logo_geo
ნანა შონია: უახლოესი მეგობრები ვიყავით და როცა სიყვარულში გამომიტყდა, ძალიან გამიკვირდა
- +

14 აგვისტო. 2019. 19:50

 

 

„სცენისთვის დაბადებული“ - ასე უწოდებენ საქართველოში განსაკუთრებული ნიჭის მქონე მსახიობს, რომელიც თავის როლებს უნაკლოდ ასრულებს. ვისაც თეატრის სცენაზე ნანა შონია უნახავს, დამეთანხმება, რომ ის სწორედ ასეთი მსახიობია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში, მთელმა საქართველომ ის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო.

 

- რატომ ხდება, რომ ძალიან კარგ მსახიობებს ჩვენს ქვეყანაში სერიალებიდან იცნობენ?

 

- მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში­ იგივე ხდება და მსახიობები ამის გამო რომ გავბრაზდეთ, რას შევცვლით? სერიალით პირდაპირ ოჯახში შედიხარ ადამიანთან და ლამის, ამ ოჯახის წევრი ხდები. მსახიობები კარგა ხანია შევეგუეთ, რომ თეატრს თავისი მაყურებელი ჰყავს, ტელევიზიას - თავისი და მისი რიცხვი ბევრად მეტია. ამბობენ, თეატრში ხალხი მატერიალური სიდუხჭირის გამო არ დადისო, მაგრამ ჩვენთან, თუმანიშვილის თეატრში, ერთი ბილეთი მხოლოდ 7-10 ლარი ღირს. ეს არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რომელსაც თეატრი იძლევა, თუმცა, რას ვიზამთ - ძირითადი მასა სერიალებს უყურებს.

 

- „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთდროულად ორი მილიონერი მოხიბლეთ. რეალურ ცხოვრებაში თუ მოგწონთ მატერიალურად ძლიერი მამაკაცები?

 

- უნდა ვაღიარო, რომ რეალურ ცხოვრებაში ვერც ერთი მილიონერი ვერ მოვხიბლე. მამაკაცში ფულზე მეტად სხვა თვისებებს ვაფასებ. სიმდიდრე დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარ იყოს, სიყვარული და მზრუნველობის უნარი კი არ ქრება, ის წლების სიმძიმესაც უძლებს და დიდ განსაცდელსაც.

 

უსიყვარულოდ გათხოვების და ოჯახის შექმნის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, აქაც ყველაფერი შეფარდებითია: შეიძლება, ქალი სიყვარულით გათხოვდეს და რამდენიმე თვეში მიხვდეს, რომ ეს ადამიანი არ არის ის, ვისზეც ოცნებობდა. ამავე დროს, ვიცნობ გოგოებს, რომლებიც ანგარებით გათხოვდნენ, მაგრამ მერე შეიყვარეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ ქმრებთან. მეტიც, რამდენიმე მაგალითი ვიცი, როცა გოგონა მისთვის არასასურველმა კაცმა მოიტაცა, დღემდე ერთად ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.

 

- თქვენი მოტაცების მცდელობა თუ ჰქონია ვინმეს?

 

- იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ... საშინლად ჯიუტი ვარ, შემამჩნიეს, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და გამომიშვეს. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ გამიმართლა და კარგი ადამიანები შემხვდნენ.

 

- ოჯახის შექმნაზეც ასე გაჯიუტდით?

 

- როცა გავთხოვდი, 28 წლის ვიყავი და წინასწარ მქონდა გაცნობიერებული, რა სერიოზულ ნაბიჯს ვდგამდი. ჩემი მეუღლე შოთა გლურჯიძეა - თეატრის მხატვარი. ჯერ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდით ერთად, მერე - თეატრალურ სარდაფში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ის იყო, ახლა თუმანიშვილის თეატრშიც ერთად ვართ. უახლოესი მეგობრები ვიყავით და როცა სიყვარულში გამომიტყდა, ძალიან გამიკვირდა.

 

ისე, რაღაცას კი ვგრძნობდი, მაგრამ ჯიუტად არ ვიმჩნევდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ცოლ-ქმარი აუცილებლად კარგი მეგობრებიც უნდა იყვნენ. 24 წელია ერთად ვართ და მიმაჩნია, რომ ჩვენი ოჯახის საფუძველი სწორედ ის მეგობრობა გახდა. ბევრი რამ გვაერთიანებს, რაც ოჯახის სიმტკიცეს ყოველთვის ხელს უწყობს.

 

- დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი იქმნება და მალევე ინგრევა. იოლად ხომ არ იღებენ ჩვენი ახალგაზრდები ამ გადაწყვეტილებას?

 

- მე მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახი ღვთის ნებით იქმნება. როცა ორი ადამიანი ერთმანეთისთვის არის შექმნილი, ორივე ერთმანეთს ავსებს, ერთი მეორის ნაწილი ხდება და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ოჯახები ადრეც ინგრეოდა, მაგრამ ასე ხშირად - არა. ალბათ, თავიანთ ბედს მართლა დაუფიქრებლად წყვეტენ. ჩემმა შვილმა, მაგალითად, ცოლად ისეთი გოგონა მოიყვანა, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა. ისინი ლამის ერთად გაიზარდნენ და წლების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ისე, ახალგაზრდების მომავალი უფროსებზეც არის დამოკიდებული. მე არ მესმის, რატომ არ უნდა გიხაროდეს შენი შვილის ბედნიერება?! როცა რძალი მოგწონს და გიყვარს, ცდილობ ყველანაირად ხელი შეუწყო. მე ჩემი რძალი ძალიან მიყვარს და რატომ არ უნდა მიხაროდეს, რომ ჩემი შვილი ასეთმა კარგმა ადამიანმა­ მოხიბლა?

 

- ლამაზ ქალებს ბებიის როლში ყოფნა არ მოსწონთ. თქვენ მზად ხართ ამ „როლისთვის“?

 

- მე ბებიობისა ნამდვილად არ მეშინია, პირიქით, ვიცი, რომ ჩემი ახალი „როლი“ ძალიან მომეწონება. აზრი არა აქვს წლებს ასეთი მეთოდებით ებრძოლო, მაინც ვერ დაამარცხებ. ამიტომ, მთავარია, აქტიური და სავსე ცხოვრება გქონდეს და ყველასათვის საჭირო იყო. ზუსტად ვიცი, რომ საჭირო ვიქნები იმ პატარა არსებისთვის, რომელიც ძალიან, ძალიან მეყვარება.

 

- დაბოლოს, ჩვენს საერთო სატკივარზე უნდა გკითხოთ: დააღწევს თავს საქართველო იმ პრობლემებს, რომელიც დღეს გვაქვს?

 

- თუ უფალმა აქამდე მოიყვანა საქართველო, თუ ამდენ განსაცდელში გამოატარა და გადაარჩინა, ესე იგი, მომავალშიც გადაარჩენს.

 

 

ხათუნა ჩიგოგიძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი