logo_geo
„UNESCO“: არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს ავტორს არჩევანის უფლება!
- +

10 ოქტომბერი. 2019. 12:35

 

საავტორო უფლებების დაცვის სფეროში „GERA“-ს გამოჩენიდან უკვე 6 თვე გავიდა. „GERA“-ს თანამშრომელი სალომე კასრაძე ესაუბრა ასოციაციის თამჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილს და დაინტერესდა, რა მოხდა საინტერესო ამ ხნის მანძილზე.

 

ალექსანდრე გვარიშვილი: სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ „GERA“ ამ მოკლე პერიოდში ასეთ ტემპს აკრეფდა.  ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით და 6 თვეში თავი მოვუყარეთ მსოფლიო მუსიკალური კატალოგების 80%–ის საავტორო უფლებებს. აქ ვგულისხმობ „Sony“-ს, „Warner Music“–სა და „Universal“–ს, და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. გასულ კვირას თბილისში გახლდათ ჩამოსული ბრიტანული ორგანიზაცია „Media IP Rights“–ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი სტივ დენიელი, რომელმაც ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება. ეს ორგანიზაცია ფლობს მომიჯნავე უფლებების საკმაოდ ვრცელ კატალოგს. დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ კატალოგს წარმოადგენს „GERA“.  გარდა ამისა, დღეს საქართველოში ყველაზე აქტიურ და პოპულარულ ავტორთა და შემსრულებელთა უმრავლესობა ჩვენთან არის გაწევრიანებული. ამ 6 თვეში ჩვენ შევძელით და 300–მდე ხელოვანთან გავაფორმეთ ხელშეკრულება.

 

უკვე ოფიციალურად ვთანამშრომლობთ 10–მდე ქვეყანის ანალოგიურ ორგანიზაციასთან, 20–ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება კი მოლაპარაკებების პროცესშია. ჩვენი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ტექნოლოგია – Rozum b2b აპარატი საქართველოს მასშტაბით, უკვე   100–მდე კომერციულ ობიექტზეა დამონტაჟებული. საუბარი მაქვს რესტორნებზე, სავაჭრო ცენტრებზე, სასტუმროებზე და ა.შ. ჩვენი მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 5000–ზე მეტი Rozum–ის აპარატი დავაყენოთ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია GERA-ს წევრი მუსიკოსების შემოსავლების ზრდა და მათი კეთლდღეობა;  რაც უფრო მეტი ობიექტი იქნება აღჭურვილი Rozum-ის აპარატით, მით უფრო ხშირად გაიჟღერებს იქ ჩატვირთული არტისტების კუთვნილი მუსიკა და ჩვენც უფრო მეტი თანხის გადახდა შეგვეძლება მათთვის.

 

- გვიამბეთ Rozum b2b აპარატზე – რატომ არის ტექნოლოგია უნიკალური?

 

- ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ მივაწოდოთ ჩვენი ავტორებისა და შემსრულებლების კონტენტი მომხმარებელს, შემდეგ კი მივიღოთ დეტალური ინფორმაცია რომელ ობიექტებზე, რამდენჯერ და როდის გაჟღერდა ესა თუ ის კომპოზიცია. ეს არის საქათველოში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე გამჭვირვალე და ობიექტური მეთოდი. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირები არ წყვეტენ ვის რამდენი თანხა ეკუთვნის. აპარატი 100%–იანი სიზუსტით მოახდენს იდენტიფიცირება–აღრიცხვას. ამასთან,  „GCA“ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ჩვენ მზად ვართ, „GCA“-საც შევთავაზოთ Rozum-ის აპარატით სარგებლობა, ეს ხომ გააუმჯობესებს ქართველო ხელოვანების ფინანსურ მდგომარეობას და ისინი ბევრად მეტ სარგებელს მიიღებენ გაწეულ შრომაში.

 

- საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ორი ძირითადი მოთამაშე ხართ, რამდენად კომფორტული და მომგებიანია ხელოვანებისთვის ასეთი გარემო?

 

- ახლახან მივიღეთ ოფიციალური წერილი „International Music Council“–ისგან, რომელიც გვატყობინებს, რომ მოსახლეობის და ქვეყნის მასშტაბის მიუხედავად, საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში შესაძლოა არსებობდეს იმდენი ორგანიზაცია, რამდენსაც ავტორები და შემსრულებლები ჩათვლიან საჭიროდ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „IMC“ 60 წლის წინ „UNESCO“–ს ეგიდით იქნა შექმნილი და წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც მუსიკის სფეროში მუშაობს და ამ კუთხით „UNESCO“-ს მთავარი საკონსულტაციო ორგანოა. ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ არცერთ ორგანიზაციას თუ ასოციაციას არ აქვს უფლება, შეუზღუდოს ავტორს ან შემსრულებელს თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს აღნიშნულია 2014 წლის 26 თებერვლით დათარიღებულ ევროკავშირის დირექტივაშიც. თავისუფალი არჩევანი არის ყველა ავტორისა და შემსრულებლის უფლება. ასეთი კონკურენტული გარემო ხელოვანებისთვის მხოლოდ სასიკეთო შედეგს მოიტანს, რადგან სადაც კონკურენციაა, იქ ხარისხიც მაღალია. ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორებიცაა ბელგია, ესპანეთი, ჩეხეთი. თურქეთი, კანადა, აშშ და ა.შ. ეს არის იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, სადაც  ორი ან მეტი ასოციაცია იცავს ხელოვანების უფლებებს. საოცარია, მაგრამ საქართველოში საზოგადოების უმეტეს ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ უნდა არსებობდეს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია და ის ფაქტიც, რომ  კომერციულმა ობიექტებმა სტუმრების მოზიდვის მიზნით სხვა ადამიანის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შემთხვევაში კეთილი უნდა ინებონ და სათანადო საფასური გადაიხადონ. ეს არ ეხება პირად სივრცეში მუსიკის მოსმენას, საუბარი მაქვს კომერციული მიზნით ინტელექტუალური საკუთრების მოხმარებაზე.

 

- ზაფხულში თქვენი ორგანიზებით გამართულ აგვისტოს საღამოებს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა თბილისში.

 

- ჩვენი მიზანია ქართული მუსიკალური სფეროს განვითარება. ეს იყო ერთი მხრივ საჩუქარი თბილისისა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ზაფხულში დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხეს; ხოლო მეორე მხრივ, ეს იყო ამ ბიზნესის შეჯანჯღარება. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა ხელი შევუწყოთ საკონცერტო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

 

სალომე კასრაძე

 

 

 

big_banner
არქივი