logo_geo
ალექსანდრე გვარიშვილი: „GERA“ ქართველი ხელოვანების ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს
- +

11 ნოემბერი. 2019. 18:48

 

საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის მთავარი მამოძრავებელი ტექნოლოგია – Rozum b2b აპარატი, რომელიც უკვე ასამდე კომერციულ ობიექტზეა დამონტაჟებული, ზუსტად აღრიცხავს, რომელ ობიექტებზე რამდენჯერ და როდის გაჟღერდა ესა თუ ის კომპოზიცია.

 

მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია („GERA“), რომელიც მრავალ სიახლეს ჰპირდებოდა ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს. ახალი აქტორის გამოჩენამდე საქართველოში ამ სფეროს კურირებდა „GCA“, რომლის საქმიანობითაც დიდად კმაყოფილები არც კომპოზიტორები იყვნენ და არც მუსიკოს-შემსრულებლები. მას შემდეგ გავიდა ექვსი თვე. მუსიკალურ სამყაროში ბევრი მეგობარი მყავს, დავინტერესდი, რა შეიცვალა ზოგადად და რა ვითარებაა კონკრეტულად დღეს.

 

გვესაუბრება „GERA“-ს გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი.

 

 

 

- როგორ შეაფასებდით ამ ნახევარ წელს, რა მოლოდინები გქონდათ და რა შედეგები მიიღეთ?

 

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ „GERA“ ამ მოკლე პერიოდში ასეთ ტემპს აკრეფდა. ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით და 6 თვეში თავი მოვუყარეთ მსოფლიო მუსიკალური კატალოგების 80%-ის საავტორო უფლებებს. აქ ვგულისხმობ „Sony“-ს, „Warner Music“-სა და „Universal“-ს, და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მაგალითად, ახლახან თბილისში ჩამოვიდა ბრიტანული ორგანიზაცია „Media IP Rights“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი სტივ დანიელი, რომელმაც ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება. ეს ორგანიზაცია ფლობს მომიჯნავე უფლებების საკმაოდ ვრცელ კატალოგს. ამიერიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ კატალოგს წარმოადგენს „GERA“.

 

გარდა ამისა, დღეს საქართველოში ყველაზე აქტიურ და პოპულარულ ავტორთა და შემსრულებელთა უმრავლესობა ჩვენთან არის გაწევრიანებული. ამ ექვს თვეში ჩვენ შევძელით და 300-მდე ხელოვანთან გავაფორმეთ ხელშეკრულება.

 

პარალელურად ვცდილობთ საერთაშორისო სარბიელზე გასვლას, ოფიციალურად ვთანამშრომლობთ ათამდე ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციასთან, ოცზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება კი მოლაპარაკებების პროცესშია.

 

ჩვენი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ტექნოლოგია – Rozum b2b აპარატი საქართველოს მასშტაბით უკვე ასამდე კომერციულ ობიექტზეა დამონტაჟებული. საუბარია რესტორნებზე, სავაჭრო ცენტრებზე, სასტუმროებზე და ა.შ. ჩვენი მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 5000-ზე მეტი Rozum-ის აპარატი დავაყენოთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, კომერციული დანიშნულებაც ექნება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი მუსიკოსების შემოსავლების ზრდა და მათი კეთილდღეობა; რადგან, რაც უფრო მეტი ობიექტი იქნება აღჭურვილი Rozum-ის აპარატით, მით უფრო ხშირად გაიჟღერებს იქ ჩატვირთული არტისტების კუთვნილი მუსიკა და ჩვენც უფრო მეტი თანხის გადახდას შევძლებთ მათთვის.

 

 

ალექსანდრე გვარიშვილი და კომპანია „Merdia IP Rights“-ის დირექტორი  სტივ დანიელი

 

- გვიამბეთ Rozum b2b აპარატზე – რატომ არის ტექნოლოგია უნიკალური?

 

- ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პირდაპირ მივაწოდოთ ჩვენი ავტორებისა და შემსრულებლების კონტენტი მომხმარებელს, შემდეგ კი მივიღოთ დეტალური ინფორმაცია რომელ ობიექტებზე რამდენჯერ და როდის გაჟღერდა ესა თუ ის კომპოზიცია. ეს არის საქართველოში და ზოგადად მთელ მსოფლიოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე გამჭვირვალე და ობიექტური მეთოდი. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირები არ წყვეტენ, ვის რა თანხა ეკუთვნის. აპარატი 100%-იანი სიზუსტით მოახდენს იდენტიფიცირება–აღრიცხვას.

 

სამწუხაროა, რომ ჩვენი კონკურენტი „GCA“ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ჩვენ მზად ვართ, „GCA“-საც შევთავაზოთ Rozum-ის აპარატით სარგებლობა, ეს ხომ გააუმჯობესებს ქართველი ხელოვანების ფინანსურ მდგომარეობას და ისინი ბევრად მეტ სარგებელს მიიღებენ გაწეულ შრომაში.

 

- გამოდის, რომ საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ორი ძირითადი მოთამაშე ხართ, რამდენად კომფორტული და მომგებიანია ხელოვანებისთვის ასეთი გარემო?

 

-  ახლახან მივიღეთ ოფიციალური წერილი „International Music Council“-სგან, რომელიც გვატყობინებს, რომ მოსახლეობისა და ქვეყნის მასშტაბის მიუხედავად საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში შესაძლოა არსებობდეს იმდენი ორგანიზაცია, რამდენსაც ავტორები და შემსრულებლები ჩათვლიან საჭიროდ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია IMC 60 წლის წინ UNESCO-ს ეგიდით შეიქმნა და წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც მუსიკის სფეროში მუშაობს და ამ კუთხით UNESCO-ს მთავარი საკონსულტაციო ორგანოა. ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ არც ერთ ორგანიზაციას თუ ასოციაციას არ აქვს უფლება, შეუზღუდოს ავტორს ან შემსრულებელს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ რომელ ორგანიზაციას მიანდოს საკუთარი საავტორო უფლებების მართვა. ეს აღნიშნულია 2014 წლის 26 თებერვლით დათარიღებულ ევროკავშირის დირექტივაშიც. თავისუფალი არჩევანი არის ყველა ავტორისა და შემსრულებლის უფლება. გარდა ამისა, ასეთი კონკურენტული გარემო ხელოვანებისთვის მხოლოდ სასიკეთო შედეგს მოიტანს, რადგან სადაც კონკურენციაა, იქ ხარისხიც მაღალია. ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორებიცაა ბელგია, ესპანეთი, ჩეხეთი, თურქეთი, კანადა, აშშ და ა.შ. ეს არის იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, სადაც სფეროში ორი ან მეტი ასოციაცია იცავს ხელოვანების უფლებებს.

 

- მოდით, კარგად აგვიხსენით, ვის ეხება Rozum-ის აპარატის დაყენების აუცილებლობა და როგორია მსოფლიო პრაქტიკა?

 

- ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში საქართველოში აქამდეც იყო საინტერესო ძვრები და სიახლეები, საზოგადოების უმეტეს ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ უნდა არსებობდეს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია და ის ფაქტიც, რომ კომერციულმა ობიექტებმა სტუმრების მოზიდვის მიზნით სხვა ადამიანის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შემთხვევაში კეთილი უნდა ინებონ და სათანადო საფასური გადაიხადონ. ეს არ ეხება პირად სივრცეში მუსიკის მოსმენას, საუბარი მაქვს კომერციული მიზნით ინტელექტუალური საკუთრების მოხმარებაზე.

 

- ზაფხულში თქვენი ორგანიზებით გამართულ „აგვისტოს საღამოებს“ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა თბილისში. კიდევ გეგმავთ მსგავს პროექტებს?

 

- ჩვენი მიზანია ქართული მუსიკალური სფეროს განვითარება. ეს იყო, ერთი მხრივ, საჩუქარი თბილისისა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ზაფხულში დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხეს, ხოლო მეორე მხრივ, ეს იყო ამ ბიზნესის შეჯანჯღარება. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა ხელი შევუწყოთ საკონცერტო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. როგორ მოვახერხებთ ამას, დრო გვიჩვენებს...

 

 

ავტორი: თომა ქართველი

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი