logo_geo
გიორგი გვარჯალაძე: მეც სუიციდისკენ მქონდა მიდრეკილება… ლენო ძალიან მგავდა… წერდა, რომ სულ სხვაგან სურდა დასაფლავება
- +

21 იანვარი. 2020. 14:46

 

 

მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ყოფილი ტელე-რადიოწამყვანის, ლულუ კახიანის ცხოვრებაში 2019 წლის 4 ივნისს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მათი 14 წლის გოგონა, უნიჭიერესი ლენო, რომელიც შესანიშნავად მღეროდა, ხატავდა, გადაიცვალა. ის საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა. ყველამ, ვინც იცნობდა თუ არ იცნობდა ამ ბავშვს, ეს ამბავი საშინლად განიცადა. აუნაზღაურებელმა დანაკარგმა, წასულ შვილზე ფიქრმა ლენოს მამა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე – მას მისია აქვს შესასრულებელი, უნდა, ისეთი სივრცე შექმნას, სადაც ბავშვები მივლენ, თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ და მათ პროფესიონალები დაეხმარებიან. ამ საქმეში ლენო ეხმარება თავისი ქველმოქმედებით, თუ როგორ, ამაზე ქვემოთ.

 

გიორგის ცხოვრებაში ბავშვობიდან სირთულეებია, დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც მუდმივად უწევს და მუსიკა, რომელიც ყოველთვის შველის. საქმეზე, ოჯახსა და უდიდეს ტკივილზე მუსიკოსმა „სარკესთან“ გულწრფელად ისაუბრა.

 

გიორგი, თქვენი სტუდია  ლენო რეკორდსი საკმაოდ ცნობილია მუსიკალურ წრეებში და ხელოვნებით დაინტერესებულ პირთათვის. ფართო საზოგადოებასაც გავაცნოთ, კონკრეტულად რა კეთდება იქ.

 

– ეს არა მხოლოდ ხმის ჩამწერი სტუდიაა, ჩვენ გვაქვს მუსიკალური გამომცემლობა, რომელიც პროდიუსინგს უწევს ქართულ ჯგუფებს. აქ ძირითადად ჩემი სტუდენტები მუშაობენ. მათ ყველაფერს ვაძლევ. ისინი ამ პროცესში ცხოვრებას სწავლობენ და ეს ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის. მეც მაქვს გამოვლილი ეს ყველაფერი.

 

ერთი პერიოდი ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ავტოფარეხში ვუკრავდი, მუსიკალურად დიდები ვიყავით, მაგრამ არ გვქონდა საშუალება, ისე გვემუშავა, როგორც დღეს ჩემთან, სტუდიაში მუშაობენ. ეს ყველაფერი ვაჟა მაჩაიძემ შექმნა – საპროდიუსერო ცენტრი, რომელიც ქართულ მუსიკას „ბუსტავს“ და უკან არაფერს ითხოვს.

 

თქვენს ქალიშვილს, ლენოს, მუსიკა ძალიან უყვარდა და შესანიშნავადაც მღეროდა. მასაც ჰქონდა შეხება ამ სტუდიასთან?

 

– ლენო ხშირად სტუმრობდა აქაურობას, უბრალოდ მამის სანახავად მოდიოდა.

 

ლენოსთვის ძალიან ადრე იყო ეს ყველაფერი. არასდროს შემითავაზებია ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს იყო მუსიკასთან და შესანიშნავი სმენა ჰქონდა. ველოდებოდი, რომ ერთ დღეს გავაკეთებდით ერთად რაღაც ძალიან მაგარს. არ ვიცოდი, ასე ცოტა დრო თუ გვქონდა.

 

ერთ-ერთ ტელეშოუში ძალიან ემოციურად ისაუბრეთ ლენოზე, საკუთარ თავს იდანაშაულებთრატომ, რისი გაკეთება შეგეძლოთ?

 

– დიახ, დამნაშავე ვარ. ყველაფრის გაკეთება შემეძლო და არაფერი გავაკეთე. ჩემი ცხორება ინერციით გავაგრძელე. სამსახურს ეგოისტურად მეტ დროს ვუთმობდი და ბავშვები ჩემს მეუღლეს, ლულუს, გადავაბარე. ჩემი როლი მაქვს, როგორც მშობელს, ხანდახან სიმკაცრე, რაღაც ჯარისკაცულია საჭირო.

 

ტრაგედიის დღეებში მუშაობას არ წყვეტდით. ეს იყო პასუხისმგებლობის გრძნობა თუ უბრალოდ თავდაცვა, რომ მწარე რეალობას ცოტა ხნით გაქცეოდით?

 

– რეალობას ვერ მოვწყდებოდი. აქაც სამსახურებრივმა პასუხისმგებლობამ იჩინა თავი. იმ პერიოდში ნინო ქათამაძეს ვწერდი და არა – ვინმე გამვლელს. რადგან ერთი ბრძოლა წავაგე, ამის გამო ყველაფერს ვერ დავთმობდი.

 

იმ დღეს, როდესაც ტრაგედია მოხდა, ფანჯრიდან გადავიხედე და ვიფიქრე, მეც გადავმხტარიყავი, რომ აღარ მინდოდა მეტი დრამა, მაგრამ ბევრი მისია დამაწვა და ვიღაც ტიპებს არ ვათქმევინე, გვაჯი გაჩერდაო. დროის გარკვეული მონაკვეთი ჩემმა პირველმა სტუდენტმა ჩამანაცვლა სტუდიაში.

 

ამ ტრაგედიას დედა შეესწრო, პირველი თვითმხილველი ის იყო?

 

– პირველად ქუჩაში გამვლელებმა ნახეს. ლულუმ ფანჯრიდან ვერც გადაიხედა, არც ჩასულა ქვემოთ. სახლში მოვასვენე და ამის შემდეგ შეძლო, რომ ენახა. ტრაგიკულ შემთხვევამდე თითქოს ვგრძნობდი და ვიცოდი, რასაც აპირებდა. ლულუს ვეჩხუბე, თვალი არ მოაშორო-მეთქი. სახე ახლოს მივუტანე და ისე ვეუბნებოდი, რომ სანამ არ დაიძინებდა, ყურადღება მიექცია და დილით სკოლაშიც სურათი გადაეღო და გადმოეგზავნა.

 

ლულუმ ლოგიკურად იფიქრა, რომ გავგიჟდი. მაშინაც სტუდიაში დავრჩი. როცა გარდაიცვალა, სახლში მისულს ლენოს საწოლზე ჩახუტება მინდოდა, ვიფიქრე, მისი სუნი ექნებოდა, თუმცა არანაირი სუნი არ არსებობდა, რადგან არც დაწოლილა იმ ღამით.

 

ბავშვის ნივთები ერთი კვირის წინ დამიბრუნეს იმ წერილის ჩათვლით, რომელსაც რამდენიმე დღე წერდა. სულ სხვაგან უნდოდა დაკრძალვა და არა იქ, სადაც ახლაა. ეს რომ მცოდნოდა, შევძლებდი, მისი სურვილი შემესრულებინა. ძალიან მინდა, ვიცოდე, რა სურდა მას.

 

ცოტა ხნის წინ ნახატების გამოფენაც გავუკეთეთ. მეუბნებიან, ამით ლენო გააცოცხლეო, მაგრამ მაინც არ ვიცი: უნდოდა ეს ჩემგან? ერთი სიტყვით, ბოლოს ძალიან ცუდად დავიშალეთ.

 

ლენოს რის მიმართ ჰქონდა პროტესტი? რას ფიქრობთ, რა სურდა მას და რატომ გადაწყვიტა, ასე დაესრულებინა სიცოცხლე?

 

– ეს იყო ბავშვობაში მიყენებული დარტყმებისგან თავდაცვა, რაღაც ნაჭუჭის გამოგონება და ილუზიის შექმნა, რომ კაი ტიპი გამოჩნდე, თუმცა ეს ისედაც შეეძლო. იმისთვის, რომ მიაღწიო რაიმეს, არ არის საჭირო გამოგონება. იყავი, ვინც გინდა, რომ გახდე და მერე „იბლატავე“ ამით.

 

როდესაც ვნახე, რომ მეგობრული მიდგომის მიუხედავად, მაინც მატყუებდა, გადავწყვიტე, რომ, როგორც მე ვიტყოდი, ყველაფერი ისე ყოფილიყო. ერთხელ სადღაც კლუბში წასულა და იქიდან დამირეკეს, გვაჯი, უხერხულ მდგომარეობაში რატომ გვაგდებ, შვილს ყურადღება მიაქციეო.

 

ვფიქრობ, მეტი დრო უნდა გამეტარებინა მასთან, უნდა დამეცვა და რაც მე გავიარე, ის ამერიდებინა მისთვის, „მოკლე გზით“ წამეყვანა.

 

თქვენი აზრით, აფექტში იყო, როდესაც ეს გააკეთა? მის დაწერილ წერილზე მოგვიყევით, რომელსაც რამდენიმე დღე წერდა და იქ სუიციდის დღეზეც საუბრობდა.

 

– დიახ, აფექტში იყო. ამ ყველაფერს დიდი ძალა სჭირდება, რომელიც მე მივეცი. იმ დღეს მაგრად ვეჩხუბე, სახეში ორჯერ გავარტყი, რადგან პირველად მივხვდი, რომ ის რეაქცია არ ჰქონდა, რაც უნდა ჰქონოდა. ამით დავანახე, რომ იმ წამს მონსტრი ვიყავი. ვაგრძნობინე, რომ მერჩივნა, მე მომეკლა, ვიდრე ეს სხვას ან თუნდაც მას გაეკეთებინა.

 

დავრწმუნდი, რომ ეს არ მუშაობს, არასწორია, მაგრამ მაინც გავაკეთე. მე არავინ მასწავლა, რომ არსებობს სხვა გზებიც. ვალად დამდეს ეს ჩოხა და ქრისტე, სისულელეებს მაყურებინეს. ის, რომ შვილი თუ არ გიჯერებს, უნდა წაუთაქო, არ არის ნორმალური. თუ გადაწყვეტ, რომ შვილი გყავდეს, მაშინ დამთავრდა თავისუფლება, შენ უნდა იყო მისთვის ყველაფერი.

 

ერთხელ იყო პირსინგის თემა, ყველა უშლიდა, მოვიდა ჩემთან და გაიკეთა. ერთხელ ისიც გამომიცხადა, გოგონები მომწონსო. ამის პასუხად დავამშვიდე და ვუთხარი, რომ მეც გოგონები მომწონდა. ასეთ პასუხს თვითონაც არ ელოდა.

 

წერილში ისიც ეწერა, რომ თურმე დედამისმა 1 ლარი ვერ გადაურიცხა, რომ ნაყინი ეჭამა. ბოლოს მაინც ერთად ვჭამეთ ნაყინი.

 

ყველაზე მეტად რა მოქმედებდა ლენოზე? ვიცით, რომ ავარიაში მეგობრებიც დაკარგა, რასაც ძალიან განიცდიდა.

 

– ლენო ძალიან მგავდა, მეც სუიციდისკენ მქონდა მიდრეკილება. მას მოსწონდა ისეთი ადამიანების გაიდეალება, რომლებმაც ასე დაასრულეს სიცოცხლე. პირველი, რაც მახსოვს, მამაჩემის საფლავია. 3 წლის ვიყავი, ავარიაში ერთად მოვყევით, ის გარდაიცვალა. მე დიდი ხანი ვიკეთებდი ოპერაციებს, რომ სიარული შემძლებოდა. 14 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობდი, არავინ მაკონტროლებდა და არავინ მზღუდავდა.

 

ლენოს ვეუბნებოდი, როგორც გინდა, იცხოვრე, პირსინგიც გაიკეთე და ტატუც, ოღონდ იმდენი – არა, რომ წასაშლელი გაგიხდეს-მეთქი.

 

მეგობრებს რაც შეეხება, დიახ, ორი მეგობარი დაკარგა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და მათზე წერილშიც წერდა.

 

რა შეცვალეთ შვილებთან ურთიერთობაში ამ ტრაგედიის შემდეგ?

 

– მე სამივესთან ერთნაირი ურთიერთობა მაქვს. ბევრი რამ შევცვალე, მუდმივად მეგობრული ვარ და ბავშვებს უარს არაფერზე ვეუბნები. იმ დღეს პატარამ ტელეფონი ითხოვა. როგორ არ ვუყიდო, როცა 50 მიკროფონი მაინც მაქვს სტუდიაში და თითოეული ათას დოლარზე ნაკლები არ ღირს?!

 

სამწუხაროდ, ჩემი საქმე დიდ დროსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ძირითადად დასვენების დღეებში ვეკონტაქტები ნორმალურად ბავშვებს, მაგალითად, პატარას „ისთ ფოინთი“ უყვარს და ხშირად დავდივართ ერთად. უფრო ხშირად ტელეფონით ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა შედარებით შევცვალე მიდგომა და ვცდილობ, მათ მეტი დრო დავუთმო.

 

რას ურჩევთ სხვა მშობლებს?

 

– მიეცით შვილებს მეტი თავისუფლება. ოჯახში მთავარია, არსებობდეს შეთანხმება, ერთად უნდა იდგეთ. როგორი დაღლილიც უნდა მიხვიდეთ, რაც უნდა გადაგხდეთ დღის განმავლობაში თავს, ნუ გადაიტანთ ამას ოჯახზე. გულწრფელი რომ იქნები, შვილისგანაც იმავეს მიიღებ.

 

ლენო სიგარეტს ეწეოდა და ეს ყველამ იცოდა, ჩემ გარდა, მიმალავდნენ, თურმე გავბრაზდებოდი. ყველაზე გაბრაზებული ახლა ვარ!

 

ვიცი, რომ ახლა ლენოს შემოქმედება იმ ბავშვების გადარჩენას ემსახურება, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ. ამაში თქვენ ეხმარებით აქედან. მოგვიყევით ამაზე.

 

– ლენოს ნახატები სხვადასხვა ნივთებზე გადაგვაქვს, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ. შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმეს მოხმარდება, სუიციდის სურვილით შეპყრობილ ბავშვებს დაეხმარება.

 

ვფიქრობ, შევძლებ, შევქმნა ადგილი, სადაც მივლენ, დაელაპარაკებიან პროფესიონალებს და მიიღებენ ისეთ პასუხებს, რომ მიხვდნენ – სუიციდი არ არის გამოსავალი. თუ არ მოვკვდი, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ლენოს ნახატების გამოფენებიც გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი