logo_geo
როგორ ზრუნავს ბესიკ დუღაშვილის სტუდია „ბ.დ.არტ“ სოციალურად დაუცველ, ნიჭიერ ბავშვებზე და რას გეგმავს ის სამომავლოდ
- +

13 დეკემბერი. 2019. 13:52

 

როგორ ზრუნავს ბესიკ დუღაშვილის სტუდია „ბ.დ.არტ“ სოციალურად დაუცველ, ნიჭიერ ბავშვებზე და რას გეგმავს ის სამომავლოდ „ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ ბესიკ დუღაშვილთან:

 

– ბატონო ბესიკ, თქვენმა სტუდიამ ნელ–ნელა პოპულარობა მოიპოვა და ამ ერთი წლის განმავლობაში  ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელოვნებო სკოლად ჩამოყალიბდა. ზაფხულის დასაწყისში  განაცხადეთ, რომ სტუდია უფასოდ მიიღებდა სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს ხატვის შესასწავლად...

 

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ეს გახლდათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ნაწილი, რომელშიც ჩემმა კომპანიამ, - „ბ.დ.არტ“–მა გაიმარჯვა პროექტით „ხელოვნება ყველასათვის“. არავისთვის უცხო არაა, რომ სოციალური ფონი საქართველოში არც ისე სახარბიელოა და არიან ოჯახები, რომლებსაც არ შეწევთ უნარი შვილი ძვირადღირებულ წრეებზე ატარონ. ხშირ შემთხვევაში, შედეგად ვიღებთ ძალიან ცუდ კრიმინალურ ფონს, სადაც, ბავშვი დაუცველი ხდება და შესაბამისად, დიდია ალბათობა მის მომავალს საფრთხე შეექმნას. ამ შემთხვევაში კი, სახელმწიფო იძულებული ხდება გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, რათა ბავშვი არასასურველ გარემოს მოაცილოს.

 

პროექტი „ხელოვნება ყველასათვის“, დაფინანსდა  „კულტურის ხელშეწყობის პროგრამით“ , ამავე სამინისტროს ხელშეწყობით და შესაბამისად, ასეთ ოჯახებს საშუალება მიეცათ, ბავშვს ჩემს სტუდიაში უფასოდ ევლო. დღეს, ამ პროექტით 8 ბავშვი სარგებლობს, ყველანაირი ინვენტარის საფასური, ყველა ხარჯი კულტურის სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო.

 

– რას სწავლობენ ბავშვები თქვენთან? რა აქტივობებია გათვალისწინებული თქვენს პროექტში?

 

– ის ბავშვი, რომელიც ამ პროექტის საშუალებით მოხვდა ჩემთან, არაფრით გამოირჩევა სხვისგან, სრულფასოვანი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. კონკრეტულად, კი ვასწავლი აკადემიურ ხატვას, სახვითი ხელოვნების კულტურას, გვაქვს საუბრები ზოგადად, ხელოვნებაზე და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში...

 

გარდა ამისა, ბავშვები დამყავს გამოფენებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სტუდიაში ვიწვევ ცნობილ ადამიანებს, პოეტებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, მსახიობებს... ადამიანებს, ვისაც შეუძლია მათი ჯერ კიდევ ნორჩი მსოფლმხედველობა სწორ კალაპოტში მიმართოს.

 

– ასეთი პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. რამდენი ხანი შეუძლიათ ამ ბავშვებს თქვენი სტუდიით სარგებლობა? პროექტის ვადებს ვგულისხმობ.

 

– პროექტი ივნისში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება, მაგრამ არა სამწუხაროდ...

 

იმის თქმა მინდა, რომ მე არ მაქვს მორალური უფლება ეს ბავშვები შუა გზაში მივატოვო და დეკემბრიდან დავემშვიდობო...

 

სტუდია პროექტს უკვე საკუთარი ხარჯებით მაისის ბოლოს დაასრულებს. ამ ბავშვებს შორის არის აბიტურიენტიც, რომელსაც სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება უნდა და მე ძალ–ღონეს არ დავიშურებ, რომ იგი შესაბამისად მოვამზადო ამისთვის, დანარჩენი კი მისი მონდომების და ღვთის ნებაა...

 

– სამწუხაროა, რომ ასე თუ ისე, პროექტი თუნდაც მაისში, მაგრამ მაინც დასრულდება და მომავალში ბავშვებს სწავლის გაგრძელების საშუალება არ ექნებათ.

 

– სიკეთე ქვეყნად არ დაილევა. მხოლოდ სტუდია, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ამას ვერ შეძლებს. მე ყველანაირად  ვეცდები, რომ ასეთ ოჯახებს გვერდში ამოვუდგე, მაგრამ ამ შემთხვევაში სტუდიის შესაძლებლობები მწირია. მე შევეცდები პარალელურად მოვიძიო დონორები, ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან და საშუალებას მისცემენ ასეთ ბავშვებს, რომ ცოდნა შეიძინონ. არიან კომპანიები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ თუნდაც ერთი ბავშვი დააფინანსონ. მერწმუნეთ, ბავშვის მადლიერება უფრო ძვირია, ვიდრე ის თანხა, რაც მას ცოდნის მისაღებად ჭირდება. იმედი მაქვს, ჩვენში კიდევ არიან სარაჯიშვილები, ხოშტარიები, ზუბალაშვილები...

– ზემოთხსენებული პროექტით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სარგებლობდნენ?

 

– არა! მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს და არასაპატიმრო აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. მათი სახით ბატონ ლადო ჯავახიშვილს და ქალბატონ თათია ხოჭოლავას.  კომპანია „ბ.დ.არტ“–მა ამ ორგანიზაციებთან სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა, რის შედეგადაც, 2  ბავშვს სტუდიაში სწავლის საშუალება მიეცა.

 

– რამდენად შედეგიანი გამოდგა ამ ბავშვებისთვის პროექტი „ხელოვნება ყველასათვის?  სტუდიაში სწავლა?

 

– შედეგი რაღა თქმა უნდა, აშკარაა. ამაზე მათი ნამუშევრები და ის გარემო  მეტყველებს , რაც მათ გარშემოა სტუდიაში. ახალი მეგობრები, ემოციები, საინტერესო, შემოქმედებითი ბარიერების დაძლევით და წარმატებებით გამოწვეული სიხარული.

 

ამჯერად, მე ვზრუნავ ერთგვარი გამოფენის მოწყობაზე, სადაც, ამ ბავშვების ნამუშევრები იქნება ექსპონირებული. ესეც ერთგვარი ემოციაა, დადებითი ემოცია, რასაც ეს ბავშვები ამ გამოფენით მიიღებენ. იმედი მაქვს რომ ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციები კვლავ გვერდში დამიდგებიან და ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ გამოფენის მოწყობას...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი