logo_geo
ნანკა ქოქიაშვილი რადიოწამყვანობას ტაქსისტობას უთავსებს
- +

4 სექტემბერი. 2019. 02:55

 

 

თუ ერთ-ერთი კომპანიის აპლიკაციით ტაქსი გამოიძახეთ და საჭესთან მომღიმარი გოგონა დაგხვდათ იცოდეთ, რომ ეს ნანკა ქოქიაშვილია, როგორც თვითონ ამბობს ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ერთი უბრალო გოგოა. საუბრის დროს მიხვდებით, რომ ძალიან მხიარული და აქტიურია. პროფესიით ჟურნალისტია და რადიო ,,არ დაიდარდოში” მუსიკალურ წამყვანად მუშაობს. მას შემდეგ რაც ავტომობილი შეიძინა, გადაწყვიტა ტაქსისტობა შეეთავსებინა. ჩვენ ნანკას ვესაუბრეთ მის საქმიანობაზე და საკმაოდ გულწრფელი და სახალისო ინტერვიუც გამოგვივიდა.

 

-HR hub: ნანკა როგორ მოხვდით ,,რადიო არ დაიდარდოში“ მუსიკალურ წამყვანად?

 

-ზოგადად მიკროფონით ვარ მოწამლული. ეს მაბედნიერებს, მახალისებს და ყველაფერ ცუდს მავიწყებს. მანამდე რამდენიმე რადიოსადგურში ვიმუშავე. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მეგობრების რეკომენდაციით მოვხვდი ყველაზე უდარდელ ტალღაზე. ამის იქით ქართულ რადიო სივრცეში არ ვიცი, სად უნდა წახვიდე. დაარსების დღიდან პირველ ადგილზეა და ახლაც მყარად უჭირავს ეს პოზიცია.

 

აუცილებლად მინდა ჩემი მადლობა დავაფიქსირო, რადიო “არ დაიდარდოს”  მენეჯერის, გიორგი მშვენიერაძის მიმართ. მან მომცა შანსი საქართველოს ჩემი ხმა გაეგო.  რადიოჰოლდინგ “ფორტუნაში” ყველა მაღალ დონეზე ასრულებს თავის საქმეს, რაც თანამშრომელს სტიმულს აძლევს სამსახურში იყოს ბედნიერი და წარმატებული.

 

 

-HR hub: რატომ გადაწყვიტეთ ტაქსის მძღოლი გამხდარიყავით?

 

-გულწრფელად გეტყვით. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ყოველთვის საკუთარი შემოსავალი მქონდა. არაერთი მიმართულებით მიმუშავია. თუმცა, არც იმდენი მქონდა, რომ მეტნაკლებად დიდი სურვილები შემესრულებინა საკუთარი თავისთვის. ეტაპობრივად, მაინც ვახერხებდი ამას. მაშინ, როდესაც მანქანის ყიდვა გადავწყვიტე, ზუსტად ერთი ლარი მედო ჯიბეში, არ ვაჭარბებ. მეგობრისგან ვითხოვე წინასწარი თანხა და განვადებით ვიყიდე. გავიაზრე, რომ ბევრი ხარჯი მოჰყვებოდა ამას და გადავწყვიტე ვალიც გავისტუმრო და მანქანასაც დანიშნულება მივცე. ამ პროცესმა ძალიან გამიტაცა. სასწაული იდეაც მომივიდა, რომლის განხორციელებაც დავიწყე. ამას გავაჟღერებ მაშინ, როდესაც საბოლოოდ მზად იქნება ყველაფერი.

 

-HR hub: ეს ამბავი როგორ მიიღეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა?

 

-ოჯახის წევრები სულ მზად არიან ჩემგან რაღაც უცნაურობისთვის. რა თქმა უნდა ნერვიულობენ, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევიან. მეგობრებს ძალიან უხარიათ და ამბობენ, რომ ამაყობენ ჩემით. ეს საუკეთესო გრძნობაა. თუმცა ამაზე რთულ საქმეებსაც უძღვებიან ადამიანები.

 

-HR hub: როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე მგზავრებს თქვენი დანახვისას?

 

-ჯერ მიყურებენ, არ იმჩნევენ, რწმუნდებიან რომ მანქანა ნამდვილად ეს არის რაც გამოიძახეს. შემდეგ იღიმიან და ჯდებიან. იწყება ტექსტი, გამარჯობა, ყოჩაღ, სუპერ გოგო ხარ. ძალიან მიხარია, რომ ქართველი ხარ და ა.შ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად დადებითად მხვდებიან მგზავრები. ეს სტიმულს მაძლევს.

 

 

-HR hub: როგორც ვიცი, ბევრი საინტერესო ისტორია დაგიგროვდათ მგზავრებთან დაკავშირებით. რომელიმე მათგანი რომ მოგვიყვეთ.

 

კი ძალიან ბევრი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ტურისტი წავიყვანე ჯვარზე. ისრაელიდან იყო. რომ გაიგო რადიოში ვმუშაობდი, შენ ბითბოქსი მოგეწონებაო და ასე მთელი გზა გაერთო თავისთვის.

 

ერთი იყო კიდევ, დედა ჩამიჯდა შვილთან ერთად. სამ დღეში ქორწილი აქვსო და ძალიან ბედნიერი ვარო. ჩემმა მომავალმა სიძემ ჩემი შვილი ზღვაზე დახრჩობას გადაარჩინაო. შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ და აი ქორწილიც მოვიდაო. მეც ვზივარ და ვიზიარებ ბედნიერ ისტორიებს.

 

-გარდა იმისა, რომ რადიოში მუშაობთ და ტაქსის მძღოლობასაც ითავსებთ, კიდევ რით ხართ დაკავებული?

 

-უამრავ პროფესიას ვითავსებ პერიოდულად. ძალიან მოუსვენარი ვარ. ღონისძიებების წამყვანი ვარ, კარაოკეებში ვმუშაობ, დაბადების დღეებს ვაწყობ, პიარის კუთხით ვმუშაობ. ხან რას ვაკეთებ, ხან რას. ასე, რომ ყველას ვურჩევ. ფარ-ხმალის დაყრა და არაფრის კეთება ადვილია თუმცა, უარყოფით ემოციებს იწვევს. შრომა და ფუსფუსი, ძალების მოსინჯვა სხვადასხვა საქმეში გაგაბედნიერებთ, გაგახალისებთ და შემოსავალსაც მოგიტანთ. წარმატებები ყველას.

 

 

 

big_banner
არქივი