logo_geo
„შემთხვევით გავიგეთ, ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე მეუღლეზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
- +

6 დეკემბერი. 2019. 13:47

 

 

მომღერალ ზურა ხაჩიძისა და ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ჟორდანიას წყვილი საზოგადოებაში მუდმივად აქტუალურობით სარგებლობს. ინტერესი მათი ოჯახის მიმართ განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა, რადგან ისინი არსებული ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები არიან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას კი ჯერ კიდევ წინა მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან გმობენ, რის გამოც დევნისა და შანტაჟის ობიექტი არაერთხელ გამხდარან.

 

6 თვის წინ, ზურა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ინტერვიუებს აღარ აძლევს ჟურნალისტებს, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს, მათი ოჯახი განსაცდელშია - ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებას - ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და ოჯახის ყურადღება ახლა მხოლოდ მისკენ არის გადატანილი.

 

ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების გარშემო ზურა სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა. უფრო დეტალურად ამის შესახებ ხაჩიძე „რეიტინგს“ ესაუბრა.

 

- ზურა, უკვე რამდენიმე თვეა, თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის გარშემოც სოციალურ ქსელში არაერთხელ დააფიქსირეთ თქვენი კრიტიკული პოზიცია, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს აქციები?

 

- ბოლო თვეების მანძილზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პატარა ვიწრო ჯგუფის ინტერესები, მათ სურთ რევანში და ქვეყნის აყირავება. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამიტომაც ცდილობენ ქვეყნის არევას. სურთ, სახელმწიფო სტრუქტურებიც ჩაითრიონ ამ ყველაფერში, გამოიწვიონ - სწორედ ამიტომ იკრიბებიან სხვადასხვა უწყებებთან. 90-იანელების თაობა ვარ და ნანახი მაქვს, მაშინ როგორი დაპირისპირება იყო ქუჩებში, საბედნიეროდ სახელმწიფო მყარად დგას და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დღედაღამ ქუჩაში დგას და იცავს ჩვენს უსაფრთხოებას.

 

მე მესმის, რომ აქციის მონაწილეებს საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდათ, მაგრამ რას ვიზამთ, არ შედგა ეს ცვლილება და ჩავარდა. „ქართული ოცნებისთვის“ პროპორციული არჩევნები პრობლემა არ იქნებოდა, მაინც მოიგებდნენ არჩევნებს, თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ჩავარდა კანონპროექტი და ამის გამო დეპუტატები არ უნდა დავაშინოთ.

 

ბუნებრივი დემოკრატიული პროცესია, რაც პარლამენტში მოხდა, თუ რამის შეცვლა შეიძლება, მაქსიმალურად შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“. არცერთ მხარეს არ მინდა იყოს დაპირისპირებული ახალგაზრდები, არ მინდა 90-იანი წლები განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. სამცხე-ჯავახეთში ყველა უწყება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ნამდვილად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ხორციელდება გუბერნატორის თაოსნობით. ვხვდებით ხალხს, გვაქვს დიალოგი, ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რომ რეგიონში ხალხს ელემენტარული პრობლემები მაინც ჰქონდეს მოხსნილი. წყალი, გზა და ა.შ. ჩემი დანიშვნის შემდეგ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ. აქტიურად ტარდება ღონისძიებები. ახლა ვემზადებით ახალი წლისთვის, 25 დეკემბერს ჩაირთვება ნაძვის ხე, მოწვეული გვყავს მომღერლები, 31 დეკემბერს დაგეგმილი გვაქვს კონცერტები და ვცდილობთ, ყველა ის საქმე გავაკეთოთ, რაც პრიორიტეტულია.

 

- უკვე 6 თვეა, რაც გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნეთ, რა პროექტები განახორციელეთ ამ პერიოდის მანძილზე?

 

- უამრავი ღონისძიება ჩატარდა, ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენში, აბასთუმანში და ა.შ. ბევრი მუსიკოსი ჩამოვიყვანეთ, ვინც არ იყო აქ ნამყოფი. ადრე სეზონი მოკლე იყო და ახალგაზრდები დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ, ამიტომ პირველი გამოწვევა ეს იყო ჩემთვის, რომ მათთვის შემექმნა საინტერესო პროექტები, რათა გაგრძელებულიყო სეზონი. მომავალ წელს უფრო მრავალფეროვანი იქნება. 6 თვეა, აქ ვარ და ყველაფრის მოსწრება რთულია. ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ ერთია იდეა და მეორეა - რის საშუალებას გაძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი. პრიორიტეტული კი სოციალური პრობლემებია. ბაკურიანში შემოვლითი გზა გაკეთდა, წინა წელს დისკომფორტი იყო დამსვენებლისთვის, წელს კი შემოვლითი გზა გვექნება. მომავალი წელი ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება და ჩემი პროექტების განხორციელების საშუალებაც მექნება. საშუალება რომ მქონდეს, მეტს გავაკეთებდი. თუ მოვასწარი, მინდა, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ყველაფერი გავაკეთო.

 

- რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი?

 

- არ ვიცი, გადაყვანა, გადმოყვანა.

 

- იგეგმება თქვენი სხვა სამსახურში გადაყვანა?

 

- ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.

 

- იმის მიუხედავად, რომ თანამდებობაზე დაინიშნეთ, არც თქვენი ჯგუფისთვის „ქუჩის ბიჭებისთვის“ მოგიკლიათ ყურადღება, მთელი ზაფხული კონცერტები გქონდათ, როგორ ახერხებდით ორივე საქმის მოსწრებას?

 

- ფაქტიურად მანქანაში მეძინა, სხვადასხვა ქალაქებში მქონდა კონცერტები, მძღოლს დავყავდი და ვახერხებდი. ჯგუფს კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული და ვცდილობდი, არ გამეფუჭებინა მათთვის საქმე.

 

- თქვენი აზრით, სადამდე გაგრძელდება და რა შედეგით დასრულდება აქციები?

 

- საქართველოში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ და აქციის მონაწილეებს ვთხოვ, გაუწიონ ანგარიში. თუ საჭირო გახდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვა გარეთ. ფაქტიურად დამნაშავე რეჟიმს ამოფარებული ჰყავს შვილები და ნათესავები და კარნახობს „ოცნებას“. ისინი დამნაშავეები არიან და როგორ შეიძლება, რამე მოითხოვონ? მე არავის ციხეში ყოფნა არ მსიამოვნებს, მაგრამ ამ პროცესებმა დამარწმუნა, ვინც ბიუჯეტის და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა დაჭერილი უნდა იყოს. ვისაც დანაშაული არ მიუძღვის ქვეყნის წინაშე, შეუძლია, ცვლილებები მოითხოვოს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ხალხს, ლეგიტიმური უფლება არა აქვთ რამე მოითხოვონ.

 

- რას იტყვით ოპოზიციის იმ წევრებზე, რომლებიც აქციაზე გაერთიანდა?

 

- გუბაზი სააკაშვილთან ერთად რომ დავინახე, თვალებს არ დავუჯერე, წლების წინ ერთად ვიდექით აქციებზე. არაფერი აღარ მიკვირს ამ ქვეყანაში. ეკა ბესელიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემი აზრით, ნაციონალების გვერდით დგომა არის სირცხვილი.

 

- მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს როგორ შეაფასებთ, ის ფაქტიურად იმუქრება უკრაინიდან...

 

- სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მან უნდა აგოს პასუხი, ასევე მისმა რეჟიმმა. თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს. თუ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, ჩამოვიდოდი და ჩავჯდებოდი ციხეში, ბოლოსდაბოლოს გამამართლებენ, თუ უდანაშაულო ვარ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ის ახალგაზრდებს ელაპარაკება სისულელეებს, რათა გაამწვავონ მდგომარეობა. ქვეყნისთვის მთავარია სტაბილურობა. ქვეყნის პრობლემაა ოკუპაცია, მაგრამ ეს დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ. პროტესტსაც თავის ფორმა აქვს, ქართველი კაცი შარვალს იმ დროს არ იხდის, როცა რაიმეს აპროტესტებს. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, დაპყრობილი აქვს ჩვენი საზღვრები, მაგრამ მხარეების ურთიერთშეთანხმებას სჭირდება მაგიდასთან დიალოგი. მადლობა ჩვენს დიპლომატებს, მათი დამსახურებითაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ერთი გასროლა არ ყოფილა.

 

- „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებენ კოჰაბიტაციის გამო, მათი შეცდომა არ არის, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ დასაჯა?

 

- დიდხანს მოვუწოდებდი „ოცნებას“, რომ კოჰაბიტაცია იყო შეცდომა და ახლაც ამ აზრზე ვარ.

 

- მომავალ არჩევნებში გეგმავთ მონაწილეობის მიღებას?

 

- სიმართლე გითხრა, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მომავალ წელს რა გადაწყვეტილებას მივიღებ, არ ვიცი.

 

- ზურა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას - თქვენი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის, რას ამბობენ ექიმები?

 

- ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა, ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.

 

- ვინ გეხმარებათ ამ მომენტში ანასტასიას აღზრდაში?

 

- ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი სახლში - ძიძა. ის ძალიან გვიდგას გვერდით მეც, ნინისაც და ხათუნასაც. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს. ხათუნა ისრაელში მკურნალობს და მუდმივად ხელს მიწყობენ, მასთან ერთად ვიყო. ხათუნას დიაგნოზი არის მარჯვენა ფილტვის სიმსივნე.

 

- როგორ გაიგეთ ამ დაავადების შესახებ?

 

- შემთხვევით გავიგეთ, ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა და გავიგეთ, რომ ასეთი ამბავი ჰქონდა. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას. ადრეც ვთხოვე ეს საზოგადოებას. როცა მე და ხათუნა შეყვარებულები ვიყავით, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და ვთქვი, ვინც გაიგებს ჩვენი დაქორწინების ამბავს, პირჯვარი გადაიწეროს და თქვას, ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს-თქო და ახლაც იმავეს ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ ხათუნას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი