logo_geo
სკანდალური ისტორიის მონაწილე დუმილს 25 წლის შემდეგ არღვევს - თეოფილე მალაქიას ერთ-ერთი სტუდენტი საქართველოში დაბრუნდა
- +

7 აგვისტო. 2019. 13:00

 

ყველაფერი 1994 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა ტექნიკური უნივერისტეტის რელიგიის ლექტორმა, რეზო ბაქრაძემ, იგივე თეოფილე მალაქიამ საიდუმლო მომზადების შემდეგ, ოჯახთან და 33 რჩეულ სტუდენტთან ერთად თურქეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.

 

ამას დიდი ხმაური, მშობლების ცრემლები და უამრავი მითი მოჰყვა. მომზადდა არაერთი რეპორტაჟი, დაიწერა უამრავი სტატია.

 

ამჯერად „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ რეზო ბაქრაძის, იგივე თეოფილე მალაქიას სტუდენტთან, გოჩა ჩაჩანიძესთან, რომელიც საქართველოდან წასვლამდე ჯონი ბაკურაძე იყო. ის 25 წლის შემდეგ ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც დუმილი დაარღვია და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

 

 

მას საქართველოდან წასვლამდე მეუღლე და ვაჟიშვილი ჰყავდა. ცოლმა ის არ მიატოვა და გარკვეული დროის შემდეგ მასთან ჩავიდა. თუმცა, მალევე განქორწინდნენ. გოგა ჩაჩანიძემ სხვა ოჯახი შექმნა. მეორე ცოლიც მალაქიას ყოფილი სტუდენტია. წყვილს ერთი ქალიშვილი - ივდითი ჰყავთ, რომელიც ახლა მამასთან ერთად საქართველოში, მამა-პაპისეულ სახლში მცხეთაში იმყოფება.

 

გოჩა ჩაჩანიძე წარმატებული კალათბურთელია. ის კანადაში მწვრთნელიცაა და შეთავსებით, სამთავრობო სამსახურში - მძღოლიც. ტორონტოში ფლობს უძრავ ქონებას.

 

ახლა, სამშობლოში კონკრეტული მიზნებით ჩამოვიდა.  მას მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა სურს. საკუთარ როლს ტურიზმის განვითარებასა და განათლების გავრცელებაში ხედავს.

 

ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად ქართული სახეები და ღიმილი ენატრებოდა.

 

„ის განათლება და გამოცდილება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კანადაში დავაგროვე, მინდა ახლა საქართველოს მოვახმარო.  თავი ტურიზმისა და განათლების სფეროში წარმომიდგენია. მინდა ის თავისუფლება რაც აქაა, დემოკრატია და პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხალხის საკეთილდღეოდ. ჩამოსვლისთანავე სახლში მოვედი, დედას ვაკოცე და გურიაში, ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახში გავემგზავრე. გული მომიკვდა, როცა ამდენი გაჭირვებული ვნახე. ამ ოჯახის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ავრცელებდა. ბევრი აღარ მიფიქრია, ორ დღეში ბილეთი ავიღე და ჩამოვფრინდი. იმის დასამტკიცებლად, რომ თეოფილე მალაქია არც მონათმფლობელია და არც ჩვენ ვართ ზომბები, საერთოდ წავშალე სოციალური ქსელიდან, მასთან უკვე 6 თვეა კონტაქტი არ მაქვს.  უბრალოდ, ერთხელ მითხრა, დიდი კაცი რომ გახდები, მე დამივიწყებო. ამიტომ მას სანაძლეო დავუდე, რომ არასოდეს დავივიწყებ...“ - ამბობს ჯონი ბაკურაძე.

 

იმის გამო, რომ გოჩა ჩაჩანიძესთან ინტერვიუ საკმაოდ ვრცელია და ერთ სტატიაში მისი მოქცევა უბრალოდ შეუძლებელია, დრო და დრო „პრაიმტაიმის“ მკითხველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სრულ მასალას.

 

ახლა, პირველ სტატიად გოჩა, იგივე ჯონი ბაკურაძე მითებს პასუხობს, რომლებიც იდუმალი ლექტორისა და მისი 33 სტუდენტის შესახებ ქართულ მედიაში მრავალად გამოქვეყნებულა.

 

ერთად გავარკვიოთ, ამ მრავალწლიანი სკანდალის ირგვლივ რა მითია და რა რეალობა...

 

 

მითი N1

 

რეზო ბაქრაძე იგივე თეოფილე მალაქია ზებუნებრივი ნიჭის წყალობით - ჰიპნოზით თიშავდა სტუდენტებს და იმას აკეთებინებდა, რაც სურდა, ასე გაიტაცა 33 ახალგაზრდა.

 

რეალობა N1

 

გოჩა ჩაჩანიძე ამბობს, რომ სტუდენტები არავის გაუტაცია. ისინი თავისი ნებით, თავიანთი გადაწყვეტილებით გაყვნენ რეზო ბაქრაძეს და მას სხვა სტუდენტები დღემდე საყვედურობენ, რომ ისინიც თან არ წაიყვანა. როგორც ირკვევა, თავად რეზო ბაქრაძე გოჩა ჩაჩანიძემ წაიყვანა, მან კი, სტუდენტებს უთხრა აღნიშნულის შესახებ.

 

„საქართველო 1990 წელს დავტოვე. ბევრი ვიწვალე საზღვარგარეთის პასპორტზე, ვიზაზე. თურქეთში წავედი, სადაც კალათბურთსაც ვთამაშობდი და ბარ-რესტორნებში ჭურჭელსაც ვრეცხავდი. ჩემი წასვლა იყო პროტესტი საბჭოთა მარწუხებისგან გასათავისუფლებად. მერე, წლების განმავლობაში რეზო ბაქრაძეს ვურეკავდი და ვთხოვდი, რომ წამოსულიყო. მისნაირი თავისუფლად მოაზროვენე და ნამდვილი ინტელექტუალი საქართველოში ჩრდილში იყო, ეს დარდი არ მასვენებდა“.

 

 

„რეზო მეგობართან გავიცანი და ჩვენმა პირველმა დიალოგმა 5 საათს გასტანა. მერე სულ მას ვეძებდი და გავიგე, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იმ დროიდანვე დავიწყე მისი სალექციო კურსის მოსმენა და ეს იყო საოცრად შთამბეჭდავი, კლიშეებისგან და სტერეოტიპებისგან თავისუფალი ადამიანი. მაოცებდა მისი უშუალობა. ამიტომაც შევთავაზე ჩემთან ჩამოსულიყო თურქეთში. მან კი 33 კაციანი ჯგუფი ჩამოიყვანა თან. მახსოვს, ერთ გოგონას ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა წამოღებული, ბოლო წუთებში გაიგო რომ რეზო ტოვებდა საქართველოს“.

 

- რატომ დასჭირდა ბაქრაძეს 4-წლიანი შეთავაზება ჩამოსულიყო თურქეთში?

 

- თურქეთში ჩამოსვლიდან მეორე დილას ის „კაგებეში“ იყო დაბარებული. ალბათ, ამან გადამწყვეტი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე.

 

 

 

რეალობა N2

 

ჯონი ბაკურაძე: „აკრძალვა და თეოფილე მალაქია ერთად წარმოუდგენელია. ის მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება. არცერთისთვის არ დაუშლია ოჯახთან კონტაქტი. პირიქით, ის მომხრე იყო, ჩვეულებრივ ეკონტაქტა ჩვენს ჯგუფს მშობლებთან. თუმცა, ვიცოდით, რომ ეს სენტიმენტებს გამოიწვევდა და ამიტომაც, ჯგუფმა უარი თქვა მათთან კონტაქტზე. ახლა კი, ყველა მათგანს ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ახლობლებთან“.

 

მითი N 3

 

გავრცელებული ინფორმაციით, თეოფილე მალაქიას აქვს სექტა და ის ამ სექტის წინამძღოლია.

 

რეალობა N3

 

„რეზო ბაქრაძემ უზადოდ იცის რელიგიის ისტორია. მისი ცხოვრება დაფუძნებულია ბიბლიაზე. თეოფილე მალაქია პავლესეული ქრისტიანია და ჩვენ მუდამ კლასიკური ქრისტიანობის წესებით ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვჭირდება შენობა-ეკლესია, საეკლესიო სანთელი ან ნათლობის რიტუალი. ჩვენთვის ქრისტიანობა შინაგანი რწმენა და ცხოვრების წესია. ის არავითარი წინამძღვარი არ არის. მალაქია ჩვენი მეგობარია და მის ლექციებს 9 საათის განმავლობაში ისე ვუსმენდით, საჭმელსაც არ ვჭამდით... ჩვენ ბიბლიას, ფილოსოფოსებს ერთად ვკითხულობდით და შემდეგ ვარჩევდით. ჩვენთვის ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტების წიგნია“, - განმარტავს ყოფილი სტუდენტი.

 

მითი N4

 

დაწერილა, რომ რეზო ბაქრაძე მონათმფლობელია, რომ ის ყოფილ სტუდენტებს ამუშავებს, ხელფასებს თავის ხაზინაში ინახავს და მთელ სალაროს ის განაგებს.

 

რეალობა N4

 

„რეზო ბაქრაძეს სტუდენტების ფინანსებთან ერთადერთხელ ჰქონდა შეხება. როცა სტუდენტები თურქეთში ჩამოვიდნენ და თანხის დაკარგვის ეშინოდათ.  მათ თავიანთი გადაწყვეტილებით მიაბარეს ჯიბის ფული რეზოს. ამის შემდეგ, არასოდეს არცერთისთვის არ უკითხავს ფინანსების შესახებ არაფერი. ეს ტყუილია. ყველა სტუდენტი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. ისინი კანადაში საკამოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ, არიან მაღალანზღაურებადი კადრები და თვითონ განკარგავენ თავიანთ ფულს. რეზო ბაქრაძე პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეა და ის ექსპერტად მუშაობს. აქვს თავისი საკმაოდ სოლიდური შემოსავალი და მაღალი პენსია“, - განმარტავს გოჩა ჩაჩანიძე.

 

მითი N5

 

საქართველოდან წასულ 33 სტუდენტს შორის 11 გოგონა იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ქალი თეოფილე მალაქიას  ცოლი იყო და ვისთანაც უნდოდა, იმასთან ცხოვრობდა.

 

რეალობა N5

 

„რეზო ბაქრაძე ყველაზე მაღალი მორალის მქონე ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. მან საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა და ცოლიც იქ ჰყავს. თითოეულ გოგონას უყურებდა ისე, როგორც შვილს და ახლაც ასეა. რეზოს საზრუნავი მხოლოდ ჩვენი განათლება იყო. სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა მოვაღწიო, ჩემთვის ის ძალიან წესიერ, საყვარელ და განათლებულ მეგობრად დარჩება.

 

ჯგუფის უმრავლესობამ ერთმანეთზე იქორწინა. გავმრავლდით და გვყავს შვილები. მეც მეორე ქორწინებაში ვარ და ჩემი მეუღლე ერთ-ერთი სტუდენტთაგანია, რომელმაც ბაქრაძესთან ერთად დატოვა საქართველო. ისე ჩემი პირველი ცოლიც ბაქრაძის ნასტუდენტარია“, - აცხადებს ჯონი ბაკურაძე.

 

„პრაიმტაიმის“ მკითხველი მომდევნო დღეეში ბურუსით მოცული ისტორიის მეტ დეტალს იხილავს. გოჩა ჩაჩანიძე, იგივე ჯონი ბაკურაძე მოყვება კანადური თავგადასავლის შესახებ - 33 ყოფილი სტუდენტი იქ როგორ და რა პირობებში ცხოვრობს, როგორ იკვებება თეოფილე მალაქია და სხვა საინტერესო დეტალები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი