logo_geo
ჩემი ნამუშევრები აქვთ იმათ, ვინც მიყვარს - მუზეუმიდან „მოტაცებული“ კარეტის ამბავი
- +

11 დეკემბერი. 2019. 13:07

 

შინაარსიანი და სწავლა-განათლებით „დატვირთული“ ბავშვობა ჰქონდა, ამაყობს ოჯახით, მშობლებით, შოთა და ნინო მეგრელიძის შვილიშვილობით.

 

თავიდანვე მრავალმხრივი ინტერესი ჰქონდა. პროფესიით ქიმიკოსი, ბიოლოგი, ჟურნალისტია. ასპირანტურა კი სამედიცინო ბიოლოგიის სპეციალობით დაამთავრა.

 

ამბობს, რომ ხელოვნებისადმი გამორჩეული ინტერესი აქვს იმ დროიდან, რაც თავი ახსოვს.

 

მისი საავტორო მეთოდი „შოთარტი“ – ესაა სახვითი ხელოვნების ორიგინალური ტექნიკით შესრულებული მხატვრული ნამუშევარი:  ცივი მინანქარი, ფურცლოვანი ოქრო, ვერცხლის ნაგლინი, მინერალები…

 

ამბობს, რომ მისი ნამუშევრები აქვთ მათ, ვინც უყვარს. მის მიერ დამზადებული ერთ-ერთი „კარეტა“ საქართველოს საპატრიარქოში ინახება.

 

დიდხანს მუშაობდა თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსად. მის მიერ ორგანიზებულ რუსთაველის დღეებზე იერუსალიმში იერუსალიმის პატრიარქმა გადასცა ვერცხლის მედალი ქრისტეშობის 2000 წლის აღსანიშნად.

 

არის დიმიტრი ყიფიანის, ჰაიდარ აბაშიძისა და მამუკა თავაქარაშვილის პრემიების ლაურეატი; საქართველოს კულტურის აკადემიის დამფუძნებელი; კომპანია „კამელინის“ კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. მალე გამოიცემა  მისი წიგნი: „თბილისის კულტურა V-XVIII საუკუნეებში“.

 

კულტუროლოგის, საქართველოს კულტურის აკადემიის თავმჯდომარის, ხელოვან შოთა მაღლაკელიძის პერსონა.

 

– ჩემი და ჩემი ძმის, კახას, ბავშვობა, მშობლების ძალისხმევით, საინტერესო, შინაარსიანი და სწავლა-განათლებით „დატვირთული“ ბავშვობა გვქონდა: სკოლა, სკოლისშემდგომი წრეები, ოლიმპიადები, კონკურსები.  „დეფიციტური“ (ზოგჯერ – აკრძალულიც კი) წიგნებისა და ჟურნალების ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე.

 

დედაჩემი, ლიანა მეგრელიძე, შვილებისთვის დღემდე თავდადებული დედა, სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელი, უდიდეს ენერგიას გასცემდა ჩვენი სწავლა-აღზრდის, დასვენებისა და გაჯანსაღების საკითხებზე  როგორც საქართველოში, ისე – მის ფარგლებს გარეთ.

 

ფინანსური უზრუნველყოფა, ძირითადად, მამაჩემის, ავთანდილის მისია იყო. გვეხმარებოდნენ ბებიები და ბაბუებიც. დასამახსოვრებელი იყო შეხვედრები ჩემი ბებიისა და ბაბუის უახლოეს მეგობრებთან: მეცნიერებისა და კულტურის ლეგენდარულ მოღვაწეებთან. მათთან საუბრები, ისეთი ცოდნისა და გამოცდილების მიღება გახლდათ, რომელსაც „ცხოვრების აკადემია“ ეწოდება.

 

არ მავიწყდება სხვადასხვა სახის სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციასა და კონკურსში ჩემი და ჩემი ძმის  წარმატებებით განცდილი სიხარული. სკოლის მეგობრებთან თერთმეტწლიანი ურთიერთობის არაერთ წუთს, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებთ თანაკლასელები.

 

მთელი ბავშვობა და ცხოვრების შემდგომი წლებიც, სიამაყით მავსებს შოთა და ნინო მეგრელიძის შვილიშვილობა. მათ მიერ ქვაზე დადებული მადლი მომყვება დღემდე. დიდია მათი ღვაწლი ქართულ მეცნიერებაშიც. სწორედ ამიტომ მადლიერმა ხალხმა შოთა მეგრელიძე შეიყვანა ყველა დროის დიდ ქართველთა ასეულში.

 

– სტუდენტობა…

 

– რამდენიმე პროფესია მაქვს: ქიმიკოსი, ბიოლოგი, ჟურნალისტი. ასპირანტურა სამედიცინო ბიოლოგიის სპეციალობით დავამთავრე.

ძალიან საინტერესო სტუდენტობა მქონდა. სტუდენტური საზოგადოებრივი აქტივობის ბევრ სეგმენტში ვმონაწილეობდი.

 

– დიდხანს მუშაობდით თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსად...

 

– ვმუშაობდით, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში. ვფიქრობ, განვახორციელეთ საინტერესო პროექტები; წარმატება გვქონდა სახელოვნებო განათლების, სამუზეუმო საქმიანობის, არაფორმალური განათლების, შემოქმედებითი კავშირების მუშაობის ხელშეწყობის, სხვადასხვა თაობის ნიჭიერი შემოქმედი ადამიანების წარმოჩენის, მათი განვითარების  და წახალისების საკითხებში.

 

კულტურის ლეგენდარული მოღვაწეებისთვის დავაწესეთ „ქართული კულტურის ამაგდარის“, „ქართული კულტურის მეგობრის“ და სხვა საპატიო წოდებები. ჩვენი თანადგომით დაფუძნდა, ამჟამად უკვე ტრადიციული, კონკურსები და ფესტივალები ლიტერატურაში, სამუსიკო და საშემსრულებლო ხელოვნებაში. არასდროს დამავიწყდება, როცა მწერალთა კავშირთან ერთად, აღვადგინეთ „პოეზიის დღე – 7 მაისი“ და 2010 წელს აღვნიშნეთ ლუქახსნილ მწერალთა სახლში.

 

მაშინ გაჩნდა იდეა, ხალხის სახელით, „პოეზიის რაინდისა“ და „პროზის რაინდის“ წოდებები მინიჭებოდათ გენიალურ პოეტებსა და პროზაიკოსებს…  ეს იდეა სხვებმაც „გადაიღეს“…

 

მეამაყება, რომ აუგი არც მუშაობის დროს უთქვამთ და არც მის შემდგომაც.

 

– ხელოვნების სიყვარული…  პირველი ნამუშევრები…

 

– ხელოვნების მიმართ გამორჩეული ინტერესი მაქვს იმ დროიდან, რაც თავი მახსოვს. სიყვარულის დაწყების მომენტს ვერ ვიხსენებ.

 

გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნა დავიწყე რამდენიმე ათეული წლის წინ. პირველი ნამუშევრები იყო ხეზე კვეთილი მინი-ზანდუკები ფოტოებისა და საფოსტო მარკების შესანახად. შემდეგ გავაკეთე ტყავისყდიანი ხელნაწერი წიგნები.

 

კულტურის მენეჯმენტში მრავალწლიანი და დატვირთული საქმიანობა, როგორც ხელოვანს, არ მაძლევდა ინტენსიური მუშაობის საშუალებას. 2015 წლიდან ახალი ენერგიით აღვადგინე შემოქმედებითი საქმიანობა ჩემს ძმისშვილთან – ლიზისთან და ნათლულთან – სალომესთან აქტიური ურთიერთობით.

 

– „ფიროსმანის მინიატურები“ – ასე ერქვა გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების თქვენს გამოფენას, რომელიც ბორჯომში გაიმართა. რატომ ფიროსმანი?

 

– ფიროსმანს დიდ პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება. მისი ნამუშევრები მეტყველებენ, მესაუბრებიან, სხვასაც გადასცემენ ჩემს სათქმელს. არასდროს გამომდის ორი, არათუ ერთნაირი, არამედ მსგავსი „ფიროსმანიც“ კი.

 

–  რას იყენებთ მუშაობის დროს?

 

– „საქპატენტში“ დარეგისტრირებულ ჩემს საავტორო მეთოდს დავარქვი „შოთარტი“. ესაა სახვითი ხელოვნების ორიგინალური ტექნიკით შესრულებული მხატვრული ნამუშევარი:  ცივი მინანქარი, ფურცლოვანი ოქრო, ვერცხლის ნაგლინი, მინერალები. ვმუშაობ იუველირის სათვალეებით და ჩემ მიერ დამზადებული ინსტრუმენტებით.

 

– თქვენ მიერ შექმნილი კარეტა ეროვნულ მუზეუმში ინახება…

 

– კარეტის შექმნას მოვანდომე 3 თვე. მელქიორის მავთულებითაა დაწნული, წებოსა და მირჩილვის გარეშე. დაფარულია ცივი მინანქრით და ფურცლოვანი ოქროთ, გაწყობილია ნახევრად ძვირფასი ქვებით და მინერალებით. კარეტა რამდენიმე თვის განმავლობაში იყო გამოფენილი ეროვნულ მუზეუმში, თუმცა, საბოლოოდ ვერ დავთმე და სახლში ვინახავ.

 

– თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით, თუნდაც ისტორიით…

 

– თითოეული ნამუშევარი გამორჩეული და ახლობელია. ყოველ მათგანს უკავშირდება გარკვეული ისტორია. განსხვავებული გამომივიდა  ხელნაკეთი წიგნები: „სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“ და  „მაკა ბლიაძის ლექსები“.

 

მაკას ლექსების ხელნაწერი წიგნი შევქმენი მისი ლექსის – „ცის იქით კიდევ ცა არის“ – საოცარი ემოციის გავლენით.

 

– გიყვართ  ნამუშევრების გაჩუქება. ვის აქვს საჩუქრად თქვენი ნამუშევრები?

 

– ყველა ნამუშევარი გაჩუქებული მაქვს. დამრჩა მხოლოდ „კარეტა“ და დედაჩემისთვის ნაჩუქარი „სიცოცხლის ხე“. ნამუშევარს, თითქმის ყოველთვის, ვქმნი კონკრეტული ადამიანისთვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ვჩუქნი კიდეც ადრესატს.

ჩემი რამდენიმე ნამუშევარი ინახება წინასწარმეტყველისა და ნათელმხილველის, ქალბატონ ლელა კაკულიას კოლექციაშიც.

 

ჩემი ნამუშევრები აქვთ მათ, ვინც მიყვარს. ხშირად უთქვამთ, რომ ჩემს შემოქმედებით ნაწარმოებთან ურთიერთობისას, დადებით ენერგიას იღებენ. ჩემი ერთ-ერთი „კარეტა“ საქართველოს საპატრიარქოში ინახება.

 

–  ოთარ რამიშვილმა ცნობილი სიმღერა „აფთიაქარი“ პრეპარატ „კამელინს“ მიუძღვნა. თქვენ ხართ კომპანია „კამელინის“ კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში… რა არის ახალი ინფორმაცია ამ პრეპარატის ირგვლივ?

 

– „კამელინი“, მართლაც, ძალიან ეფექტიანი პრეპარატია. შეუცვლელია იმუნური სისტემის პრობლემების, ასევე სხვადასხვა სახის ბაქტერიასთან და ვირუსთან საბრძოლველად. საუკეთესო შედეგები აქვს პროსტატიტების, ბუასილის, დამწვრობის, ანთებითი პროცესების, დაჩირქების მკურნალობისას. წარმატებით ებრძვის სიმსივნურ დაავადებებს. ბოლო პერიოდში, რეგულარულად ვიღებთ ოფიციალურ დადასტურებებს უკრაინელი ექიმების მიერ  „კამელინის“ პრაქტიკაში გამოყენების მიღწევების შესახებ.

ქართული პრეპარატი, ახლახან, დარეგისტრირდა რუსეთშიც.

 

– ხართ დიმიტრი ყიფიანის, ჰაიდარ აბაშიძისა და მამუკა თავაქარაშვილის პრემიების ლაურეატი….

 

– დიმიტრი ყიფიანის პრემია მომანიჭა საქართველოს მწერალთა კავშირმა ქართველ ხელოვანთა თანადგომისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის;

ჰაიდარ აბაშიძის პრემიის ლაურეატი გავხდი ახალგაზრდებს შორის ამ დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზების გამო;

მამუკა თავაქარაშვილის პრემია მომანიჭა ხელოვნების ცენტრმა „ფოლიანტმა“, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (განსაკუთრებით კი – მხედველობის პრობლემების) ადაპტირებული ფორმით მიწოდებისთვის.

 

– „ხელით დაინახე შენი თბილისი“ – პროექტის თანაორგანიზატორი იყავით… როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი?

 

– პროექტი განხორციელდა ქეთი მატაბელის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, „ხელით ქმნისა და ხელით დანახვის“ საავტორო-შემოქმედებითი მეთოდით. ჩემი თვალით დანახული თბილისი არის ისტორია და თანამედროვეობა, რესტავრირება და უხეში ურბანული ჩარევა; მშობლიური და მოსაფრთხილებელი; უცნობი და სიამაყემდე თავის მოსაწონებელი.

 

ჩემი სადოქტორო კვლევის ძირითადი საკითხიც თბილისს უკავშირდება – „თბილისის ისტორიული განვითარების სოციალური ასპექტები“.

 

– ჰობი…

 

– სხვადასხვა ქვეყნის, ეთნოსის, კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთების, აქსესუარების, სუვენირების შეგროვება.

 

– საქართველოს კულტურის აკადემიის თავმჯდომარე ხართ. როგორც კულტუროლოგი, რას იტყოდით კულტურის პრობლემებზე, რომელ სფეროს გამოარჩევდით, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გამოსწორება?

 

– საქართველოს კულტურის აკადემიის დამფუძნებელი ვარ. კულტურაში არსებული გამოწვევები, უშუალო კავშირშია ეკონომიკის სიძლიერესთან, ფინანსურ უზრუნველყოფასთან. საჭიროა სწორად განისაზღვროს სამოქმედო პრიორიტეტები.

 

ვფიქრობ, უნდა გავიზიაროთ  განვითარებული ქვეყნების ის გამოცდილება, რასაც კულტურის სახელმწიფო იდეოლოგიის ძირითად ღერძად ქცევა გულისხმობს. სფეროში არსებულ პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს ქველმოქმედებისა და მეცენატობის საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებაც.

 

–  რაზე მუშაობთ? სამომავლო გეგმები…

 

– ქალბატონ ლილი საფაროვასთან ერთად დავასრულეთ მონოგრაფია-კრებული: „კულტურისა და მეცნიერების მოღვაწე თბილისელი ეზიდები“, რომელიც მომზადდა თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში; ქალბატონებთან: რუსუდან ბოლქვაძესთან და ქეთი მაყაშვილთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მოვამზადეთ მონოგრაფია: „ინკლუზიური/ინტეგრირებული თეატრალური ხელოვნების ასპექტები“;

 

ხელოვნების ცენტრ „ფოლიანტთან“ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვამზადებ გამოფენას ბათუმში „შეუზღუდავი ფერადოვნება“ – ინკლუზია სახვით ხელოვნებაში.

 

თბილისის მერიის თანადგომით, დავასრულე და კომპანია „კამელინის“ დახმარებით, გამოიცემა ჩემი წიგნი: „თბილისის კულტურა V-XVIII საუკუნეებში“.

 

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ – ასეთი მაღალი პროფესიონალური ინტერვიუებით არ ვართ განებივრებულები. თამარ, თქვენ მიერ გადმოცემული ერთი ადამიანის ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი შტრიხები იმდენად მკაფიოა, დამაჯერებელი, ამავე დროს, სრულად შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკისა და ესთეტიკის ძირითად პრინციპებს. ბედნიერებაა, როცა კულტურის სფეროში თავის მტკიცე სიტყვას ამბობს თქვენი რანგის ჟურნალისტი, ლიტერატორი და შემოქმედი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი