logo_geo
გუგუა გოგოსაშვილი:"წიგნების თარო“ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი თავგადასავალია, ოცნება ამიხდა
- +

29 დეკემბერი. 2019. 22:51


საზოგადოებრივი მაუწყებელის ლიტერატურულ შოუს “წიგნების თარო” ახალი რეკორდსმენი ჰყავს – ერთდროულად, 2 ნომინაციის გამარჯვებული, 17  წლის გუგუა გოგოსაშვილი 30 შეკითხვიდან 28 სწორი პასუხით ბლიცის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა და აგვისტოში, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, 2 კვირით დიდი ბრიტანეთის, კემბრიჯის, საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

 

როდის დაინტერესდა წიგნის კითხვით, როგორ მოხვდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროექტში და რა სამომავლო გეგმები აქვს – ამის გასარკვევად, „პროგრესნიუსი“ „წიგნების თაროს“ ერთდროულად 2 ნომინაციის გამარჯვებულ, ბლიცმაისტერს და ხალხის რჩეულს, გუგუა გოგოსაშვილს ესაუბრა:

 

_  მე ვარ გუგუა გოგოსაშვილი. დავიბადე ბათუმში, თუმცა თბილისში, ბებიასთან გავიზარდე. ვსწავლობ სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე სკოლაში. წიგნის შეყვარების მცდელობა ძალიან პატარა ასაკში მქონდა. ჩემი პირველი წიგნი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ იყო, მაგრამ მაშინ რატომღაც, წიგნის კითხვას გული ვერ დავუდე.. იმ პერიოდში სხვა რაღაცეები უფრო მიტაცებდა.

 

_ „წიგნების თაროში“ მონაწილეობის სურვილი როდის გაგიჩნდა?

 

_ მე-10 კლასში ვიყავი, როცა მეგობართან ერთად, „წიგნების თაროს“ ყურება დავიწყე. პროექტმა ისე დამაინტერესა, რომ ყველა გადაცემას ვუყურე და წიგნებთან დაბრუნების და მეტი ცოდნის მიღების სურვილი გამიჩნდა. ბუნებრივია, ამდენ ჭკვიან ბავშვს რომ ხედავ, შენც გინდა, რომ მეტი გაიგო. ჩემს სკოლას „წიგნების თაროში“ მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდა და დავინტერესდი, როგორ ხდება პროექტში დარეგისტრირება. მოვიძიე ხალხი, ვისაც  ჩემთან ერთად თამაშის სურვილი ექნებოდა. ბევრი ძებნა არ დამჭირდა და მსურველები ჩემს კლასში ვნახე. მეხუთე სეზონი იწყებოდა და რეგისტრაციის ბოლო დღე იყო, როცა გავბედეთ და დავრეგისტრირდით. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი თავგადასავალი. გავიცანი უამრავი ადამიანი და წიგნი კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა.

 

_ შენს თაობას ხშირად საყვედურობენ, რომ წიგნს კომპიუტერული თამაშები ურჩევნია. შენს შემთხვევაში როგორაა?

 

_ ზუსტად ეს ვიგულისხმე, როცა ვთქვი, რომ თავიდან  წიგნს გული ვერ დავუდე. იმ პერიოდში, მეც კომპიუტერით ვიყავი გატაცებული, მაგრამ როცა „წიგნების თაროს“ ვუყურე, მივხვდი, რომ ეს სრულიად სხვა სამყაროა და საკუთარ თავს აქ უფრო ვხედავ. ამასთან, მომწყინდა დღე და ღამე კომპიუტერთან ჯდომა. გავაცნობიერე, რომ წიგნებთან დაბრუნება ჩემი მომავლისთისაც უკეთესი იქნება. „წიგნების თაროც“ სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებს. ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ უფროსი თაობა, რომ  წიგნების კითხვა შეგვიძლია და საკმაოდ კარგადაც ვკითხულობთ.

 

რაც შეეხება „წიგნების თაროს“, პროექტი 2016 წელს დაარსდა და თავიდანვე მთავარი პრიზი იყო გამარჯვებული გუნდის კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაგზავნა. მეოთხე სეზონიდან მოყოლებული, პროექტს დაამატეს ხალხის რჩეულის ნომინაცია, სადაც მერვედფინალებიდან დაწყებული, ნახევარფინალების ჩათვლით, ხალხს  24 საათში ერთხელ, ხმის მიცემა შეუძლია. მეშვიდე სეზონში გავხდი ხალხის რჩეული, დავაგროვე ყველაზე მეტი ხმა და გამარჯვებულ გუნდთან ერთად, აგვისტოში, ორი კვირით კემბრიჯში გავემგზავრები.

 

_ ბევრი თინეჯერისგან მსმენია – რაღა დროს წიგნია, როცა არსებობს კომპიუტერი და შეგიძლია სასურველი ინფორმაცია წამებში მონახო. რა საჭიროა წიგნებთან ჯდომა, როცა ინტერნეტი ყველაფერს გაძლევს და ა.შ.

 

_ ჩემი აზრით, ჩემს თაობაში ეს დამოკიდებულება სკოლაში დანერგილმა სისტემამ მოიტანა იმიტომ, რომ დაწყებითი კლასებიდანვე, ლიტერატურის მიწოდება არასწორად ხდება. მეც მიჩნდებოდა შინაგანი პროტესტი, როცა სკოლაში ლექსების სწავლას მაძალებდნენ, მაგრამ წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება ჩემი აზრით, შეუძლებელია. იმ განცდებს, რასაც წიგნი გვაძლევს, კომპიუტერი ვერასოდეს მოგვცემს. როცა წიგნს შეიყვარებ, აღმოაჩენ პერსონაჟებს, რომლებიც შენი მეგობრები გახდებიან და ამას ვეღარასოდეს შეელევი. ასეთია ჩემი, იმ ადამიანის აზრი, რომელიც წიგნმა კომპიუტერს მოწყვიტა და სხვა სამყაროში გადაიყვანა. წიგნი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. რა თქმა უნდა, კომპიუტერიც საჭიროა, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად შეიძლება ინფორმაციის მიღება, მაგრამ წიგნი ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება.  ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ „წიგნების თაროს“ უყურონ. მე ვარ იმის მაგალითი, რომ ამ პროექტს შეუძლია ადამიანს წიგნების კითხვა შეაყვაროს. წიგნების კითხვას კი რომ დაიწყებ, დანებება შეუძლებელია.

 

_ სკოლაში რომელი საგნები უფრო გიტაცებს?

 

_ უფრო ჰუმანიტარული საგნები მაინტერესებს: ქართული, ისტორია, გეოგრაფია და ა.შ.

 

_ შენი აზრით, რას მოგცემს ჯემბრიჯის საზაფხულო სკოლა?

 

_ ინგლისში განათლება საერთოდ, სხვა საფეხურზეა, შესაბამისად, კემბრიჯი ჩემთვის პირველ რიგში იქნება ძალიან  დიდი პატივია და უდიდესი გამოცდილება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამხელა წარმატებას მივაღწევდი. ოცნების დონეზე იყო ამ პროექტში გამარჯვება და მე ეს ოცნება ამიხდა. კემბრიჯი ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის და იმედია, ამ გამოწვევას წარმატებით გავართმევ თავს.

 

_ სწავლის გაგრძელებას რა მიმართულებით გეგმავ?

 

_ ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, მაგრამ დიდი ალბათობით, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩავაბარებ. გემის კაპიტნობას ვაპირებ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროფესიაა ყველა მიმართულებით. საუბრის ბოლოს, მინდა ყველას დამდეგი ახალი წელი მოვულოცო. ვისურვებ, რომ ეს წელი საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან კარგი სიახლეებით იყოს სავსე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი