logo_geo
გოგა ხაინდრავა: ის, რაც გააკეთა კოკოითმა, არ გააკეთა სააკაშვილმა!
- +

15 აგვისტო. 2019. 21:59

 

 

როგორ აფასებს ტელეკომპანია „იმედზე“ გასული ფილმს – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რას ფიქრობს თავად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ ქმედებებზე – ამ და სხვა საკითხებზე „კვირასთან“ ინტერვიუში რეჟისორი გოგა ხაინდრავა საუბრობს.

 

- როგორ შეაფასებთ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ფილმს – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ ომს“?

 

- ეს არ არის ფილმი, ეს არის სიუჟეტი – დოკუმენტური მასალებით აწყობილი ქრონიკა იმ მოვლენებისა, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, ამ სიუჟეტში წარმოდგენილი ფაქტები, დაახლოებით, 20% -ია იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომლებიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი. იქ, სამწუხაროდ, საუბარი არ არის სააკაშვილის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე დიდი დანაშაულზე – როდესაც სააკაშვილმა, კონსტიტუციისა და ყველა არსებული კანონის დარღვევით, ახალგორი ცხინვალის რეგიონს მიუერთა და ამით ახალი საზღვარი გაავლო. სხვათა შორის, ახლა ის უბედურება, რომელიც გუგუტიანთკარში ხდება, სააკაშვილის რუსული გეგმით ხორციელდება. რუსეთი სააკაშვილის გეგმით ახორციელებს ამ ბორდერიზაციას იმიტომ, რომ ეს საზღვარი სწორედ მიხელ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებებით დაწესდა, თორემ სამხრეთ ოსეთის „საზღვარი“ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არასოდეს არ ყოფილა. ეს არის პირდაპირ ღალატი, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა.

 

– იყო თუ არა ცხინვალის დაბომბვა იქ მაცხოვრებელი ჩვენივე მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება?

 

- იქ ჩვენი მოსახლეობა იყო, განურჩევლად ეროვნებისა. ცხინვალი საქართველოს ქალაქია, საქართველოს ტერიტორია იყო, არის და ყოველთვის იქნება. როდესაც შენს საკუთარ ტერიტორიას და მოქალაქეებს უშენ გრადებს, ეს დანაშაულია. როგორც არ უნდა ჰქონდეთ ჩაყოფილი თავი სირაქლემებივით მიწაში ამ არასამთავრობოებსა და ვითომ მედიას, სააკაშვილის გამართლებას ვერ შეძლებენ. ვერ გათეთრდების ყორანი… სააკაშვილი დამნაშავეა ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს წინაშე. სწორედ მისი ბრძანებით გაიხსნა ცეცხლი, რაც, თავისთავად, დანაშაულია. ის ფაქტია, რომ ოკუპანტი რუსია, დამპყრობელიც რუსია, ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, გენოციდი განახორციელა და ქართული მოსახლეობა იძულებული გახადა საკუთარი მიწა-წყალი დაეტოვებინ, ამაზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამ დანაშაულების გამართლების მცდელობას საბაბი სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ მისცა. ასეთი ქმედებების ჩადენის საბაბი სააკაშვილისა და მისი მთავრობის უგუნური ნაბიჯების ბრალი იყო, რაც, თავისთავად, არასახელმწიფოებრივი საქციელი და დანაშაულია.

 

– იყო თუ არა ვალდებული ხელისუფლება, დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა?

 

- ის, რაც გააკეთა კოკოითმა, არ გააკეთა სააკაშვილმა – მან ოსები გაიყვანა ცხინვალიდან იმიტომ, რომ მანაც და სხვა ბევრმაც ძალიან კარგად იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო იქ – რას იზამდა სააკაშვილი, რას მოიმოქმედებდა რუსეთი. კოკოითს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ იმდენი გონიერება მაინც ეყო, რომ ცხინვალიდან ოსი მოსახლეობა გაიყვანა. ლომაიამ კი სააკაშვილის ბოროტმოქმედებას ზედ თავისი დაამატა, როდესაც ბრძოლის ველიდან ჯარისკაცების ცხედრების გატანა აკრძალა, იძახდნენ, გვამებს ნუ გამოვიტანთო, იქ იყოსო – მსოფლიომ ნახოსო. მკვდრებიც არ გამოჰყავდათ.

 

– როგორ შეაფასებთ მაშინდელ გამოხმაურებებს საერთაშორისო ექსპერტების მიმართულებით, ასევე, საინტერესოა, რას ფიქრობთ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე

 

– სააკაშვილის და მისი სატელიტების მხრიდან როგორ მაშინ ისე დღეს აბსოლუტურად არაადეკვატური და ცრუ განცხადებები კეთდება. ამოიღეთ საბუთები, კადრები გამოდის სააკაშვილი, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი – გრიგოლ ვაშაძე და ამბობს, რომ რუსებმა თურმე არც იციან, აქ რა ხდებოდა, ეს მარიონეტული ხელისუფლების თვითშემოქმედებააო, რუსები დამიკავშირდნენ და აღშფოთებულები იყვნენ – არ იცოდნენ, რა ხდებაო – ამას ლაპარაკობდა ვაშაძე. როგორი თვითშემოქმედება იყო მერე ეს ვნახეთ გორშიც და ცხინვალის რეგიონშიც, როგორ „არ იცოდნენ“ რუსებმა არაფერი. ეს არის სიმართლე, თუ „იმედი“ არა სხვა იტყვის ამას, არაერთი მომსწრე ჰყავს იმ დანაშაულებრივ ქმედებებს. -თქვენი აზრით, რატომ არ გაითვალისწინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ის გაფრთხილებები, რაც მოდიოდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მიერ -იმიტომ, რომ სააკაშვილი ასრულდება რუსეთის დავალებას ბიძამის თემურ ალასანიასთან, ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან ერთად.

 

- რაში სჭირდებოდათ ეს პროვოკაცია მათ?

 

– მას ასეთი დავალება ჰქონდა – სააკაშვილი სწორედ ამ პირობით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რომ ასეთი პროვოკაცია მოეწყო. ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ როგორ ჩამოფრინდა რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი – ივანოვი 2003 წელს და როგორ აიძულა შევარდნაძე, რომ გადამდგარიყო. იგორ გიორგაძის მანქანით რომ დადიოდა სააკაშვილი, ეგეც კარგად მახსოვს და იგორ გიორგაძის ფულით რომ ფინანსდებოდა მათი გამოსვლები, ესეც კარგად მახსოვს. ბუშმაც უთხრა პირდაპირ, მისი მრჩეველი ჰყვება ამბავს, რომ ბუშმა ასე უთხრა, არავითარ შემთხვევაში გაბედო ომის დაწყება იმიტომ, რომ მარტო დარჩებიო... რაც შეეხება, უშუალოდ, თქვენს კითხვას – რაში სჭირდებოდათ ეს პროვოკაცია – ამაზე პასუხია 12 აგვისტოს სააკაშვილის მიერ მოწყობილი ზეიმი რუსთაველის გამზირზე. დიახ, მან 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე რუსეთის საქართველოზე გამარჯვება იზეიმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი