მაღიზიანებს - როცა ახლადგაცნობილი ადამიანი მეუბნება, აუ, მე იცი როგორი ვარ?! დამაცა, მე თვითონ გაგიცნო, ვაჰ.
ვგრძნობ - ყველაფერს ვგრძნობ, ემპათიური ადამიანი ვარ და ეს ჩემი მოირაა.
მეშინია - აქ ალბათ უნდა ვწერდე - საყვარელი ადამიანების დაკარგვის-თქო, მაგრამ ასე არაა... სიკვდილის მეშინია.
ვიცი - წინადადების ბოლოს რომ წერტილი იწერება.
არ ვიცი - სიძულვილი.
შემიძლია - მთელი დღე ვიჯდე და ვიოცნებო.
არ შემიძლია - ვიყო მოწესრიგებული და დალაგებული ადამიანი.
ვმეგობრობ - ყველასთან.
ვაპატიებ - ჩემზე მაღალი რომ არის ადამიანი - მხოლოდ ამის პატიება შემიძლია.
ვტირი - ხშირად ვტირი. ბოლო დროს ფილმებზე ვიქლურცები.
ვიცინი - საკუთარ თავზე. სულ უცნაურობები მემართება.
ვეძებ - ადამიანს.
ღირსი ვარ - ვიყო მილიონერი.
ვჩხუბობ - ჩხუბი ვიცი, მაგრამ მეზარება და არ ვჩხუბობ ხოლმე.
ვკარგავ - იმ ადამიანებს, ვინც ურთიერთობისას ნიუანსებში მეკიდება...
ვემალები - ადამიანს, რომელთანაც მიქარული მაქვს.
ვემტერები - საკუთარ თავს.
მაინტერესებს - რას ფიქრობენ ჩემზე ადამიანები.
არ მაინტერესებს - ამინდის პროგნოზი.
მახსოვს - ყველა წყენა, პატარაც კი.
მრცხვენია - ხშირად რომ ვერ ვაჭერს ენას კბილს.
ვავადმყოფობ - ჯანმრთელი ვარ.
ვმალავ - ცალი ყური ოდნავ გამოწეული მაქვს მეორესთან შედარებით და სულ ვმალავ, თმას ვიფარებ.
ვინახავ - ბედნიერი შეხვედრების ბილეთებს და ქვითრებს.
მწამს - სიკეთის.
მიკვირს - :ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა“.
მიხარია - რომ დინა მირცხულავა ვარ.
ვჭორაობ - სულ ვჭორაობ.
ვდარდობ - ჩემს ძმაზე...
ვამაყობ - „მზეზე გაფენილი ამბებით“...
ვაკეთებ - საჭმელებს და კარგადაც გამომდის.
მსიამოვნებს - როცა ყველა ერთად ვსხდებით მაგიდასთან.
მესიზმრება - ჩემი ძმა მესიზმრება ხშირად.
ვეხმარები - ადამიანებს.
მწყინს - როცა, მაიძულებენ დავიფიცო...
ვხარჯავ - დროს ვხარჯავ.
ვკამათობ - კამათი მეზარება.
ვუხეშობ - არ ვარ უხეში.
ვუსმენ - ყველა ჟანრში საუკეთესოს.
ვკითხულობ - წიგნებს და სტატიებს.
ვამზადებ - ძალიან მაგარ თურქულ ყავას.
ვუყურებ - ფილმებს. ბოლოს „ბზარი“ ვნახე, ლევან ლაბაძის რჩევით. ენტონი ჰოპკინსმა დამცა.
ვაფუჭებ - მავნე ვარ, კი.
ვცხოვრობ - იმედით.
ვყვირი - ხმამაღლა ლაპარაკი ვიცი, ყვირილი ნაკლებად.
ვმღერი - სულ ვღიღინებ, საშინელი სმენისა და ხმის მიუხედავად.
ვასრულებ - ილიკო რასაც მთხოვს.
ვერიდები - არასაჩემო ადამიანების თავშეყრის ადგილებს.
ვთამაშობ - დომინოს.
ვიტყუები - მიწევს კი... ხშირად ვიტყუები, ოღონდ კეთილად.
ვეთაყვანები - სიკეთეს დედამიწაზე.
ვგიჟდები - ქოთნის ყვავილებზე.
მიყვარს - სიცოცხლე, ილიკო, ბერდო და ნაყინი.
ვოცნებობ - მრავალშვილიანობაზე.
ვფიქრობ - რომანის დაწერას.
მძულს - არ ვიცი ეგ რა არის.
ვნანობ - ნაადრევ ქორწინებას.
კმაყოფილი ვარ - ჩემი გარემოცვით.
მენატრება - მამა მენატრება.
მსურს - დიდხანს ვიცოცხლო.
ვაგროვებ - ადამიანებს.
ვიხდი - ყველაფრისთვის ვიხდი, ჯერ არაფერი შემრჩენია.
ვეჭვიანობ - როცა ვურეკავ და არ მპასუხობს.
ზღაპარი არის - დედამიწაზე ცხოვრება... მერე ჩვენი მეზღაპრე მოვა და დაგვისვამს წერტილს... იქეთ რა იქნება, დაგესიზმრებით და მოგიყვებით...
დინა მირცხულავა