logo_geo
რატომ ეგონა 80 წლის სესილია ექიმს ორსულად და რა ჩაატანა საფლავში აკაკი შანიძემ ექვთიმე თაყაიშვილს - ილიკო თაყაიშვილი წინაპრებზე
- +

20 იანვარი. 2020. 18:37

 

მიმიკა, გარეგნობა, ხალასი გურული იუმორი და მანერები ერთი შეხედვითაც მიგანიშნებთ, რომ მეოცე საუკუნის ბებიად წოდებული გენიალური ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის ახლო ნათესავია. შვილიშვილი არა, მაგრამ ძმისშვილი, ილიკო თაყაიშვილი ნამდვილად „დოხტური“ გამოვიდა და ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მოშორებია მამიდას, რომელსაც ასე ძალიან ჰგავდა.

 

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის შთამომავალი, ანსამბლ „სუხიშვილების“ პირველი თაობის მოცეკვავე ილიკო თაყაიშვილი 2015 წლის 7 სექტემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი, როდესაც 87 წლის ექიმი, თბილისის ეგნატე ფიფიას სახელობის საავადმყოფოში, ჯერ კიდევ მოქმედი ქირურგი იყო.

 

რა ჩაატანა საფლავში აკაკი შანიძემ ექვთიმე თაყაიშვილს, რატომ შეასხა ცხელი კერძი სესელიამ სახეში „ჩეკას“ აგენტებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ვასო გოძიაშვილთან, დაშორების შემდეგ და რატომ ეგონა 80 წლის სესილია ექიმს ორსულად? – აღნიშნულ და სხვა საინტერესო თემებზე, „ცოლის მოყვანის დილიხორშიკი“ მარტოხელა ექიმი ილიკო თაყაიშვილი ჩვეული გურული იუმორით საუბრობს (საუბრის სტილი დაცულია).

 

ილიკო თაყაიშვილი:

 

- სესილია არა მხოლოდ გენიალური მსახიობი, უდიდესი პიროვნება და ადამიანი იყო. კეთილი, გულისხმიერი, სამართლიანი, მოსიყვარულე და დიდი იუმორის გრძნობით გამორჩეული, ყველას უყვარდა.

 

სესილიას მამა და მამაჩემი ძმები იყვნენ. მე კი ისე ძალიან ვგავდი მის ძმას, აკაკის, რომ ვერ გაგვარჩევდით ერთმანეთისგან. ვგავარ მამიდა სესილიასაც. ვინც ერთად გვხედავდა, ყველას მისი შვილი ვეგონე. დათუნა ისე არ ჰგავდა დედას, როგორც მე – მამიდაჩემს.

 

სული ჩემს ხელში დალია, მე და მისი სცენიური შვილიშვილი, ზურიკელა (ექიმი სერგო ორჯონიკიძე) ვადექით თავზე. დიაბეტი ჰქონდა და ბოლოს ისე დამძიმდა, სისტემაზე იყო შეერთებული. სერგოს მისი თავი ეჭირა, მე კი გულში მყავდა ჩახუტებული… მაისის თვეში გარდაიცვალა, 1984 წელს.

 

- შვილიშვილი თუ არა, ძმისშვილი მაინც ხომ ჰყავდა ექიმი. რჩევებს ხშირად გეკითხებოდათ?

 

- რომ დაახველებდა ან დაამცხიკებდა, მაშინვე მირეკავდა - ილიკო, მოეთრიე აქანა, რაცხა გლახათ ვარო. საერთოდ, ძალიან ენდობდა ექიმებს, ფრჩხილიც რომ ასტკიებოდა, ექიმთან გარბოდა, ზრუნავდა თავის ჯანმრთელობაზე და ნებისმიერ თეთრხალათიანს, სტუდენტი ან სანიტარიც რომ ყოფილიყო, ეკითხებოდა, რა მჭირს, თუ იცი, ხო არ ვკვდებიო?!

 

ერთხელ დამირეკა და მითხრა, უნდა დავწვე ახლა მე თქვენთან საავადმყოფოში, ვერ ვარ კარგადო. კი, მამიდულა, შენი ჭირიმე, დაწექი და მოგხედავთ-მეთქი, ვუთხარი.

 

დატრიალდნენ ექიმები, საუკეთესო ოროთახიან პალატაში მოვათავსეთ და ჩავუტარეთ ყველანაირი გამოკვლევა. გინეკოლოგი გვყავდა ერთი, ვალიკო, უზომოდ კეთილშობილი და გულუბრყვილო ადამიანი. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ სიტყვა „უსინდისო“ არ უკადრებია არავისთვის, უაღრესად პატიოსანი, სუფთა და მიმნდობი იყო. ჰოდა, ვალიკოს ვუთხარი, წამოდი ერთი, ნუ დამზარდები, გასინჯე მამიდაჩემი-მეთქი (80 წლამდე იყო უკვე მამიდა). რა სჭირსო, მკითხა. რა ვიცი, მგონი საშვილოსნოს გარე ორსულობა უნდა იყოს-მეთქი. ერთი კი შემომხედა გაკვირვებით, მაგრამ არაფერი უკითხავს, მაშინვე ჩაალაგა იარაღები და გამომყვა.

 

საწოლზე იყო წამოგორებული მამიდა და თავისი განუყრელი „პრიმა“ ჰქონდა პირში გაჩხერილი.

 

მამიდულა, ეს კაი ექიმია და გაგსინჯავს-მეთქი, ვუთხარი. გახსნა ვალიკომ „ჩამადანჩიკი“, წამოიცვა ხელთათმანები და მიუახლოვდა სესილიას.

 

მამიდა წევს და გაკვირვებული უყურებს. კი მარა, შენ რაის ექიმი ხარო? – ჰკითხა, როცა ხელთათმანიანი ხელებით მიუახლოვდა ექიმი და კაბის აწევა სთხოვა. გინეკოლოგი ვარო, უპასუხა ვალიკომ. მერე მე მაქანა აფერი არ მჭირს, გული მაწუხებს პაწა. რავა, ორსულად გგონივარ ამ ხნის ქალიო? – გადაირია მამიდა. ჩემი ძმისშვილი რომ აბდალაა, ქი ვიცი, მარა შენ რამ გამოგაშტერა, ამხელა კაციო?.. მე კი ვალიკოს ძლივს გამოვასწარი პალატიდან (იცინის)…

 

- გარეგნობის გარდა, იუმორიც მისეული გქონიათ, კიდევ რა თვისებებით ჰგავხართ მამიდას? რას გაიხსენებდით მის შესახებ?

 

-მამიდაჩემივით „მყრალი“ არ ვარ (იცინის). ისე, მეც მასსავით „პრიმას“ ვეწეოდი.

 

სესილია და პაპიროსი განუყრელი იყვნენ, თავს ვერაფრით ანებებდა. ერთხელ მის სახლთან გავიარე, ვხედავ, დგას „ბალკონზე“, დაყრდნობია მოაჯირს, შემოუწყვია სახეზე ხელები და მიყურებს: მოი, ბიჭო, აგერ! რო ეწევი მაგ პაპიროსს, მომეცი ერთი ცალიო, მითხრა. კოლოფი მივაწოდე. ამოიღო ერთი ღერი და გამომიწოდა. აგი ერთი ღერი გეყოფა შენ, გარეთ ხარ და კიდო იყიდი, ეს კი მე მქონდესო და კოლოფი თვითონ დაიტოვა.

 

მამიდა ბარნოვზე, მსახიობთა სახლში ცხოვრობდა და მარჯანიშვილის თეატრში ტროლეიბუსით დადიოდა. ტროლეიბუსი კი თეატრთან ახლოს არ ჩერდებოდა. ერთხელაც, ძალიან რომ დაზარებია ფეხით გავლა, ასეთი ხერხი მოუფიქრებია: თეატრს რომ მიუახლოვდნენ, ატეხა თურმე ყვირილი: გააჩერეთ, გააჩერეთ, გლახათ ვარ, დიაბეტი მაქ, კანფეტი არ გაქვთო? – გააჩერეს თურმე ტროლეიბუსი სასწრაფოდ. სესილიამ კი კარისკენ გადაინაცვლა, ჩაიყო ჯიბეში ხელი და თქვა, – უჰ, აგერ არ მქონია კანფეტი?! ქე ჩავალ ბარემ ახლა, ახლოს ვარ მაინცო, ჩაცუნცულდა და შევიდა თეატრში.

 

სახის მოვლა უყვარდა ძალიან, საზღვარგარეთ როცა მივდიოდი, მაბარებდა, ერთი „რეიხნერის“ გრიმი ჩამომიტანე, მეტი არაფერი მინდაო.

 

„რეიხნერის“ გრიმი უშველის მაგ მოღრეჯილ სახეს-მეთქი? – ვეხუმრებოდი ხოლმე. მოღრეჯილი რომაა, იმიზა მინდა, რომ გაასწოროს პატარაო, მეუბნებოდა.

 

- ბატონო ილიკო, ვასო გოძიაშვილთან დაშორების შემდეგ სესილია აღარ გათხოვილა. ამბობენ, ბოლომდე ამ სიყვარულის ერთგული დარჩაო. რას გვეტყვით მათი ურთიერთობის შესახებ?

 

- ვინ ითხოვდა მაგას (იცინის)! სიყვარულის რა მოგახსენოთ, პატივს კი სცემდნენ ერთმანეთს. ბოლომდე ერთად იდგნენ სცენაზე და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ვასო ძალიან მძიმე ხასიათის კაცი იყო.

 

მასთან დაშორების შემდეგ, სესილია ერთადერთ შვილზე, დათუნაზე გადაერთო მთლიანად. მეტი საფიქრალი და საზრუნავი აღარ ჰქონია. ის კი არა, კაცისკენ აღარც გაუხედავს. შვილს მარტო ზრდიდა. ვასო ამაყობდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა, მაგრამ მის აღზრდაში არ მონაწილეობდა. დათუნაც ძალიან მორიდებული იყო მამასთან.

 

მე და დათუნა ერთი ასაკის ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ, თაყაიშვილებს, განსაკუთრებული ურთიერთობები და სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან, ოჯახის წევრებივით ვართ ყველანი. რომელი კუთხის თაყაიშვილიც უნდა იყოს, მაინც ჩვენია. ოზურგეთის რაიონიდან ვართ, ლიხაურიდან, ბაგრატიონთა შტო ვართ.

 

- ეს როგორ?

 

- ჩვენი სახლის გვერდზე ოზურგეთში ცხოვრობდა სკოლის დირექტორი, გვარად ბაგრატიონი. მისი ნიგვზის ხე ღობესთან ახლოს იდგა და შტო ჩვენს ეზოში გადმოდიოდა. ამიტომ ბაბუაჩემი ხშირად ხუმრობდა, ბაგრატიონთა შტო ვართო (იცინის).

 

- თაყაიშვილების გვარის კიდევ ერთ უდიდეს წარმომადგენელზე მინდა გკითხოთ, ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელიც 2002 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და წმინდა ექვიმე ღვთისკაცი უწოდა. იცნობდით მას?

 

- ექვთიმეს მამა და მამაჩემის მამა ძმების შვილები იყვნენ. ექვთიმე ობლობაში გაიზარდა და არც შვილი დარჩენია. სამი თუ ოთხი წლისა იყო, დედა რომ გარდაეცვალა. ჩემი წინაპრები ხშირად იხსენებდნენ, რომ დედის დაკრძალვის დღეს სადღაც დაკარგულა ეს პატარა ბავშვი, სად აღარ ეძებეს თურმე და ვერსად იპოვეს. უცებ, თვალი მოკრეს, რომ სუდარა შეირხა, გადახადეს მიცვალებულს და ნახეს დედას ჩახუტებული პატარა ექვთიმე…

 

პირადად არ ვიცნობდი. ვინ მომცა მაგის საშუალება?! წლების შემდეგ, როცა ექვთიმე საფრანგეთიდან დაბრუნდა, მასთან მიახლოებასაც გვიკრძალავდნენ ნათესავებს „ჩეკას“ აგენტები. უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად რომ მიდიოდა, თავად მიაცილებდნენ და მოაცილებდნენ. ვაშლოვანის ქუჩაზე ერთ პატარა ეზოში ცხოვრობდა, ტუალეტშიც ვერ შევიდოდა ისე, ისინი რომ არ გაჰყოლოდნენ.

 

ერთხელ სესილიამ მიაკითხა სახლში და ქვაბით ცხელი სადილი მიუტანა. ეზოში არ შეუშვეს, ვინა ხარ და ვისთან მიდიხარო, ჰკითხეს. ვინა ვარ, ვერ მცნობთ? ბიძაჩემთან მივდივარო, უპასუხა მამიდამ. გცნობთ თუ არა, დავალება გვაქვს ასეთი, ვერაფრით შეგიშვებთო.

 

დიდხანს ითხოვდა მამიდა თურმე ექვთიმესთან შესვლას, მაგრამ ვერაფერი გააწყო და სესილია აბა რის სესილია იყო, - მოხადა ქვაბს თავი და ეს ცხელი კერძი მცველებს სახეში შეასხა, – აჰა, მაშინ თქვენ ჭამეთ, გასკდა თქვენი მუცლებიო!..

 

ექვთიმე თაყაიშვილის ცხედარს, 52 „ჩეკისტი“ მიაცილებდა სასაფლაომდე, ოჯახის წევრები და ახლობლები ახლოს არ გაგვაკარეს. მძღოლს, რომელსაც მიცვალებულის ნეშტი მიქონდა, აკაკი შანიძე დაელაპარაკა და სთხოვა, უნივერსიტეტთან რომ ჩავივლით, გააჩერე, ვითომ მანქანა გაგიფუჭდა და მიცვალებულთან გამომშვიდობების საშუალება მოგვეციო.

 

მძღოლმა მართლაც გააჩერა უნივერსიტეტთან, ახადა მანქანას „კაპოტი“, ვითომ გაუფუჭდა და რაღაცის კეთება დაიწყო. მაშინვე მიცვალებულთან მივცვივდით ყველანი. აკაკიმ ერთი-ორი გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვა მის ცხედართან და მერე თავისივე ნაშრომი ჩუმად ჩაუდო სადგომში მიცვალებულს.

 

- გულსატკენი და წარმოუდგენელია, რომ ერისთვის ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ადამიანს კრიმინალივით ეპყრობოდნენ…

 

- სანამ ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში მოღვაწეობდა, ჩვენც, მისი ოჯახის წევრებს, გარკვეული შეზღუდვები გვქონდა, თუ ქვეყნიდან გასვლას მოვინდომებდით.

 

22 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთში წასვლა მოვინდომე, მაგრამ ხელისუფლებამ უარი მითხრა ჩვენი ნათესაური კავშირის გამო, თითქოსდა, ტანკი უნდა გამოეტანებია ექვთიმეს საქართველოში ასაფეთქებლად.

 

- თქვენი გენეტიკის დამსახურებაცაა ალბათ, რომ 87 წლის ასაკში, კვლავ უჩვეულო ფორმაში ხართ, დღემდე მუშაობთ, ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემსახურებით. „სუხიშვილებთან“ ერთად მსოფლიო გაქვთ მოვლილი და მაინც, არ დაოჯახდით…

 

- რა ვქნა, დედისერთა, ცოლის მოყვანის „დილიხორშიკი“ კაცი ვარ, მაგრამ მაინც, არ დავოჯახდი. სახლში არასდროს ვიყავი და, ვინ გამიჩერდებოდა, კიდევაც რომ მომეყვანა?

 

ისე, ქალების მეტი რა იყო, კაცო! - ნებისმიერი ეროვნების, ამოგერჩია, რომელიც გინდოდა (იცინის) და მეც მრავალფეროვნება ვამჯობინე ერთფეროვნებას!

 

 

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წელს.

 

 

 

 

big_banner
არქივი