logo_geo
„ბურთი უნდა გიყვარდეს, რომ დაგიჯეროს“ - ტრაგედიამდე 9 თვით ადრე ჩაწერილი უნიკალური ინტერვიუ ვიტალი დარასელიასთან
- +

10 ოქტომბერი. 2019. 13:31

 

მან ისეთი სილამაზის გოლი გაიტანა, რომლითაც ცოცხლობს და იცოცხლებს ფეხბურთი. თითქოს გუშინ იყო. მთელი 37 წელი კი გასულა...

 

9 ოქტომბერს ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა.

 

13 მაისის გამარჯვებით გამოწვეული ვნებათაღელვა ჯერაც არ ჩამცხრალიყო, რომ თბილისის დინამოელებმა ახალი საფეხბურთო სეზონიც წარმატებით დაიწყეს - თასების მფლობელთა თასის ახალ გათამაშებაში რამდენიმე გუნდი ჩამოიშორეს გზიდან. მეოთხედფინალის პირველ მატჩში სტუმრად ვარშავის „ლეგიას“ სძლიეს 1:0.

 

იმ დღესაც ლექციიდან გამოსული მესამე სართულის დერეფანში პედაგოგიური ინსტიტუტის მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორ ლეილა ჭეიშვილს შევეფეთე. ერთმანეთი მოვიკითხეთ.

 

- ჩვენი ინსტიტუტის სიძესთან ინტერვიუზე რას იტყოდი? - მკითხა მან.

 

სახეზე გაკვირვება რომ შემამჩნია, დარასელიასთანო, დასძინა.

 

- ვიტალის მეუღლე მარინა მამალაძე ჩვენი ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. როგორ ფიქრობ, ჩვენი გაზეთისთვის საინტერესო თემა ხომ იქნება? მით უმეტეს - „ლეგიასთან“ განმეორებითი მატჩის წინ.

 

ვიცოდი ქალბატონ ლეილას სპორტისადმი დამოკიდებულება. რუბრიკის ორიგინალობაც არ გამკვირვებია, უკვე იმაზე ვფიქრობდი, თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავს, დიუსელდორფის გმირს როგორ დავკავშირებოდი.

 

რედაქტორი უთქმელად მიმიხვდა.

 

- მარინას ვთხოვე და ის დაგვეხმარება, - მითხრა ღიმილით.

 

ასე გაიჩარხა „სიძესთან“ მისასვლელი გზა. მეორე დღეს მარინამ დამაიმედა - ვიტალის ველაპარაკე და პოლონელებთან მატჩის მეორე დღეს „დინამოს“ ბაზაზე შეგხვდებაო...

 

 

„ლეგიასთან“ მატჩზე მეტად უკვე ფეხბურთის ლეგენდად ქცეულ ახალგაზრდა კაცთან შეხვედრაზე ვფიქრობდი. სპორტსმენებთან ურთიერთობა და მათგან ინტერვიუების ჩაწერა ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ რატომღაც ახალბედასავით ვგრძნობდი თავს. მოვიძიე „დინამოს“ ექვსი ნომრის დოსიე, ბლოკნოტში ჩავინიშნე ჩემთვისაც და მკითხველისთვისაც საინტერესო ეპიზოდები:

 

ვიტალი დარასელია ოჩამჩირეში დაიბადა 1959 წლის 9 ოქტომბერს (მოგვიანებით შევიტყვე, რომ 9 იანვარს მოვლენია ქვეყანას, მაგრამ „ზემოთ“ დაბადების მოწმობა გადაუკეთებიათ, რომ ამ თვითნაბად ტალანტს საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში მეტ ხანს ეთამაშა). ფეხბურთის ანაბანას ექვსი წლისა მშობლიურ ქალაქში საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებულ მწვრთნელ ბონდო კაკუბავას ხელმძღვანელობით ეზიარა. სამი წლის შემდეგ ოჩამჩირის მოზარდთა გუნდ „ამირანთან“ ერთად ლუგანსკში „ტყავის ბურთის“ საკავშირო გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა. 16 წლისა ცნობილმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ სოხუმის „დინამოში“ მიიწვია და ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ ათამაშა, რომელიც წინა წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო. მატჩი ფრედ - 2:2 დამთავრდა.

 

1974 წელს ვიტალი დარასელიამ საქართველოს ჩემპიონატში ოჩამჩირის „ამირანის“ შემადგენლობაში მეტოქეებს 20 ბურთი გაუტანა. მომდევნო წელს თბილისის „დინამოში“ გადაიყვანეს. ახალ გუნდში დებიუტი „ლოკომოტივის“ სტადიონზე 1975 წლის 11 მაისს ტაშკენტის „ფახთაქორთან“ შედგა.

 

საინტერესოა, რომ „ამირანში“ დარასელია ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშობდა. ახალკაცმა კი, რომელმაც „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხაილ იაკუშინი შეცვალა, გადაწყვიტა, რომ ვიტალის ნახევარდაცვაში გუნდისთვის მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო და არც შემცდარა. ჩემთან საუბარისას ვიტალიმაც აღნიშნა, რომ ამ ამპლუაში საკუთარი თავი და შესაძლებლობები უკეთ შევიცანი და თამაშისგანაც მეტ სიამოვნებას ვიღებო.

 

მართლაც, ტექნიკური, ჯანიანი და აგრესიული დარასელია იდეალურად მოერგო საფეხბურთო კონცეფციას ნოდარ ახალკაცისას, რომელმაც 1976 წელს ლეგენდარული ქართული გუნდის მშენებლობა დაიწყო. ვიტალი ერთნაირად წარმატებული იყო როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

 

რამე უნდა შეცვლილიყო?!

 

ასეთი და სხვა მსგავსი ინფორმაციებითა თუ შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა ვუყურე 1982 წლის 17 მარტს თბილისის „დინამოს“ განმეორებით მატჩს ვარშავის „ლეგიასთან“. 80.000 გულშემატკივრის ომახიანი შეძახილებით გამხნევებულმა მასპინძლებმა ეს პაექრობაც მოიგეს მინიმალური ანგარიშით (გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა) და უეფას თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ. დარასელია თბილისელთაგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ცნეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს. ორმაგად მესიამოვნა, ამიტომაც მეორე დღეს უფრო თამამად მივადექი „დინამოს“ საწვრთნელ ბაზას. რადგანაც „მკვდარი საათი“ იწყებოდა, სავარჯიშო მოედანთან გრძელ სკამზე ჩამოვსხედით, რომ სხვებისთვის ხელი არ შეგვეშალა. მზიანი ამინდი იყო და რქამოტეხილი მარტის სუსხი არც იგრძნობოდა.

 

 

საუბარი, ცხადია, „ლეგიასთან“ განვლილი მატჩის შთაბეჭდილებების გაზიარებით დავიწყეთ.

 

- მართალია, პოლონელებს ორივე მატჩი მოვუგეთ, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა: „ლეგია“ ძლიერი და ტექნიკური გუნდია, რაც მან გუშინდელ მატჩშიც დაამტკიცა. თუმცა მეოთხედფინალისთვის ჩვენ უკეთ მომზადებული აღმოვჩნდით. ნახევარფინალში უფრო ძლიერი და გამოცდილი მეტოქე გველოდება. ვეცდებით, ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ.

 

- ათი თვე მიილია, მაგრამ დიუსელდორფის ვნებათაღელვა ჯერ არ ჩამცხრალა. ამას წინათ გერმანულმა გაზეთმა „დოიჩეს შპორტეხომ" თქვენდამი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა - „ფეხბურთელი, რომელსაც გადამწყვეტი გოლები გააქვს"... სტატიის ავტორი აღწერს დიუსელდორფში გამართული ფინალური შეხვედრის ერთ-ერთ მომენტს: „მატჩის დამთავრებამდე 3 წუთი აკლია, ყველაფერი ისე მიდის, რომ გუნდები თითქოს არ უნდა აცდნენ დამატებით დროს, მაგრამ აი, ბურთი მიიღო თბილისელთა ნახევარმცველმა დარასელიამ, საჯარიმო მოედანზე მოხდენილად მოატყუა ორი იენელი ფეხბურთელი და ზუსტად გაგზავნა ბურთი გრაპენტინის კარში“...

 

- გადამწყვეტისა რა გითხრათ, მაგრამ, როცა ამის შესაძლებლობა მეძლევა, გოლების გატანა ძალიან მიყვარს. მე ხომ ყოფილი თავდამსხმელი ვარ, „დინამოს“ შემადგენლობაში პირველი ბურთი 1976 წელს გავიტანე ლვოვის „კარპატის“ კარში. შარშან აქ, თბილისში, უელსთან პაექრობისას საკავშირო ნაკრებს დავეხმარე ერთი გოლით. რაც შეეხება დიუსელდორფში „კარლ ცაისთან“ გამარჯვების გოლს, ის დაუვიწყარი იქნება ჩემს ცხოვრებაში...

 

- 1981 წლის 13 მაისის შემდეგ ვიტალი დარასელიას ცხოვრებაში რა შეიცვალა?

 

- რამე უნდა შეცვლილიყო? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა და გაეღიმა.

 

- ფეხბურთში ლიდერობა ხომ მონომახის ქუდივითაა... მძიმე სატარებელია...

 

- 13 ჩემთვის ბედნიერი რიცხვია და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ 13 მაისს დიუსელდორფის სტადიონზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაშიც ჩემი მცირედი წვლილიც ურევია, თუმცა ამ წარმატებით ჩემში არაფერი შეცვლილა. რაც ვიყავი, ის დავრჩი. სხვა უფლება არც მაქვს... რომ არა ჩემ გვერდით მოთამაშე ვარსკვლავები, რას გავხდებოდი! დათოს ჩემთვის შესანიშნავი პასით ის ბურთი რომ არ მოეწოდებინა?! ფეხბურთი გუნდური თამაშია და წარმატებასაც მთელი გუნდი თანაბრად ინაწილებს...

 

აქ წუთით შევწყვეტთ ინტერვიუს ფეხბურთის ლეგენდასთან და „კარლ ცაისთან“ ბრძოლის გმირზე რამდენიმე სპეციალისტის მოსაზრებას გაგაცნობთ:

 

კოტე მახარაძე, სახელოვანი მსახიობი, დიუსელდორფის მატჩის კომენტატორი: „ცხოვრებაში იმდენი არ მიყვირია, რამდენიც ვიტალი დარასელიას გოლის შემდეგ. ქართველებს ასეთი სასიხარულო დღე, ალბათ, თამარის მეფობის მერე არც ჰქონიათ. ჩვენ ვიგრძენით, რომ სხვებზე ძლიერები, მართლა თავისუფლები ვართ... იცით, სპორტი იძლევა ამგვარ განცდას. ქართველებისთვის ხომ ფეხბურთი რაღაცის დასამტკიცებლად ერთადერთი საშუალება იყო. საქართველოში ბრილიანტი, ნავთობი, აყროლებული გაზიც კი არ ყოფილა. აი, კარგი ღვინო რომ გვაქვს, გვაქვს. ფეხბურთი იქცა საშუალებად, ისევ შეგვეხსენებინა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვცოცხლობთ და მხოლოდ კოლონია როდი ვართ"!

 

მიხაილ იაკუშინი, სპორტის დამსახურებული ოსტატი: „ვიტალის გოლი, უბრალოდ, ულამაზესია. ეს იყო იშვიათი ეპიზოდი, რომელშიც დარასელიამ მაღალტექნიკურად ითამაშა“.

 

ვალერი ვინოკუროვი, ჟურნალისტი: „თასების თასის ფინალში დადგა დარასელიას ოქროს საათი - მან ისეთი სილამაზის გოლი გაიტანა, რომლითაც ცოცხლობს და იცოცხლებს ფეხბურთი“.

 

იოზეფ ვენგლოში, ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მთავრი მწვრთნელი: „თბილისში, სადაც ჩვენ წავაგეთ, ის მოედანზე ერთ-ერთ საუკეთესო იყო. ბრწყინვალედ ითამაშეს შენგელიამ, ბლოხინმა, ბურიაკმა, მაგრამ ამისთვის ჩვენ მზად ვიყავით, აი, დარასელია კი გამოგვრჩა. ეპიზოდების უმეტესობაში ხომ ის ოსტატურად მოქმედებდა“...

 

 

მოწოდება

 

ახლა ისევ რესპონდენტს დავუბრუნდეთ.

 

- ვიტალი, თქვენზე არაერთხელ დაუწერიათ, დიდი ტალანტიაო. რასაც მიაღწიეთ, ეს მხოლოდ ნიჭის წყალობით?

 

- ცხადია, ნიჭს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემი წარმატების მთავარი საიდუმლო მაინც შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობაა. მერვე კლასში ვიყავი, რომ ვთქვი, "დინამოში" ვითამაშებ-მეთქი, „დინამო“ ყველა ჩვენგანისთვის მაშინაც და დღესაც ოცნების გუნდია. ზოგიერთებს იმ ჩემს ნათქვამზე ეცინებოდათ, ამიტომ ჩუმად ოცნება ვისწავლე. მოსწავლეობისას სკოლაში წასვლამდე ზღვისპირას დავრბოდი, ვარჯიშის შემდეგაც საათობით ვრჩებოდი მარტო ბურთთან, რომ გავშინაურებოდი, ერთმანეთისთვის გაგვეგო. ბურთთან მეგობრობა წარმატებისთვის გადამწყვეტია. უნდა გიყვარდეს, რომ დაგიჯეროს. არც მახსენდება, ბურთს გაბრაზებით როდის დავარტყი ფეხი. „დინამოში“ რომ ჩავირიცხე, მერე ინდივიდუალურად წვრთნას მოვუმატე. ხომ ხედავთ, ჩვენს გუნდში როგორი ვარსკვლავები თამაშობენ. მათ გვერდით ადგილის შენარჩუნება უშრომელად შეუძლებელია. 

 

- დიდ სპორტში გზას რომ თავიდან იწყებდეთ?

 

- მე ფეხბურთით ვცოცხლობ და, რადგანაც ის ჩემი მოწოდებაა, ვნებაა, ისევ ფეხბურთის ეკლიან ბილიკებს ავირჩევდი.

 

- შვილებისთვის რა პროფესიას ისურვებდით?

 

- ქრისტინე 5 წლისაა, ვიტალი ოთხისაც არ არის, ამიტომ ჩემი და მარინას მთავარი საზრუნავია, ისინი ადამიანებად, პატრიოტებად აღვზარდოთ. პროფესიის არჩევას თავად მივანდობთ მოწოდების და შესაძლებლობების შესაბამისად...

 

- ვიტალი ვიტალის ძე... კარგად ჟღერს, არა?

 

- იმის თქმა გინდათ, შვილს ვიტალი რატომ დავარქვი?

 

- სხვებისგან მსმენია, მაგრამ თქვენი მონათხრობი უფრო საინტერესო იქნება.

 

- 1978 წელს უეფას თასის გათამაშებაში ჩავებით. 13 სექტემბერს თბილისში ოთხმოცდაათი ათასი მაყურებლის თვალწინ იტალიის „ნაპოლის“ 2:0 ვძლიეთ. განმეორებით მატჩი 27 სექტემბერს გვქონდა ნეაპოლში. დღე-დღეზე მეორე შვილს ველოდებოდი, მაგრამ იტალიაში წაუსვლელობა როგორ იქნებოდა. ნეაპოლში რომ ჩავედით, ბიჭებს ვუთხარი, თუ ვაჟი დაიბადება, ჩვენი გუნდიდან იმის სახელს დავარქმევ, ვინც პირველ ბურთს გაიტანს-მეთქი. „სან-პაოლოს“ სტადიონზე ჩვენი შეხვედრის საყურებლად 75 000 ათასი მაყურებელი მოვიდა. მატჩის 64-ე წუთზე კანთელაძე-გუცაევის დაწყებული კომბინაცია მარცხენა ფრთაზე ქორიძემ გააგრძელა და მახვილი კუთხიდან დაარტყა ბურთი კარისკენ. კასტელინის მოგერიებულ ბურთს საჯარიმოში მე მივისწარი და ცარიელ კარში გავიტანე... მერე პირობაც შევასრულე.

 

- 23 წლისამ ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრეთ და ახლა უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობთ, გყავთ მეუღლე და ორი შვილი, ხართ წარმატებული ფეხბურთელი. როგორ ასწრებთ ყველაფერ ამას?

 

გაეღიმა.

 

- მართალია, დაუფიქრებლად ნაბიჯი არ უნდა გადადგა, მაგრამ ცხოვრებაში, როგორც ფეხბურთში, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ფორტუნას ზურგი არ შეუქცევია ჩემთვის - ყველა ნაბიჯი მართებული გამოდგა: მყავს შესანიშნავი მეუღლე, შვილები, მეგობრები, გუნდში ვარსკვლავების გვერდით ვთამაშობ...

 

- კიდევ რას ინატრებდით?

 

- ძალიან მინდა, წლეულს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ფინალში გავიდეს და, ამპარტავნობაში თუ არ ჩამეთვლება, გადამწყვეტი მატჩისას იმ გუნდის შემადგენლობაში მეც ვიყო.

 

 

- მსოფლიო ჩემპიონატი ახსენეთ: სამიოდე თვეში ესპანეთის სტადიონებზე პლანეტის 24 საუკეთესო გუნდი მედლებისთვის იბრძოლებს. ვინ მიგაჩნიათ მთავარ ფავორიტად?

 

- იყო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე, უკვე ბევრს ნიშნავს. ეს ხომ ბრძოლით მოპოვებული უფლებაა და მიზანიც ერთია, თუმცა შეუძლებელია, 24-ვე გუნდი ერთნაირად მომზადებული შეხვდეს ტურნირს. ახლა ბევრს წერენ ფავორიტებზე. ყველაზე მეტი მომხრე ბრაზილიელებს ჰყავთ. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ სამხრეთამერიკელები ხომ მთავარ ფავორიტებად მიაჩნდათ 1966, 1974 და 1978 წლების მსოფლიო ფორუმებზე, თუმცა ჩემპიონები იმ წლებში სხვები გახდნენ.

 

- მსოფლიო ჩემპიონატზე, საბჭოთა ნაკრების გარდა, რომელ გუნდს უქომაგებდით?

 

- ესპანეთს ან ინგლისს... უფრო, ალბათ, პირენეელებს, რადგან „რეალის“ და „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ.

 

- ფეხბურთელებში ვის გამოარჩევთ?

 

- რა თქმა უნდა, მარადონას. ის შეუდარებელია...

 

საუბრის დასასრულს სპორტის დამსახურებულ ოსტატს ვთხოვე, სურათს გადაგიღებთ-მეთქი. სიამოვნებით დამთანხმდა. იქვე გრძელ სკამზე ჩამომჯდარს გადავუღე. რატომღაც სევდიანი თვალებით მოწყენილი მოსჩერებოდა ობიექტივს. ასეთად აღიბეჭდა იგი ფირზე.

 

იყო 1982 წლის 18 მარტს. იმ დღიდან 36 წელი გავიდა, ხსოვნა კი დავიწყებით არ იბინდება.

 

 

ტრაგედია უბისასთან

 

ჩვენი საუბრის შემდეგ რამდენჯერმე მოვინდომე ვიტალი დარასელიასთან შეხვედრა, რადგან დამიგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ 25 წლის ფეხბურთის ლეგენდა მოულოდნელად და ნაადრევად გადაინაცვლებდა სამუდამო სასუფეველში.

 

ვიტალი დარასელიამ ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა, მაგრამ საკმაოდ ბევრი გააკეთა. ეს გენიოსების ხვედრია.

 

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გამარჯვებული (1978), ვერცხლისა (1977) და სამგზის ბრინჯაოს (1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო პირველობების, 1981) საკავშირო თასი ორგზის (1976, 1979) მფლობელი და 1980 წლის ფინალისტი. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში 1976 წლის ჭაბუკთა და 1980 წლის ახალგაზრდების (21 წლამდე) ევროპის ჩემპიონატების ოქროსმედალოსანი 1978-1982 წლებში საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ხუთჯერ დაასახელეს - თავის ამპლუაში ერთხელ პირველ, ორ-ორჯერ მეორე და მესამე ნომრებად.

 

საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა (პირველი ბურთი 1978 წლის 19 ნოემბერს ტოკიოში იაპონიასთან სადებიუტო მატჩში - 4:1), ყველაზე მნიშვნელოვანი - 1981 წლის 18 ნოემბერს თბილისში უელსის ნაკრებთან, რითაც საბჭოთა გუნდს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გაუკვალა გზა.

 

1975-1982 წლებში თბილისის „დინამოს“ მაისურით 273 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 40-ჯერ დალაშქრა. 1976-1980 წლებში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში 27-ჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატებში და თანაგუნდელებს 7 გოლით შეეწია. თბილისის „დინამოში“ ბოლო მატჩი 1982 წლის 16 ოქტომბერს მოსკოვში იქაური „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა და 37-ე წუთზე შეცვალეს.

 

ვინ იცის, რამდენი ოცნება დარჩა განუხორციელებელი. 25 წლისა 1982 წლის 13 დეკემბერს უბისასთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა - 13 დღის შემდეგ მისი გვამი მდინარე ძირულაში იპოვეს.

 

1982 წლის 28 დეკემბერს ვიტალის, გულშემატკივრების სახელით, „ლელოს“ მიმომხილველი ირაკლი ბერიაშვილი ასე დაემშვიდობა: „მაშინ მუსიკაზე ვსაუბრობდით, როგორღაც მორიდებით ლაპარაკობდი. თითოეულ ფრაზას პაუზა მოსდევდა. მერე კიდევ... ამ პაუზებით ვიგრძენი, როგორ გიყვარდა მუსიკა... ქარმა წაიღო ის მელოდია... მაგრამ ფეხბურთიც მელოდია იყო შენთვის. იქ შენ თვითონ ეძებდი, რიტმსა და ჰარმონიას. ეძებდი და პოულობდი კიდეც, პოულობდი იმიტომ, რომ უშუალოდ ხარჯავდი ძალასა და ნიჭს... ამიტომ გვიყვარდი... შენით შექმნილი საფეხბურთო მელოდია კი დიდხანს, დიდხანს იტრიალებს შენს საყვარელ „დინამოს“ სტადიონზე“.

 

ვიტალი დარასელიას დიდუბის პანთეონში დასაფლავება უნდოდათ, მაგრამ დედის თხოვნით მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს და 1982 წლის 30 დეკემბერს ოჩამჩირეში დაკრძალეს.

 

ავტორი: ვაჟა დანელია

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი