logo_geo
ნანი ბრეგვაძე: ურთიერთპატივისცემა მაინც გვქონოდეს, სიყვარული თუ არ შეგვიძლია
- +

2 იანვარი. 2020. 23:40

 

ქართული ესტრადის ლეგენდა ნანი ბრეგვაძის საახალწლო სურვილია, ადამიანებს ურთიერთპატივისცემა მაინც ჰქონდეთ, სიყვარული თუ არ შეუძლიათ.


„საახლწლოდ ვისურვებდი, ადამიანებს ურთიერთპატივისცემა მაინც გვქონოდეს, სიყვარული თუ არ შეგვიძლია“, - ამბობს მომღერალი „კვირის პალისტრასთან“ ინტერვიუში.

 

ამბობს, რომ მისთვის ოჯახი და ოჯახური ტრადიციები უმთავრესია...

 

- საახალწლოდ ჩვენც ისევე ვემზადებით, როგორც ყველა ოჯახი... ნაძვის ხის გარეშე მგონი მსოფლიოში არ არსებობს ახალი წელი და ჩვენც უკვე მოვრთეთ. დიდი ხანია დამკვიდრებული გვაქვს ორი იანვრის, ბედობის განსაკუთრებულად აღნიშვნა.
ვისაც სურვილი აქვს, ორ იანვარს ჩემთან სტუმრად მოდის. ახლაც ვიცი, რომ ამ დღეს ძალიან ბევრი სტუმარი მეყოლება... ახალი წელი რომ დგება, თითქმის არასოდეს სახლში არ ვარ. საზეიმო კონცერტებზე გვიწევს გამოსვლა, შემდეგ პირველ იანვარს ახალი წლის დადგომას ოჯახის წევრები აღვნიშნავთ...

- მეკვლე გყავთ?


- თითქმის არ გვყოლია და სულ სხვადასხვა ადამიანებს უწევდათ ჩვენი მეკვლეობა... ბოლო წლებში მოგეხსენებათ თბილისში ვარ, აბაშიძის ქუჩაზე ჩემს წინ ცხოვრობს შესანიშნავი ადამიანი - გიორგი გამსახურდია, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. მეუღლე ეროვნებით რუსია, მრავალშვილიანი ოჯახი აქვთ და ისინი ახალ წელს ბავშვებით შემოდიან ჩემთან, რაც ძალიან მახარებს!

 

- თქვენ თუ ყოფილხართ მეკვლე?


- არასოდეს! მეკვლეობა არ გამომდის, რადგან ახალი წელი რომ დგება სულ სცენაზე მიწევს ყოფნა და მერე დაღლილი ნამდვილად ვეღარსად წავალ... ყოველთვის ძალიან დატვირთული ვიყავი და დიდი მადლობელი ვარ უფლის, ჯერ კიდევ რომ იგივე საზოგადოებრივი დატვირთვა მაქვს...

-ყოველთვის საოცრად გამოიყურებით, როგორც ახერხებთ?

 

- თქვენ თუ თვლით, რომ კარგად გამოვიყურები, ჩემს შემთხვევაში ალბათ ზევიდან გადმოდის რაღაც... ალბათ გენეტიკა არ მაქვს ცუდი, ძალიან რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ჯიშს აქვს მნიშვნელობა! შეიძლება ლამაზი არ იყო, სილამაზე მიდის და სხვა რამ გრჩება ( მე ახლა ჩემს თავზე კი არა, ზოგადად ვსაუბრობ)... კეთილშობილი, წყნარი და მშვიდი უნდა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე საშინელებაა! ახალგაზრდების სიკვდილიანობაზე და განუკითხაობაზე უარესი არაფერია! ყველაზე მეტად მეჯავრება ტყუილი და ადამიანი რომ სინდისს კარგავს... არ შეგიძლია გამოეყო იმ მოვლენებს, რაც გარშემო ხდება და თქვა, მე კარგად ვარო. ცხადია, ყველაფერს ძალიან განვიცდი, მაგრამ კარგიც უნდა დაინახო, თუნდაც მცირედი იყოს. ოჯახზე უმთავრესი და ამაზე დიდი საყრდენი კი არაფერია!

 

- კერძი, რომელსაც საახალწლოდ ოჯახს უმზადებთ და კარგად გამოგდით?


- მართალი გითხრათ, მე არაფერი გამომდის, მაგრამ თავად ძალიან მიყვარს "ხალადეცი"... დედაჩემი და მამაჩემი აკეთებდნენ და მომზადებაში მონაწილობა არასოდეს მიმიღია. დედა უნიკალური დიასახლისი იყო, არაჩვეულებრივ, უგემრიელეს სადილებს ამზადებდა... დედა რაც ცოცხალი აღარ არის, ეკა ყველაფერს არანაკლებად აკეთებს. თუმცა წელს ეკას ვუთხარი, შენ ახლა "ხალადეცის" გაკეთებისთვის დრო არ გექნება და შეუკვეთე აუცილებლად რომ გვქონდეს საახალწლო სუფრაზე-მეთქი. სუფრაზე ასევე აუცილებლად უნდა გვქონდეს ლორი, რომელიც არ მიყვარს. ლორი და მჭადი ყოველთვის გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ ვჭამ. არც საცივზე ვგიჟდები, მაგრამ სუფრაზე აუცილებელია! რაც აუცილებელია საახალწლო სუფრაზე, ის ყოველთვის გვაქვს... რომ მკითხოთ რომელი კერძები გიყვართო, პასუხს ვერ გაგცემთ. ბავშვობაში შემწვარ კარტოფილზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ მიყვარს. უფრო მსუბუქ სალათებს ვირჩევ, მაგრამ ბევრს არ ვჭამ. ასევე მჭადი და ყველი, ღომი და ყველი მიყვარს, მაგრამ იმდენად არა, რომ როდესმე მომენატროს.


დედაჩემი ბადრიჯანს საოცრად ამზადებდა... მთლიანად შეწვავდა, მერე ფცქვნიდა, დაშლიდა და უგემრიელესად აზავებდა. ეს რეცეპტი დღემდეა ჩვენს ოჯახში შემონახული, ახლა ჩვენი ოჯახის დამხმარე ქალბატონი ამზადებს ძალიან კარგად.

 

ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში ვიყავით და ეკამ რომ ბადრიჯანი ამ რეცეპტით მოამზადა, ირგვლივ ყველა იმდენად აღფრთოვანებული იყო, გაგიჟებული მიირთმევდნენ. მერე კიდევ ბევრჯერ თხოვეს გაეკეთებინა და ეკაც არ ზარდება... ავსტრიაში არის ერთი ყაზახი ქალბატონი, რომელიც საჭმელებით კურნავს ადამიანებს და მასაც ძალიან მოეწონა.

 

ავსტრიაში საოცარი ჰაერი და სილამაზეა, მაგრამ არსად არაფერი მიკვირს, რადგან ჩვენზე ულამაზესი ბუნება არცერთ ქვეყანას არ აქვს! უბრალოდ ჩვენ არ ვუვლით ჩვენს ქვეყანას! ავსტრიაშიც მთებია, ძალიან მოვლილი სახლები, მინდვრები, გამაოგნებელი სისუფთავეა! მე ალბათ ვეღარ მოვესწრები, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენს მომავალ თაობებს ექნებათ ქვეყნის მოვლის მსგავსი კულტურა! ღმერთმა მისცეთ უფრო წყნარი ცხოვრება! გული მტკივა და ყველას ვუსამძიმრებ, რომელთაც შვილები დაეღუპათ, თან სხვისი არასწორი საქციელის გამო...

 

 

 

 

 

big_banner
არქივი