logo_geo
ვალერიან გორგილაძე: „ნაცმოძრაობა“ ნებისმიერი ხერხით შეეცდება მსხვერპლის მოპოვებას
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:48

 

 

პარალელები ძველ რომთან, პარალელები აჭარის „ფაშასთან“... ოპოზიცია განსაკუთრებულად ჩაუღრმავდა ისტორიას, ბიძინა ივანიშვილი ნერონთან და ასლან აბაშიძესთან გააიგივა და მათი ბედი უწინასწარმეტყველა.

 

მათი გადმოსახედიდან, ბიძინა ივანიშვილი უკვე შემწყვდეულია ხაფანგში და არა მარტო ბოქლომი, არამედ ხაფანგის გასაღებიც ოპოზიციის ხელშია. ამიტომ ბიძინას უნდა წაართვან ის, რაც ხალხს ეკუთვნის, ანუ პროპორციული არჩევნები.

 

რის მოლოდინშია ოპოზიცია და რატომ ელის ე.წ. საკრალურ მსხვერპლს?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე ესაუბრა.

 

- პროტესტანტებმა შესაბამისი დრო შეურჩიეს „ქართულ ოცნებას“. მათი აზრით, იმ დროს, როცა „ოცნება“ უძლურების დემონსტრირებას ახდენს, სწორედ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების პერიოდია. რა შემთხვევებში იწყებოდა ხოლმე საქართველოში საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და რამდენად შესრულებადია ეს დანაქადები ახლა, თანაც „ნაციონალების“ მედროშეობით?

 

- რა რესურსიც აქვს ოპოზიციას, ეს გამოჩნდა ქუთაისში, სადაც დაახლოებით 700 ადამიანამდე იყო შეკრებილი, აქედან ნახევარი თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდან ჰყავდათ მობილიზებული. თანაც, ეს არ იყო მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ რესურსი, არამედ იქ იყო გაერთიანებული ოპოზიციის რესურსი. ამდენად, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერი სხვა ლიდერის განცხადება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ უბრალო სტიმულირების ხერხია. როგორც ჩანს, მათ მოტივაციის მუხტისთვის სჭირდებათ ასეთი რამ, რადგან მოსახლეობას არ აინტერესებს მათი საპროტესტო გამოსვლები, ხალხის თვალში ეს არ არის აქტუალური თემა, ეს არ არის გამაერთიანებელი თემა.

 

- ოპოზიციის არგუმენტით, ქუთაისი ინერტული ქალაქია და ქუთაისის კვალობაზე მაინც ბევრი ხალხი მივიდა, თურმე, მათ შეკრებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო გრიგოლ ვაშაძის კომენტარიც, „გული მიკვდება, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ქალაქი დაცლილია ხალხისგანო“, შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე ამით ცდილობდა, აეხსნა მომიტინგეთა ნაკლებობა ამ აქციაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქუთაისი ინერტული ქალაქია?

 

- ამას ქუთაისელებმა უპასუხონ, არის თუ არა ქუთაისი ინერტული ქალაქი. ვაშაძის ფსიქოლოგიურ ანალიზს არ შევუდგები, ვფიქრობ, მძიმე პრობლემებია და ჩემი კვალიფიკაცია ამას არ ჰყოფნის. ამგვარი შეძახილებით, რომ თურმე ქუთაისი ინერტული ქალაქია, რაიმე წარმატებაზე საუბარიც კი გადაჭარბებულია.

 

- პროპორციული არჩევნები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყოს?

 

- ეს მოთხოვნა, რომ მაინდამაინც პროპორციულად უნდა განხორციელდეს არჩევნები, არ არის საკმარისი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დასაწყებად. ეროვნული წინააღმდეგობა არის ეროვნული ამოცანა, ეროვნულ საფრთხეს კი დღეს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. ინერტული ქალაქი რას ნიშნავს? „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ვერ გროვდება და არც შეგროვდება ხალხი.

 

- თვით სააკაშვილის დროსაც კი, როცა ხალხი შეშინებული იყო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის მცდელობა არსებობდა, მაგრამ 2012 წლამდე წარმატებით ვერ დასრულდა ეს პროცესი. იმდროინდელ ეროვნულ წინააღმდეგობას რა განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა?

 

- ეროვნული წინააღმდეგობა იყო, როდესაც ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში და არა ის, რასაც დღეს ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს. იმ დროს, როდესაც არსებობს დრონი, ეს ტელევიზია კამერის დაყენებას ცდილობს ისე, თითქოს ხალხმრავალი აქციაა. ბოლო საპროტესტო აქციაზე ათასამდე ადამიანიც კი ვერ მოგროვდა, დაახლოებით ნახევარი, ან 2/3 ჩაყვანილი იყო თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდან. ამ ფონზე გავიხსენოთ ის პროტესტები, როდესაც იპოდრომი, რუსთაველის გამზირი ივსებოდა. იმ პერიოდში 100-150 ათას ადამიანზე იყო საუბარი. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ აჰყვეს „ნაციონალების“ პროვოკაციას. აშკარად ჩანს, რომ ქუთაისის აქციის მთავარი მიზანი იყო „ოცნების“ ოფისის წინ გავლა და პროვოცირება. ამდენად, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პასუხისმგებელი და არანაირი საშუალება არ უნდა მისცეს ოპოზიციას, პრობლემა შეუქმნას ქვეყანას. თავის მხრივ, ოპოზიცია აბსოლუტურ დეპრესიაშია, რეცესიაშია, საპროტესტო ძალის აკუმულირებას ვერ ახდენს იმ ხარისხით, როგორც მათ სურთ. მათი მიზანია, შეუქმნან პრობლემა ქვეყანას, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამ აქციების ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკური განვითარების შეფერხება. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც გამოიწვევს ეკონომიკურ უკუსვლას, სასარგებლოა ოპოზიციისთვის და არა მხოლოდ „ნაცმოძრაობისთვის“. ყველა ოპოზიციური პარტია უნდა აცნობიერებდეს, რომ, როდესაც უერთდები „ნაცმოძრაობას“, ამით ხელს უწყობ დესტრუქციას, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ახლა მთავარია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მისი შეუფერხებელი განვითარება. მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ უნებლიედ ხდება, ეს კეთდება შეგნებულად. ზაფხულის აქციები ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ტურისტული სეზონი პიკზე იყო ასული. ახლაც ზამთრის სეზონი ჩაგდებულია და ეს შეგვიძლია მარტივად გავიგოთ სასტუმროების, ჰოსტელების სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე. ამდენად, ეს დესტრუქცია, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მმართველი პარტიის პროვოცირებას, სახელმწიფოს პროვოცირებას, მეორე მხრივ, ეკონომიკური სიძნელეების შექმნას. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელის კომენტარი აშკარად პროვოკაციულ ელფერს შეიცავს, ვიღაც ამბობს, მრავალათასიანი მსვლელობა იგეგმებაო და ამ დროს ჩვენ იმასაც ვხედავთ, როგორ იქცევა ოპოზიციური მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“. ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული მედია, რომელიც დესტაბილიზაციის გამოწვევას და ამ დესტაბილიზაციის წახალისებას ცდილობს. ამიტომ მთავრობამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რათა, ღმერთმა არ ქნას, ამ შეხლა-შემოხლამ არ გამოიწვიოს გარკვეული მსხვერპლი. ამან შეიძლება 2-3-ჯერ გაზარდოს ოპოზიციის ენერგია. ამ ეტაპზე ეს მუხტი ოპოზიციას აკლია და ოპოზიცია თავადვე აცნობიერებს ამას, ანუ ოპოზიციაში ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, დანარჩენები არიან დეკორაციები, მარიონეტები და სიცოცხლეგამოცლილი სუბიექტები. რაკი „ნაცმოძრაობას“ ეს მუხტი სჭირდება, ის ნებისმიერი ხერხით შეეცდება ამ მუხტის მოპოვებას, შეეცდება მსხვერპლის მოპოვებას, ვინაიდან მსხვერპლის გარეშე ის ვერ მოახერხებს თავისი ენერგიის გამოვლენას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა.

 

- რას ემსახურება ბიძინა ივანიშვილის გაიგივება ნერონსა და ასლან აბაშიძესთან და მათი ბედის წინასწარმეტყველება?

 

- ყველა ამ პერსონის ძირითადი მოტივია ბაზისური ინსტინქტი, კერძოდ, ის, რომ მათ ეშინიათ. მე არ ვიცი, რატომ ეშინიათ, მაგრამ ეს შიში აშკარად გამოსჭვივის ამ პერსონალიების ნათქვამში. შიში არის ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტი, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ ოპოზიციონერ ლიდერს. ის, რომ ნერონსა და ასლანს ადარებენ ბიძინა ივანიშვილს, ესეც ფსიქოლოგიური შეტევის ხერხია, მაგრამ ეს ძალიან მდაბიო და პრიმიტიული ელემენტია. ყველანაირი თვალსაზრისით, „ნაცმოძრაობის“ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების პროვოცირება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის შედარება ნერონთან, თუ ასლანთან. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რამდენად წარმატებულად ხორციელდება საინფორმაციო კამპანია.

 

მაგალითად, ტელეკომპანია „პირველს“ არ გააჩნდა ინტელექტუალური რესურსი, რომ თვითონვე დაეთვალა ქუთაისის აქციაზე გამოსულ ადამიანთა რაოდენობა? რატომ მოიშველია „როიტერი“ და სხვა სააგენტოები? ამ დროს დასათვლელი იყო ძალიან მარტივად, იქ იყო 500-700 დემონსტრანტი, ეს იყო მთელი მობილიზაცია ამ 32 პარტიისგან შემდგარი კოალიციის. უბრალოდ, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, აწარმოოს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომი და ამ ფსიქოლოგიური ომის ერთადერთი მოტივაციაა ხელისუფლების გამოწვევა. ამიტომ ვთქვი, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს აბსოლუტური თავშეკავება და პასუხისმგებლობა.

 

 

ავტორი: მანანა ნოზაძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი