logo_geo
კიბო განაჩენი არ არის, ხოლო სიცოცხლე ჩვენი უფლებაა – თოდუას კლინიკის კამპანია
- +

11 აგვისტო. 2019. 22:44

 

„პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის. რომ სხვადასხვა სტადიის შემთხვევაშიც კი, მკურნალობას აქვს შედეგი და ჩვენ ყველამ, დამსაქმებელმა თუ ექიმმა, ექთანმა თუ ოჯახის წევრმა, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ასეთ პაციენტებთან ურთიერთობის დროს გვაქვს ერთი მიზანი – ვებრძოლოთ ამ დაავადებას და დავამარცხოთ“, – ასე დაიწყო „მარკეტერთან“ საუბარი თოდუას კლინიკის ახალგაზრდა მენეჯერმა – გიორგი დიასამიძემ. საუბარი კი კამპანიას შეეხება, რომელმაც თოდუას კლინიკის facebook-გვერდი სიმსივნესთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების გამოცდილების გაზიარების სივრცედ აქცია. სივრცედ, რომელმაც შეძლო ათიათასობით ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა და ეთქვა – ბრძოლა ყოველთვის ღირს, #სიცოცხლეჩვენიუფლებაა.

 

 

გიორგი დიასამიძე – თოდუას კლინიკის მენეჯერი

 

კამპანიის წინაპირობად შეგვიძლია გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის გაცვლის კულტურა მივიჩნიოთ, რომელიც წლების განმავლობაში, კიბოსთან ბრძოლის საკითხში, მულტიდისციპლინური მიდგომის შედეგად ჩამოყალიბდა. კულტურა, რომელიც სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის და მათი ახლობლების მცირე ჯგუფებში შეკრებასა და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალების მიცემას უკავშირდება. ისინი საუბრობენ დაავადებასთან ბრძოლის სტადიებზე, ემოციური თუ ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვის გზებზე და იღებენ ინფორმაციასა და ემოციურ მხარდაჭერას მსგავსი საჭიროებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან. მსგავს პრაქტიკას გიორგი დიასამიძე „სკოლას“ უწოდებს.

 

„ჩვენ, ამ სკოლების მეშვეობით, ამ ადამიანებში დავინახეთ სითამამე. ისინი დგებიან, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ამბობენ: „მე გავიარე ის, რაც თქვენ გაწუხებთ ახლა და თავს ვგრძნობ უკეთ“. ვხედავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრაქტიკას მკურნალობის მიმდინარეობის პოზიტიურად წარმართვაში. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს რთული პერიოდი, რასაც სიმსივნესთან ბრძოლა ჰქვია, გამოიარეს, მიგვეცა ფართო საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობა. საზოგადოებისთვის იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ჰქონდათ რთული დღეები, ცუდი ემოციები, ცუდი გამოცდილება, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა“.

 

- თქვენი დაკვირვებით, როგორია სიმსივნესთან დაკავშირებული წარმოდგენები საქართველოში? რა გამოწვევები არსებობს ამ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით და რამდენად პასუხობს ამ გამოწვევებს თქვენი კამპანია?

 

- სამწუხაროდ, დღემდე, ჩვენი საზოგადოება სიმსივნეს განაჩენად მიიჩნევს. ჩვენ კი ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში და არამხოლოდ თოდუას სამედიცინო ცენტრში, შესაძლებელია ამ დაავადებასთან გამკლავება. არამხოლოდ პირველ და მეორე სტადიის სიმსივნის მქონე პირებს აქვთ შანსი, რომ სრულფასოვნად გააგრძელონ სიცოცხლე, არამედ მესამე, მეოთხე სტადიის პაციენტებიც კი განაგრძობენ მკურნალობის შემდგომ ჩვეულ ცხოვრებას. კამპანიის ფარგლებში, ვეცადეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანის ამბავი მიგვეტანა  მომხმარებლამდე. ესენი იყვნენ სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის, დაავადების ლოკალიზების, სიმსივნის განვითარების სტადიის პაციენტები, რომლებმაც, საკუთარი ამბის მოყოლით უთხრეს საზოგადოებას, რომ მიუხედავად ამ მძიმე დაავადებისა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, სრულფასოვნად აგრძელებენ ცხოვრებას.

 

- რამდენად დიდია კამპანიის როლი სიმსივნით დაავადებული იმ პაციენტების გამხნევების საკითხში, რომლებიც ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ მკურნალობაზე?

 

- საბედნიეროდ, დღეისათვის ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის ყველა ეტაპი, იქნება ეს ოპერაციული მკურნალობა, ქიმიოთერაპია თუ სხივური თერაპია, 80%-ით უფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დარჩენილ 20%-ზეც, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები დიდ დახმარებას წევენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიბოსთან ბრძოლის საკითხში, ფინანსური პრობლემა ბარიერი აღარ არის. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, გვჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში ისინი შეძლებდნენ მსგავსი ადამიანების აღმოჩენას, როგორც ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეორგოლების გმირების სახით, ასევე, კომენტარების ავტორების სახითაც. ვფიქრობ, კამპანიის სამოტივაციო როლიც დიდია. ეს 6 ვიდეო იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ დიახ, ქიმიოთერაპია, ქირურგია, სხივური თერაპია ერთად, ცალ-ცალკე, ან მონაცვლეობით შველის. ვცდილობთ, რომ ხელის ჩაქნევის საშუალება არ დავუტოვოთ პაციენტებს.

 

- კომენტარებზე საუბრობდით, როგორი უკუკავშირი მიიღეთ კამპანიის შედეგად? რა გამოხმაურება მოჰყვა მას სოციალურ ქსელში?

 

- გამოხმაურებები იყო ყველაზე სასიამოვნო სანახავი, რადგან, ალბათ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მეორე სოციალური კამპანია. ჩვენ შეიძლება 6 ვიდეო გაჩვენეთ, მაგრამ კომენტარებში არის ასობით ადამიანის გამოხმაურება; კიბოსთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების ანალოგიურ გამოცდილებას თამამად აზიარებენ, ამხნევებენ სხვებს, ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის ეტაპზეა. ეს იყო ჯადოსნური 6 კვირა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ამდენი ადამიანი უსურვებდა, ან ულოცავდა ერთმანეთს გამარჯვებას და მე მივხვდი, რომ კიდევ უფრო სჭირდებათ ადამიანებს ასეთი კამპანიები, სადაც აზრების გაცვლას და ემოციური მხარდაჭერის მიღებას შეძლებენ.

 

- რამდენად დიდია მკურნალობის ნაცნობ გარემოში წარმართვის როლი კიბოსთან ბრძოლის საკითხში. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი პაციენტი მიდის ქვეყნიდან, სიმსივნესთან ბრძოლის უცხოურ კლინიკებში გასაგრძელებლად. რა კეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი და სანდო სერვისები საქართველოშივე იყოს ხელმისაწვდომი?

 

- ჩვენი სამედიცინო ცენტრი მონაწილეობას ღებულობს როგორც სამეცნიერო კვლევებში- პრევენციული მედიცინის განვითარება, ახალ წამლებზე კლინიკური კვლევების ჩატარება, ასევე, ვმუშაობთ იმაზე, რომ თანამედროვე სამედიცინო მომსახურებები მივაწოდოთ მომხმარებლებს. ჩვენი კლინიკა არის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრი, რომელსაც მომართავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ბევრი უცხოელი პაციენტიც. ჩვენ გვაქვს მულტიდისციპლინური მიდგომა, როდესაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმი ერთიანდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი იარაღი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ კიბოს. ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაბმულია ჰარვარდისა და მეიოს კლინიკების პროფესორი, ონკოლოგი, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, პროფესორი ბრანისლავ ერემიჩი, რომელიც არამხოლოდ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაზე ზრუნავს, არამედ ძალიან აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ონკოლოგიური დარგის განვითარებაში. ჩემი აზრით, საქართველოში მოღვაწე ყველა ონკოლოგიურმა ცენტრმა ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პაციენტებზე და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მათ, ემოციურად რთულ პერიოდში, არ მოუწიოთ ქვეყნიდან გამგზავრება. რადგან ეს, ფინანსური საჭიროებებთან ერთად უკავშირდება ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობებსაც.

 

- კამპანიას რომ დავუბრუნდეთ, გაგრძელდება თუ არა #სიცოცხლეჩვენიუფლებაა? ვიდეორგოლების გარდა, გეგმავთ თუ არა სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენებას?

 

- სექტემბრისთვის რამდენიმე ღონისძიებას ვგეგმავთ, მათ შორის, დიდ შეხვედრას, სადაც კიბოსთან ბრძოლის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება ათობით გამომსვლელს მოუსმინოს, მიიღოს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაუსვას კითხვები. გვინდა, რომ ამ პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ და ყველა დაგვეხმაროს მთავარი მესიჯის გავრცელებაში, რომ კიბო არ არის განაჩენი, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა და ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასევე, ოქტომბერი არის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვე და ვგეგმავთ არაერთ საინტერესო კამპანიას. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი, რომლებმაც სიმსივნეზე გაიმარჯვეს და დღეს სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებენ.

 

ავტორი: ხატია თორდუა

 

 

 

big_banner
არქივი