logo_geo
მედიკო მოკლეს, სახლიდან გაიყვანეს და მოკლეს - განგსტერი, ნარკომანი თუ უბრალოდ, ლეგენდა?
- +

6 ნოემბერი. 2019. 13:47

 

„მაჩაბლის ცამეტთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს. ის დრო თავის მოვლენებითა და აქტიური პერსონაჟებით, დალექილია ხსოვნაში და დროდადრო თავს მაგონებს. მკაფიოდ მახსოვს, იოსებ ნონეშვილმა რომ კონსტანტინე გამსახურდია გამაცნო, როგორ შემათვალიერა ბატონმა კონსტანტინემ და ხელი გამომიწოდა. მაშინ ყმაწვილი ვიყავი და ეს ფაქტი მოგვიანებით, მწერალთა კლუბში კონსტანტინე გამსახურდიას უაღრესად კოლორიტული გამოსვლა სამუდამოდ დამამახსოვრდა. ბატონმა კონსტანტინემ მოიბოდიშა, შეხვედრაზე რომ დააგვიანა და მიზეზი აუხსნა დამსწრე საზოგადოებას... ბოდიშს ვიხდი ,რომ დავაგვიანე. არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რუსთაველის გამზირი თითქმის გადავსებული იყო ხალხით და მანქანა შეფერხდა. როგორც გავიგე, ვიღაც განგსტერ ქალს კრძალავდნენ და მოძრაობა იქ შეკრებილმა ზღვა ხალხმა, სამგლოვიარო პროცესიამ შეაჩერა. ის განგსტერი ქალი, როგორც ბატონი კონსტანტინე ამბობდა, ულამაზესი მედიკო მებურიშვილი გახლდათ, ნარკოტიკის ზედმეტ დოზას რომ ემსხვერპლა და რომელზეც ლეგენდებს ყვებოდნენ. უბატონოდ ვერავინ სცემდა ხმას და ერიდებოდნენ კიდეც მასთან პირისპირ შეხვედრას, მეტადრე უსიამოვნებას. მახსოვს მაშინ გავრცელებული ამბავი, მთელი თბილისი რომ იმეორებდა საკმაოდ დიდხანს – როგორ გაიკეთეს ვენაში მორფინი მედეამ და მისმა დაქალმა იზა გოცაძემ, ჩემმა თანაკურსელმა; როგორ შეეპარა წამალთან ერთად ჰაერი გამოუცდელ ლამაზმანს და ემსხვერპლა კიდეც ამ საბედისწერო ინიექციას...“ - იხსენებს პოეტი გივი ალხაზიშვილი.

 

„ის მართლა ვარსკვლავი იყო! შეჰერაზადა „1001 ღამიდან“. სამწუხაროა, რომ ცხოვრება უკუღმართად წაუვიდა. რაც შეეხება კრიმინალს და სხვა ამგვარ ეპითეტებს, ეს ზღაპარია. ის შეგნებულად „გააფუჭა” იმდროინდელმა ნომენკლატურამ, მაგრამ ლეგენდა ლეგენდად დარჩა“, - იხსენებს  რამაზ ურუშაძე.

 

„მაშინდელი სისტემა ასეთ პიროვნებებს თუ გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა, ან გარიყავდა, ან გაანადგურებდა. ასეთ გარიყულებს იმ სისტემაში ძალიან უჭირდათ შინაგანი ენერგიის სწორად წარმართვა და სამწუხაროდ, ისე ამთავრებდნენ, როგორც დაამთავრეს“, - აღნიშნა პაპუნა ძიძიგურმა.

 

დღეს, 47 წლის შემდეგ, პირველად და ექსკლუზიურად, სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რაც 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე გაისმის ამ ულამაზესი ქალის გარშემო; იმისთვის, რომ დამთავრდეს უაზრო ვერსიები და მითქმა-მოთქმა, აღარ დარჩეს კითხვის ნიშანი, მისი თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი, ვახტანგ კობაიძე ყველაფერს მოგიყვებათ:

 

„ყველა თაობაში არიან პიროვნებები, რომლებიც ლეგენდად რჩებიან. მედიკო მებურიშვილს მარტო გარეგნული კი არა, ძალიან დიდი სულიერი სილამაზეც ჰქონდა. ის ჩემი თანაკლასელი იყო. ჩვენთან, 53-ეში გადმოვიდა მესამე კლასიდან, მანამდე პირველ სკოლაში სწავლობდა. მამა, შალვა მებურიშვილი გამომცემლობაში მუშაობდა, სტამბის დირექტორი იყო. დედა, ვენერა ნიჟარაძე, ექიმი გახლდათ. ეს იყო ძალიან სტუმრიანი ოჯახი. ცხოვრობდნენ რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიასთან „შახტიორების სახლს“ რომ უწოდებდნენ, სპორტული მაღაზია იყო. აი, ამ მაღაზიის კუთხეში აღმართიანი ქუჩა იწყება (ახლანდელი სარაჯიშვილის ქუჩა), როგორც კი აუხვევთ, იქვე, სამსართულიანი სახლი დგას.

 

მედიკო უყვარდა თბილისის ყველა ცნობილ ბიჭს ცნობილი ოჯახებიდან, მაგრამ აქ ერთი მომენტი იყო - მოგწონს? გიყვარს? მოექეცი პატივისცემით. მე მის მიმართ სულ სხვა განწყობა მქონდა. ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძმაკაცი. სხვანაირად ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა შემეხედა თანაკლასელი გოგოსთვის. აი, ხომ უკვე დიდები ვიყავით - მეცხრე, მეათე კლასში და რა სილამაზე იყო, მაგრამ რა მაგარი ქალია და რაღაც - ეს მომენტი მასთან არ მქონია. ამისთვის სხვები იყვნენ. მახსოვს, მეხუთე კლასში რომ ვიყავით, გვკითხა, თქვენ არ კითხულობთო? იმ პერიოდში გამოდიოდა სათავგადასავლო ბიბლიოთეკა – ათტომეული. მედიკოს ჩაბულბულებული ჰქონდა, თან რუსულ ენაზე. შეგვრცხვა. რუსული ვიცოდი, რუსულ საბავშვო ბაღში ვსწავლობდი, მაგრამ ისე არა, როგორც მან. ჩვენ დროს სირცხვილი იყო, წიგნი არ გქონოდა წაკითხული და ის ისეთ ავტორებზე გვეკითხებოდა – ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ლუის სტივენსონი, დანიელ დეფო – გვრცხვენოდა, რომ არ ვიცდოთ. მე ამის მერე დავიწყე კითხვა. საკმაოდ კარგად სწავლობდა და რუსულის გარდა, ინგლისურიც კარგად იცოდა. „არტეკის“ პიონერთა ქალაქში წარმოუდგენელი იყო მოხვედრა. საქართველოდან მედიკო იყო ერთადერთი, ვინც წავიდა. მედიკო იყო ერთი ამაყი გოგონა, მაგრამ არა ამბიციური. სიამაყე სხვაა, ამბიციურობა – სხვა. ეს გამოიხატებოდა უპირველესად იმაში, რომ თავისი თავის ფასი კარგად იცოდა. თუმცა, თანატოლ გოგოებთან ამას არასდროს იმჩნევდა. მისი სიამაყე სხვა რამეში იყო. თავს არავის დააჩაგვრინებდა. მერე, იყო თავისუფალი, იმ დროისთვის და იმ რეჟიმისთვის შეუფერებელი ადამიანი. თუმცა, რასაც დღეს გოგოები აკეთებენ (რა ასაკისაც მედიკო გარდაიცვალა), იმის მესამედსაც არ აკეთებდა. ის ცხოვრობდა ისე, როგორც სწამდა და მოსწონდა. ჩვენც ასე ვცხოვრობდით, ოღონდ ცოტა შეშინებული და თავშეკავებული, თუმცა, რუსთაველზე რომ გავიდოდით, ყველაფერი გვავიწყდებოდა. ერთმანეთს ვეხვეოდით, ვკოცნიდით, იქვე, რესტორანში ან კაფეში შევიდოდით...“ - აღნიშნავს ვახტანგ კობაიძე.

 

- როგორც ვიცი, მანდ იყო ერთი ასეთი ადგილი „შავების კაფე“, სადაც ძველი ბიჭები იკრიბებოდნენ.

 

- „ჩორნი კოფე“ (შავი ყავა) ერქვა იმ კაფეს და არა „შავების კაფე“, პოპულარული თბილისელი ბიჭები იკრიბებოდნენ იქ. ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო მედიკო. სასტუმრო „თბილისის“ კაფეშიც შევდიოდით, რესტორან „დარიალშიც“, „გრემშიც“ და კაფე „მეტროშიც“. სხვათა შორის, კაფე „მეტროში” ოფიციანტად მუშაობდა ჯუნა დავითაშვილი. ერთხელ ბიჭებმა ფანჯრიდან გადმოაგდეს, ნისიად არ იძლეოდა. მას შემდეგ თავში რაღაც გადაუტრიალდა და ასე გახდა მკურნალი-ნათელმხილველი.

 

- მართალია, ბოლო სამი ოთხი თვე გარეთ არ გამოდიოდაო?

 

- მედიკოს ქცევები, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, ეტყობა, ვიღაცისთვის მიუღებელი გახლდათ, უფრო სწორად, მაშინდელი ნომენკლატურისთვის. ამიტომ, რაღაცის ეშინოდა. თუ გავიდოდა, ოჯახის წევრთან ან რომელიმე მეგობართან ერთად. რომ აღარ გამოჩნდა ერთი, ორი, სამი დღე, დავრეკე მასთან სახლში. დედამისმა მიპასუხა აღელვებული ხმით – მედიკო ახლახან გაიყვანეს სახლიდანო. ვინ გაიყვანა-მეთქი? მეგობარმა გოგომო. ეგრევე გადავრეკე ბიჭებთან და წავედით საძებნელად იმ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ბოლოს ვიღაცამ თქვა: ბიჭო, თერთმეტსართულიანის ლიფტში ვიღაც ნახეს დაბრედილიო. ჩავედით თერთმეტსართულიანთან, ხალხი მოგროვილიყო, მილიცია იდგა.

 

- მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ბევრი ვერსია არც არსებობს. ყველამ იცის ერთი, რომ მედიკო მებურიშვილი წამლის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა.

 

- არა, ჩემო კარგო, მედიკო მოკლეს. იმასაც ამბობენ, რომ იმ დროს მასთან ერთად იყო მისი დაქალი, იზა გოცაძე. ორივემ გაიკეთა და ამას ჰაერი შეეპარა წამალშიო. რა შუაშია იზა გოცაძე ან სად იყო წამლის ამდენი საშუალება? ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი შემოსულია „პლანი“ და მსგავსი რაღაცები. მაშინ ყველა მაიმუნობდა, „მი ბალოვალის“, გესმით? მე არ ვამბობ იმას, რომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ნარკომანობა. კი, იყვნენ ნარკომანებიც, როგორ არ იყვნენ, მაგრამ უფრო წინა თაობაში. პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს, ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს. მედიკო ნარკომანი არ ყოფილა. ხომ არ გგონიათ, მაშინ კარგი გოგოები არ დადიოდნენ, ძალიან ბევრი დადიოდა. მაგრამ მედიკო სულ სხვა იყო, იმდენად, რომ პროზექტურაში ექიმებმა თქვეს – მსგავსი სილამაზე არ გვინახავს, თეთრი მარმარილოსგან ჩამოთლილს ჰგავსო.

 

- ის გოგო დაიჭირეს, ვინც სახლიდან გაიყვანა? სასამრთლოზე რას ამბობდა?

 

- სასამართლო თავიდან ბოლომდე იყო ფარსი. ის გოგო დაიჭირეს, მის სახელსაც გეტყვით. ეს გახლდათ მანანა მგელაძე და არა იზა გოცაძე. ოთხი წელი მისცეს, მაგრამ ორ-ნახევარ წელიწადში გამოვიდა. იქ ორი ბიჭიც იყო, მაგრამ არცერთი მათგანი სასამართლომდეც არ მიუშვეს. ვინ და რატომ? ამის გარკვევა ჩვენს ძალებს აღემატებოდა... აქ სხვა რაღაც იყო: მანანა გამოვიდა ორ-ნახევარ წელში და მუშაობა დაიწყო მაღაზია „ციცინათელაში“ ბუღალტრად. იმ დროს ნასამართლები ასეთ თანამდებობაზე ვერ მოხვდებოდა, თუ „შეკრული“ არ იყო. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია. სასტუმრო „თბილისის” კაფეში ვსხედვართ ბიჭები, შემობრძანდა ქალბატონი. პირდაპირ მოვიდა – ვაჰ, როგორ ხართ, ბიჭებო, მე გამოვედიო. წადი შენი ასე და ისე... ვაბშე, თბილისში გავლილი არ დაგინახოთ-მეთქი და კინწისკვრით გამოვაგდეთ იქიდან.

 

- თქვენ წეღან თქვით, რომ მედიკო მებურიშვილი ძალიან ალალი, ლაღი, თავისუფალი ბუნების გოგო იყოო და ისიც თქვით, თუ რაში გამოიხატებოდა მისი შინაგანი თავისუფლება. მაგრამ, მას იცნობდნენ როგორც თბილისელ ავტორიტეტს, რომელიც იარაღით დადიოდა და მისი ეშინოდათ, რომელსაც ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი. ეს ყველაფერი – იარაღი, ურთიერთობები, ხასიათის სიმტკიცისთვის სჭირდებოდა?

 

- თბილისში ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ბიჭები, რომლებსაც „ძველ ბიჭებს“ ეძახდნენ. უბანსა და უბანს შორის ჩხუბი და ამბები მოდიოდა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობას სულაც არ ნიშნავდა. ისინი იყვნენ ჩვენზე სამი-ოთხი წლით უფროსები, ავტორიტეტები და მედიკოც ისევე, როგორც ჩვენ ყველა, მათ იცნობდა. სწორედ მისი შინაგანი თავისუფლებისა და საოცარი გარეგნობის გამო, ამ კატეგორიის ხალხიც მეგობრულად და თბილად ექცეოდა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ ან სხვაგვარად გაიგო იმ დროს. იარაღი მეც მქონია და ბევრ სხვასაც... მედიკოს ხელში იარაღი მე არ მინახავს. ან რაში სჭირდებოდა? ვინმე რამეს გაუბედავდა? მედიკოსთვის რომ ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვა, დედას ვუტირებდით ბიჭები. მის უკან მთელი ჩვენი ამალა იდგა და ჩვენზე უფროსი თაობისაც. ხელისგულზე სატარებელი იყო. ლეგენდა იყო და დარჩა ლეგენდად. არ იყო ისე, რასაც ლაპარაკობენ. იყო ერთი ალალი, სუფთა, თავისუფალი გოგო, დამიჯერეთ. გამოვიდოდა, გრიალით გაივლიდა, თვალს ვერ წყვეტდნენ. ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც აი, იმ კომუნისტურ მენტალიტეტს უთხრა – არა. წარმოგიდგენიათ, რუსთაველზე ცხენით რომ გაიაროთ? ჯირითობდა, კარგად ცურავდა კიდეც, გიტარაზე, როიალზეც უკრავდა, განსაკუთრებით იმ პერიოდის თანამედროვე კომპოზიციებს. დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა, საოცარი. მედიკო იყო, ვინც პირველად ჩაიცვა ჯინსები, თმა შეიჭრა და შეიღება ფოლადისფრად, ძალიან უხდებოდა. მერე, უზომოდ დიდი სიყვარული შეეძლო. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მეგობრულ სიყვარულს. მისი და მერაბ გიგინეიშვილის სიყვარულზე ცალკე ლეგენდები დადიოდა. მერაბი მისი სახლის ფანჯრებთან ღამეებს ათევდა. ასეთი წყვილი არ დადიოდა. კარგი ფეხბურთელი იყო, ისეთი ლამაზი და ტანადი, თვალს ვერ მოაცილებდით. ამიტომაც მიაგნეს ერთმანეთს. მაშინდელი სისტემა ასეთ პიროვნებებს თუ გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა, გარიყავდა ან გაანადგურებდა. ეტყობა, ესენიც მიზანში ამოიღეს. ასეთ გარიყულებს კი, ძალიან უჭირდათ თავიანთი ცხოვრების სწორად წარმართვა და სამწუხაროდ, ცხოვრებას ისე ამთავრებდნენ, როგორც დაამთავრეს. ასე მოხდა მერაბის შემთხვევაშიც. 90-იან წლებში გარდაიცვალა. მედიკოს შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და...

 

- ამბობენ, მედიკოს დაკრძალვაზე ხალხის ზღვა რაოდენობა იყოო...

 

- 12 წლის ბიჭი ვიყავი შალვა დადიანი და გალაკტიონ ტაბიძე რომ გარდაიცვალნენ. გალაკტიონის დაკრძალვაზე ბიჭები სადღაც ფერდობზე ავედით, მთაწმინდაზე, რომ დაგვენახა. მეორე ასეთი მახსოვს ჟორა შავგულიძის დაკრძალვა და მესამე იყო მედიკო მებურიშვილი. რუსთაველის მოედანი სავსე იყო ხალხით. ეს ხალხი ფეხით წამოვიდა საბურთალოს სასაფლაომდე. სასტუმროებიდან უცხოელები და სახლებიდან ჩვეულებრივი მცხოვრებნი ბინოკლებით იყვნენ გადმომდგარი, რომ ეყურებინათ. 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დავკრძალეთ საბურთალოს სასაფლაოზე თეთრ სამოსში ჩაცმული, თეთრ სასახლეში...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი