logo_geo
გია ყანჩელი დიალოგსა და სიჩუმეში...
- +

9 ოქტომბერი. 2019. 13:25

 

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს გია ყანჩელის მესამე ინტერვიუა საქართველოში. ჩანაფიქრის მიხედვით, მესამე უნდა ყოფილიყო ყველაზე ხანგრძლივიც, მაგრამ მანამდე გამოიცა წიგნი, რომელმაც ჩანაფიქრი შეცვალა, წიგნის წაკითხვამ კი - ჩვენი კითხვების წყობა და შინაარსიც („გია ყანჩელი დიალოგებში“, გამომცემლობა „მუსიკა“, მოსკოვი, 2005 წ).

 

ასე რომ, ვარღვევთ ამბის განვითარების კლასიკურ ხაზს და გია ყანჩელს ორმაგად წარმოგიდგენთ: თბილისში ჩაწერილი მცირე დიალოგითა და წიგნიდან ამოჭრილი საინტერესო ეპიზოდებით.

 

- რა ხდება დარბაზში, როცა ორკესტრი იკავებს ადგილს, დირიჟორი აძლევს ნიშანს და იწყება კონცერტი? ახერხებთ თუ არა თქვენი მუსიკისგან განზე გადგომას და დარბაზში ჯდომისას, ჩვეულებრივი მსმენელის რანგში გადასვლას?

 

- არა, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილი მაქვს, რომ რაიმე შეცდომა არ მოხდეს. ასეთი შეცდომები ხომ მრავლად არის, რაც, უბრალოდ, საბედნიეროდ, ხშირად მსმენელისთვის შეუმჩნეველი რჩება. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ატმოსფეროს, რომელიც დარბაზში ნაწარმოების შესრულებისას სუფევს; როცა მყარდება კონტაქტი სცენას და დარბაზს შორის. ყოველივე ამის გამტარი დირიჟორი ხდება. ამიტომ მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, თანაც თავიდანვე. სწორი ტემპის შერჩევა ჩემი მუსიკისთვის გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმ და ნელ მუსიკას ვწერ, ამ ნელ ტემპშიც უამრავი გრადაცია არსებობს. როდესაც ტემპს ოდნავ მაინც ცვლი, ფორმა ირღვევა და კონტაქტი, რომელზეც მოგახსენებდით, არ მყარდება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში კი სწორედ ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დადგომასაც ხშირად ვნატრობ ხოლმე.

 

- თქვენს ერთ-ერთ ბოლო პროექტზე, „იმბერზე“ მუშაობისას აღნიშნეთ, რომ გიჭირთ უცხო რეჟისორთან მუშაობა, რადგანაც რობიკო სტურუა არ არის თქვენს გვერდით; ჯანსუღ კახიძის გარდაცვალებამ კი მეორედ დაგაობლათ - ესეც თქვენი სიტყვებია. ბატონო გია, გიჭირთ თანამოაზრეების პოვნა?

 

- რობიკო, ჯანსუღი, გოგი მესხიშვილი - მათთან უამრავი რამ მაკავშირებს და რთულია იმის გამოხატვა, თუ რამდენად ძვირფასები არიან ეს ადამიანები ჩემთვის. მათთან ერთად იმდენი იდეა განმიხორციელებია, რომ მართლაც მიჭირს სხვებთან მუშაობა. „იმბერის“ პროექტზეც მსურდა, ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. როგორც ჩანს, მოწვეული კახიძე, მოწვეული სტურუა, მოწვეული მესხიშვილი - დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, რამდენადაც ვიცი, პიროვნება, რომელმაც დადგმა მხატვრულად გააფორმა, მადონასთან და დიდ პოპ-ვარსკვლავებთან იყო ნამუშევარი და, ალბათ, მისი მოწვევაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ასეა თუ ისე, იძულებული გავხდი, ჩემების გარეშე მემუშავა.

 

ეს არ იყო სპექტაკლი, ეს უფრო ბუნების წიაღში, საარტილერიო პოლიგონად გადაქცეულ სოფელში გაშლილი წარმოდგენა გახლდათ. ანსამბლი „რუსთავი“, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, ჩემი თხოვნით მოიწვიეს. ისინი მონაწილეობდნენ ფოლკლორულ ნაწილშიც და ჩემს ნაწარმოებშიც, რომელსაც ჰქვია „Little Ember“.

 

- თქვენი პასპორტი ვიზებითაა სავსე და ესეც რომ არა, გეოგრაფიის ცოტა უცნაური შეგრძნება გაქვთ: ამბობთ, რომ კვლავაც ცხოვრობთ საქართველოში, მაშინ, როცა რეალურად ანტვერპენში ხართ; და დასძენთ, რომ საზღვარგარეთ თავს ყოველთვის ისე გრძნობთ, როგორც შემოქმედებით სახლში. არ გიჭირთ ასე ყოფნა? ანტვერპენთან საერთოდ არ გაქვთ კონტაქტი?

 

- საზღვარგარეთ ყოფნა ნამდვილად გამიჭირდებოდა, მუდმივად რომ არ მქონდეს სამუშაო. ამის გარეშე, იქ ვერ ვიცხოვრებდი. რაც შეეხება ჩემს საზღვარგარეთულ გასვლებს, 90-იან წლებამდეც თვეობით მივდიოდი ხოლმე თბილისიდან. აქ მხოლოდ კინო და თეატრალური მუსიკის წერა შემეძლო და ამიტომ, სხვა ნაწარმოებების შესაქმნელად შემოქმედებით სახლებს მივმართავდი. სომხეთში არის პატარა ქალაქი დილიჟანი, სადაც წლების წინ შემოქმედებითი სახლი აშენდა. ჩემი სიმფონიებიდან ექვსი დილიჟანში დავწერე, თითო სიმფონიაზე ორნახევარ წელიწადს ვმუშაობდი და ახლა თავად წარმოიდგინეთ, რამდენი დრო გავატარე იქ. თბილისში ორი-სამი დღით, ერთი კვირით ჩამოვდიოდი ხოლმე და ისევ უკან ვბრუნდებოდი. შემდეგ, როდესაც ბორჯომში შემოქმედთა სახლი აშენდა, იქ გადავედი. პირველ კოტეჯში დავწერე ოპერა, მეშვიდე სიმფონია და კიდევ ბევრი სხვა ნაწარმოები.

 

ასე რომ, ჩემს ქალაქთან მოშორებას შეჩვეული ვარ. როცა 1991 წელს ბერლინში წავედი, იქაც თავი ისე ვიგრძენი, როგორც შემოქმედებით სახლში. სხვანაირად არც შეიძლებოდა - გერმანიის ხელოვნების აკადემიის სტიპენდია ძალიან კარგ პირობებს ითვალისწინებს. როცა სტიპენდია დამიმთავრდა, თბილისში დაიწყო საშინელი არეულობა. მე კი ვიზა მქონდა, ცოტა თანხაც შემომრჩა და ამიტომ დავრჩი. თან გადავწყვიტე, როცა ფული გამითავდება, სახლში მერე დავბრუნდები-მეთქი. მას მერე არ მიმთავრდება ფული, პირიქით...

 

1995 წელს ანტვერპენის ორკესტრისგან მივიღე შემოთავაზება (იმ დროს ძალიან კარგი ორკესტრი გახლდათ). სწორედ იმ პერიოდში, როსტროპოვიჩის თხოვნით ვწერდი ნაწარმოებს, როსტროპოვიჩი კი დათანხმდა, პრემიერა ანტვერპენის ორკესტრთან ერთად შეესრულებინა. ასე წავედი ბელგიის ამ ქალაქში, იქაც სამსართულიანი სახლი დამხვდა, მშვენიერი ბაღით - ნამდვილი შემოქმედებითი სახლი. როცა ეს ერთწლიანი კონტრაქტიც ამოიწურა, კვლავაც არჩევანის წინაშე დავდექი - ან ბერლინში უნდა დავბრუნებულიყავი, ან ანტვერპენში დავრჩენილიყავი. მე იქვე დავრჩი, რადგან ანტვერპენი, თავისი სულით, ბევრად უფრო მაგონებდა თბილისს. ინტერნაციონალური, საპორტო ქალაქია და კარგი ადგილმდებარეობა აქვს, ძალიან ახლოსაა პარიზთან, ამსტერდამთან... ასე შევრჩი იქ და შემოქმედებითი სახლი ახლა ჩემთვის ანტვერპენშია. ნამდვილად არ მიჭირს, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ქართულ არხს ვუყურებ, რაც სატელიტით გადაიცემა.

 

რაც შეეხება ურთიერთობებს, ანტვერპენელებთან იმდენად არ მაქვს კონტაქტი, რამდენადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან. გარდა ამისა, მეც ხშირად მიწევს მოგზაურობა. შენგენის ქვეყნებში ბელგიური პირადობის ბარათით მივდივარ, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც იმდენად ხშირად მიწევს წასვლა, რომ ხომ ხედავთ, იძულებული გავხდი, პასპორტი მესამედ გამომეცვალა.

 

- „წავედი, რათა არ ვხედავდე?“ - ასე ითარგმნება ლათინურად Abii ne viderem, არა?

 

- „განვშორდი, რომ არ ვიხილო“ - შეიძლება ასეც.

 

- გრძელდება ეს განწყობა?

 

- ერთი მხრივ, გრძელდება, მეორე მხრივ - არა. ცხოვრებაა, განწყობა იცვლება, ან სიმძაფრეს კარგავს ან პირიქით. როცა ეს ნაწარმოები დავწერე, თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. მაშინ მივიღე პირველი შეკვეთა ნაწარმოების დაწერაზე ამსტერდამიდან. ინიციატორი ლევ მარკიზი იყო. მე ჯერაც ბერლინში ვცხოვრობდი და ყველანაირად ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა თბილისში. ინფორმაციის ერთადერთი წყარო „რადიო თავისუფლება“ იყო რუსულ ენაზე. ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაში მეზობელი მეხმარებოდა, მრავალი ენის მცოდნე, ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანი. ის საღამოობით BBC-ს ცნობებს ისმენდა, აკონსპექტებდა და დილაობით ჩემი ბინის კარებში აცურებდა ფურცელს. ასე ვიგებდი ახალ ამბებს. მანვე მოიფიქრა სათაური ამ ნაწარმოებისთვის - „განვშორდი, რომ არ ვიხილო“.

 

- თქვენს ნაწარმოებებს ხშირად სხვები არქმევენ ხოლმე სათაურს, ბერლინელი მეზობლის გარდა, თუნდაც გიდონ კრემერი გავიხსენოთ. ბატონო გია, ეს ერთგვარი ტესტი ხომ არ არის იმის შესამოწმებლად, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ესმით თუ არა თქვენი ახლად შექმნილი ნაწარმოების?

 

- არა, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად არის. გიდონ კრემერი (მას, როგორც მუსიკოსს და პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ) ჩემი თხოვნით მართლაც არქმევს ხოლმე ჩემს ნაწარმოებებს სახელს. „სტიქსიც“ მან მოიფიქრა და „თითების ანაბეჭდებიც“. ის გრძნობს თითოეულ იმ ნიუანსს, რომელიც ჩემს მუსიკას ახასიათებს, მაგრამ ცხადია, სათაურზე მსჯელობისას რაღაცეებს ვუკონკრეტებ ხოლმე, მაგალითად, ხანგრძლივობას, ტემპს, ვეუბნები, არის თუ არა ნაწარმოებში სიტყვები, თან ასეთ შემთხვევებში მე ხომ არ ვიყენებ დამთავრებულ პოეტურ ნაწარმოებებს, პირიქით, მთლიანი ტექსტიდან ვარჩევ ხოლმე ცალკეულ ფრაზებს, სათაურებს, სიტყვებს. მაგალითად, „სტიქსზე“ მუშაობისას, რობიკო სპექტაკლს საბერძნეთში დგამდა. მე და მისი მეუღლე დუდანა კვესელავა კი დავსხედით და კეთილხმოვანი ქართული სიტყვების გახსენება დავიწყეთ... ამ ყველაფერს ვუყვები გიდონს. მერე გადმომირეკავს ხოლმე და მეუბნება თავის აზრს.

 

- როცა ანტვერპენში ხართ, მუსიკალურ მაღაზიებში ხშირად შედიხართ? ეცნობით ახალ მუსიკას?

 

- მაღაზიებში იშვიათად შევდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ყველა კარგ მაღაზიაში, სადაც თანამედროვე მუსიკაც არის წარმოდგენილი, ცალკე სექციები აქვს დათმობილი იგივე შნიტკეს, პიარტს, გუბაიდულინას, არსებობს ჩემი სექციაც. მაგრამ მაღაზიებში სიარული არ მიყვარს, თანაც ისედაც უამრავ დისკს მიგზავნიან სახლში და ნეტავ, მქონდეს იმდენი დრო, რომ ყველას მოსმენა შევძლო.

 

ახლა, ინფარქტის მერე, ფეხით სიარული მჭირდება ხოლმე. ყველაზე მეტად სიარულს ვერ ვიტან, მაგრამ იძულებული ვარ, ექიმის მითითება შევასრულო და სუფთა ჰაერზე ვისეირნო. ამიტომ პარკამდე მივდივარ მანქანით, თან მიმაქვს ფლეერი და ვუსმენ მუსიკას. როცა მბეზრდება თანამედროვე კოლეგების მუსიკა, მალერის მეცხრე სიმფონია მიმაქვს, ანდა ბახი გლენ გულდის შესრულებით, მერე ისევ ვუბრუნდები თანამედროვე მუსიკას.

 

- სიარულის გარდა, არც ცეკვა გყვარებიათ არასდროს. „ვალს-ბოსტონს“ კი უძღვნით მეუღლეს, რომელთანაც არასდროს გიცეკვიათ.

 

- „ვალს-ბოსტონს“, რომელიც ამერიკელი დირიჟორის, დენის რასელ დეივისის თხოვნით დავწერე, მართლაც ერთვის ასეთი მიძღვნა: „ჩემს მეუღლეს, რომელთანაც არასდროს მიცეკვია“. სხვათა შორის, არა მარტო ჩემს მეუღლესთან, საერთოდ არავისთან არ მიცეკვია. იმიტომ, რომ ყოველთვის მე ვიჯექი ინსტრუმენტთან, ვუკრავდი და სხვები ცეკვავდნენ. თქვენს ჟურნალში წავიკითხე, თუ რამხელა სიამოვნებას ჰგვრის ილია სუხიშვილს ცეკვა. შესანიშნავია, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, ყველანი ერთნაირები რომ ვიყოთ და ერთნაირი გატაცებები გვქონდეს. როგორც გითხარით, არც სიარული მიყვარს. ანდა, რატომ უნდა მიყვარდეს? ინსტრუმენტთან ჯდომა მირჩევნია.

 

- „სევდისფერი ქვეყანა“ - ეს ალუზია საიდან წამოვიდა?

 

- რომელიღაც ქართულ გაზეთში წავიკითხე, ძალიან მომეწონა და ასეც დავარქვი ერთ-ერთ ნაწარმოებს. რუსულად ძალიან კარგად ითარგმნა - печаль ზუსტად ის სიტყვაა, რა განწყობაც სიტყვა „სევდას“ მოაქვს, რასაც ვერ ვიტყვი გერმანულ თარგმანზე. სიტყვა ტრაუერ - სულ სხვა, უფრო მუქ ასოციაციას იწვევს ჩვენში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან პროდიუსერსაც ძალიან მოეწონა და ასე გახდა „სევდისფერი ქვეყანა“ Trauerfarbenes Land („პრემიერა ბონში, ბეთჰოვენის დარბაზში უნდა გამართულიყო და ამიტომ იყო აუცილებელი სათაურის გერმანულად მითითება“ - წიგნიდან).

 

- სევდისფერი მარადიული ფერია?

 

- ყველა დროში, ახლაც კი, თუ მანქანით გაივლით საქართველოში, ვთქვათ, დასავლეთისკენ, მანქანის ფანჯრიდანაც კი თვალში მოგხვდებათ შავი ფერის ტანსაცმელი, განსაკუთრებით მანდილოსნებზე. შავი სამოსი - ეს თითქოს ჩვენი ტრადიციაც გახდა, რადგან სულ ვიღაცის წასვლას ვგლოვობთ და შავი კი გლოვისთვის ყველაზე შესაფერია... ეს რაც შეეხება ჩაცმას, მაგრამ ბედ-იღბალიც რომ სირთულეებით სავსე გვაქვს? მეორე მხრივ, განა, გინახავთ სადმე ვარდისფერი ქვეყანა? ნაწარმოების ანოტაციაშიც ვსვამ ამ კითხვას: არსებობს კი ისეთი ქვეყანა, რომელიც არ არის სევდისფერი? მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი.

 

ამონაწერი წიგნიდან

 

ბავშვობა

 

„დავიბადე ბორჯომში, სადაც ზაფხულის თვეებს მთელი ქართული ინტელიგენცია ატარებდა ხოლმე. მამაჩემმა ბორჯომის ხეობაში რამდენიმე ბავშვთა სანატორიუმი გახსნა და შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა პატარა ცემის სანატორიუმის მთავარ ექიმად და დირექტორად... სულ ახლახან შევიტყვე ერთი ოჯახური გადმოცემის შესახებ, რომელიც ჩემს დაბადებას უკავშირდება. თითქოს, ბებიაქალმა, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, დედას უთხრა: თქვენი შვილი ბედნიერი იქნება და მუსიკოსი გახდება იმიტომ, რომ მას უცხო ფორმის ყურები, ლამაზი თითები და მუცელზე ხალი აქვს“.

 

...

„ბავშვობაში, ომის დროს, დადგებოდა თუ არა ადრეული გაზაფხული, სოფელში მაგზავნიდნენ ბებიასთან... ჩავდიოდით ზესტაფონში და იქედან ურმით ძალიან დიდხანს მივდიოდით ხოლმე ალავერდის გორაკიან გზებზე... ახლა ანტვერპენში, იმ ოთახის ფანჯრიდან, სადაც ვმუშაობ, აშოლტილი ალვის ხეები ჩანს, ექვსი თუ შვიდი... ზაფხულში აივნის კარი ღიაა და მუშაობის დროს, ფოთლების შრიალის ხმა ჩამესმის. ამ ხმას ისე მივეჩვიე, რომ ანტვერპენული ზამთრის ბოლოსკენ, დიდი მოლოდინით ველი ხეების აშრიალებას... ისინი რატომღაც სულ ალავერდში გატარებულ ბავშვობას მახსენებენ“.

 

...

„არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკალურ ოჯახში იბადებიან. მამაჩემი ექიმი იყო, დედა - დიასახლისი. ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა, ოჯახის მარჩენალი, ომში გაიწვიეს და ჩვენ მარტონი დავრჩით. ძალიან გვიჭირდა და ცხადია, არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ მუსიკა მომესმინა. ერთადერთი სერიოზული მცდელობა - რომ პატარა ბიჭი დიდი ხელოვნებისთვის ეზიარებინა - მეზობელ ქალს ჰქონდა. ერთხელ ამ უაღრესად ინტელიგენტმა ქალბატონმა შეგვკრიბა ქუჩის ბავშვები, მთელი დღეების განმავლობაში ეზოში ბურთს რომ დავდევდით, და ოპერაში „ევგენი ონეგინზე“ წაგვიყვანა...

 

ოპერის თეატრიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწყალ ქალს ტროლეიბუსი დაეჯახა. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ენით აუწერელი შიში მეზობელი ქალის გამო და დუელის სცენა „ონეგინიდან“.

 

...

„დიუკ ელინგტონი, სტენ კენტონი, ეროლ გარნერი, ოსკარ პიტერსონი, ელა ფიცჯერალდი - სინამდვილეში აი, რა ავსებდა ჩემს ცხოვრებას.

 

იყო ასეთი ფირფიტა: ჯაზის პიანისტი ალექსანდრ ცფასმანი ასრულებს პოპურის „მზიური ველის სერენადიდან“. ბიძაჩემმა კი ამერიკიდან ჩამოიტანა ფირფიტები, რომლებზედაც 30-იანი წლების პოპულარული ფოქსტროტები იყო ჩაწერილი... ერთხელ გავიტანე სახლიდან თხუთმეტივე ფირფიტა... და გადავცვალე ცფასმანის ერთ გატეხილ და დაწებებულ ფირფიტაზე“.

 

...

„ჩვენს გვერდით 11-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა. საერთო ტუალეტით ვსარგებლობდით. როცა 12 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, მშობლებს კომუნალურ ტუალეტში ვემალებოდი. ეს საშინელი საიდუმლო მეზობელი ოჯახის უფროსმა გახსნა. ის პირდაპირ მივიდა მამაჩემთან და მოახსენა: იქნებ, თქვენს შვილს სახლში მოწევის უფლება მისცეთ, ჩვენ რომ ტუალეტით სარგებლობა შევძლოთო... მაგრამ სიგარეტზე უარი ვერც ექიმმა მამამ მათქმევინა და ვერც იმ ექიმებმა, რომლებიც ინფარქტის შემდეგ მკურნალობდნენ. და დღეს მუშაობისთვის რამდენიმე რბილი ფანქრის, საშლელის, სათლელის და კარგი ჩაის გარდა, მჭირდება ორი საფერფლე და ორი სანთებელა“.

 

...

„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს, ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე. ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო... ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს - „იოჰან სებასტიან ბახი“...

 

გეოგრაფია

 

„უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ათი წლის განმავლობაში, ანტვერპენის შეყვარებაც მოვასწარი. ამიტომ არ მესმის, როგორ ვერ გაითავისეს ამ შესანიშნავი საპორტო ქალაქის სახელი ჩემმა მეგობრებმა... მაგალითად, ანდრეი ბიტოვი „ანტვერპენის“ ნაცვლად, ყოველთვის „ამსტერდამს“ ამბობდა. ბოლოს, გადავწყვიტე, მის განათლებაზე მეზრუნა და ავუხსენი, რომ ანტვერპენი ბელგიაშია, ამსტერდამი - ჰოლანდიაში. მან მიპასუხა: ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, მაპატიე, აღარ ამერევა. გავიდა ნახევარი საათი და მეკითხება: „გია, როდის დაბრუნდები იმ შენს როტერდამში“...

 

სხვათა შორის, ამსტერდამი ჩემთვის „მშობლიური“ ქალაქივითაა - იქ ხომ ჩემი ოთხი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა შესრულდა; როტერდამში კი - ერთის: გერგიევის საიუბილეო ფესტივალზე იქ პირველად შესრულდა „უარზონი“.

 

„საშინლად განვიცდი იმ ფაქტს, რომ „სტიქსი“ ჩემი ბოლო ნაწარმოებია, რომლის დირიჟორობაც ჯანსუღმა მოასწრო... როცა თბილისში არც შუქი იყო და არც გათბობა, თბილისის მუსიკალურ ცენტრში ორკესტრი „სონი ქლასიქალისთვის“ იწერდა დისკს. ელექტროენერგია დარბაზს გენერატორით მიეწოდებოდა. მუსიკოსები თითებამოჭრილი ხელთათმანებით უკრავდნენ, ჯანსუღი კი დირიჟორის პულტთან „დუბლიონკით“ და „უშანკით“ იდგა... მიუხედავად ამისა, მიშა კილოსანიძის და ჯანსუღის წყალობით, ჩანაწერი იდეალური გამოვიდა“.

 

ფანატი

 

„თავს პოპულარულ ადამიანად არ ვგრძნობ... თაყვანისმცემლები, ამ სიტყვის გავრცელებული გაგებით, და მით უმეტეს, ფანატები არასდროს მყოლია; თუმცა, იყო ერთი გამონაკლისი:

 

ერთხელ გერმანიაში, კონცერტის შემდეგ, ერთი ჩასკვნილი ახალგაზრდა მოვიდა და მორცხვად მთხოვა ავტოგრაფი დისკზე. მისი სახე დამამახსოვრდა იმიტომ, რომ მას შემდეგ ყველა ჩემს კონცერტს ესწრებოდა, თან არა მხოლოდ გერმანიაში. ამ კაცს ვხედავდი საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ბელგიაში. ყოველ ჯერზე, მორცხვი ღიმილით მომიახლოვდებოდა და მეკითხებოდა, დავესწრები თუ არა შემდეგ დაგეგმილ კონცერტს. ბოლოს, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, გაგვეცნო ეს ყმაწვილი. მიუნსტერში გენერალური რეპეტიციიდან გამოვდიოდით, როცა ის ავტოსადგომზე შევნიშნეთ, თავისი ძველი „ოპელის“ გვერდით იდგა. თავაზიანი მოკითხვის შემდეგ, დავინტერესდი მისი პროფესიით... გაირკვა, რომ მზარეული იყო.

 

- რომელ რესტორანში მუშაობთ?

 

- რესტორანში არა, მე სულით ავადმყოფთა თავშესაფრის სასადილოში ვმუშაობ, ფრანკფურტთან ახლოს.

 

...თომასს მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი, მერე კი მოულოდნელად გაქრა. მე კი, როცა მასზე ვფიქრობ, ჩემდაუნებურად, სინდისის ქენჯნას ვგრძნობ ხოლმე: ჩემი ნელი და დინამიკური კონტრასტებით სავსე მუსიკის მოსმენამ ხომ არ შეუწყო ხელი იმას, რომ ეს სიმპათიური ახალგაზრდა, თავშესაფრის სამზარეულოდან პალატაში გადაიყვანეს?“

 

სიჩუმე დარბაზში!

 

„დირიჟორი მარკუს სტენცი ავსტრალიაში „თითის ანაბეჭდების“ პრემიერას დირიჟორობდა. სტენცი გამოვიდა სცენაზე, დადგა პულტთან, მობრუნდა პუბლიკისკენ და ლაპარაკი დაიწყო. ცხადია, მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ როცა დარბაზში სიცილი ატყდა, ჩემი მეუღლე გადმოიხარა და ეს შესანიშნავი სფიჩი სინქრონულად მითარგმნა. გაირკვა, რომ სტენცმა დარბაზში ხველების პრობლემის მოხსნის კარდინალური გზა გამონახა. მან თქვა: „ამას ჯერ მე გავაკეთებ, მერე თქვენ გიდირიჟორებთ, და ყველანი ერთად იმდენს ვახველებთ, რამდენიც გაგვეხარდება. დავიწყებთ პარტერით - ჯერ მარცხენა ფრთა, შემდეგ შუა ნაწილი, ბოლოს მარჯვენა ფრთა. შემდეგ მე თავს მაღლა ავწევ და ხველებას პირველი იარუსი დაიწყებს, მას მეორე და მესამე მოყვება“. ბოლოს სტენცი „ოსკარის“ ცერემონიალის წამყვანებსაც დაესესხა: „and the Oscar goes to…“ - და „ოსკარი“ მას გადაეცემა, ვინც ყველაზე ხმამაღლა დაახველებს“.

 

სტენცმა ეს სფიჩი იმიტომ წარმოთქვა, რომ დარბაზი სიჩუმის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. დირიჟორის ხერხმა გაჭრა. კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა“.

 

MISTER KANCHELI?

 

„...ერთხელ რუდოლფ ვერტენმა ქალაქ გენტის ახლოს, პატარა სოფელში დაგვითმო სახლი, სანამ ანტვერპენში ახალ სახლს მოვძებნიდით და სანამ მის ორკესტრთან ერთად, ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანიისთვის ჩავწერდით „სევდა ნათელს“.

 

სახლის პირველ სართულზე როიალი იდგა. იმხანად „ვალს-ბოსტონს“ ვწერდი და, ძირითადად, ღამით ვმუშაობდი. ერთხელ, დაახლოებით პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა. Люля-ს უკვე ეძინა, იძულებული გავხდი, მეპასუხა. ვერტენი იყო. რადგან მან იცოდა, რომ რამდენიმე წელს ბერლინში ვცხოვრობდი, ჩათვალა, რომ გერმანულად კარგად ვლაპარაკობდი და სწრაფად მომაყარა რაღაც; ისე სწრაფად, რომ ვერც შევაწყვეტინე. როცა დაამთავრა, მხოლოდ მერე ვთხოვე:

 

- Rudolf, bitte, langsam.

 

ვერტენმა თავისი მონოლოგი ახლა უფრო ნელა გაიმეორა. მე მაინც ვერაფერი გავიგე და მეორედ ვთხოვე:

 

- Rudolf, for me better English, please once more.

 

გერმანულს ვერტენის შესანიშნავი ინგლისური მოჰყვა და მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა, როგორმე აუცილებლად უნდა გამეგო, რა უნდოდა. მთელი ყურადღება მოვიკრიბე და ტექსტი ასე გავშიფრე: ხვალ რეპეტიციაზე არ იქნება პიანისტი, ფორტეპიანოს პარტია კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ იქნებ, შენ თვითონ დაუკრა?

 

ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ბოლოს „ჩემებური“ ინგლისურით ვუპასუხე:

 

- Rudolf, I'm not a good pianist. But I think it's possible.

 

შემდეგ ისევ დავუბრუნდი ინსტრუმენტს და განვაგრძე დაკვრა.

 

...მხოლოდ მეორე დღეს, ჩემი ცოლის დახმარებით გავიგე, რას მეუბნებოდა ვერტენი წინა ღამით:

 

მეზობელმა დარეკა და მითხრა, რომ სახლში მიცვალებული ჰყავთ დასვენებული, თქვენთან კი ვიღაც ძალიან ხმამაღლა უკრავს როიალზე ერთი და იმავე მელოდიას. იქნებ, შეაწყვეტინოოთო.

 

„ქარი ქრის“

 

„ჩემი ქალიშვილი რვა წლის იყო, როცა ერთხელ მუსიკის გაკვეთილიდან სახლში ატირებული დაბრუნდა. თავს უხერხულად გრძნობდა იმიტომ, რომ მასწავლებელმა ჩემთან დააბარა, ნატოსთვის რაიმე პატარა პიესა დამეწერა, რომელსაც ის მუსიკალური სკოლის კონცერტზე შეასრულებდა... ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა, როცა ჩემი შვილის სკოლისდროინდელი რვეული ვიპოვე და დავიწყებული „ნატა-ვალსის“ მელოდიის დაკვრა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, გავიაზრე, რომ პირველი ფრაზა რიტმით ემთხვევა გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი შედევრის „ქარი ქრის“ პირველ სიტყვებს. გადავშალე წიგნი და გუნებაში „მივამღერე“ დანარჩენი სტრიქონებიც. გაირკვა, რომ მთელი ლექსი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ემთხვევა მუსიკას. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს უბრალოდ იღბლიანი დამთხვევა იყო, მაგრამ მაინც, როგორია, როცა ასეთ რამეს მხოლოდ მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ აღმოაჩენ?“

 

ბოლოს:

 

პირველად მე და რობიკო კაპიტალისტურ ქვეყანაში ერთად მოვხვდით. დასავლეთ გერმანიაში ჩავედით. პატარა სასტუმროში დაგვაბინავეს. დილას სასაუზმოდ ქვევით ჩავედით. ავიღე სუფრიდან კარგად დაბრაწული, ჰაეროვანი ფუნთუშა, ხვავიანად გადავუსვი კარაქი, ჩავკბიჩე პირველი ლუკმა და გაოცებულმა, რობიკოს ვუთხარი:

 

- რობიკო, ამ კარაქს რაღაც უცნაური გემო აქვს.

 

ის ძლივს მოწყდა თავის ფუნთუშას, დანანებით გადმომხედა და მითხრა:

 

- უცნაური გემო იმ კარაქს ჰქონდა, აქამდე რომ ჭამდი...

 

და ახლა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე: იქნებ, უფრო ძირეულ საკითხებშიც ვცდებოდი მანამდე? იქნებ, მთელი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა მეცხოვრა?

 

საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, პასუხს ამ კითხვაზე ვერასდროს გავიგებ...

 

(ცხელი შოკოლადი 2005 №10 )

 

ავტორი: თამარ ბაბუაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი