… – რას ნიშნავს მწერლისთვის მკითხველის სიყვარული?

 

– ძალიან მიჭირს, სრულად გადმოგცეთ, რას ნიშნავს ჩემთვის მკითხველის დამოკიდებულება, – უამრავი წერილი, რომელსაც ვიღებ, უამრავი გულთბილი კომენტარი. სრულიად უცნობი ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეხვევიან. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში არ ხდება და მესიზმრება. როცა „ქალაქი წყალზე“ იწერებოდა, ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. 2015-16 წლები არც ისე მარტივი იყო ჩემთვის და ცუდი დღეები, პირველ რიგში, სწორედ ჩემი მკითხველების დახმარებით გადავიტანე. „ქალაქი წყალზე“, გარკვეულწილად, იმისთვის დავწერე, რომ ადამიანები გამემხნევებინა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ აქეთ გამამხნევეს და გამაძლიერეს.

 

– პოეზია თუ პროზა, – რომელს ანიჭებს სალომე ბენიძე უპირატესობას?

 

– ორივეს. განწყობას გააჩნია.

 

– თარგმნეთ დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი მხრიდან“, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი „ოქროს გალია“… მილორად პავიჩის „უნიკალური ეგზემპლარი“ და ახლახან სალმან რუშდის „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნების თარგმნა?

 

– ყველა თარგმანს თავისი ისტორია აქვს. ბექჰემის თარგმნა ზვიად კვარაცხელიამ შემომთავაზა და რადგან ფეხბურთიც მიყვარს და ბექჰემიც, დავთანხმდი. საინტერესო გამოცდილება იყო. შირინ ებადის სიტყვით გამოსვლას რამდენიმე წლის წინ, მექსიკაში, ერთ-ერთ კონფერენციაზე მოვუსმინე. დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მისი წიგნი თავად შევთავაზე გამომცემლობა „ინტელექტს“. რაც შეეხება პავიჩს და რუშდის, განსაკუთრებით ბედნიერად და იღბლიანად ვთვლი თავს, რომ მათი ტექსტების თარგმნა მერგო. ორივე ჩემი უსაყვარლესი მწერალია. ორივეს ტექსტზე დიდი სიფრთხილით და სიყვარულით ვიმუშავე. სალმან რუშდიზე ხშირად მითქვამს, რომ ჩემი პირადი ჯადოქარია. მისი ბოლო წიგნის „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ თარგმნა არც ისე დიდი ხნის წინ დავასრულე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის. საოცარი ტექსტია.

 

–  რაზეა დამოკიდებული მწერლის წარმატება ჩვენს დროში – ნიჭზე, იღბალზე თუ შემთხვევითობაზე?

 

– ალბათ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, უნივერსალური ფორმულა არ არსებობს.

 

–  რა როლს ასრულებენ მეგობრები თქვენს ცხოვრებაში?

 

– დედისერთა ვარ და შეიძლება, ამის ბრალიცაა, რომ მეგობრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მგონია, რომ მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები. მათი სიყვარული ჩემი ციხესიმაგრეა.

 

– დასამახსოვრებელი დღე…

 

– საბედნიეროდ, ბევრი კარგი დღე ყოფილა, რომელიც მთელი სიცხადით მახსოვს. მათგან უმეტესობა დეტალებისა და შეგრძნებების გამოა განსაკუთრებული. დღე, როცა გავიგე, რომ სტუდენტი გავხდი; დღე, როცა კუნძულ ჰიდრაზე დავდგი ფეხი; როცა დიეგო რივერას სახლ-მუზეუმში შევედი და ჭერიდან ჩამოსულ სინათლეს ავხედე; როცა ფლორენციაში მოვხვდი…

 

დღეები, როცა ჩემი მეგობრების შვილები დაიბადნენ. თუმცა დღე, როცა 19 წლის ასაკში, ვილნიუსში წავედი სასწავლებლად, იყო გარდამტეხი – მთელი ჩემი შემდეგი ცხოვრება განაპირობა. და კიდევ, მჯერა, რომ საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები წინა არის.

 

– მუშაობთ, წერთ პროზას, ლექსებს, თარგმნით… როგორ გყოფნით დრო და ენერგია?

 

– ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანი რასაც მოინდომებ, ყველაფერს მოახერხებ, ყველაფერს გაწვდები. რა თქმა უნდა, ყოფილა დღეები, როცა მიფიქრია, რომ მორჩა, წამოდგომის ძალა აღარ მაქვს, მაგრამ ასეთ დროს ყველა იმ ადამიანს ვიხსენებ, ვისაც ვუყვარვარ, ყველა კარგ საქმეს, რომელიც გამიკეთებია, ყველაფერს, რაც შეუძლებელი მეგონა და შევძელი…

 

სულ მალე თქვენ მიერ ჩამოთვლილ საქმეებს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობაც დაემატება.

 

– ჰობი…

 

– რადგან ძირითად დროს სამსახურს ვუთმობ და მხოლოდ ღამით, შვებულებაში და დასვენების დღეებში ვწერ, გამოდის, რომ ჩემი ჰობი წერაა…

 

– ახლიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, რას შეცვლიდით?

 

– გერმანულის სწავლას გავაგრძელებდი.

 

– წიგნის „ქალაქი წყალზე“ ჰონორარი ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალებს – „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ გადაურიცხეთ… მწერლისგან ასეთი ქველმოქმედებით ნაკლებად არის განებივრებული საზოგადოება. რამდენად არის ჩვენს დღევანდელობაში გამჯდარი ქველმოქმედება?

 

– მჯერა, რომ სიკეთის ნიჭი ყველა ადამიანს გააჩნია. ქველმოქმედება, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ჩვევა და კულტურაა, რომელიც ჩვენ ოთხმოცდაათიანებმა და გამოვლილმა გაჭირვებამ თითქოს დაგვავიწყა. თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოება ჩვენს თვალწინ იცვლება. უამრავი ადამიანისთვის ქველმოქმედება ყოველდღიური ყოფის ნაწილად იქცა. მგონია, რომ ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქმეში, რისთვისაც ყველა ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ჩემი წიგნი იყიდა. ჩვენ ეს ერთად შევძელით.

 

– შვილები, ოჯახი…

 

– დაოჯახებული არა ვარ, არც შვილები მყავს. ჩვენი საზოგადოება ქალს სტერეოტიპულ მოთხოვნებს უყენებს, რაც დრო გადის, ხშირდება საოცრად გამაღიზიანებელი შეკითხვა: „როდის თხოვდები?“ ჩემთვის კი ოჯახის შექმნა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა შეისწავლო და გამოსცადო, სამყარო აღმოაჩინო, განათლება მიიღო, იმოგზაურო, თვითკმარი გახდე და შემდეგ დაოჯახდე. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემს შვილებს ვურჩევ (თუ მომისმენენ), 30 წლამდე ეს ნაბიჯი არ გადადგან. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ძალიან სუბიექტური მოსაზრებაა.

 

– რაზე ოცნებობთ?

 

– აფრიკის მოვლაზე, განსაკუთრებით, კილიმანჯაროს ნახვაზე და საკუთარ ვენახზე…

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი