logo_geo
ლიზა ყენიას ფერადკანიანი პარტნიორი ჰყავს - მომღერლის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებზე და ყოფილ სიყვარულზე
- +

16 ოქტომბერი. 2019. 15:46

 

ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია ცნობილი ქართველი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილია, თუმცა, საზოგადოება მას სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან იცნობს. ლიზამ პოპულარობა პატარა ასაკიდანვე მოიპოვა და ხანდახან სკანდალების ქარცეცხლშიც ეხვევა.

 

ლიზას ცხოვრებაში ახლა ახალი ეტაპი დადგა, უმშვენიერესმა გოგონამ გადაწყვიტა, დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ შემოქმედებას და სწავლას დაუთმოს. ლიზა ყენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ტურიზმის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს.

 

სულ მალე ეკრანებზე გამოჩნდება მომღერლის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც, ბუნებრივია, სკანდალური და ეპატაჟური ნამუშევარი იქნება.

 

ლიზას არ უყვარს ინტერვიუები და სატელევიზიო გადაცემები, თუმცა, „რეიტინგისთვის“ გამონაკლისი დაუშვა და გულახდილი ინტერვიუ მოგვცა, სადაც ყველა საინტერესო თემაზე გულახდილად ისაუბრა.

 

ლიზასთან საუბარი ზაფხულით დავიწყეთ, წელს მან საოცნებო კურორტებზე დაისვენა და საყვარელ მუსიკალურ დიჯეისაც შეხვდა.

 

- ლიზა, როგორ გაატარეთ ზაფხული?

 

- არაჩვეულებრივი ზაფხული მქონდა, შეიძლება ითქვას, რომ თინეიჯერობის ასაკიდან დაგროვილი ოცნებები ამიხდა. ყოველთვის მინდოდა იბიცაზე მოხვედრა, ეს ოცნება ამიხდა, ჩემს დასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი იბიცაზე. იქ შევხვდი ჩემთვის ICON ადამიანს, Black Coffee-ს, მასთან მოვხვდი პირისპირ, ძალიან მიყვარს ეს მუსიკოსი, ჩემი ინსპირაციაა.

 

ასევე ვიყავი ბარსელონაში ჩემს მეგობრებთან ერთად. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთია, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

 

 

- თუმცა, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული...

 

- ნამდვილად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბოლო პერიოდში შევძელი და გავხდი ოჯახისგან დამოუკიდებელი ადამიანი. ჩემს მიერ დაბანდებული თანხებით მოვახერხე იბიცაზეც და ბარსელონაშიც დასვენება.

 

- რა არის შენი შემოსავლის წყარო?

 

- კონცერტები და ინსტაგრამ ინფლუენსერობით დაგროვილი ფული - ესაა ჩემი შემოსავალი. მართალია, ბევრი კონცერტები არ არის, მაგრამ ამის დროც მოვა. მე მინდა, ჩემი შექმნილი სიმღერები ვიმღერო. თუ გინდა არტისტი გერქვას, არ უნდა იყო ვიღაცის კოპირება, თუ შენ არ შეგიძლია სიმღერების შექმნა, სხვამ უნდა შეგიქმნას. ახლახან აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ შემიძლია სიმღერების დაწერა და რამდენიმე დავწერე კიდეც.

 

- ცნობილია, რომ ერთ-ერთ სიმღერაზე ახალ კლიპს იღებთ, მოგვიყევით ამ კლიპის შესახებ?

 

- ლონდონში არის მუსიკოსი სკარლზი, რომელმაც გამიკეთა დიდი საჩუქარი, სწორედ მან გამიმზადა ინსტრუმენტალი, რომელზეც ავაწყვე სიმღერა, ტექსტი და მელოდია. ახლა ვიღებ კლიპს. ვცდილობ, მაქსიმალურად ესთეტიური და ლამაზი გამოვიდეს კლიპი. ვიცეკვებ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, რომლებიც საუკეთესოები არიან საქართველოში. ჩემს კლიპში ასევე იცეკვებს ირაკლი ფიფია, რომელიც კლიპის ქორეოგრაფიც იქნება. კლიპის გადაღებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ლოკაციაც, ამიტომ რესტორან „დორსზე“ გავაკეთე არჩევანი. ვიდეოში ჩემი მეგობრებიც იღებენ მონაწილეობას, კლიპის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, მაგრამ სცენარი ჩემი ინსპირაციის შედეგია.

 

 

- ვიცით, რომ ასევე ფერადკანიანი მამაკაცი გაგიწევს პარტნიორობას ახალ კლიპში, რატომ შეაჩერე არჩევანი ფერადკანიან მსახიობზე?

 

- კი, ფერადკანიან მსახიობსაც იხილავთ ჩემს კლიპში. მას ჩვენს ქვეყანაში კარგად იცნობენ, წარმატებული მსახიობია. ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ, ზოგჯერ რასიზმი პრობლემაა, მე კი ამ ფორმით მინდა საზოგადოებას ვაჩვენო, რომ არ არის გამართლებული რასიზმი.

 

 

- კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?

 

- ჩემი პლუსია თუ მინუსი, ვერ გეტყვით, მაგრამ არასდროს ვარ ამაყი საკუთარი თავით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვე, ეს ძალიან მახარებს. მარტივი არ არის დამოუკიდებლად ცხოვრება.

 

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ცალკე გადახვედით საცხოვრებლად?

 

- მაიამ დამოუკიდებლად გამზარდა, მაგრამ მატერიალურ დამოუკიდებლობას ჯერ მხოლოდ დუმილის დონეზე იმჩნევს, დარწმუნებული ვარ, უხარია. რაც შეეხება ცალკე ცხოვრებას, ცალკე საცხოვრებლად არ გადავსულვარ.

 

- რითი ჰგავხართ დედას - მაია ჯაბუას?

 

- დედამ მასწავლა, ვიყო უშუალო, მიმტევებელი, მიმნდობი. მასწავლა სიყვარული ჩემი მსმენელის და ადამიანების მიმართ, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს ჩემს საქმეში.

 

- არ გიფიქრიათ ქვეყნის დატოვება და სხვაგან გადასვლა?

 

- ამ კითხვაზე ჩემი დადებითი პასუხი საზოგადოების ნაწილში აგრესიას იწვევს. ეტყობა, ვერ ვაგებინებ ხალხს, რომ საქართველო არ მძულს, ძალიან მიყვარს, ჩემთვის საუკეთესო ადგილია დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბუნებრივია, წასვლა და სხვა ქვეყნის შოუ-ბიზნესში საკუთარი ძალების მოსინჯვა მიფიქრია. თუმცა, ბოლო პერიოდში მივხვდი, საქართველოში რა რესურსიც მაქვს განვითარებისთვის, ეს ჯერ სხვაგან არ მექნება და ბოლომდე უნდა ამოვწურო აქ საკუთარი რესურსი. წასვლაც ჩემი ნებაა, მაგის დროც მოვა და ეს კარგი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ქვეყნისთვის.

 

უცხოეთიდან შემოთავაზებები მქონია, მაგრამ უარს ვამბობდი, რადგან ჯერ არ ყოფილა ისეთი მომხიბვლელი შემოთავაზება, რომელიც ოჯახის დატოვების საშუალებას მომცემს.

 

 

- ყოველთვის აქტუალურია თქვენი პირადი ცხოვრება... რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს პირადში?

 

- პირადს რაც შეეხება, ვფიქრობ, დაუფიქრებლად დავხარჯე დრო პირადზე ფიქრით, ნერვიულობით, ბავშვური გატაცებებით და ა.შ. რა თქმა უნდა, იყო გამოცდილება, მაგრამ ეს იყო დროის ფუჭად კარგვა. ცოტათი ვნანობ. მეტ დროს დავუთმობდი კარიერაზე ფიქრს, მაგრამ ეგ რომ არ ყოფილიყო, ვერ დავიწყებდი იმაზე მუშაობას, რაზეც ვმუშაობ. ახლა მარტო ვარ და ველოდები ჩემს ბედს და იდეალურ მამაკაცს.

 

- ხშირად ხდებით საზოგადოების მხრიდან ნეგატიური თავდასხმის ობიექტი, გაქვთ ამაზე რეაქცია?

 

- თამამი ვიქნები, რომ ვთქვა, რომ არ მაქვს რეაქცია, მაგრამ დიდად აღარ ვნერვიულობ, შევეჩვიე. მგონი, მოვა დრო, როცა ქართველები სწორად დამინახავენ და მიხვდებიან, არ ვარ ჩასაქოლი ადამიანი.

 

- თქვენი აზრით, საკუთარი სითამამისა და გარეგნობის გამო გაკრიტიკებენ?

 

- ამის გამოც, ასევე, არასწორი სათაურების და ინფორმაციის გამო. თუმცა, ამაში წვლილი მეც მიმიძღვის, არ ვარ დაკავებული საკუთარი თავის წარმოჩენით. არ დავდივარ გადაცემებში და არ მიცნობს ხალხი. ეს საინტერესოც არის არტისთვის.

 

- როგორია რეალური ლიზა ყენია?

 

- ჩემს თავში მომწონს ის, რომ ოპტიმისტი ადამიანი ვარ. მშრომელიც ვარ, საკუთარი საქმის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და არ ვარ ცუდი ადამიანი.

 

- ხშირად გიწევთ სცენაზე დედასთან ერთად გამოსვლა, ნერვიულობთ ასეთ დროს?

 

- ჩემთვის დედა არის სუპერგმირი, ამიტომ როცა მას ვხედავ სცენაზე, არაფრის მეშინია. სუპერგმირთან ერთად ვმუშაობ. მე და დედას სხვადასხვანაირი ხასიათი გვაქვს, მე ექსცენტრიული ვარ, ის მშვიდი და გაწონასწორებულია, ამიტომ მუშაობის პროცესში ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც.

 

- საქმის მიღმა რაზე კამათობთ?

 

- მეკითხება, როდის მოხვალ სახლში? არ მიყვარს სახლში ყოფნა.

 

- საზოგადოება არ იცნობს თქვენს და-ძმებს, გაგვაცანით?

 

- მყავს ორი არაჩვეულებრივი და და ორი არაჩვეულებრივი ძმა. თორნიკე და ნიკოლოზი დედის მხრიდან და უფროსი დები მამის მხრიდან. თორნიკესთან და ნიკოლოზთან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. ჩემი მესაიდუმლეები არიან, ჩემს უფროს ძმაზე კარგად ოჯახში არავინ მიცნობს. რაც შეეხება ჩემს უფროს დებს, იმდენად ჩემი დაქალები არიან, ვერ აღვიქვამ, რომ დები ვართ.

 

- ისინიც მღერიან?

 

- არც ერთი არ მღერის, ეტყობა, ყველას ნიჭი მე წამოვიღე.

 

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი და თქვენთან ერთად გამოჩენამდე ყველასთვის უცნობი, ყოფილი კალათბურთელის დაშორებას, თავად რას გვეტყვით ამის შესახებ?

 

- ამ ურთიერთობას დავარქმევ ურთიერთობას, რომლის შემდეგ ხდები გმირი. მგონი, ყველა ქალის ურთიერთობაშია ისეთი ურთიერთობა, რომლის დასრულების შემდეგ ხვდები, ვინ ხარ, რა ფასი გქონია, რამდენად ძლიერი ხარ. არ ვნანობ ამ ურთიერთობას, ამ ურთიერთობამ მასწავლა საკუთარი თავის ფასი. ღირსეული სიყვარული მოდის ღირსეულად. ამაზე ბევრი ფიქრი არაფერს მომიტანს, მირჩევნია, ჩემი საქმით დავკავდე და ღირსეული ადამიანი თავისით მოვა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა კი არ მაქვს, უბრალოდ, ჩემს გვერდით ადამიანი უნდა აანალიზებდეს, ვინ ვარ, არაა მარტივი, ყველა იცნობდეს შენს მეორე ნახევარს. ჩემთვის ის ადამიანია იდეალური, რომელიც თავისუფალია, შემდგარი, პატივს სცემს ჩემს საქმიანობას, ვის მიმართაც მაქვს ნდობა და ვინც ნებისმიერ სიტუაციაში ჩემთან ერთად იქნება.

 

- რას ამოიღებდი ძველი ლიზა ყენიას ცხოვრებიდან?

 

- რას ამოვიღებდი ძველი ლიზა ყენიას ცხოვრებიდან? უფრო მეტად გავითვალისწინებდი იმ ფაქტს, რომ ხალხი ყველაფერს აკვირდება. ადრე ამას ვერ ვაანალიზებდი, ჩემი დაუფიქრებლობის გამო, ბევრჯერ გადავუქოლივარ ხალხს. ეს მწყენია და მიტირია კიდეც, მაგრამ ოპტიმისტი ადამიანი ვარ. არაფერს არ ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან, უფრო მეტს დავუთმობდი ჩემს საქმეს, მაგრამ ამას რომ ვამბობ, მეცინება, რადგან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა.

 

- იმის მიუხედავად, რომ ცნობილი დედის შვილი ხარ, ყველა შენი სახელით გიცნობს, როგორ მოახერხე ეს?

 

- მაია ჯაბუას კომპლექსი არასდროს მქონია, ყველა ასაკში ვიყავი მაია ჯაბუას შვილი - ლიზა ყენია. ბავშვობიდან მე მე ვარ.

 

 

- 21 წლის ხარ და თქვენს ასაკში ძალიან აქტუალურია ე.წ. კლუბური ნარკოტიკის და მარიხუანას მოხმარება, თავად რა დამოკიდებულება გაქვს ნარკოტიკებთან?

 

- ერთ გადაცემაშიც ვთქვი, რომ ეს ცოტა ისეთი თემაა... რაღაც ასაკში, სპორტული ინტერესი გიჩნდება, გასინჯო. მაგარი მაშინ ხარ, როცა ამ ინტერესზე მაღლა დადგები და არ გასინჯავ იმას, რაც ისედაც იცი, რომ ცუდია. გამიხარდება, თუ ყველა თინეიჯერი საკუთარ სურვილზე მაღლა დადგება და არ გასინჯავს ნარკოტიკს.

 

- თავად გაგისინჯავთ?

 

- გამისინჯავს და ამიტომ ვამბობ ამას, არაფერი განსაკუთრებული არ მომცა - ნარკოტიკი ცუდია. თუმცა, არ მიმაჩნია სწორად ე.წ. მარიხუანის გამო ადამიანების დაჭერა, ბალახის გამო, რომელიც ბუნების მოვლენაა, ხალხს არ უნდა იჭერდნენ. კლუბურ ნარკოტიკს რაც შეეხება, მისი გაყიდვის გამო აუცილებლად უნდა ისჯებოდნენ ადამიანები. თუ ვინმეს უნდა, გასინჯოს, ეს მისი ნებაა და გასინჯოს, მაგრამ ის, ვინც ნარკოტიკებს ყიდის თინეიჯერებზე და პოპულარიზაციას უწევს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი