logo_geo
„პირველი ნამუშევარი პური იყო, მთლიანი პური ნანახიც არ მქონდა“ - 90 წლის ელენე ლუხუტაშვილის კენჭებით შექმნილი ისტორია
- +

3 სექტემბერი. 2019. 19:34

 

 

თელავის ერთ-ერთ ძველ უბანში 90 წლის მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი ცხოვრობს. რაც ცნობიერება აქვს, ხატვით სულ დაინტერესებული იყო. საკუთარი ნამუშევრები კი შვილებივით უყვარს და გასაყიდადაც ვერ იმეტებს, არა და, სოციალურად არც თუ შეძლებულად ცხოვრობს. მეტიც, კენჭებითა და ჭურჭლის ნატეხებით ნამუშევრების შექმნაც იმიტომ დაიწყო, რომ ფანქრების, ფუნჯებისა თუ საღებავების საყიდელი ფული არ ჰქონდა.

 

​ხელოვანი თელავის საპატიო მოქალაქე 2018 წელს გახდა. ცერემონია ტრადიციულად „ერეკლეობას“ გაიმართა და წოდება მისი ღვაწლისა და ქალაქის წინაშე დამსახურებისთვის სწორედ ამ დღეს მიენიჭა.

 

ელენე ლუხუტაშვილმა „კვირას“ თავის პატარა სამყოფელში უმასპინძლა, იქ, სადაც, როგორც თავად ამბობს, „თავისი შვილები“ ჰყავს.

 

- რომელი წლიდან დაინტერესდით ხატვით?

 

- რაც ცნობიერება მაქვს, ხატვით სულ დაინტერესებული ვარ. ეს არის საქმე, რომელიც ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და შვილივით შევიყვარე, ხან ყვავილებს ვხატავდი, ხან ქვიშაში ვცდილობდი, რაიმე გამომესახა და თავს ამით ვირთობდი.

 

- თუ გახსენდებათ, რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

 

- ჩემი პირველი ნამუშევარი იყო პური, რომელიც მთლიანობაში ნანახი არ მქონდა. მარტო ნატეხები მქონდა ნანახი და ეს მთელი პური გამოვსახე კენჭებში.

 

- რამ განაპირობა თქვენი ნამუშევრების ქვებით, კენჭებით და სხვადასხვა სახის ნატეხებით შექმნა?

 

- როგორი ადვილი შეკითხვაა და როგორი რთულია პასუხის გაცემა. ფანქრები და სახატავი სხვა საშუალებები რომ მქონოდა, ეს ნახატებიც ვერ შეიქმნებოდა. სწორედ უქონლობამ მასწავლა, როგორ მემუშავა ისე, რომ მშობლებს საყიდელი არაფერი ჰქონოდათ.

 

​- თუ გამოარჩევდით რომელიმე ნახატს თქვენი ნამუშევრებიდან?

 

– ჩვენი მეფე, ერეკლე მეორე ხომ ნანახი არ მყავდა, მაგრამ გადავწყვიტე, მისი პორტრეტი შემექმნა, რადგან ჩვენთვის საამაყო მეფე იყო. მე ის შევქმენი ქვებისგან, რომელიც არასოდეს არც ფუჭდება, არც იშლება და არც ნესტიანდება. ჩემთვის ეს ნამუშევარი განსაკუთრებულად საამაყოა.

 

- რას ნიშნავს თქვენთვის ნახატებზე მუშაობა და როგორ წარმოგიდგენიათ მათ გარეშე თქვენი ცხოვრება?

 

- შვილი გყავთ? როგორც დედობრივი გრძნობაა თბილი და ტკბილი, ასეა ჩემთვის ეს ნახატები, ისინი ჩემი შვილები არიან, შვილების გარეშე კი ცხოვრება წარმოუდგენელია.

 

- საქართველოს ფარგლებს გარეთ თქვენი ნამუშევრების გამოფენა თუ ყოფილა და სად?

 

- რა თქმა უნდა, საფრანგეთში სამი თვე ვიყავი, გამოფენით ძალიან დაინტერესებულები იყვნენ და ფრანგებსაც ძალიან მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები, ამას მოყვა ლენინგრადი, მოსკოვი, კიევი. თუმცა არცერთი მათგანი გამიყიდია. ნახატები მე არ მეკუთვნის, ისინი ხალხისაა. ხალხს ეკუთვნის ხელოვნება. მე რომ ეს საქმე და თელავი არ მიყვარდეს, ერთ კენჭსაც ვერ დავდებდი, ამიტომ აუცილებელია მომავლმა თაობამ იცოდეს და ისწავლოს ხელოვნების შეყვარება.

 

​- თქვენი ბოლო ნამუშევარი როგორ შეიქმნა?

 

- მაღაზიიდან ვბრუნდებოდი და წერო დავინახე, არარეალურ სამყაროში დავინახე ქალთან ერთად, რომელიც წყალში ჩამდგარიყო და კაბა რომ არ დასველებოდა, მის კალთებს ხელით მაღლა სწევდა. წეროს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და მაშინ დაიბადა იდეა, შემექმნა ნახატი სახელწოდებით „მინდა საიდუმლო გაგიმხილო“, რომელიც ჩემი ბოლო ნამუშევარია.

 

„ერეკლე მეორე“, „ჩიორა“, „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, „წამოდი ერთად ვიაროთ“, „სამი გედი“, „კოტე მარჯანიშვილი“ – არაერთი გამოჩენილი თუ ნაკლებად ცნობილი სახის პორტრეტი და სხვა კიდევ მრავალი უნიკალური ნამუშევარი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც 90 წლის თვითნასწავლი მხატვრის ბოქლომდადებულ სარდაფში ინახება.

 

სალომე გრძელიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი