logo_geo
„წარმოიდგინეთ, შინ მდინარის ქვიშა მიიტანო და შიგ აუწონავი ოქრო ნახო!“ - ხობისწყლის ქვიშაში ვენერა მილოსელის „ტყუპისცალი“ აღმოაჩინეს
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:30

 

ხობისწყლის ქვიშაში მსოფლიოში ცნობილი ვენერა მილოსელის "ტყუპისცალი" აღმოაჩინეს

 

მართალია, ყველაფერი ხდება, მაგრამ არა მგონია, ხობელ მზისადარ და გიორგი წულაიებს ოდესმე ის ეფიქრათ, რომ ხობისწყლის ქვიშაში მსოფლიოში ცნობილი ვენერა მილოსელის „ტყუპისცალს“ აღმოაჩენდნენ! ისინი მართლაც უნიკალური აღმოჩენის ავტორები გახდნენ - ცოლ-ქმარს მდინარე ხობისწყლიდან შინ მიტანილი სამშენებლო ქვიშის გაცრის დროს ხელთ უცნაური ნივთი შერჩა, რომელიც ულამაზესი ქანდაკების თავი აღმოჩნდა. მაშინვე სათუთად გაასუფთავეს, გარეცხეს და იმავე წუთში მეზობელთან, ხობის კულტურის ცნობილ ქომაგთან, მარინა ჯღარკავასთან წაიღეს, მან კი ამ მშვენიერების დანახვისას ლამის მეტყველების უნარი დაკარგა და ხობელ ისტორიკოსთან, გიორგი ჩიტაიასთან გაიქცა.

 

- ბატონო გიორგი, რასთან გვაქვს საქმე?

 

- ხობელებმა მართლაც ულამაზესი ქანდაკება ვიპოვეთ, რომელსაც მე ნახევრად ხუმრობით და სრული აღფრთოვანებით „დიანა“ შევარქვი. პირადად ჩემი აზრით, ის მართლაც უნიკალური ნივთია, რაც კვლევებით უნდა დადასტურდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ „დიანა“ სადღაც მე-5 საუკუნემდეა შექმნილი.

 

ის, რომ ქანდაკება მდინარის ქვიშაში აღმოჩნდა, არ არის გასაკვირი - დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით ზღვისპირეთი, უძველესი ელინური კულტურითაა სავსე და რა გასაკვირია, რომ „დიანაც“ ამ კულტურას ეკუთვნოდეს. ალბათ, ის რომელიმე სამარხში იყო, საიდანაც ნალექებმა ან მეწყერმა ჩამორეცხა.

 

ზუსტად ისე, როგორც ვანის ნაქალაქარი ირეცხებოდა (ვანის უნიკალური ოქროს ნაწილი სწორედ ტალახშია ნაპოვნი!), შემდეგ მდინარემ „იპოვა“ და ჩვენ მოგვიტანა! მთლად „დიანასთანა“ ვერა, მაგრამ ხობი მსგავსი „საჩუქრებით“ განებივრებულია. სწორედ ახლახან აღმოვაჩინეთ ქრისტეს დროინდელი ბერძნული წარწერები. წარმოგიდგენიათ, ეს რა აღმოჩენაა!

 

- ძნელი წარმოსადგენი არც ის არის, რა განცდა ექნებოდა „დიანას“ პირველაღმომჩენებს!

 

- ყველას როდი სურს მსგავსი სიძველე ქვეყანას გადასცეს. ჩემი მეგობარი მარინა ჯღარკავა კი სულს ძლივს ითქვამდა აღტაცებისა და სიხარულისგან. წულაიებიც გაოგნებული იყვნენ, წარმოიდგინეთ, შინ მდინარის ქვიშა მიიტანო და შიგ აუწონავი ოქრო ნახო!

 

- თუ ქანდაკება მე-5 საუკუნემდეა შექმნილი, ის შეიძლება იყოს რომაულიც, საქართველოში I-II საუკუნეებში რომაული კულტურის გავლენაც დიდი იყო.

 

- შესაძლებელია. რომაული ქანდაკება ხომ სრულყოფილების ნიმუშია. ქანდაკებას ელინებზე მეტი გამომსახველობა სწორედ რომაელებმა მიანიჭეს. ასე რომ, თუკი ასეა, მით უკეთესი, მაგრამ ეს ყველაფერი გასარკვევია. გასარკვევია მასალაც, რისგანაც ქანდაკებაა დამზადებული - მარმარილოა თუ ალებასტრი.

 

ქანდაკებას ამჟამად სპეციალისტები სწავლობენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი