logo_geo
ნატო გელაშვილი: ბევრი განსაცდელი გავიარე, არაფრისაც არ მეშინია
- +

28 ნოემბერი. 2019. 14:18

 

 

ნატო გელაშვილი ქართველი ემიგრანტების მოთხოვნით იტალიურ ტურნეს აგრძელებს. 15 დეკემბერს მილანში აქვს კონცერტი, 22-ში - რომში. აგვისტოში იტალიის ქალაქ ბარში თავის ვაჟებთან ერთად  ორი კონცერტი ჰქონდა.

 

ორივე კონცერტი თეატრებშია დაგეგმილი. რაც შეეხება რეპერტუარს, ავტორ-შემსრულებელი თავისი შემოქმედებიდან ყველა ჰიტს შეასრულებს. ნატო „პრაიმტაიმს“ თავის ემოციებს უზიარებს.

 

ნატო გელაშვილი: მიმაქვს ის სიმღერები, რაც უყვართ და ენატრებათ. ძველ რეპერტუარს რომ ვასრულებ, დარბაზში საოცრება ხდება. მე არ მამღერებენ, ყველა მღერის. რა თქმა უნდა, ვმღერი ახალსაც, მაგალითად, „ალუბლებს“, „ვბერდები“... იცით, რას მეუბნებიან, ზოგი ამბობს, მე საქართველოდან წამოვედი „ნუშის“ დროსო, მე რომ წამოვედი - „ჩემო ცისფერთვალება“ გაჰიტდა მაშინო. სიმღერებით ახსოვთ წასვლის პერიოდი, საოცრებაა. ზოგი მწერს, ეს სიმღერა წამომიღე, დისკი გამიფუჭდა და ამ სიმღერით ვცხოვრობო.

 

იმ სიმღერებზე, რომელსაც გიო ხუციშვილთან ერთად ვასრულებდი, მოსულ მსმენელს ვეუბნები, მე ჩემ პარტიას ვიმღერებ, თქვენ გიოს პარტიაზე დამეხმარეთ-მეთქი. მაგალითად „გაზაფხული მოვა ჩვენთვის“ დავიწყებ და გიოს პარტიაზე მთელი დარბაზი მღერის, საოცრება ტრიალებს... ეს ცრემლის გარეშე არ ხდება. არ არსებობს, ჩასვლისას არ ვიტირო. არ იცით, როგორ მხვდებიან. როგორ გროვდებიან, სამსახურებიდან გამორბიან, ერთმანეთს ცვლიან.

 

რაც იქ კონცერტის დროს ხდება, ვერც ერთი თბილისის კონცერტს ვერ შევადარებ.

 

დიდი ვოკალისტი არ ვარ, ხან გაციებული ვარ, ხან ხრინწი მაქვს, მაგრამ სულ არ ადარდებთ. ხმას ამოვიღებ თუ არა, მღერის მთელი დარბაზი.

 

ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებთან რომ ჩავდიოდი და ქართულ რესტორნებში მეპატიჟებოდნენ, ვეუბნებოდი, აღარ გვინდა ეს ქართული საჭმელი და ქართული რესტორანი, მაქაური საჭმელი გამასინჯეთ-მეთქი. არა, ნატო დღეს ხინკალზე ვქეიფობთო. მერე მივხვდი, როცა სამშობლო ენატრებათ და ნოსტალგია მოეძალებათ, მაშინ იკრიბებიან ქართულ რესტორნებში, უსმენენ ქართულ სიმღერებს, დროს ქართულ გარემოში ატარებენ. მეც უკვე როცა მათთან ვარ, ამას აღარ ვაპროტესტებ და დროს მათთან ერთად ქართულ რესტორანში ვატარებ. ქალაქ ბარში რომ ვიყავი, დილას იღებოდა კარი და ვინც რას ასწრებდა, შემოჰქონდათ საჭმელები, აბა, ეს იტალიური კერძი გაგასინჯოთ, აბა, ბიჭებს არ მოშივდეთო, ჩემ შვილებზე მეუბნებოდნენ და იყო ალიაქოთი...

 

გუშინ გამომიგზავნეს ჩაწერილი ვიდეო, სხავადასხვა ქალაქებიდან სკაიპით როგორ ერთვებიან ერთმანეთს და „დეკემბერს“ როგორ მღერიან ერთად. გავხსენი და შუაღამეს გიჟივით ვტიროდი... მივწერე, კი არ მოვდივარ, მოვფრინავ-მეთქი. ემიგრანტებთან რა მუხტი ტრიალებს, ვერ აგიხსნით.

 

ემიგრანტებს კონცერტის ჩატარებაზე ვერასდროს უარს ვერ ვეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ სისხლძარღვების პრობლემა მაქვს და ფრენა ჩემთვის დამანგრეველად მოქმედებს, უარს ვერ ვამბობ. ამერიკაში რომ უნდა ჩავფრინდე, სულიერად ვემზადები, იქამდე ხომ ჩავაღწევ-მეთქი. უფლის განგებით ჩავდივარ-ჩამოვდივარ. ჩემ თავსაც ვერ მოვაკლებ იმ სიამოვნებას, რასაც იმ კონცერტებით ვიღებ.

 

მე ვასკვნი, რომ იმდენი გულიანი ადამიანი გვყავს ქართველებს, რომ  გადაშენება არ გვიწერია.

 

- თქვენი თვე მოდის - დეკემბერი... რა ემოცია გეუფლებათ ამ თვეში?

 

- „დეკემბერი დადგაო“  დეკემბერში დაიწერა და ეს თვე ჩემი გახდა, თუმცა რატომ, არ ვიცი. ჩემი თვე აპრილია... 1 დეკემბერი გათენდება თუ არა, „ფეისბუქზე“ მხვდება მონაწერი - ნატო, დეკემბერი დადგა! მილოცავენ, შენი სიმღერის თვეაო. რაღაცნაირად ჩემს სიმღერებს თავისი ბედისწერა აქვთ, რაზეც ახსნა არ მაქვს. მე არ ვარ ის ტიპი, სიმღერები ვაპიარო, თვითონ ხდებიან პოპულარულნი. მერე მეუბნებიან - მე ამ სიმღერამ გადამარჩინა, მე ამ სიმღერით გავთხოვდი, მე ამ სიმღერით მომილოცა ქმარმა, დამშორდა... მეუბნებიან, სულ მგონია, რომ ჩემზე წერო. მეც ქალი ვარ ჩვეულებრივი პრობლემებით-მეთქი, ვეუბნები. თავისი ამორჩეული სიმღერები აქვთ. მოკლედ, ყველას თავისი ნატო აქვთ.

 

 

 

გიო ხუციშვილი

ნატო: გიო ძალიან დამაკლდა, როგორც მეგობარი და როგორც სასცენო პარტნიორი. ოთხი წელი საერთოდ რომ არ ვმღეროდი, ყოველ დღე მირეკავდა, გამოდი რა ჩემთან, წამო იქ, აქ... რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე. ჩვენს კონცერტებზე საოცარი მუხტი იყო, გემრიელი კონცერტები გამოდიოდა...

 

იმ სიმღერებს ვერ ვეკარებოდი, მის ხმას მიჩვეული. ახლა ხალხთან ერთად ვმღერი გიოს დუეტებს.

 

გიოს ნომერს არ ვშლი ტელეფონში. საოცარი ზარები ჰქონდა, თბილი, იუმორნარევი.

 

„ხუცოს“ სახელობის ქუჩა რომ გაიხსნა, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, გიომ რომ იცოდეს, რას იზამდა-მეთქი. იმ ქუჩაზე რომ ჩავივლი და წარწერას გავხედავ, ვერ გეტყვით, რა ემოცია დამეუფლება.

 

ადამიანები ვინც ძალიან მიყვარს, ჩემთვის არ კვდებიან. ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მომივლინა. მე აღარც დედ-მამა მყავს ცოცხალი, აღარც ძმა, თუმცა მათ ცოცხლად ველაპარაკები. საშინელი გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ ვერასდროს ნახავ ოჯახის წევრებს. დილიდან დილა მშვიდობისათი ვესალმები მათ. ასე ვარ გიოზეც. ორმოცამდე გიოს სულ ვხედავდი სიზმარში. მერე მაიკოს ვურეკავდი და ვუყვებოდი. ის გიჟდებოდა, ამის შესახებ საიდან იციო? მაგალითად, ერთხელ დამესიზმრა, ნეკზე ბეჭედი ეკეთა. რატომ ხარ ამ ბეჭედზე ასეთი აჟიტირებული-მეთქი, ვკითხე. ეს ჩვეულებრივი ბეჭედი არ გეგონოს, ამის მოხსნა არ შეიძლებაო, მითხრა. დილით მაიას მივწერე, რა ვერცხლისფერ ბეჭედს არ იხსნიდა გიო-მეთქი. მაიას ტირილი აუვარდა და მომიყვა: ავად რომ გამხდარა, ბანაობისას ქორწინების ბეჭედი აბაზანაში ჩავარდნია და ვერ უპოვია. თურმე ოქრომჭედელს გააკეთებინა ორი ერთნაირი თეთრი ოქროს ბეჭედი და მაიასთვის უთქვამს, სანამ ვიქნებით, ეს ბეჭდები ვატაროთო.

 

მაიამ მომიყვა ერთი საოცარი ამბავი. გიოს საფლავზე მის მეგობრებს ხე დაურგავთ. მისი საფლავის გვერდით ვიღაცის ახალი საფლავი გაკეთებულა. ერთხელ იმ საფლავზე მისულ ქალს მაიასთვის უკითხავს, ეს ალბათ ნუშის ხეაო... წარმოგიდგენიათ, ჩვენს სიმღერაზე გააკეთეს ასოციაცია - „აყვავდება როცა ნუში“. მაიამ თქვა, როგორ არ მომაფიქრდა ნუშის ხის დარგვა, აუცილებლად უნდა დავრგოო.

 

 

„ჭოხოები“ - ნატოს „გრუზინი“ ვაჟები

ნატო ორი წელია ქმარს გაყრილია. ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ შვილებით ბედნიერია და მასში დედა გაცილებით დიდი დოზით ცხოვრობს.

 

ნატო: ზოგმა რომ იცის, მარტო დარჩენის მეშინიაო, ეს უცხოა ჩემთვის. არაფრის არ მეშინია. მე ჩემი ბიჭებით ცხოვრება მყოფნის. არც მათ ვეზედმეტები.

 

ნატოს ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გიო ჭოხონელიძე  22 წლისაა, ლუკა 20-ის. როგორც ამბობს, ბიჭებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

 

ნატო: თვითონ მერევა ეს დედა-შვილობაა თუ მაღალი რანგის მეგობრობა. უკვე მთასავით ბიჭები არიან და ვხუმრობ დაცვით დავდივარ-მეთქი. თავი მაღალი მეგონა, მაგრამ „ჭოხოებს“ შორის წრუწუნასავით ჩავიკარგე. ასჯერ რეკავენ, ხომ კარგად მიხვედი, როგორ ხარ, თან ისე - თავსაც არ მაბეზრებენ. ვგრძნობ, რომ სულ „მალივერებენ“ - კარგი გაგებით. ერთხელ კონცერტზე ვიღაც მთვრალი მადლობებს მიხდიდა და რომ აღარ მორჩა, ლუკამ თვალით მანიშნა, შენ „მოტყდი“, მე მივხედავო და კულტურულად გამომაცალეს ამ კაცს, მშვიდად. კაცები არიან უკვე, თუმცა არც ამით მაწუხებენ. ვგრძნობ, რომ ორი ბიჭის თვალი ჩემს გარშემო კულტურულად ტრიალებს. ორი ღირსეული „გრუზინი“ მყავს.

 

ბედნიერება

ნატო: ბედნიერება? ჩემს რწმენაში  ბედნიერება სავსე ოჯახია, სადაც სიყვარულია და მისვლა გიხარია. დიდი ოჯახი მყავდა, ბებიებით-ბაბუებით. სამწუხაროდ, აღარ მყავს. ჩემ შვილებს სულ ვეუბნები, დე, გააჩინეთ შვილები და ეფუფუნეთ თქვენს ოჯახს -მეთქი. იმაზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად არაფერია ოჯახში ყველა ცოცხალი რომ გყავს. არასდროს განგაცდევინოთ ის სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი ავსებს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი